ლანა ლობილაძე – თოჯინების ჯადოსნურ სამყაროში

გააზიარე:

ტყის სულები სკანდინავიური ფოლკლორიდან მეთოჯინე ლანა ლობილაძის შთაგონების წყაროდ იქცნენ – მისი შექმნილი ყველა თოჯინა ელფია.

აპრილის მიწურულს ამ ზღაპრულ არსებებს “მზიურის” კაფემ უმასპინძლა. გამოფენა-გაყიდვაზე ჩვიდმეტი ექსპონატი იყო წარმოდგენილი. რამდენიმე წაიყვანესო, მითხრა ლანამ. მათზე ისე საუბრობს, როგორც სულიერებზე, თუმცა ისიც იცის, რომ თუ პატარა, სევდიან თოჯინებთან განშორება ვერ ისწავლა, მეთოჯინეობას ბიზნესის სტატუსს ვერასოდეს შესძენს.

– თითოეულ მათგანს უამრავ დროსა და ენერგიას ვახარჯავ, ამიტომაც მენანება გასაცემად. რამდენიმე წაიყვანეს და უკვე მენატრება... ამ გამოფენისთვის ორი წელი ვემზადებოდი. ცხოვრების წესი და რეჟიმი სრულიად შევიცვალე, სტუმრადაც კი იშვიათად დავდიოდი. მთელი არსებით საგამოფენო სამზადისში ვიყავი ჩართული. ყოველ დეტალს სკრუპულოზურად ვამუშავებდი. საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ და თუ რამე წამოვიწყე, ბოლომდე ვიხარჯები.

  • – რატომ აირჩიეთ თოჯინები?

– ლაღი ბავშვობა მქონდა. სულ ეზოში ვიყავი, თოჯინებს ბურთი მერჩივნა. ჩემს მეხსიერებას მხოლოდ ერთი მაიმუნი და ერთი დათვი შემორჩა... ალბათ, დამაკლდა ეს ჯადოსნური სამყარო და დანაკლისს ახლა ვინაზღაურებ. ამასთან, რომანტიკოსი ვარ და მინდა, ეს რომანტიკა მკაცრ რეალობაში გადმოვიტანო. თოჯინები ჩემი თვითგამოხატვის გზაა.

 შეუზღუდავი შესაძლებლობები

– ყალიბებს არ ვიყენებ, ყველა თოჯინას ხელით ვძერწავ, ამიტომაც ვერასოდეს შევძლებ რომელიმე მათგანის გამეორებას. ყოველი თოჯინა ადამიანივით უნიკალურია. ზოგი მთლიანი და სტატიკურია, ზოგს მხოლოდ თავი და კიდურები აქვს პოლიმერული თიხისა, დანარჩენი კი რბილი ქსოვილისგანაა შეკერილი.

 თოჯინების შემოსვა გამორჩეულად უყვარს. გადმოალაგებს ჭრელ-ჭრელ ქსოვილებს, მაქმანებს, არშიებს, ბაფთებს, ღილებს, კილიტებს, მძივებს, თასმებს... მისი პატარა სახელოსნო სავსეა ამ ნივთებით. თითოეული მათგანი შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს.

  • – რატომ აქვს ყველა თოჯინას სევდიანი თვალები?

– უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ... მინდა, შევუცვალო ხასიათი, მაგრამ მოღიმარი თოჯინები ისე არ მესაყვარლებიან.

 თოჯინები მისთვის ამოუწურავი თემაა. ამბობს, რომ თუ ამ საქმეს ხელი მოჰკიდე, მიხვდები, რომ მხოლოდ შემოქმედებითი ხედვით ფონს ვერ გახვალ: უნდა ისწავლო კერვა, ქსოვა, ქარგვა, აქსესუარებიც თავად უნდა შექმნა, ფეხსაცმელიც, სახეც უნდა მოუხატო თოჯინას და სული შთაბერო. სახსრებიანი თოჯინების შექმნა კიდევ უფრო მეტ ოსტატობას მოითხოვს. უნდა იზრუნო ესთეტიკურ შეფუთვაზეც...

– როდესაც ბრენდს ქმნი, ყველა დეტალი ზედმიწევნით დახვეწილი უნდა იყოს. თოჯინის შეძენის მსურველისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რა ფორმით, როგორი შეფუთვით წარდგება მის წინაშე ახალი მეგობარი.

  • – ადამიანებისთვის სამოსს ან აქსესუარებს არ ქმნი?

– ტანსაცმელზე არ მიმუშავია. აქსესუარებს ვამზადებდი შერეული ტექნიკით, უმთავრესად – სამაჯურებს. შრომატევადი საქმეა, თუმცა ეს სფერო ისეთი ამოუწურავი არ არის, როგორიც მეთოჯინეობა.

ავეჯის და დეკორაციების შექმნაც ვცადე. ერთხანს სერიოზულად ვფიქრობდი ბიზნესის წამოწყებაზე, თუმცა საზოგადოებას ეს სფერო ნაკლებად აინტრესებს, სამაგიეროდ, ბევრი ლამაზი ნივთი შემოგვრჩა სახლში. საერთოდ, მიყვარს ექსპერიმენტები. ალბათ ამიტომ იყო, რომ ძალები და შესაძლებლობები ბევრ სხვა სფეროშიც მოვსინჯე.

 ძიების პროცესი

 პროფესიით ბიოქიმიკოსია, თუმცა ამ სპეციალობით არასოდეს უმუშავია. მიაჩნია, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ დაუგეგმავად, თავისთავად ხდება. ასე მოხვდა მედიაშიც. რადიო “აუდიენციაში” კასტინგზე მივიდა და დიჯეიდ დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მუსიკალური პროფილის საავტორო გადაცემითაც წარუდგა მსმენელს.

შემდეგ “რუსთავი 2”-ის მუსიკალურ რედაქციაში მუშაობდა ქალბატონ მარინა ბერიძესთან, სადაც მისი მონაწილეობით საინტერესო პროექტები – “ანა-ბანა” და “ჯეოსტარი” იქმნებოდა.

– შესანიშნავი წამოწყება იყო, რომელმაც ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუხსნა გზა. ამ პროექტების ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი “ავერსიც” გახლდათ.

 ეს სამსახური უყვარდა, თუმცა გრძნობდა, რომ უფრო ფართო შემოქმედებითი ასპარეზი სჭირდებოდა და ენანებოდა ოფისში გატარებული ყოველი წუთი... გადაწყვეტილება მიიღო, სამსახურს თავი დაანება და... ახლა ბევრი დრო და თავისუფლება აქვს, რაც ხელოვანისთვის მთავარია.

 ოჯახი

– ოჯახი ჩემთვის ყოველგვარ წარმატებაზე მნიშვნელოვანია. მეუღლე, უჩა გუგუნავა, ჩემი მთავარი კრიტიკოსი და, ამავე დროს, ყველა ჩემი წამოწყების მხარდამჭერია. თავად მუსიკოსია – ჯგუფ “ინსაიტის” ბასგიტარისტი. კლუბში გავიცანი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ. თხუთმეტი წელია ერთად ვართ. ჩვენი ვაჟი, სანდრო, ცამეტი წლისაა. კარგი მეგობრები ვართ. განსაკუთრებული გემოვნებისა და ხედვის პატრონია. მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. თავად მას ჯერჯერობით ტექნიკური დარგები იტაცებს, თუმცა ინტერესები ხშირად ეცვლება.

 

ოთხფეხა მეგობრები

ბუგიმ და ტუსიამ ლანას ცხოვრების რეჟიმი სრულიად შეცვალეს. ამბობს, ესეც ბავშვობის დროინდელი დანაკლისია, რომელსაც ახლა ვინაზღაურებო. ბუგი ლეკვობიდან მათ ოჯახში ცხოვრობს, ტუსია კი ქუჩაში იპოვეს და ვერაფრით შეელივნენ. სწორედ ამ ორმა გაბურძგნულმა არსებამ დანერგა ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესი – დარსა თუ ავდარში, თავსხმა წვიმაში თუ მზიან დღეს, დილა-საღამოს გასეირნებას ითხოვენ.

– უზარმაზარ დადებით ენერგიას გასცემენ, ცხოვრებას გვიხალისებენ. ამასთან, მიმაჩნია, რომ ოჯახში, სადაც ცხოველების სიყვარულს ბავშვობიდან სწავლობენ, უფრო მზრუნველი და კეთილგანწყობილი გარემოა. ბავშვებიც უფრო ჰუმანურები იზრდებიან... თუმცა ოთხფეხა მეგობრის ყოლა დიდ პასუხისმგებლობასთანაცაა დაკავშირებული.

 ლანას ჯანმრთელობის რეცეპტი

 – ვეგეტარიანელი ვარ. ეს ერთგვარი პროტესტია ცხოველების ხოცვის წინააღმდეგ. ოჯახის წევრები ჩემს აზრს არ იზიარებენ, ამიტომ ხორციანი სადილის კეთება მაინც მიწევს. ამ ნაბიჯისკენ ვერავის მოვუწოდებ, თუმცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ის გამართლებულიც კია. განსაზღვრულ ასაკში მეტაბოლიზმი იცვლება, ორგანიზმში ინტენსიური შენება წყდება და ნაკლები ცილა სჭირდება. მის გადასამუშავებლად ორგანიზმი უფრო მეტ რესურსს ხარჯავს, ვიდრე სარგებელს იღებს.

იოგათი ვარ გატაცებული. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტის ერთობლიობაა. კარგია, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სულ უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს ეზოებსა და სკვერებში მოწყობილ ტრენაჟორებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქში სიმწვანისა და სუფთა ჰაერის დეფიციტია. ამ გამონაბოლქვში სირბილი და ველოსიპედით სიარული მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო.

 საუკეთესო მეგობრები

 როგორც თავად ამბობს, უამრავი ფილმი და სერიალი მოუსმენია:

– საყურებლად დროს ვერ ვპოულობ, სამაგიეროდ, ვისმენ. ამ გარემოებამ აუდიოწიგნებთანაც დამამეგობრა, თუმცა წიგნის კითხვას განსაკუთრებული ხიბლი აქვს... საწოლთან, ტუმბაზე, საინტერესო წიგნი მუდამ დევს. თანამედროვე მწერლებს სიამოვნებით ვეცნობი. აღმოჩენა იყო ელიას კანეტი, რომელიც, ჩემი აზრით, დაუმსახურებლად არაპოპულარულია. მაგრამ ადამიანი, რომლის შემოქმედებაც განუწყვეტლივ აღმაფრთოვანებს, დოსტოევსკია. გასაოცარია, ერთმა ადამიანმა როგორ შეიგრძნო ამდენი ტკივილი, ემოციის ამდენი ფერი... სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილების თაობამ ლიტერატურა ჩვენსავით ვერ შეიყვარა. დასანანია, რომ შვილებში იშვიათად მეორდება ის, რაც მშობლებს ბავშვობიდან ეძვირფასებათ.

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: