როგორ შევარჩიოთ გამათბობელი

გააზიარე:

ამ ბოლო დროს ყინვიანი დღეები იშვიათობაა (გლობალური დათბობა თავს გვახსენებს!) თუმცა გამათბობლების თემა მაინც აქტუალურია. ტრადიციას არც ახლა ვუღალატებთ და თანამედროვე გამათბობლებზე გესაუბრებით, საქართველოში ყველაზე პოპულარული საშუალებების ღირსებებსა და ნაკლოვანებებზეც გავამახვილებთ ყურადღებას:

საუბარს ჯერ კიდევ აქტუალური ელექტროგამათბობლით დავიწყებთ: ის ჩვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს. შეიძლება ითქვას, ყველაზე არაეკონომიური გამათბობელია. ოთახში სითბო რომ დატრიალდეს, ელექტროქურა 4 საათი მაინც უნდა ენთოს.

ელექტროქურა განსაკუთრებით საშიშია, თუ პატარა ბავშვი გყავთ: ახალფეხადგმული ნამცეცა შეიძლება წაბორძიკდეს და ქურაზე დაეცეს. ფაქტია, სულ არარაობას ელექტროქურით გათბობა ჯობია, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ. ხანძრისგან თავი რომ დაიზღვიოთ, ქურას ქვეშ სპეციალური საფენი დაუგეთ.

თანამედროვე ელექტროგამათბობლები, რომლებსაც რადიატორის ფორმა აქვს და  განსაზღვრული ტემპერატურის მიღწევისას ავტომატურად ითიშება, ხანძრის ალბათობას გამორიცხავს, თუმცა ზამთრის ყინვიან დღეებში ასეთი რადიატორი სამი მაინც უნდა ჩართოთ, რომ ოთახში სითბო დატრიალდეს. ეს კი სერიოზულ ხარჯთან არის დაკავშირებული. ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების შესახებაც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას.

გახსოვდეთ: კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ თუ “ნიკალას” ან “კარმას” დამონტაჟება გადაწყვიტეთ, აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ “ნიკალას” ფირმის გამათბობლებს ჰაერის გარედან შემწოვი სისტემა არ გააჩნია, ისინი ოთახში არსებულ რესურსს წვავს. ამ მხრივ გაცილებით უსაფრთხოა “კარმა”, რომელსაც ცირკულაციის საშუალება აქვს, თუმცა მისი დამონტაჟება სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული: სითბოს არათანაბარი განაწილება სახლში გაციების ალბათობას ზრდის. ეცადეთ, ასეთი გამათბობლებს ისეთი ადგილი შეურჩიოთ, საიდანაც სითბო ყველა ოთახში შედარებით უკეთესად გადანაწილდება. თუ დიდი ბინა გაქვთ, მის გასათბობად ერთი გამათბობელი არ გეყოფათ, ამ შემთხვევაში გათბობის ერთიანი სისტემის დამონტაჟებაზე უნდა იზრუნოთ.

ყველაზე უსაფრთხო გათბობის ერთიანი სისტემაა. გამათბობლის ქვაბი, უმჯობესია, აივანზე დადგათ. ხშირად მას სააბაზანოშიც ამონტაჟებენ, თუმცა გირჩევთ, საჰაეროს არ ენდოთ და ქვაბი დახურულ სივრცეს მოარიდოთ. ასეთ შემთხვევაში გამომუშავებული სითბოს მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, რადგან მხუთავი აირით მოწამვლა გამორიცხულია.

ზოგიერთ გამათბობელზე თერმოაკუმულატორი მონტაჟდება, რომელიც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუ დაინტერესდით და ქვაბის შეძენა გადაწყვიტეთ, რამდენიმე კომპანიის: De Dietrich-ის, Viessmann-ის, Mora-სა და Эван -ის გამათბობლებს გავუწევთ რეკომენდაციას. ამ ფირმის მოდელებს ბუნებრივ აირზე მუშაობის გარდა აქვთ დიზელზე მუშაობის რეჟიმიც. თუ საწვავად დიზელს გამოიყენებთ, ელექტროენერგიისა თუ გაზის მოწოდების შეზღუდვა თქვენს ნერვებზე ნაკლებად იმოქმედებს, თუმცა ოდნავ მეტი დანახარჯი გექნებათ. ზოგიერთ კომბინირებულ გამათბობელს შეშაზე მუშაობაც შეუძლია. გამათბობლის სიმძლავრე საცხოვრებელი ფართობის მიხედვით შეირჩევა: დაახლოებით 1 კილოვატი 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ყველაზე ეკონომიური და უსაფრთხო საშუალება მზის გამათბობელია, რომელიც სახლში დამონტაჟებულ გათბობის ერთიან სისტემას უერთდება. მზის გამათბობელი სახლის სახურავზე ან აივანზე მონტაჟდება. მათი წყალობით წელიწადში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის 70-80%-ის დაზოგავთ და ცივი ზამთარიც ვეღარასოდეს შეგაშინებთ.

გათბობის ეფექტი

გამათბობლები იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი არ გაიყინოს, მაგრამ მეტისმეტი სითბოც მავნებელია: თუ ოთახის ტემპერატურე 28 გრადუსს ასცდა, ლამის მთელი ორგანიზმი სტრესს განიცდის: კანზე ჩნდება ცვლილებები (დერმატიტი, ეგზემა), ირღვევა ნერვული სისტემის მუშაობა (რაც პირველ რიგში ძილის დარღვევითა და მოჭარბებული აღგზნებით გამოიხატება), ზარალდება ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, იმუნიტეტი…

როდესაც გამათბობელი ჟანგბადს დიდი ოდენობით შთანთქავს და წვის პროდუქტს ოთახშივე მიმოფანტავს, ჩვენი ჯანმრთელობა დიდ განსაცდელშია. უჟანგბადოდ ცოცხალი ორგანიზმი ვერ ძლებს (ჟანგბადის დეფიციტი პირველ რიგში ძილიანობით, სწრაფი დაღლითა და მოთენთილობით იჩენს თავს, ხოლო ნამწვი აირის ჩასუნთქვა _ უკეთეს შემთხვევაში მსუბუქით მოწამვლით, ხოლო უარეს შემთხვევაში… თუმცა ამაზე ლაპარაკიც არ ღირს!

გარდა მაღალი ტემპერატურისა და ჟანგბადის უკმარისობისა, ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გამომშრალი ჰაერი, რაც ზოგიერთი გამათბობლის დამსახურებაა. ამ დროს, პირველ ყოვლისა, ზარალდება სასუნთქი სისტემა, რომელსაც ნორმალური ფუნქციონირებისთვის ზომიერი დატენიანება სჭირდება. ყველაზე მკაფიოდ კი სიმშრალე კანისა და თმის სტრუქტურაზე აისახება: კანი შრება, უხეშდება (იგივე მოსდის თმასაც) და იქერცლება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამათბობლების ეპოქას მოჰყვა მზითვად, ალერგიაა. წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები მძლავრი ალერგენებია, ხოლო თუ მათ ჰაერის ძლიერი გამოშრობაც დაერთო, ალერგიული რეაქცია კიდევ უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. უწინარეს ყოვლისა, ზარალდება სასუნთქი სისტემა (სწორედ გამათბობლების ფართოდ გამოყენებას უკავშირებენ ექიმები ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევების მატებას), კანი – ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ უწითლდებათ და ექერცლებათ ბავშვებს კანი ბუნებრივი აირით მეტისმეტად გამთბარ ოთახში.

გააზიარე: