რა საჭიროა კონფლიქტი?

გააზიარე:

ირგვლივ ყველაფერი მოგვიწოდებს: “იყიდე ეს და იქნები კომფორტულად”, “გააკეთე ეს და აღარ იშფოთებ”, “შეჭამე ეს და იგრძენი ბედნიერება”. ჩვენი ოჯახური სისტემაც მუდამ სტაბილურობისკენ მიისწრაფვის. დალაგებული, მშვიდი ცხოვრება გვინდა.

ეს სურვილი გასაკვირი არ არის – წინასწარმეტყველებად გარემოში უფრო ადვილია რისკების შეფასება და გადარჩენის სტრატეგიების გათვლა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, გვინდა თუ არა, სამყარო მუდამ იცვლება, ადამიანები ამ ცვლილებებზე რეაგირებენ, ხოლო სტაბილურობა და სიმშვიდე ილუზიაა.

მეტად ან ნაკლებად კომფორტული ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ მუდამ კომფორტული ცხოვრება არ არსებობს. შესაბამისად, შეიძლება გვქონდეს ხანმოკლე ან ხანგრძლივი, მსუბუქი ან მძიმე კონფლიქტები, მაგრამ უკონფლიქტო ურთიერთობები არ არსებობს.

 

როგორ გავურბივართ?

როგორ ვიქცევით, როდესაც სიმშვიდის ილუზიას თავს ვერ ვაღწევთ? ერთ-ერთი გზა, რომელსაც ჩემი კლიენტები პოულობენ, კონფლიქტისთვის თავის არიდებაა. ისინი გულში იკლავენ წყენას, ბრაზს, მაგრამ ეს ემოციები ხომ არსებობს, და რადგან ისინი მუდამ გადაუწყვეტელი რჩება, ადამიანიც მუდამ უკმაყოფილოა, ისინი კი, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს, სწავლობენ, რომ ასეთ ადამიანთან ყოველგვარი ქცევა მისაღებია და პატივს აღარ სცემენ მის საზღვრებს.

ერთ დღესაც დაგროვილი ემოციები ერთბაშად ამოხეთქავს, ზოგჯერ – სრულიად ტრივიალური მიზეზით, გარშემო მყოფები კი ვერ ხვდებიან, ამ წყნარ ადამიანს ისეთი რა დაემართა, რომ იატაკზე დაგდებული წინდის გამო ყვირილი ატეხა. ეს კიდევ საუკეთესო ვარიანტია, რადგან ემოციების ასეთი გამოვლენა, მართალია, დესტრუქციულია, მაგრამ მაინც აძლევს საშუალებას ადამიანს, გათავისუფლდეს. უარესია, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში გაურბის კონფლიქტს. ამ შემთხვევაში ეს მოდელი, როგორც წესი, სხვა სფეროებზეც ვრცელდება. მაგალითად, ადამიანი ვეღარ იცავს თავის ადგილს მაღაზიის რიგში, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას. დიდი ალბათობით, გამოუთქმელი ემოციებს ტვირთს მისი სხეული მიითვისებს და სხვადასხვა ფსიქოსომატური პრობლემა იჩენს თავს.

 

რა საჭიროა კონფლიქტი?

მეორე მხრივ, კონფლიქტი ჩვენი პოზიციის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. როგორც ვთქვით, სამყარო გამუდმებით იცვლება და ჩვენც ვრეაგირებთ ამ ცვლილებებზე. ამ რეაქციის გულში დამარხვა სირაქლემას პოზიციაა. კონფლიქტი მტკივნეულია, მაგრამ ის გვაძლევს საშუალებას, გადავაფასოთ შეცდომები, პრობლემები, ხელის შემშლელი ფაქტორები, მოვარყიოთ არაქმედითი სისტემა და, ფაქტობრივად, ურთიერთობების ახალი მოდელი დავაშენოთ.

რასაკვირველია, ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ემოციების გამოხატვის შემდეგ მომხდარის განხილვა შეგვიძლია. ისეთ ოჯახებში გაზრდილი ადამიანებს, სადაც კონფლიქტს მუდამ გაურბიან და მას მუდმივ დაძაბულობას არჩევენ, უჭირთ ეს. მათთვის კონფლიქტი კატასტროფაა, რომლის შემდეგაც აღდგენა ძალიან ძნელია. ის ადამიანები კი, რომლებსაც კონფლიქტის შემდეგ შერიგების, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და საერთო გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება აქვთ, კონფლიქტის მეშვეობით იზრდებიან. სწორედ ასე ახერხებენ ისინი “კომფორტის ზონიდან” გამოსვლას და ურთიერთობისას როგორც სხვების გათვალისწინებას, ისე საკუთარ თავზე ზრუნვას.

 

პრობლემური კონფლიქტი

კონფლიქტი პრობლემური ხდება, როდესაც ის იმდენად ინტენსიურია და ჩაბმული მხარეები იმდენად სტკენენ ერთმანეთს, რომ აღდგენა შეუძლებელი ხდება, როდესაც კონფლიქტის შემდეგ არ უფიქრდებიან მიზეზებს (“კი მაგრამ, აქამდე როგორ მოვედით?”), როდესაც საკუთარი წყენისგან გათავისუფლებულებს, მაინც არ შესწევთ ემპათიის უნარი, უკვე ემოციებისგან დაცლილები, მაინც ვერ ხედავენ სხვა ადამიანს. არადა, კონფლიქტის მთავარი აზრიც ეს არის – დავიცალოთ ჩვენი სათქმელისაგან და გავთავისუფლდეთ სხვის მოსასმენად. ეს, რა თქმა უნდა, აფექტურ მდგომარეობაში კი არა, მის შემდეგ მოდის. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს, ტრავმული გამოცდილების გამო, არ შეუძლია სხვისი დანახვა ან, მიუხედავად კონფლიქტისა, ვერასოდეს ზრუნავს საკუთარ თავზე და ამ დროს კონფლიქტი უბრალოდ მტკივნეული პროცესია, რომელიც მუდმივად მეორდება, მაგრამ შვება არ მოაქვს.

 

ჯანსაღი კონფლიქტი

“ჯანსაღი” კონფლიქტის მეორე ფაზა აღდგენა და გადაფასებაა, მერე კი – მიღებული გამოცდილების გათვალისწინება. საუკეთესო შემთხვევაში, ერთხელ “დაკონფლიქტებული” საკითხი მეორე კონფლიქტის საბაბი ვეღარ გახდება: აბა, მაშ, რისთვის მოხდა ამხელა ჩხუბი?!

ამიტომ ალბათ უფრო მართებულია იმის თქმა, რომ აუცილებელია არა თავისთავად კონფლიქტი, არამედ ის პროცესი, რომელსაც კონფლიქტი აძლევს ბიძგს: გულახდილობა, პოზიციების გაზიარება, ერთმანეთის მოსმენა და, საბოლოოდ – ახალი, საერთო გადაწყვეტილების მიღება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, შერიგება.

ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: