სქესობრივი და უროლოგიური პრობლემები დიაბეტის დროს

გააზიარე:

ასაკთან ერთად შარდსასქესო სისტემის პრობლემებიც იმატებს, დიაბეტი კი ზრდის მათი განვითარების ალბათობას, თანაც – უფრო ადრე.

ამ პრობლემების საფუძველიც, ისევე როგორც დიაბეტის სხვა გართულებებისა, ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანებაა, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მთავარი წესი: დიაბეტის სწორი მართვით რისკის შემცირება შესაძლებელია.

 

რატომ

ნებისმიერი მოძრაობის შესასრულებლად, ხელის ასაწევად თუ ნაბიჯის გადასადგმელად, ტვინი შესაბამისი კუნთებისკენ იმპულსებს გზავნის. ნერვული იმპულსებით კონტროლდება შინაგანი ორგანოების მუშაობაც: გულისა, შარდის ბუშტისა და სხვათა, – მაგრამ, ხელისა და ფეხისგან განსხვავებით, ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების გარეშე მოქმედებენ. ნერვებს, რომლებიც შინაგან ორგანოებს აკონტროლებს, ავტონომიური ნერვები ეწოდება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საჭმლის მონელებასა თუ სისხლის ცირკულაციაზე ფიქრი არ გვჭირდება. სქესობრივ გამღიზიანებელზე (სტიმულზე) პასუხიც ავტონომიური ნერვული სისტემის პრეროგატივაა. იმპულსის საპასუხოდ სასქესო ორგანოებში სისხლის ნაკადი ძლიერდება, გლუვი კუნთები კი ეშვება. ეს ყველაფერი აუცილებელია სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად. შესაბამისად, ნერვებისა და სასქესო ორგანოების მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებას ადამიანი სქესობრივ დისფუნქციამდე მიჰყავს.

 

ერექციული დისფუნქცია

ტერმინი “ერექციული დისფუნქცია” გულისხმობს მდგომარეობას, როცა ერექცია (სისხლის ნაკადის მიწოლის გამო ასოს გადიდება და გამაგრება) არ არის საკმარისი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად – ან საერთოდ ვერ ხორციელდება, ან საჭიროზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

დიაბეტიან მამაკაცებს შორის ერექციული დისფუნქცია დიაბეტის არმქონეებზე ორ-სამჯერ ხშირად აღირიცხება და 10-15 წლით ადრე ვლინდება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ის შესაძლოა დიაბეტის ადრეული მარკერიც იყოს, განსაკუთრებით – 45 წლამდე ასაკის მამაკაცებთან.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც სასქესო სისტემაზე დიაბეტის დამაზიანებელ ზემოქმედებას აძლიერებს: მაღალი წნევა, თირკმლის დაავადებები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სისხლძარღვთა დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, სტრესი, თამბაქოს წევა, ჰორმონული დარღვევები.

ერექციული დისფუნქციის მიზეზის გასარკვევად მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის შეფასება, ჰორმონული ბალანსისა თუ დისბალანსის განსაზღვრა, დეპრესიული ფონის გამორიცხვა. სხვა გამოკვლევებთან ერთად შესაძლოა ჩატარდეს ერექციის მონიტორინგიც სპეციალური ხელსაწყოთი.

ნეიროპათიით ანუ ნერვების დაზიანებით გამოწვეული დისფუნქციის სამკურნალოდ იყენებენ ტაბლეტებს, ვაკუუმის ტუმბოს, ასოში ინექციებს. თუ თერაპია უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ გზას: ასოში იმპლანტის ჩადგმას ან არტერიის აღდგენას. მკურნალობის თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ზოგჯერ შედეგიანია ფისქოლოგის კონსულტაციაც. ის პაციენტს შფოთვის დაძლევაში, პრობლემების ადეკვატურად გადაწყვეტაში ეხმარება.

 

უკუდენა

დიაბეტის ფონზე შესაძლოა განვითარდეს რეტროგრადული ეაკულაციაც, როდესაც სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ სპერმა გარეთ გამოსვლის ნაცვლად შარდის ბუშტში ჩაიღვრება. ამის მიზეზი სფინქტერების ფუნქციის დარღვევაა.

სფინქტერები რგოლისებრი კუნთებია, რომლებიც შეკუმშვა-მოდუნების დროს ავტომატურად ხურავს და აღებს სხეულის სხვადასხვა არხს. ეაკულაციის წინ შარდსადენი მილის შიდა სფინქტერი იკუმშება და სპერმას შარდის ბუშტში გადასვლის საშუალებას არ აძლევს. თუ ეს სფინქტერი დაზიანდა, ეაკულაციის დროს სპერმა შარდის ბუშტში გადავა და შარდს შეერევა. ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის – სპერმა შარდთან ერთად დატოვებს ორგანიზმს. მამაკაცი ამ პრობლემას ზოგჯერ ვერც კი ამჩნევს, ზოგჯერ ამჩნევს, რომ ეაკულაციის დროს ნაკლები სპერმა გამოიყოფა, ზოგჯერ კი დარღვევას მხოლოდ უშვილობის მიზების ძიებისას აღმოაჩენენ.

რეტროგრადული ეაკულაცია ადვილი დასადგენია – ეაკულაციის შემდეგ შარდში სპერმის აღმოჩენა უბრალო ანალიზითაა შესაძლებელი.

მიზეზი აქაც გლუკოზის მოუწესრიგებლობის გამო დაზიანებული ნერვებია. გარდა დიაბეტისა, რეტროგრადული ეაკულაცია შესაძლოა პროსტატაზე ქირურგიულმა ჩარევამ ან ზოგიერთი წამლის გვერდითმა ეფექტმაც გამოიწვიოს.

რეტროგრადული ეაკულაციის სამკურნალოდ პაციენტს უნიშნავენ შარდის ბუშტის კუნთების ტონუსის გამაძლიერებელ წამლებს. უშვილობის შემთხვევაში შესაძლებელია სპერმის აღება ურეთრიდან და ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება.

 

ქალების პრობლემები

რამდენიმე კვლევამ ცხადყო, რომ სქესობრივი პრობლემები აქვს ტიპი 1 დიაბეტის მქონე ქალთა 18-27%-ს და ტიპი 2 დიაბეტის მქონეთა 42%-ს.

სქესობრივ დისფუნქციაზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

* ვაგინალური ლუბრიკანტის (საშოს საცხისმაგვარი გამონაყოფის) შემცირება, რასაც საშოს სიმშრალემდე მივყავართ;

* ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;

* სქესობრივი აქტიურობის შემცირება ან ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) გაქრობა;

* სქესობრივი პასუხის შემცირება ან უქონლობა.

უკანასკნელი პუნქტი რამდენიმე მდგომარეობას გულისხმობს: აგზნების ან მისი შენარჩუნების შეუძლებლობას; გენიტალიების არეში მგრძნობელობის შემცირებას; ორგაზმის გაიშვიათებას ან მისი მიღწევის უუნარობას.

მიზეზი ამ დროს ნერვების დაზიანება, გენიტალიებში სისხლის ნაკადის შემცირება და ჰორმონული ცვლილებებია. სხვა მიზეზების ჩამონათვალი მოიცავს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით ეფექტს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, მწეველობას, ფსიქოლოგიურ პრობლემების – შფოთვას, დეპრესიას, გინეკოლოგიურ ინფექციებს, ზოგიერთ სხვა დაავადებას, ორსულობას, მენოპაუზას.

სქესობრივი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ხელოვნური ლუბრიკანტის (საცხის) გამოყენებით საშოს სიმშრალის დროს, პოზიციისა და სტიმულაციის სახის ცვლილებით სქესობრივი პასუხის შემცირებისას. ეფექტურია ფსიქოლოგიური კონსულტაციაც. კეგელის ვარჯიში მენჯის კუნთებს აძლიერებს და სექსუალურ პასუხს აუმჯობესებს.

 

შარდის ბუშტი

დიაბეტით დაავადებულთა ნახევარზე მეტს დარღვეული აქვს შარდის ბუშტის ფუნქცია, რაც მათი ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს. ფუნქციის დარღვევა ვლინდება:

* შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობით – ამ დროს დაზიანებული ნერვები მოულოდნელად, გაუფრთხილებლად იწვევს შარდის ბუშტის შეკუმშვას. ბუშტი იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა. მისი ჰიპერაქტიურობის ნიშნებია:

. დღის განმავლობაში 8-ზე მეტჯერ ან ღამის განმავლობაში 2-ზე მეტჯერ მოშარდვა;

. მოშარდვის უეცარი ძლიერი მოთხოვნილება;

. ჩასველება, რაც მოშარდვის ძლიერ სურვილს მოჰყვება;

* სფინქტერის დისფუნქციით – როდესაც შარდსადენი მილის სფინქტერი შეკუმშულია, შარდი ბუშტში რჩება. სფინქტერის მაკონტროლებელი ნერვის დაზიანებისას კუნთი ეშვება და შარდის ნაკადი გარეთ გამოდის ან, პირიქით, შეკუმშული რჩება და ადამიანი ვერ შარდავს, როცა სურს;

* შარდის შეკავებით – ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი დროულად ვერ იღებს სიგნალს სავსე ბუშტიდან, ბუშტი ივსება, იბერება, შარდი შიგ ვეღარ ეტევა და უკან, შარდსაწვეთში ადის. ამის შედეგად მომატებული წნევა თირკმელებს აზიანებს. როცა კუნთები ზედმეტად მოდუნებულია, ადამიანი ვერ ახერხებს შარდის ბუშტის მთლიანად დაცლას, ბუშტში დიდხანს დარჩენილი შარდი კი ინფექციის მიზეზად იქცევა.

ამ პრობლემების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შარდის ბუშტის ფუნქციის გამოკვლევა და შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერება. ამისთვის მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, უროდინამიკურ ტესტს, ცისტოსკოპიას.

შარდის შეკავებისას ინიშნება წამლები, რომლებიც ბუშტის უკეთ დაცლას უწყობს ხელს. ეფექტურია მოშარდვის გრაფიკის შედგენაც. შარდის ბუშტის პრობლემების მოსაგვარებლად ზოგჯერ საჭიროა შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა, რისთვისაც შარდსადენში პერიოდულად წვრილ მილს, კათეტერს დგამენ. თერაპიის ნაწილია სავსე ბუშტის აღქმის სწავლება, მუცლის ქვედა ნაწილის მასაჟი. შარდის შეუკავებლობისას ეფექტიანია კუნთების გამაძლიერებელი წამლები კეგელის ვარჯიშთან ერთად ან ქირურგიული ჩარევა.

 

ინფექცია

ინფექცია საშარდე გზებში ძირითადად გარედან, ანუსის მიდამოდან ხვდება. თუ ბაქტერიები შარდსადენში გამრავლდა, ვითარდება ურეთრიტი, თუ ინფექცია ზემოთაც გავრცელდა და შარდის ბუშტი მოიცვა – ცისტიტი. თუ მკურნალობა არც ამ დროს დაიწყო, შესაძლოა ინფექცია უფრო ღრმად შეიჭრას და თირკმელების ანთება – პიელონეფრიტი გამოიწვიოს. ზოგ ადამიანს საშარდე გზების ქრონიკული ან მორეციდივე ანთება აქვს.

საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:

* შარდვის ხშირი სურვილი;

* ტკივილი ან წვა მოშარდვის დროს;

* შემღვრეული ან წითელი შარდი;

* ზეწოლის შეგრძნება ბოქვენის ძვალზე (ქალებთან);

* სისავსის შეგრძნება სწორ ნაწლავში (მამაკაცებთან).

თირკმელების ინფექციას ახასიათებს გულისრევის შეგრძნება, ზურგის ან გვერდის ტკივილი, ცხელება.

ხშირი შარდვა შესაძლოა სისხლში გლუკოზის მომატების ნიშანი იყოს, ამიტომ აუცილებელია მისი შემოწმება და მონაცემების შეფასება.

ინფექციის დროს შარდში ნახულობენ ბაქტერიებს, ჩირქს. ზოგჯერ ატარებენ ულტრაბგერით გამოკვლევას, ინტრავენურ პიელოგრაფიას, ცისტოსკოპიას.

საშარდე გზების ინფექციის დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემების პრევენცია.

ანტიბიოტიკი გამომწვევი ბაქტერიის მიხედვით ირჩევა. თირკმლის ინფექციას უფრო ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

საშრდე გზების ინფექციის დროს რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება.

 

ვის ემუქრება

დიაბეტის დროს სქესობრივი და უროლოგიური პრობლემების რისკი იმატებს, როცა:

* პაციენტი სათანადოდ ვერ ირეგულირებს გლუკოზის დონეს;

* მაღალი აქვს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა;

* მაღალი აქვს არტერიული წნევა;

* აქვს ჭარბი წონა;

* არის 40 წელზე უფროსი ასაკის;

* აქტიური მწეველია;

* ეწევა ფიზიკურად პასიურ ცხოვრებას.

 

პრევენცია

ვინაიდან რისკის ფაქტორები ცნობილია, შესაძლებელია მათი ზემოქმედების შესუსტებაც. ეს გულისხმობს გლუკოზის, სისხლის წნევისა და ქოლესტეროლის იმ მაჩვენებლების მიღწევას, რომლებსაც ექიმი ურჩევს პაციენტს, აგრეთვე – ფიზიკურ აქტიურობას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, მოწევისთვის თავის დანებებას. ეს ღონისძიებები დიაბეტიანს არა მხოლოდ უროლოგიური და სქესობრივი პრობლემებისგან, არამედ გულის შეტევისგან, ინსულტისა და დიაბეტის სხვა გართულებებისგანაც დაიცავს.

 

კეგელის ვარჯიში

კეგელის ვარჯიში მენჯის ფსკერის კუნთების გასამაგრებლადაა განკუთვნილი და საკმაოდ ეფექტურია შარდის შეუკავებლობის დროს.

ამ ვარჯიშის ჩასატარებლად, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი კუნთები უნდა მოძებნოთ. ამისთვის შარდვის დროს უნდა შეიკავოთ შარდის ნაკადი. ვარჯიშის შესრულება შარდვის დროსაც შეიძლება: 3-10 წამით შეიკავებთ ნაკადს, მერე შარდვას გააგრძელებთ და ასე რამდენიმეჯერ.

ჯობს, ვარჯიში თავდაპირველად ისეთ ადგილას შეასრულოთ, სადაც განმარტოებას და კონცენტრირებას მოახერხებთ: სააბაზანოში ან საძინებელში. სამ თვლაზე დაჭიმეთ და სამ თვლაზე მოადუნეთ მენჯის ფსკერის კუნთები. ვარჯიში 10-15-ჯერ გაიმეორეთ.

კეგელის ვარჯიში დღეში სამჯერ მაინც უნდა შეასრულოთ, ერთხელ – დაწოლილმა, ერთხელ – სკამზე მჯდომარემ და ერთხელაც – მდგომარემ. ეს კუნთებს უფრო მეტად გააძლიერებს.

თუ არ დაიზარებთ და ვარჯიშს ყოველდღე შეასრულებთ, 3-6 კვირაში აუცილებლად დაინახავთ შედეგს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: