რაში გვჭირდება საკვები დანამატები?

გააზიარე:

ძნელად იპოვით ადამიანს, საკვები დანამატი სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ არ მიეღოს. ზოგი მათ ყოველდღე იღებს, ზოგი კი შედარებით იშვიათად. თანამედროვე საკვებ დანამატებს მიეკუთვნება ვიტამინები, მინერალები, სხვადასხვა მცენარეული საშუალებები, ამინმჟავები, ცხიმოვანი მჟავები, ენზიმები. მათ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსაც უწოდებენ. ისინი შეიძლება შეგვხვდეს ტრადიციული აბების, ტაბლეტების, კაფსულების, წვეთების, საკვებში შესარევი პუდრის და სასმელების სახით. ყველაზე პოპულარული დანამატების რიცხვშია D ვიტამინი, კალციუმი, რკინა, თევზის ქონი, ომეგა 3. ზოგი მათ ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს რომელიმე ვიტამინისა თუ მინერალის დეფიციტის შესავსებად, ზოგი კი იმიტომ, რომ მეზობელმა ურჩია, ან რეკლამამ მიიზიდა, ან უბრალოდ მიაჩნია, რომ სასარგებლოა. მოდი გავიგოთ, რა საჭიროა ეს დანამატები, ნამდვილად მოაქვს თუ არა სარგებლობა და რა შეიძლება გვავნოს მათმა არასწორმა გამოყენებამ.

 

რაში გვჭირდება

ვიტამინები და მინერალები ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ცხოველმოქმედების პროცესებში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა თავად ორგანიზმს მათი წარმოქმნა არ შეუძლია, ამიტომ ჩვენ მათ გარემოდან – საკვებისა თუ წყლის მეშვეობით ვიღებთ. ვიტამინებითა და მინერალებით განსაკუთრებით მდიდარია ხილი და ბოსტნეული.

ყველაზე გავრცელებული ვიტამინებისა და მინერალების დღიური მოთხოვნილება ასეთია:

 

*ცხრილში გამოყენებული ერთეულები: მგ – მილიგრამი; მკგ – მიკროგრამი; სე – საერთაშორისო ერთეული.

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმს ეს ვიტამინები და მინერალები არცთუ ისე დიდი ოდენობით სჭირდება, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მათი როლი შეუცვლელია. ამ ნივთიერებებს მრავალი საკვანძო ფუნქცია აკისრია, მაგალითად:

* C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს;

* A ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ზრდას;

* B ვიტამინი აუცილებელია ენერგიისთვის;

* D ვიტამინი ამაგრებს ძვლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს არაერთი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას;

* ფოლიუმის მჟავა ამცირებს ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგიის რისკს.

ერთი სიტყვით, ვიტამინებისა და მინერალების გარეშე ჩვენს ორგანიზმს არსებობა არ შეუძლია.

 

როგორც ქუხს, ისე არ წვიმს

ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობაზე არავინ დავობს; პრობლემა ხელოვნური დანამატების სახით მათ მიღებას უკავშირდება. ერთი შეხედვით, არაერთი კვლევა მოწმობს, რომ საკვებ დანამატებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, D ვიტამინზე მომუშავე მკვლევართა დიდი ნაწილი ამტიცებს, რომ მას შეუძლია სიმსივნური დაავადებებისგან, დიაბეტისგან, დეპრესიისგან, თუნდაც ბანალური გაციებისგან ორგანიზმის დაცვა; მიიჩნევა, რომ ომეგა-3 დიდ როლს ასრულებს ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში; ანტიოქსიდანტები, მაგალითად, C და E ვიტამინები და ბეტა კაროტინი, იმედის მომცემ შედეგებს იძლევა გულის დაავადებებთან, სიმსივნესთან, ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ამ კვლევათა უმეტესობა დაკვირვებითი ხასიათისა იყო – არ მომხდარა არც ერთი დანამატის ეფექტის შედარება პლაცებოს ეფექტთან. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დოქტორი ჯოან მენსონი, რომელიც D ვიტამინსა და ომეგა-3-ზე ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ რანდომიზებულ კვლევას ხელმძღვანელობდა, აღიარებს, რომ ვიტამინებსა და სხვა დანამატებთან დაკავშირებული დიდი ენთუზიაზმი ხშირად რეალურ მონაცემებს ფარავს. ისეც ხდება, რომ კვლევის შედეგები ერთმანეთს გამორიცხავს. მაგალითად, ერთხანს მიიჩნეოდა, რომ E ვიტამინი გულს იცავდა, შედარებით ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ ვიტამინს ჰემორაგიული ინსულტის რისკის გაზრდა შესძლებია. ფოლიუმის მჟავას და B ვიტამინსაც გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციის საშუალებებად მიიჩნევნენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა. მეტიც – აღმოჩნდა, რომ დიდი დოზით მათი მოხმარებისას სიმსივნის განვითარების ალბათობა იზრდება.

ასე რომ, საკვები დანამატების მარგებლობასა და შესაძლო რისკებზე უტყუარი მონაცემების მისაღებად კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

 

ბუნებრივი VS სინთეზური

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივი რესურსებიდან (საკვებიდან) მიღებულ ვიტამინებს და მინერალებს უფრო უკეთესად ითვისებს, ვიდრე სინთეზურს. ამ ფაქტს მარტივი ახსნა აქვს: ადამიანის ორგანიზმი მილიონობით წლის განმავლობაში ადაპტირდებოდა ბუნებაში მოპოვებულ საკვებთან, მის მონელებასა და ათვისებასთან, სინთეზური დანამატების უმეტესობა კი ქიმიური გზით მიღებული ნაერთია, რომელსაც ბუნებაში ვერ ვიპოვით, ამიტომ ორგანიზმს მათი ამოცნობა და ათვისება უჭირს. ხილი, ბოსტნეული, თევზი და სხვა ჯანსაღი პროდუქტები შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა პოვნაც აბებსა და კაფსულებში შეუძლებელია, ამიტომ როდესაც არჩევანის წინაშე დადგებით, ეცადეთ, უპირატესობა ყოველთვის ბუნებრივ საშუალებებს მიანიჭოთ.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან გაიგებთ, რომელ საკვებში რომელი ნუტრიენტის პოვნაა შესაძლებელი:

 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცხოვრების თანამედროვე ტემპმა ადამიანის კვებაშიც ბევრი რამ შეცვალა. სოფლის მეურნეობის ინტენსიურმა ზრდამ, წელიწადში რამდენიმე მოსავლის აღების მეთოდებმა, საკვების გადამუშავების ახალმა ტექნოლოგიებმა და ბევრმა სხვა, ერთი შეხედვით წინ გადადგმულმა ნაბიჯმა სინამდვილეში საკვებში მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. გაიზარდა ნახევარფაბრიკატებისა და მზა საკვების მოხმარებაც, რაც ნამდვილად არ ქმნის ბალანსირებული კვებისთვის საჭირო ნიადაგს, ხოლო ისეთი სასმელები, როგორიცაა შავი ჩაი და ყავა, მინერალების აბსორბციას ამცირებს.

 

“ბევრი” არ ნიშნავს “უკეთესს”

ვიტამინებისა და მინერალების დანამატის სახით მიღება ხშირად მართლა აუცილებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ “ბევრი” არ ნიშნავს “უკეთესს”. არასწორმა დოზირებამ ორგანიზმს შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ცხიმში ხსნადი – A, D, E და K – ვიტამინების მიმართ. მაგალითად, ჭარბი A ვიტამინი ღვიძლში აკუმულირდება და შესაძლოა, ძლიერ დააზიანოს. ორგანიზმში აკუმულირებისა და ტოქსიკური დონის მიღწევის უნარი ცხიმში ხსნად დანარჩენ ვიტამინებსაც შესწევს. წყალში ხსნადი ვიტამინები, მაგალითად, B და C, ამ მხრივ საშიში არ არის – ისინი ორგანიზმში არ გროვდება, მათი ჭარბი რაოდენობა შარდთან ერთად ისევ გარეთ გამოიდევნება.

სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მინერალებსაც. მაგალითად, კალციუმისა და რკინის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს.

 

დაბოლოს

სანამ რომელიმე დაავადების პრევენციის ან ჯანმრთელობის განმტკიცების მიზნით ხელოვნური საკვები დანამატების მიღებას დაიწყებდეთ, სასურველია, მათი რეალური საჭიროებისა და თანმხლები რისკის შესახებ ინფორმაცია პროფესიონალს სთხოვოთ. თავი არიდეთ საკვები დანამატების თვითნებურ მიღებას. თუ რომელიმე ნუტრიენტი გაკლიათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა ის სწორად ჩანაცვლდეს და მაქსიმალურად იყოთ დაზღვეული გართულებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვებისთვის მათი მიცემისას, ასევე – მათი მიღებისას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: