ძალადობა სკოლაში – როგორ ამოვიცნოთ და დავიზღვიოთ თავი
გააზიარე:
სკოლა ის ადგილია, სადაც ადამიანი ცოდნასთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებსაც იძენს. სადავო არ არის, რომ მან საზოგადოებისთვის ფასეული მოქალაქეები უნდა აღზარდოს და ეს ჩვენი ქვეყნის განათლების ეროვნულ მიზნებშიცაა დეკლარირებული. სკოლა, შეიძლება ითქვას, მცირე სოციალური მოდელია, სადაც მკაფიოდ წარმოჩნდება ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების ურთიერთობები და ყალიბდება დამოკიდებულება ცხოვრებისეული ღირებულებების მიმართ. ამიტომ გვინდა, ჩვენი რუბრიკა მძიმე, მაგრამ აქტუალურ თემას დავუთმოთ. ეს ძალადობაა. ორგანიზებული, მიზანმიმართული ძალადობა, რომელიც არცთუ იშვიათია ჩვენს სინამდვილეში და რომელზეც აუცილებლად უნდა გვქონდეს წარმოდგენა – აკი ნათქვამია, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულიცააო...
ფსიქოლოგიური პრესინგი, ბულინგი, მობინგი, ბოსინგი – ფსიქოლოგები და განათლების დარგის სპეციალისტები შეშფოთებით საუბრობენ იმაზე, რომ ქცევის ამგვარი სტილი მეტისმეტად “გაახალგაზრდავდა” და სასკოლო სივრცეშიც დამკვიდრდა. “წინათ სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, არ შეინიშნებოდა ორგანიზებული, შეთანხმებული ძალადობა ერთ კონკრეტულ ბავშვზე. იყვნენ რთული ქცევის მოზარდები, რომლებსაც, საზოგადოდ, ჰქონდათ ძალადობისკენ მიდრეკილება. ის, რასაც ბულინგს უწოდებენ, ბოლო ხანს გავრცელდა და შემაშფოთებელი მასშტაბიც შეიძინა მსოფლიოში. იკვლევენ მის მიზეზებს, საუბრობენ პრევენციულ ზომებზე... მუშაობა ნამდვილად საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლთა მთელ თაობას მივიღებთ. ამავე დროს, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ძალადობა, ძალადობის ერთჯერადი ან განმეორებადი აქტი და ბულინგი. ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებული კლინიკისა და შედეგების მქონე მოვლენაა. აუცილებელია მეტი ყურადღება საზოგადოების მხრივ. მასწავლებლები და მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში შველა და დახმარება სჭირდება, უპირველესად, მსხვერპლს და, რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, მასთან ერთად – მოძალადესაც”, – ამბობს ფსიქოლოგი ელენე გოგიშვილი. რა არის ბულინგი, რით განსხვავდება ის მეგობრული შეხუმრებისგან ან ბანალური კონფლიქტისგან, როგორ ამოვიცნოთ მსხვერპლი და მოძალადე და, რაც მთავარია, როგორ დავიცვათ ბავშვები ამ უსიამოვნებისგან?
რა არის ბულინგი
ზუსტი ქართული შესატყვისი ამ ინგლისურ ტერმინს არ მოეპოვება. ის დაცინვას, აბუჩად აგდებას, გამასხარავებას ნიშნავს. წესისამებრ, ასე მოიხსენიებენ ხოლმე შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ მეტსახელებს, ქმედებას, ქცევის სტილს. ბულინგი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალადობის, აგრესიის ხანგრძლივი გამოხატულებაა. ის ჯგუფური, სოციალური მოვლენაა და ყოველთვის მიმართულია ერთი და იმავე, ამოჩემებული ობიექტისკენ. ქცევის მოტივი ზოგჯერ ცხადია (შურისძიება, “სამართლიანობის აღდგენის” მცდელობა, ლიდერობის ან კონკურენტის ჩამოშორების სურვილი, სადისტური მიდრეკილების დაკმაყოფილების მცდელობა – ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმა...), ზოგჯერ კი, შესაძლოა, არც იყოს გამოკვეთილი. ამ შემთხვევაში ჯგუფი მსხვერპლს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევს. სკოლა უნივერსალური არენაა ბულინგის განსახორციელებლად. ბულინგის დიაგნოსტირება გამოუცდელ ადამიანს გაუჭირდება, რადგან მოძალადე მოზარდები ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ქმედებას უწყინარი მიზეზების დასახელებით. ასეთი ბავშვებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: “ჩვენ ვთამაშობთ”; “ეს მხოლოდ თამაშია, ჰკითხეთ, თვითონაც დაადასტურებს”, “ყველას ასე ვეთამაშებით, მას არ სწყინს, ის ჩვენი მეგობარია...” ასეთი ფრაზები უკვე იძლევა დაფიქრების საფუძველს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მსხვერპლი ხშირად ისე დამაჯერებლად ეთანხმება თანატოლებს, რომ ყველა კითხვის ნიშანი ქრება და უფროსები ყურადღებას ადუნებენ.
მსხვერპლის პორტრეტი
2012 წელს გერმანიაში გამოიცა ერთ-ერთი სკოლის ყოფილი მოსწავლის დღიური. ტექსტმა შოკში ჩააგდო ავტორის მშობლები, მასწავლებლები და სკოლა. აღმოჩნდა, რომ სკოლაში ის წლების განმავლობაში განიცდიდა ორგანიზებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ არც ოჯახში, არც სკოლაში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. “დღიურის გამოქვეყნება ერთადერთი მიზეზით გადავწყვიტე: ახლაც, სკოლის დამთავრებიდან თორმეტი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ დავაღწიე თავი იმ შიშსა და შფოთვას, რომელსაც სკოლაში სწავლის დროს განვიცდიდი. ყოველ საღამოს ღმერთს ვთხოვდი, რაიმე სერიოზული ავადმყოფობა გამოეგზავნა ჩემთვის, რომ სკოლა გამეცდინა. ვევედრებოდი დედას, ვიგონებდი ათას მიზეზს, ოღონდ კი მოახლოებული სკოლის ავტობუსის ხმა არ გამეგონა, რადგან ჯოჯოხეთი სწორედ იქიდან იწყებოდა. თანაკლასელები სკამზე დაჯდომის საშუალებას არ მაძლევდნენ, აუცილებლად მართმევდნენ ჩანთას ან ქუდს და ერთმანეთს ესროდნენ. ამ ყველაფერს სკოლის ავტობუსის მძღოლი უყურებდა, მაგრამ ბიჭები სიცილით ეუბნებოდნენ, ვერთობით, ვერ ხედავო, და ისიც საქმეს უბრუნდებოდა. ერთადერთხელ ვცადე მასწავლებელთან ხმის ამოღება, მან კი მოძალადე კლასელების პირისპირ დამაყენა და იმავეს გამეორება მთხოვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვიუარე _ მე ხომ ვიცოდი, რაც მომელოდა მერე სკოლის ტუალეტში ან გასასვლელთან”. ეს გულახდილი ჩანაწერები ბულინგის მსხვერპლის კლასიკურ პორტრეტს გვიხატავს. ბავშვი, რომელიც თანატოლების მხრიდან მუდმივ ძალადობას განიცდის, უფრთხის უფროსებთან გულახდილობას, რადგან ამას შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. მსხვერპლი ცდილობს, იყოს შეუმჩნეველი, საშიშროების შემთხვევაში შეტევას ან თავის დაცვას კი არ ცდილობს, არამედ ფრთხება, ტირის, საცოდავი და უბედური ჩანს. ბავშვი-მსხვერპლი უმეტეს დროს საკლასო ოთახში ატარებს, შესვენებების დროსაც კი არ ტოვებს მას, გაურბის თანატოლთა ხმაურიან თავყრილობებს. ასეთ ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს სამედიცინო ჩივილებიც: მოუსვენარი ძილი, თავის ან მუცლის ტკივილი, უმადობა, ენურეზი. ბავშვი-მსხვერპლი შესაძლოა სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული იყოს, მაგალითად, სხვებზე გაცილებით დაბალი ან მაღალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, ჭკვიანი... ან არც იყოს; უბრალოდ, ერთ “მშვენიერ” დღეს თვალში არ მოუვიდეს რომელიმე მოზარდს, რომელიც თანამოაზრეთა შემოკრებას შეძლებს. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა დიდხანს ვერ განიკურნოს ფიზიკური ტრავმებისგან, ან, როგორც ზემოთ მოყვანილ ამონარიდში, განიცდიდეს მუდმივ შიშს, თავს დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობდეს. გარდა ამისა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ეპიზოდის შემდეგ უარესდება ბავშვის აკადემიური მოსწრება. ასეთი მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის, სწავლის ხალისს, მოტივაციას. უკიდურესად მძიმე ფორმის ბულინგი შესაძლოა დასრულდეს სუიციდით. ბოლო ხანს მოზარდთა თვითმკვლელობის მოტივად ხშირად ასახელებენ თანატოლების მიერ მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვებს.
აგრესორის პორტრეტი
აგრესორი გამუდმებით ცდილობს, იმაზე უფროსი და ძლიერი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სიტუაციურ და როლურ თამაშებში ასეთი ბავშვები ძალის, სისასტიკის დემონსტრირებას ამჯობინებენ. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა ესახებათ. გარეგნულად შესაძლოა არც კი იმჩნევდნენ ამას. მათ მაღალი თვითშეფასება და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ბავშვ-აგრესორს ძირითადად ახასიათებს: ჭარბი ენერგია, მჭევრმეტყველება, საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა, სხვებზე გავლენის მოხდენის და მათი გამოყენების უნარი, პოპულარობის სურვილი. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთან ერთადაც ის ორგანიზებულად ირჩევს მსხვერპლს.
ბულინგის შედეგი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მომავალში მოძალადედ ჩამოყალიბდეს. სერიული მკვლელების, მანიაკების, მოძალადეების ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, მათი ბავშვობის პერიოდის აღწერისას აუცილებლად შევხვდებით ძალადობის სცენებს ოჯახის წევრების ან სხვა უფროსების მხრიდან. ეს კანონზომიერება კარგა ხანია გამოკვლეულია და აქ არაფერია უცნაური.
სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე ბულინგის შემთხვევაში. ბულინგის მსხვერპლი სამუდამოდ ან ძალადობის შეწყვეტიდან დიდი ხნის შემდეგაც დეპრესიულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ, უკონტაქტო ადამიანად რჩება.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თანატოლებს შორის ურთიერთობისას ხშირია წახუმრება, გამოჯავრება, დაცინვა, ჩხუბი, სხვადასხვაგვარი კონფლიქტი. ყველა ეს შემთხვევა ბულინგად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თუ ეს პროცესი არ გაკონტროლდა, შესაძლოა უვნებელი ხუმრობები ბულინგში გადაიზარდოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებს ბავშვი დაცინვასა და აგრესიაზე სხვა ბავშვების მხრიდან.
პრევენცია
გამოუმუშავეთ ბავშვს თავდაჯერება. ამას ხელს უწყობს ისეთი აქტივობები, სადაც მოზარდი საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს და ირწმუნებს – სპორტის რომელიმე სახეობა, მუსიკა, თეატრალური თუ სახელოვნებო წრეები, ბავშვისთვის საინტერესო და სასარგებლო ნებისმიერი საქმიანობა... დადგენილია, რომ თავდაჯერებული, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ბავშვები იშვიათად იქცევიან აგრესიისა და ბულინგის ობიექტებად. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს კრიტიკულ სიტუაციაში სწორი ქცევის დემონსტრირება და აუხსენით სხეულის ენის ძირითადი ნიშნები:
. თანამოსაუბრისთვის თვალებში ცქერა, გამართული დგომა, მაღლა აწეული თავი, მტკიცე ხმა – ეს ყველაფერი ძლიერი და ეფექტური იარაღია აგრესორის წინააღმდეგ. არასდროს დახარო თვალები და აარიდო მზერა იმას, ვინც გაწვალებს. წყნარად, მაგრამ დაბეჯითებით უთხარი: “არ მომწონს, რასაც აკეთებ! გაჩერდი!” მერე კი ყურადღება არ მიაქციო დაცინვას და უსიტყვოდ, ღირსეულად გაეცალე მოძალადეს).
იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვს გაუჩნდეს თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებთანაც საერთო ინტერესები დააკავშირებს. მოუწყვეთ შეხვედრები, მოელაპარაკეთ მშობლებს და დაგეგმეთ ერთობლივი გასვლები ქალაქგარეთ.
თუ მოზარდი გაგენდოთ და ბულინგის შემთხვევაზე გიამბოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაუსვათ კითხვა “რატომ” (“რატომ არ გაეცი პასუხი?” “რატომ ამოგიჩემა მაინცდამაინც შენ?” “რატომ ხარ ასეთი უნიათო?!”), არ მოისურვოთ მოძალადესთან პირისპირ შეხვედრა და არ უთხრათ ბავშვს, რომ ყველაფერი ეჩვენება. დაიხმარეთ სპეციალისტები, სკოლის ფსიქოლოგი და ერთობლივად, კომპლექსურად მიუდექით პრობლემას.
ნინო ლომიძე