როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?

გააზიარე:

თავდაჯერება ნებისმიერი წამოწყების წარმატების საწინდარია. თავდაჯერებული ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და, შესაბამისად, ადვილად აღწევს მიზანს. ზოგიერთს ეს თვისება თავისთავად უყალიბდება, მაგრამ აჯობებს, ამის იმედად არ დავრჩეთ და ბავშვებს მცირე ასაკიდანვე დავეხმაროთ მის განვითარებაში.

ბავშვისთვის თავდაჯერება არანაკლებ საჭიროა, ვიდრე ზრდასრულისთვის – სწორედ ბავშვობაში საკუთარი ძალებით მიღწეულ მიზნებსა და წარმატებებზეა დამოკიდებული, როგორი წარმოდგენა ექნება თქვენს შვილს მომავალში საკუთარ შესაძლებლობებზე და რამდენად რეალიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება ის.

 

ვის აკლია და ვის – არა?

როდესაც ბავშვს თავდაჯერება აკლია, ეს ადვილი შესამჩნევია, ისევე როგორც საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბავშვი გამოირჩევა თანატოლებისგან.

თავდაჯერებული ბავშვები:

* აფასებენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს;

* სჯერათ, რომ შესწევთ ძალა მიზნის მისაღწევად;

* ამაყობენ, როდესაც საქმეს თავს გაართმევენ;

* მზად არიან ყოველდღიური გამოწვევებისთვის.

 

ბავშვები, რომლებსაც თავდაჯერება აკლიათ:

* კრიტიკულად არიან განწყობილნი საკუთარი თავის მიმართ;

* მიაჩნიათ, რომ სხვა ბავშვებზე ნაკლები შეუძლიათ, სჩვევიათ მერყეობა;

* აქცენტს მხოლოდ საკუთარ მარცხზე სვამენ;

* ჰგონიათ, რომ ყველა წამოწყებაში აუცილებლად დამარცხდებიან.

 

თავდაჯერება მნიშვნელოვანია

საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა ეგრეთ წოდებული ბაზაა წარმატებისთვის სკოლაში თუ სოციალურ ურთიერთობებში. თავდაჯერება ბავშვს უბიძგებს, უშიშრად მიიღოს ახალი გამოწვევები, გაუმკლავდეს შეცდომებს და არ დანებდეს.

ბავშვებს, რომლებსაც თავდაჯერება აკლიათ, ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, ჰგონიათ, რომ თანატოლები არ მიიღებენ, გარიყავენ, ამიტომ ხშირად თავს არიდებენ გამოწვევებს, უარს ამბობენ ჯგუფურ აქტივობებში, მაგალითად, გუნდურ თამაშებში მონაწილეობაზე, უჭირთ თავის დაცვა, ადვილად იხევენ უკან და შუა გზაზე ტოვებენ წამოწყებულ საქმეს.

 

როგორ ვითარდება თავდაჯერება

თავდაჯერებას არ ავითარებს ბავშვისთვის მხოლოდ იმის გამეორება, რა კარგი და განსაკუთრებულია. არც მუდმივი გამოცდა და დაბრკოლებების შექმნაა ამისთვის საკმარისი. მიდგომა უნდა დააბალანსოთ.

გახსოვდეთ: როდესაც ბავშვი იღებს გამოწვევას, აგებს თუ იგებს, ის სწავლობს, რომ ფასი აქვს არა მარტო გამარჯვებას, არამედ შრომასა და თავდადებასაც, განურჩევლად შედეგისა.

გამარჯვებისთვის მიღებული ჯილდო თავდაჯერებას მხოლოდ მაშინ ავითარებს, როდესაც ბავშვმა იცის, რომ მან ის დაიმსახურა.

თავდაჯერება გამოცდილების შედეგია, რომელიც ბავშვს დაანახებს, რომ შრომისუნარიანია, მნიშვნელოვანი და, ამასთან, იღებენ ისეთს, როგორიც არის.

. როდესაც ბავშვი აცნობიერებს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მიზნის მიღწევა და ამაყობს თავისი შესაძლებლობებით, ის თავს შრომისუნარიანად მიიჩნევს.

. ბავშვს თავი მნიშვნელოვნად მიაჩნია, როდესაც ხედავს, რომ მის ძალისხმევას აფასებენ, რომ მას საკუთარი ძალებით შეუძლია რაღაცის შეცვლა, მიზანთან მიახლოება. ამაში ბავშვებს ძალიან ეხმარება ჯგუფური სამუშაოები, სადაც, შიდა კონკურენციიდან გამომდინარე, გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევა ფასდება.

. როდესაც ბავშვი მშობლებისა და ახლობლების თანადგომას გრძნობს, ის საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობს. როდესაც კარგი საქციელისა და მონდომებისთვის მშობელი აქებს, საკუთარ თავზე მისი დადებითი წარმოდგენა იზრდება.

 

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება

თვითშეფასება დროთა განმავლობაში ყალიბდება. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი არასათანადოდ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, შემდეგი რჩევები გაიხსენეთ:

* დაეხმარეთ ახალ წამოწყებებთან გამკლავებაში. ბავშვი ყველა ასაკში სწავლობს რაღაც ახალს და განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგება. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები და ჭიქის ხელში ჭერაც კი აღუძრავს პატარას მიღწეულით კმაყოფილების გრძნობას და საკუთარი ძალებში არწმუნებს. ველოსიპედის დამოუკიდებლად მართვა, კითხვის სწავლა და მსგავსი აქტივობები საუკეთესო ნიადაგს შექმნის, რომ თავდაჯერებამ ფესვი გაიდგას.

* ნუ დაუსახავთ ბავშვს ისეთ ამოცანას, რომლის შესასრულებლადაც რესურსი არ ეყოფა, თუმცა იმასაც ეცადეთ, გამოწვევა არ იყოს მისთვის მეტისმეტად მარტივი. ახალი რამის სწავლებისას აჩვენეთ და პირველი მცდელობისას დაეხმარეთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვი დამოუკიდებლად სცდის და არ გამოუვა, შეაქეთ მისი მცდელობა, წაახალისეთ, რომ კიდევ სცადოს.

* შეაქეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ბავშვის ქება კარგია – აგრძნობინებთ, რომ ამაყობთ მისით და აფასებთ მის ძალისხმევას. მაგრამ, იმავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქების ზოგიერთმა ფორმამ შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს.

 

სწორი ქება

* მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. მაგალითად, თუ თქვენი ბავშვი სასკოლო ფეხბურთის მატჩის შემდეგ შეაქეთ, შესანიშნავად ითამაშეო, მაგრამ მან იცის, რომ სინამდვილეში ასე არ ყოფილა, აუცილებლად მიხვდება და დაიმახსოვრებს, რომ თვალთმაქცობთ და მომავალში, როდესაც მართლა დაიმსახურებს ქებას, თქვენს სიტყვებს მისთვის ფასი აღარ ექნება, შესაბამისად, ვეღარც თავდაჯერებას აუმაღლებს.

ამ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა გეთქვათ, რომ ეს მისი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ყველას გვაქვს უიღბლო დღეები; მთავარია, არ დანებდეს – შემდეგში აუცილებლად ყველაფერი გამოუვა.

* შეაქეთ მონდომებისთვის და არა შედეგისთვის. ქებისას ნუ დასვამთ აქცენტს მაღალ ნიშანზე ან ათლეტურ აღნაგობაზე – ასეთი ქება იქამდე მიგიყვანთ, რომ ბავშვი შეუშინდება გამოწვევებს, რომლებში ხელის მოცარვამაც შესაძლოა “რეპუტაცია” შეურყიოს.

შეაქეთ ძალისხმევისა და მონდომებისთვის. მაგალითად, აღნიშნეთ რა დაუღალავად და შემართებით შრომობს სასკოლო პროექტზე ან რა წინ წაიწია ბეჯითი მეცადინეობით და როგორ დახელოვნდა ფორტეპიანოზე დაკვრაში. ასეთი ქება ბავშვს მკაფიოდ დაანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და ძალ-ღონის დაუზოგავობა ამ მიზნის მისაღწევად, რომ ადვილად არ უნდა დანებდეს და არასოდეს შეწყვიტოს ცდა.

* მიეცით კარგი მაგალითი. მშობელი ბავშვისთვის პირველი მაგალითია. როდესაც ბავშვი ხედავს, როგორ ალაგებთ დილაობით საწოლს, როგორ ამზადებთ საუზმეს, რეცხავთ ჭურჭელს ან რა ადვილად, წუწუნის გარეშე დგებით საწოლიდან, ჯანსაღ საუზმეს მიირთმევთ და ხალისით მიდიხართ სამსახურში, უჩნდება სურვილი, თვითონაც გააკეთოს იგივე, – რა თქმა უნდა, თავისი შესაძლებლობებისა და მოვალეობების ფარგლებში: შეასრულოს საშინაო დავალება, მოგეხმაროთ მაგიდის ალაგებაში, აკრიფოს მიმოფანტული სათამაშოები და უტირლად, გაუჭირვეულებლად წავიდეს სკოლაში ან ბაღში.

არ დაგავიწყდეთ: ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განწყობით აკეთებთ ამ ყველაფერს. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ ოჯახში თავის ყოველდღიურ მოვალეობას ყველა ხალისით და დაუზარებლად ასრულებს, თავადაც იმავე განწყობით მოეკიდება პირად საქმეებს.

* მკაცრად ნუ გააკრიტიკებთ. შეფასებები, რომლებსაც ბავშვი უფროსებისგან ისმენს, გავლენას ახდენს საკუთარ თავზე მის წარმოდგენაზე. თუ ხშირად დაუძახებთ "ზარმაცს", ეს მოტივაციას კი არ აუმაღლებს, პირიქით, დაუქვეითებს. დაიმახსოვრეთ, როდესაც ბავშვები ახლობლებისგან უარყოფით შეფასებებს ისმენენ, მათი თვითშეფასება ეცემა და ნელ-ნელა წარუმატებელ, ხელმოცარულ ადამიანებად ყალიბდებიან.

* აქცენტი მის ძლიერ მხარეებზე დასვით. დააკვირდით, რა გამოსდის თქვენს შვილს ყველაზე უკეთესად და რა ანიჭებს სიამოვნებას. მიეცით თავისი ძლიერი მხარეების განვითარების შესაძლებლობა  – ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სისუსტეებზე მუდმივი აქცენტირება  -იმის ცოდნა, რომ რაღაც კარგად გამოსდის, ბავშვს თავდაჯერებას მატებს და, შესაბამისად, საფუძველს უყრის მის მომავალ წარმატებას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: