კიდურის შენარჩუნება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

გააზიარე:

 

ფიქრიც კი არავის უნდა იმაზე, რომ ოდესმე ხელს ან ფეხს შეელევა, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ასეთი მსხვერპლის გაღება, რადგან საწორის მეორე პინაზე ჩვენი სიცოცხლე დევს... თუ პრობლემას დროზე აღმოვაჩენთ, დროს არ დავკარგავთ და სპეციალისტს მივმართავთ, დიდი შანსია, სიცოცხლესთან ერთად კიდურიც შევინარჩუნოთ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი, რომელიც ნახევარ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს “ავერსის კლინიკაში”. გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელი, სისხლძარღვთა ქირურგი კახა ქუნთელია.

  • – როდის არის გარდაუვალი კიდურის მოკვეთა?

– კიდურის ამპუტაცია ტარდება მაშინ, როდესაც კიდურის სისხლძარღვი (არტერია ან ვენა), ნერვი, ძვალი ან რბილი ქსოვილი ისეა დაზიანებული, რომ კიდურის დატოვება საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.
ამ მდგომარეობამდე ყველაზე ხშირად სისხლძარღვთა შევიწროებას მივყავართ, რაც უმეტესად ათეროსკლეროზის შედეგია. არტერიული სისტემა ორგანიზმის საირიგაციო სისტემაა. როდესაც საირიგაციო სისტემაში დაბრკოლება ჩნდება და ნიადაგის წყლით მომარაგება ფერხდება, მიწა შრება და მწვანე საფარველი ხმება. იგივე ხდება კიდურშიც: როდესაც არტერიაში დაბრკოლება ჩნდება, – ათეროსკლეროზული ფოლაქი არტერიის სანათურს ავიწროებს, – ფერხდება სისხლითა და ჟანგბადით რბილი ქსოვილებისა და სხვა სტრუქტურების მომარაგება, იწყება ქსოვილთა შიმშილი ანუ იშემია, რომლის უკიდურესი ფორმაა განგრენა.
კიდურს ხშირად კარგავენ დიაბეტით დავადებულებიც, თუმცა ასიდან 70-ზე მეტ შემთხვევაში ამის მიზეზია არა სისხლძარღვების შევიწროება, არამედ დიაბეტური ნეიროპათია. ამ დროს ზიანდება წვრილი სისხლძარღვები, რომლებზეც ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია. ნეიროპათია ძვალ-სახსართა სისტემასაც აზიანებს, რაც ტერფის დეფორმაციით მთავრდება, და რბილ ქსოვილებსაც, რის გამოც ისინი კარგავენ შეხორცების უნარს და ტრავმებისადმი რეზისტენტობას. ასეთი დაზიანებისას უმნიშვნელო გამაღიზიანებელმაც კი – ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა, უსწორმასწორო შიდალანჩამ, წინდის უხეშმა ნაკერმა – შესაძლოა სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, რაც განგრენამდე, საბოლოოდ კი თითების ან კიდურის დაკარგვამდე მიგვიყვანს.
კიდურის ამპუტაცია სტანდარტული ოპერაციაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა კიდურის სიმსივნე დიდ ფართობს მოიცავს. ჩვენს კლინიკაში რამდენიმე ონკოლოგიურ პაციენტს ვუმკურნალეთ. ყველა მათგანს ამპუტაცია ჰქონდა დანიშნული, მაგრამ კიდური ყველას შევუნარჩუნეთ.

  • – ხომ არ იმატებს მეტასტაზების გავრცელების რისკი ონკოლოგიური დაავადებისას კიდურის შენარჩუნების შემთხვევაში?

– მიიჩნევა, რომ ამპუტაცია რადიკალური ოპერაციაა და მისი ჩატარების შემდეგ მეტასტაზების გავრცელების შესაძლებლობა იკლებს, მაგრამ მრავალ პაციენტზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციისა და ამპუტაციის შემდეგ დაავადების რეციდივის რისკი იდენტურია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზუსტად დასმულ ონკოლოგიურ დიაგნოზს და დაავადების კონკრეტული ფორმის კორექტულ მკურნალობას (სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა). ცხოვრების ხარისხით კი ამ ორი ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ერთმანეთს ვერც შეედრება. კიდურის მოკვეთა დეპრესიას იწვეს და პაციენტს ინვალიდად აქცევს, რაც ძირითადი დაავადების მიმდინარეობასაც ამძიმებს.
ჩვენთან მოდიან წყლულის შემთხვევაშიც. წყლული შეიძლება იყოს ნეიროგენულიც, სისხლძარღვოვანიც და სხვაგვარი წარმოშობისაც. ჩვენს კლინიკაში მიზეზს ძალზე კორექტულად ადგენენ.
ხშირად წყლულის შეუხორცებლობა იმის ბრალია, რომ პაციენტები წყლულის შემხორცებელ მალამოს ეძებენ. ასეთი მალამო არ არსებობს, შეხორცება თავად ორგანიზმის დამსახურებაა. წყლულის შეუხორცებლობა იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმს სათანადო რესურსი არ გააჩნია. მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვის, ნერვის დაზიანება, თავად რბილი ქსოვილის შეხორცების უნარის დაქვეითება. ვიდრე პრობლემას არ მივაგნებთ და არ აღმოვფხვრით, მალამოს სმას აზრი არ აქვს. თუ ჯანმრთელ ქსოვილს კარგი სისხლმომარაგება აქვს, მის შეხორცებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.

  • – რა სიმპტომები მიანიშნებს ადამიანს სისხლძარღვოვან პრობლემაზე?

– იშემის პირველი ნიშნებია კიდურის დაღლა, მისი გაცივების შეგრძნება, ფეხის გაკვანძვა. ამ უკანასკნელს მედიცინაში კლაუდიკაციას ანუ ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ. ის გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ იწყება. კრიტიკული ზღვარია 200 მეტრი. თუ ადამიანს ამაზე შორ მანძილზე ეღლება ფეხი, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა კრიტიკული, ხოლო თუ ვაკე ზედაპირზე 200 მეტრზე ნაკლების გავლისას გრძნობს დაღლას, სისხლძარღვთა ქირურგის ჩარევა აუცილებელია.
ნეიროპათიის გამო ეს პრობლემა რთული ამოსაცნობია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. მათ ქვედა კიდურებში შეგრძნებები დაქვეითებულია აქვთ და იშემიურ ტკივილს ან გვიან გრძნობენ, – მაშინ, როდესაც კუნთი გადაღლილია და კრუნჩხვამდეა მისული (ამაზე ამბობენ, ფეხი ჩამეკეტაო), – ან საერთოდ ვერ გრძნობენ, სანამ არ წაიქცევიან. ამიტომ დიაბეტის ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა მსუბუქი იყოს დაავადების ფორმა, აუცილებელია მისი გასინჯვა. ჩვენ ამ პრობლემას კომპლექსურად ვუდგებით, ცალკე ვიკვლევთ ნერვებს, ცალკე – სისხლძარღვებს, კანის საფარველს, რბილ ქსოვილებს. გარდა ამისა, ჩვენთან მოქმედებს სპეციალური პროგრამა “დიაბეტური ტერფი”, რომლის თანახმად, ერთ პაციენტს ოთხი სპეციალობის ექიმი სინჯავს: სისხლძარღვთა სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი და ნევროლოგი – და დიაგნოზს ამგვარად სვამენ.
შესაძლოა, დიაბეტიან პაციენტს არაფერი აწუხებდეს, მაგრამ სისხლძარღვების გამოკვლევა მაინც საჭიროა – 5-10 წლის შემდეგ ექიმს მიეცემა მდგომარეობის დინამიკის შეფასების, შედარების საშუალება. ზოგჯერ პირიქითაც ხდება – პაციენტს, რომლისთვისაც დიაბეტის დიაგნოზი არ დაუსვამთ, ნეიროპათიას აღმოვუჩენთ და დიაბეტის გამოსავლენად ვაგრძელებთ კვლევას, – ტერფის ნეიროპათია დიაბეტის პრედიქტორს წარმოადგენს.

  • – სადამდეა შესაძლებელი კიდურის შენარჩუნებისთვის ბრძოლა?

– სამწუხაროდ, ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, ვისთვისაც მკურნალობას აზრი აღარ აქვს. ისინი პირდაპირ ამპუტაციისთვის აგვყავს საოპერაციო მაგიდაზე. ხშირად ეს იმის ბრალია, რომ პაციენტი თვეობით არის მალამოების იმედად და არაფერი კეთდება სწორი დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობისთვის, სისხლმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რათა ქსოვილი შეხორცებისთვის აუცილებელი კომპონენეტებით მომარაგდეს.
კიდურდაკარგული ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობს. ერთი ცნობილი რუსი ქირურგი ამპუტაციას ნეიროქირურგიულ ოპერაციას უწოდებს, რადგან ამ ოპერაციისას მეტად მსხვილი ნერვი იჭრება და ორგანიზმი პერიფერიული ნერვების დიდ ნაწილს კარგავს. დარჩენილი სხეული ძლიერ განიცდის ორგანოს მოცილებას. კბილის დაკარგვასაც კი გრძნობს ორგანიზმი და წარმოიდგინეთ, კიდურის მოკვეთა როგორ დააავადებს... განსაკუთრებით არასახარბიელოა სტატისტიკა ასაკოვნებში – 100 ფეხმოჭრილიდან 5 წლის შემდეგ მხოლოდ 30%-ია ცოცხალი. ხოლო ის, ვისაც კიდური შეუნარჩუნდა, ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. ასე რომ, კიდურის შენარჩუნებით პაციენტს სიცოცხლესაც ვუხანგრძლივებთ.

  • – როდის ზიანდება ზედა კიდურების სისხლმომარაგება?

– ყველაზე ხშირად ზედა კიდურების იშემიით მოგვმართავენ, როდესაც სახეზეა ე.წ რეინოს ფენომენი. ამ შემთხვევაში სისხლძარღვები შევიწროვებულია ლავიწქვშა არტერიის დონეზე და მის ქვემოთ. რეინოს ფენომენის მიზეზი შეიძლება იყოს მაგისტრალურ არტრიაზე გარედან ზეწოლა (დამატებითი ნეკნის, ე.წ. კიბისებური კუნთის, ფიბროზული რგოლის ან ლავიწის ძვალსა და პირველ ნეკნს შორის არსებული ვიწრო სივრცის გამო არტერია იჭყლიტება). ასეთ დროს ხშირად წარმოიშობა ანევრიზმა, რომელიც წარმოადგენს წვრილი თრომბების, ანუ ემბოლიზაციის წყაროს. თუ ემბოლები დიდი რაოდენობით გადავიდა პერიფერიისკენ, შესაძლოა ადამიანმა თითები დაკარგოს.
სამწუხაროდ, ეს დაავადება ემართებათ ახალგაზრდებსაც. ვიცნობ რამდენიმე მათგანს, რომელთაც იშემიის გამო თითები უწყლულდებათ, თითები უმახინჯდებათ, ზოგიერთმა უკვე დაკარგა კიდეც რამდენიმე თითი... დროული ჩარევისას ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. 
ზედა კიდურში სისხლძარღვოვანი პრობლემები იქმნება სიმსივნის დროსაც, როდესაც წარმონაქმნი სისხლძარღვში ჩაიზრდება.

  • – რას გულისხმობს ანგიოლოგიური დახმარება?

– ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იშემიის ლიკვიდაციას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს. მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია სისხლის გათხელებისკენ, სხვადასხვა კომპონენტით მისი გაჯირჯვებისკენ.
ქირურგიული ჩარევა ორგვარად ხდება – ღია წესით და უსისხლოდ. უსისხლო ოპერაციები ენდოვასკულური ჩარევებია – სისხლძარღვთა ბალონირება და სტენტირება. ეს მეთოდები ალბათ მკითხველისთვისაც ნაცნობია – მათ უკვე ხშირად მიმართავენ გულის სისხლძარღვთა მკურნალობისას. იმავე მეთოდს ვიყენებთ კიდურების სისხლძარღვთა სამკურნალოდ და ძალზე ეფექტიანადაც. უფრო მეტიც – ღია ოპერაციაზე მხოლოდ მას შემდეგ გადავდივართ, რაც ენდოვასკულური მეთოდის ყველა შესაძლებლობა ამოიწურება. ტარდება ჰიბრიდული ოპერაციებიც: ნაწილი – ღია წესით, ნაწილი – ენდოვასკულურით. ეს ჩვენი ინოვაციაა, თუმცა პაციენტებს, ცოტა არ იყოს, აბნევს... “თან გამჭრიან, თან – არა... თან სისხლიანი, თან უსისხლო”.

  • – რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია და რეაბილიტაცია?

– ოპერაციის ხანგრძლივობა დაზიანების სირთულეზეა დამოკიდებული; მეთოდი ენდოვასკულური იქნება თუ ღია, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საშუალოდ, ნახევრიდან სამ საათამდე დროა საჭირო, თუმცა უმეტესად ერთი საათი საკმარისია.
ენდოვასკულური ჩარევის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი 24-საათიანია. ღია წესით ოპერაციის შემდეგ პაციენტს საავადმყოფოში 48-72 საათს ვტოვებთ. თუ მას, იმავდროულად, აქვს წყლული ან შეუხორცებელი ჭრილობა, ოპერაციის შემდეგ ის საკუთარი ფეხით დადის შეხვევებზე.

  • – კმაყოფილი ხართ კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრის მუშაობის შედეგებით?

– ჩვენ მანამდეც ვმუშაობდით ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში მრავალ პაციენტს მივეცით შვება და შევუნარჩუნეთ კიდურები, ხოლო როდესაც სათანადო გამოცდილება დაგვიგროვდა, საავადმყოფოს დირექციასთან ერთად ამ ცენტრის დაარსება გადავწყვიტეთ. ამერიკასა და ევროპაში ბევრია ასეთი ცენტრი... მისი გახსნის შემდეგ გაგვიადვილდა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა, საზოგადოების წინაშე პრობლემის სწორად დასმა, ჩვენი საქმიანობაც მეტად ორგანიზებული გახდა. გვინდა, ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით დავნერგოთ ახალი მეთოდები და ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური გავხადოთ.
მიმართეთ ექიმს, თუ:
. ფეხები ადვილად გეღლებათ;
. ტერფები გიცივდებათ;
. ფრჩხილებმა ფორმა იცვალა;
. კიდურზე თმა გაგცვივდათ და კანი გამოგიშრათ;
. გაქვთ დიაბეტი.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: