მშრალი კანის მოვლის თავისებურებები
გააზიარე:
წინა სტატიიდან შევიტყვეთ, რა განაპირობებს კანის სიმშრალეს, როგორია მისი მოვლის ყოველდღიური რუტინა და რა სასარგებლო კომპონენტებს შეიძლება შეიცავდეს დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. მაგრამ მათ შემადგენლობაში შესაძლოა კანისთვის საზიანო ნივთიერებებიც შედიოდეს. მოდი, გავიგოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კოსმეტიკური ნაწარმის შერჩევისას და როგორ მოვუაროთ მშრალ კანს წელიწადის სხვადასხვა დროს. შეგახსენებთ, რომ გვესაუბრება გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე.
- მავნე ნივთიერებები
– კოსმეტიკური ნაწარმი, რომელსაც ყოველღიურად ვიყენებთ, კანისთვის სასარგებლო და აუცილებელ ნივთიერებებთან ერთად შესაძლოა მავნე კომპონენტებსაც შეიცავდეს, ამიტომ შეძენისას დაკვირვებით უნდა გავეცნოთ შემადგენლობას.
ეტიკეტზე ძირითადად ნივთიერებათა ქიმიური სახელწოდებებია მითითებული, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის გაუგებარია. არ დაიზაროთ, სასურველი ნაწარმის შეძენამდე ინტერნეტში მოიძიეთ მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი და გულისყურით გაეცანით მათ თვისებებს.
სასურველია, კოსმეტიკური საშუალება არ შეიცავდეს:
* პარაბენებს (ნივთიერებებს, რომელთა სახელწოდებაც “პარაბენზე” ბოლოვდება);
* ემულგატორებს, მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლს (PEG);
* მინერალურ ზეთებს – პარაფინებს, მაგალითად, ვაზელინ პეტროლატუმს;
* ფტალატებს (ნივთიერებებს, რომელთა სახელწოდებაც ბოლოვდება “ფტალატზე”);
* ხელოვნურ არომატიზატორებს.
ცალკეულ შემთხვევებში ამ კომპონენტებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია ან კანის გაღიზიანება გამოიწვიონ.
- ნიღბები
ვინაიდან მშრალი კანი გამუდმებით მოითხოვს დანოტივებას, კარგი იქნება, თუ მას დამატენიანებელი ნიღაბებითაც დავეხმარებით. თუ დრო გაქვთ, სასურველია, ნიღაბი ყოველ საღამოს გაიკეთოთ. შეგიძლიათ, ის თავადვე მოამზადოთ შინ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ოღონდ ყურადღებით უნდა იყოთ, რომელიმე კომპონენტმა ალერგია არ გამოიწვიოს.
ალოე ვერა – იდეალურია მშრალი კანის მოსავლელად. ის არა მარტო ანოტივებს, არამედ ამშვიდებს კიდეც კანს, წმენდს ფორებს. ალოეს ღერო შუაზე გაჭერით, გული ამოიღეთ, დასრისეთ და კანში შეიზილეთ. 15-20 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
არაჟანი და რძე – კანს არბილებს და გამოშრობისგან იცავს. უხვად წაისვით სახეზე. როცა შეშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ავოკადო – მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები და ვიტამინები კანს დიდხანს უნარჩუნებს ტენიანობას, კვებავს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ავოკადოს შიგთავსი მანამდე სრისეთ, სანამ ერთგვაროვანი მასას არ მიიღებთ. წაისვით დანამულ სახეზე და ოცი წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მისი მოქმედების ეფექტი უფრო მეტად რომ გააძლიეროთ, შეიტანეთ ის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.
თაფლი – საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა კანის სინოტივის შესანარჩუნებლად. შეიცავს კანისთვის სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. მისი რეგულარული გამოყენებისას კანი რბილი და ხავერდოვანი ხდება. ოდნავ დანამულ სახეზე წაისვით და 5-10 წუთი გააჩერეთ, მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნუშის, არგანის, ჟოჟობას, ქოქოსის, ზეითუნის ზეთები – შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, იცავს კანს გამოშრობისგან, ატენიანებს მას და აღადგენს ლიპიდურ ბალანსს. შეიზილეთ სახეზე 2-3 წვეთი და რამდენიმე საათი გაიჩერეთ, მერე დანამული ხელსახოცის ფრთხილი მიდებით მოიცილეთ ნარჩენი.
შვრიის ფანტელი (ჰერკულესი) – ანოტივებს და ამშვიდებს კანს. დაასხით თბილი წყალი ან რძე და ცოტა ხანს გააჩერეთ. როცა გაფუვდება, კარგად აურიეთ და სახეზე დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კანისთვის იდეალურია ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები, მინერალური წყლის გაყინული კუბიკები კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
- პილინგი
პილინგი კანის ზედაპირს აცილებს მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ახშობს ფორებს და აფერხებს ქსოვილის რეგენერაციას, რაც, თავისთავად, კანის დაბერებას იწვევს. პილინგის შემდეგ უჯრედების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.
პილინგი სხვადასხვა სახისაა. მშრალი კანისთვის გირჩევთ ჩაიტაროთ მექანიკური პილინგი ათ დღეში ან ორ კვირაში ერთხელ. სკრაბის შერჩევისას უმჯობესია კონსულტაცია თქვენს კოსმეტოლოგთან გაიაროთ, რათა ალერგიული რეაქციებისგან დაზღვეული იყოთ. სკრაბი უნდა შეიცავდეს შედარებით რბილ ნაწილაკებს, ნაზად ასუფთავებდეს კანს და ფორებს. ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულებს შეგიძლიათ, პილინგისთვის მჭადის ფქვილი, ყავის ნალექი ან შვრიის ფანტელი გამოიყენოთ. დანოტივებულ სახეზე წრიული მოძრაობით ნაზად შეიზილეთ ერთ–ერთი ეს საშუალება, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ზაფხული
მზე მხოლოდ განწყობას კი არ ამაღლებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. როგორც ვიცით, UV გამოსხივება ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზს. ოღონდ არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან კანის ლიპიდური მანტია ისედაც თხელია, ულტრაიისფერი სხივები ღრმად აღწევენ მასში და ცვლიან კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურას, ეს კი ნაოჭების წარმოქმნას და კანის ნაადრევ დაბერებას განაპირობებს.
არ დაიზაროთ კანის მოვლა ზაფხულში. დამცავი კრემის გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ. თუ დამატენიანებელი საცხი არ შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორს, აუცილებლად წაისვით ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური კრემი. ეს კრემი (საკმარისია შPF 15) უნდა გამოიყენოთ ნებისმიერ სეზონზე, წვიმიან ამინდშიც კი, ხოლო თუ დიდხანს გიწევთ მზეზე ყოფნა, – მაგალითად, პლაჟზე, პიკნიკზე, ლაშქრობაში, – ის ორ საათში ერთხელ უნდა გადაისვათ ხელახლა (ამ შემთხვევაში სასურველია შPF 20-25).
დამცავი კრემი წაისვით შინიდან გასვლამდე 20 წუთით ადრე – ნუ დაინანებთ, უხვად წაიცხეთ, – ტუჩებზე კი მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი ბალზამი გადაისვით.
თუ ხშირად დადიხართ აუზზე და პლაჟზე ნებივრობაც გიყვართ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს თქვენს კანს არა მარტო მზის გამოსხივებასთან, არამედ ქლორიანი და მარილიანი წყლის ზემოქმედებასთან გამკლავებაც უწევს, ქლორი და მარილი კი აშრობს კანს, ამიტომ ზღვაში ან აუზში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ გამდინარე წყალი, კანი დაიტენიანეთ და დამცავი კრემიც გადაისვით.
- სოლარიუმი
ძალიან მნიშვნელოვანია მშრალი კანის მოვლა სოლარიუმით სარგებლობის წინ და შემდეგ.
სოლარიუმით სარგებლობის წინ, გირჩევთ, თბილი შხაპი მიიღოთ. დასხივებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე სასურველია კანზე სოლარიუმისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემის წასმაც (ოღონდ არა მზისგან დამცავი კრემისა). აუცილებლად დაიცავით თმა სპეციალური ქუდით და თვალები – სპეციალური სათვალით. სოლარიუმის შემდეგ დაახლოებით 5-6 საათი არ დაიბანოთ, მაგრამ აუცილებლად დაინოტივეთ კანი, რადგან გამოსხივება მას უფრო მეტად აშრობს. სოლარიუმში გარუჯვის შემდეგ თავი შეიკავეთ მზის აბაზანებისგან.
- ავტორუჯი
კანისთვის ასევე მავნებელია ავტორუჯი – მომენტალური გარუჯვა. მართალია, ის ძალიან მოხერხებულია – 5-7 წუთი საკმარისია, რომ ეფექტური რუჯით მოიწონოთ თავი, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რა არასასურველი შედეგი შეიძლება მოგიტანოთ ამ პროცედურამ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ იმას, რა საშუალებით ხდება კანის შეფერვა – ბუნებრივით თუ ხელოვნურით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა შესაძლოა კანის გამოშრობა და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ავტორუჯის პროცედურის შემდეგ არ შეიძლება დამატენიანებელი კრემის წასმა, მშრალ კანს კი მუდმივი დატენიანება სჭირდება.
- ზამთარი
მშრალი კანი ზამთარშიც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ცივი და ქარიანი ამინდი, ყინვა, ტემპერატურის ცვალებადობა კანს აშრობს, რის შედეგადაც ის იქერცლება და ადვილად ნაოჭდება. არც შინ დარჩენაა გამოსავალი, რადგან გამათბობლით გამთბარი ჰაერიც აშრობს კანს, ამიტომ ოთახში, სადაც ბევრ დროს ატარებთ, სასურველია, ჰაერის ტენიანობა 40-60% იყოს.
როცა ტემპერატურა 8 გრადუსზე დაბალია, ცხიმოვანი ჯირკვლები ამცირებს ცხიმის გამოყოფას და კანი ადვილად კარგავს ტენს, ამიტომ ის ინტენსიურად უნდა დაიტენიანოთ ზამთარშიც. უმჯობესია, დამატენიანებელი დიდი რაოდენობით შეიცავდეს ცხიმსა და მცენარეულ ზეთებს. ყინვაში სასურველია, დამატენიანებელი კრემი მკვებავით შეცვალოთ – მასში წყლის შემცველობა მცირეა და კანს მოყინვა არ დაემუქრება. ყინვაში სპეციალური ქოლდკრემის გამოყენებაც შეიძლება.
- დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპი.
მშრალი კანისთვის გირჩევთ შეარჩიოთ ტონალური კრემი დამატენიანებელი, მბზინავი ეფექტით. ყურადღება მიაქციეთ, რომ შეიცავდეს მზისგან დამცავ ფაქტორს, რომლის შPF, მინიმუმ, 15-ის ტოლია. არ დაგავიწყდეთ ტონალური კრემის წასმამდე კანის დატენიანება. ტონალური კანის დანოტივებიდან 15-20 წუთის შემდეგ გადაისვით.
თუ რუჟს იყენებთ, უპირატესობა კრემ-პუდრს მიანიჭეთ.
ტუჩსაცხიც უმჯობესია დამანოტივებელი იყოს, შეიცავდეს E ვიტამინს ან შიის კარაქს.
- როდის მივმართოთ ექიმს
მშრალი კანი ინტენსიურ მოვლას მოითხოვს. არასწორმა და არასაკმარისმა მოვლამ შესაძლოა კანის დაავადება, მაგალითად, ქსეროზი ან მშრალი სებორეა გამოიწვიოს.
თუ კანი მოვლას არ დაემორჩილა, კიდევ უფრო გამოშრა და აიქერცლა, ვარდისფერი ლაქები გაუჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- კვება
იმისთვის, რომ ახალგაზრდული და ელასტიკური კანი დიდხანს შეინარჩუნოთ, სწორ მოვლასა და სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. ყოველდღიური რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მდიდარი მარცვლეულით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. სწორედ ცოცხალი ბოსტნეულიდან და ხილიდან იღებს ორგანიზმი იმ ვიტამინებს (A, E, B ვიტამინები), მინერალებს (თუთია, სილიციუმი, გოგირდი) და ანტიოქსიდანტებს (კოენზიმ Q10), რომლებიც აუცილებელია ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად.
ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით მდიდარი საკვების წყალობით ჯანმრთელი და გლუვი კანი დიდხანს გვექნება.
- წყალი
დაბალანსებულ კვებასთან ერთად აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლის სმაც. სასურველია, დღეში 2-2,5 ლიტრი მაინც სვათ. წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებსა და ნივთიერებათა ცვლაში, წმენდს ორგანიზმს და ეხმარება კანს მავნე ნივთიერებების გამოყოფაში.
- ძილი
თუ საკმარისი გძინავთ, ესე იგი ბევრს აკეთებთ საკუთარი სილამაზისთვის. სწორედ ძილის დროს გამომუშავდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას. ძილის უკმარისობის დროს კანის უჯრედები ვერ ასწრებს განახლებას. ამის შედეგია გამომშრალი, მოშვებული და უსიცოცხლო კანი. რაც არ უნდა სწორად მოუაროთ კანს და იტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, თუ ძილის რეჟიმი მოუწესრიგებელი გაქვთ, ყველაფერს აზრი ეკარგება. იმისთვის, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს, რეკომენდებულია ღამეში 7-8 საათი ძილი, ძილისთვის საუკეთესო პერიოდი კი 22-23-დან 6-7 საათამდეა.
შევაჯამოთ:
* უჯობესია, კანის მოვლა დაიწყოთ ადრეულ ასაკში და არა მაშინ, როდესაც სახეზე ნაოჭებს შეამჩნევთ. უკვე გაჩენილი ნაოჭების გაქრობა ბუნებრივი საშუალებებით შეუძლებელია, სწორი და დროული მოვლით კი ახალგაზრდულ კანს დიდხანს შეინარჩუნებთ.
* არ დაიზაროთ და კანი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ. იმავდროულად, არ დაგავიწყდეთ მასაჟის გაკეთებაც. იგი აძლიერებს სისხლის მომოქცევას, რაც ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. სახეზე საცხი წაისვით და თითების რკალური მოძრაობით შეიზილეთ სამი წუთის განმავლობაში, ზედმეტი კი ხელსახოცით ფაქიზად მოიშორეთ.
* სახე გაისუფთავეთ სპეციალური გამწმენდი რძით. დაიბანეთ იშვიათად და აუცილებლად ნელთბილი წყლით. სახე რბილი პირსახოცით ნაზად შეიშრეთ.
* არ გახვიდეთ გარეთ დამცავი კრემის გარეშე. თუ დიდხანს მოგიწიათ მზეზე ყოფნა, ხშირად გადაისვით დამცავი კრემი.
* ცივ და ქარიან ამინდში კანი ინტენსიურად დაინოტივეთ. ყინვაში გამოიყენთ მკვებავი.
* ნიკოტინი ცუდად მოქმედებს კანზე. იგი ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს სისხლის მოძრაობის შენელებას. კანი ეშვება და მალე ბერდება.
* ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლსა და ყავას. ჭარბი ალკოჰოლი აფართოებს სიხლძარღვებს, რის შედეგადაც სახეზე სისხლჩაქცევები და წითელი ლაქები ჩნდება. ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მიღება ხელს უწყობს კანიდან წყლის აორთქლებას. კანი უფრო მეტად შრება და ნაოჭდება.
* ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, აქტიურად ივარჯიშეთ, მიირთვით ჯანსაღი საკვები, სვით ბევრი წყალი, კარგად გამოიძინეთ, ხშირად გაიღიმეთ და ეცადეთ, არ აჰყვეთ უსიამოვნებებს. ამით ახალგაზრდულ კანსაც დიდხანს შეინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც არგებთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე