რა დაემართა ხელს? – პეჯეტ-შრეტერის სინდრომი

გააზიარე:

ფიზიკური აქტიურობა ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელი პირობაა. არაერთი კვლევით დამტკიცდა, რომ აქტიური ცხოვრებით მრავალი დაავადებისგან ვიცავთ თავს. მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი დატვირთვა თავად ხდება პრობლემის წყარო და ჯანმრთელ ადამიანს უნარშეზღუდულად აქცევს.

თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია ერთ საინტერესო შემთხვევას იხსენებს:

 

საბედისწერო თევზაობა

– სამედიცინო საქმიანობა, როგორც იმხანად იყო მიღებული, სოფლის ექიმობით დავიწყე. წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვმუშაობდი. ჩემი ექთანის მეუღლე, 55 წლის პედაგოგი, კარგი მონადირე და მეთევზე იყო. ერთ დღეს ენგურზე იყო სათევზაოდ. ბადე ისროლა და უცბად მარცხენა ხელი ძალიან ეტკინა. მალე სულ მთლად დაუბუჟდა, შეუშუპდა, გაულურჯდა, ღამით ტკივილმა არ დააძინა. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა. ჰქონდა სიცხე  – 39 გრადუსი, მარცხენა ხელის გარშემოწერილობა 13 სანტიმეტრით სჭარბობდა მარჯვენისას. წნევაც სხვადასხვა ჰქონდა: მარცხნივ – 110`170 მმ ვწყ სვ., მარჯვნივ – 190`80 მმ.

სტუდენტობის დროს მოსმენილი ლექცია გამახსენდა. მაშინ ახალგაზრდები ქირურგიული საზოგადოების სხდომებზე დავდიოდით. ერთ-ერთ სხდომაზე ცნობილმა ქირურგმა, პროფესორმა დავით მამამთავრიშვილმა, პეჯეტ-შრეტერის სინდრომზე ილაპარაკა. დავითი არაერთი ნაშრომის ავტორი იყო. ერთი მათგანი ვენების დაავადებებს ეხებოდა.

ჩემი პაციენტის შემხედვარემ, ვივარაუდე, რომ საქმე გვქონდა სწორედ პეჯეტ-შრეტერის სინდრომთან – ხელის დატვირთვის შედეგად განვითარებულ ლავიწქვეშა ვენის თრომბოზთან. გადმოვიღე, რაც კი სამედიცინო ცნობარი მქონდა, მოვიძიე, რისი გაკეთება შეიძლებოდა. მკურნალობაში ქირურგიც ჩავრთე. კიდური დავაფიქსირეთ და დავიწყეთ ფიბრინოლიზისი – თრომბის დაშლა სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ჯერ  – ჰეპარინით, მერე – პელენტანით. გამოვიყენეთ სხვა წამლებიც.

პაციენტს ტკივილმა გაუარა, შეშუპება ჩაუცხრა, მომჯობინდა. ამის შემდეგ თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკაში გავგზავნე და წერილიც გავატანე დავით მამამთავრიშვილთან, მაგრამ იმხანად სისხლძარღვთა ქირურგია ჩანასახოვან დონეზე იყო, არც ისეთი აპარატურა არსებობდა, როგორიც ახლაა, ასე რომ, განსხვავებული ვერც იქ გაუკეთეს რამე.

მომდევნო წლებში ხელი უკეთესად ჰქონდა, თუმცა დროდადრო დაავადება უმწვავდებოდა და მკურნალობა სჭირდებოდა.

 

ძალისმიერი თრომბოზი

– აღწერილი პათოლოგიური მდგომარეობა ორი ექიმის სახელს ატარებს: ჯეიმს პეჯეტისას – მან 1875 წელს გამოთქვა მოსაზრება ვენური თრომბოზის შესახებ, რომელიც ზედა კიდურის ტკივილსა და შეუშუპებას იწვევდა (სხვათა შორის, პეჯეტის სახელს მედიცინაში რამდენიმე სხვა მდგომარეობის აღწერა და შესწავლაც უკავშირდება) და ლეოპოლდ ფონ შრეტერისას, რომელმაც 1894 წელს ივარაუდა, რომ ამ კლინიკური სინდრომის მიზეზი კუნთების გადაძაბვით გამოწვეული სისხლძარღვთა ტრავმა იყო. ამ მდგომარეობას ძალისმიერ თრომბოზსაც უწოდებენ, რადგან ხშირად ზედა კიდურების ძლიერი, განმეორებადი ფიზიკური დატვირთვით არის განპირობებული. ზოგიერთ ქვეყანაში მას რამდენიმე სხვა მდგომარეობასთან აერთიანებენ გულმკერდის გასასვლელის სინდრომის სახელწოდებით, თუმცა ეს უკანასკნელი უმეტესად ქალებთან აღირიცხება და ნერვული დაზიანების ნიშნებით (მხრის, წინამხრის, მტევნის, თითების წვით, ჩხვლეტით, სისუსტით) გამოვლინდება, ხოლო პეჯეტ-შრეტერის სინდრომი უფრო მეტად მამაკაცების ხვედრია.

პეჯეტის სინდრომზე საუბრისას გამოყოფენ იღლია-ლავიწქვეშა ვენის თრომბოზს და ზედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზს. ამ უკანასკნელის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ვენაში კათეტერის ჩადგმამ, კარდიოსტიმულატორის ჩადგმამ, თრომბოფილურმა მდგომარეობებმა.

პეჯეტ-შრეტერის სინდრომი საკმაოდ იშვიათია. იმ დროისთვის, როცა ჩემ მიერ აღწერილი ამბავი მოხდა, მსოფლიოში სულ 500-მდე პაციენტი იყო აღრიცხული. მას შემდეგ დიაგნოსტიკის მეთოდები დაიხვეწა და დღეს ასი ათას კაცზე დაახლოებით ერთი შემთხვევა აღირიცხება.

 

რა იწვევს

– ძალისმიერი თრომბოზის წინაპირობად მიიჩნევენ კრივს, ტანვარჯიშს, ცურვას, ნიჩბოსნობას, ჩოგბურთს, ბეისბოლს, ბილიარდს, ბადროს ტყორცნას და სხვა ისეთ აქტივობებს, რომელთა დროსაც ზედა კიდურებს მუდმივად უწევს მოძრაობა.

არ არის გასაკვირი, რომ პეჯეტ-შრეტერის სინდრომი უმეტესად ახალგაზრდა, 15-30 წლის, ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ, ძირითადად – დომინანტურ ხელზე ანუ იმაზე, რომელსაც უფრო მეტი დატვირთვა ადგება.

სინდრომის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მხრის არეში ამა თუ იმ წარმონაქმნის არსებობამ. გასათვალისწინებელია თანდაყოლილი ანომალიებიც, მაგალითად, დამატებითი ნეკნი, კიბისებრი კუნთის მყესების ჰიპერტროფია, ნეკნ-ლავიწის იოგის არასწორი მიმაგრება და სხვა. როცა ნეკნსა და ლავიწს შორის სივრცე მცირეა, დავიწროებულია, ვენაში სისხლის ნაკადი ნელდება და თრომბის წარმოქმნას ესეც უწყობს ხელს. აქვე მოქმედებს მეორე ფაქტორიც – როცა ლავიწქვეშა ვენა ფიქსირებულია და სათანადოდ ვერ მიჰყვება მკლავის მოძრაობას, ის ადვილად განიცდის ტრავმას. განმეორებითი ტრავმა ვენის გარშემო რბილი ქსოვილების ანთებით პასუხს განაპირობებს, რის შედეგადაც ამ არეში წარმოიქმნება ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი. ვენის მობილობას ესეც ამცირებს, ამიტომ მკლავის მოძრაობისას ვენა იჭიმება და მისი  კედელი ზიანდება, მიკროტრავმების ადგილას კი თრომბები წარმოიქმნება. ვინაიდან ვენა კარგად ვეღარ ატარებს სისხლს, ფუნქციობას იწყებს  დამხმარე სისხლძარღვები – კოლატერალები, რომლებიც კანქვეშ იკვეთება.

 

კლინიკური სურათი

– პეჯეტ-შრეტერის სინდრომის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია მკლავის შეშუპება, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება, სიწითლე, ციანოზი (სილურჯე). მხარზე და მკლავის ზედა ნაწილზე გაფართოებული ვენებია ამობურცული. ზოგიერთი სიმპტომი არასპეციფიკურია (მაგალითად, კუნთების დაჭიმულობა). სიმპტომები, წესისამებრ, მწვავედ ან ქვემწვავედ ვლინდება, თუმცა შესაძლოა, ქრონიკულადაც არსებობდეს.

ათიდან 6-8 პაციენტი თრომბოზს მკლავის ძლიერ დატვირთვას უკავშირებს, თუმცა ის შესაძლოა სულ უბრალო, არც ისე ინტენსიური ყოველდღიური აქტივობის შედეგადაც განვითარდეს. ძალისმიერი თრომბოზი გართულებებსაც იწვევს, რომელთაგანაც ყველაზე მძიმედ მიიჩნევა ფილტვის ემბოლია, თუმცა გაცილებით ხშირია პოსტთრომბოზული სინდრომი, რომელიც ტკივილით, სიმძიმითა და შეშუპებით გამოიხატება. კიდევ ერთი გართულებაა მორეციდივე თრომბოზი.

ვინაიდან პაციენტები ახალგაზრდები არიან, უნარშეზღუდულობა, თუნდაც მცირედ გამოხატული, მათ დიდ პრობლემებს უქმნის, ამიტომ ეს სინდრომი ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

 

დიაგნოზი

– იმ დროს დიაგნოზს ფაქტობრივად შიშველი ხელებით ვსვამდით: ანამნეზის შეკრებით, კიდურის დათვალიერებით, გასინჯვით, გაზომვით. დღეს სადიაგნოსტიკო საშუალება უამრავია.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ჩივილები შესაძლოა სხვა პათოლოგიის გამოხატულებაც იყოს და ამ ჩივილებით ექიმთან მისულთა ნახევარზე ნაკლებს ჰქონდეს თრომბოზი. ხდება პირიქითაც – დაავადება არ გამოაშკარავდება, რადგან, ჯერ ერთი, დაავადებულები ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან და ხშირად ზერელედ ეკიდებიან თავიანთ ჯანმრთელობას, მეორე – ტკივილი შესაძლოა კუნთების გადაძაბვას მიაწერონ და მესამე – ბევრ ექიმს ეს სინდრომი არც კი გაუგონია.

ამჟამად დიაგნოსტიკის პირველ საფეხურზე გამოიყენება კომპრესიული ულტრასონოგრაფია ფერადი დოპლერით, რომელიც იაფია, არაინვაზიური და მარტივი. მეტი სიზუსტისთვის ტარდება უფრო ღრმა კვლევები – კონტრასტული ვენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

– პეჯეტ-შრეტერის სინდრომის თანამედროვე მკურნალობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმდროინდელისგან, თუმცა დღესაც წამყვანია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ხანგრძლივი თერაპია ანტიკოაგულანტებით, აწეული კიდურის დაფიქსირება. ასეთი მკურნალობის შემდეგ ხშირია განმეორებითი თრომბოზი, უნარშეზღუდულობა, ამიტომ ქირურგიულ მეთოდებსაც მიმართავენ – თრომბოლიზისს (თრომბის დაშლას), თრომბექტომიას (თრომბის ამოკვეთას), ვენის პლასტიკას, სტენტის ჩადგმას და სხვა. შესაძლებელია ანატომიური თავისებურებების კორექციაც – ნეკნის ამოკვეთა, კიბისებრი კუნთისა და ნეკნ-ლავიწის იოგის ერთმანეთისგან დაშორება და სხვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსმა ექიმებმა იცოდნენ პეჯეტ-შრეტერის სინდრომის შესახებ, რათა დროულად ამოიცნონ ის და პაციენტი უნარშეზღუდულობისგან იხსნან.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: