როგორ შევარჩიოთ ბიუსტჰალტერი?

გააზიარე:

ბიუსტჰალტერი ბევრი ქალისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორად შერჩეული გარდერობის ეს დეტალი ზღუდავს მკერდის მოძრაობას, ხელს უწყობს სწორი ტანდეგობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით – დიდმკერდიანი გოგონებისთვის, და ვარჯიშის დროს მკერდის ქსოვილს დაზიანებისგან იცავს.
მეორე მხრივ, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი იწვევს ზურგის ტკივილს, კუნთების დაჭიმულობას და შესაძლოა, თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს.
ქალების დიდ ნაწილს აზრადაც არ მოსდის, რომ არასწორად შერჩეულ ლიფს ხმარობს. შესაძლოა, თქვენც ერთი მათგანი იყოთ, ამიტომ, მოდი, ერთად გავიგოთ, როგორ შევარჩიოთ სწორად ბიუსტჰალტერი.

ბიუსტჰალტერის შესარჩევად უნდა ვიცოდეთ მკერდის გარშემოწერილობა და ფიალების ზომა. ლიფის იმ ნაწილის ზომა, რომელიც გარს ერტყმის ნეკნებსა და ზურგს, სწორედ მკერდის გარშემოწერილობაზეა დამოკიდებული, ფიალებისა კი – უშუალოდ მკერდის ზომაზე.


მკერდის გარშემოწერილობა გამოისახება რიცხვებით: 65, 70, 75 და ა.შ., – ხოლო ფიალებისა – ინგლისური ასოების: AA, A, B, C და ა.შ. – კომბინაციით.
ორივე ზომა უნდა ემთხვეოდეს თქვენი მკერდის ზომებს. თუ გარშემოწერილობას არასწორად შეარჩევთ, ლიფის უკანა ნაწილი ან ზემოთ აიწევს და მოგიჭერთ, ან მოშვებული იქნება და მკერდს ვერ დაიჭერს. პატარა ფიალები მკერდზე დაგაჭერთ და მკერდის ის ნაწილი, რომელიც ლიფში ვერ ჩაეტევა, მათი გვერდებიდან გადმოვა, რაც ძალიან არასასიამოვნო შესახედავია. დიდი ფიალები ლიფსა და მკერდს შორის ადგილს ტოვებს, რაც ასევე არ არის ლამაზი.


მკერდის გარშემოწერილობისა და ფიალების გაზომვა ადვილია. ამისთვის მხოლოდ საზომი ლენტი დაგჭირდებათ.
ექსპერტები მკერდის გარშემოწერილობის გაზომვის ორ მეთოდს გვთავაზობენ.
პირველი მათგანი გულისხმობს საზომი ლენტის მკერდის ქვემოდან ზურგის გარშემო შემოტარებას. ზურგი გამართული უნდა გეკავოთ და ლენტი მჭიდროდ გქონდეთ შემოვლებული, მაგრამ არც ისე, რომ გიჭერდეთ. მთავარია, ზურგზე სწორ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნიდეს. დაიმახსოვრეთ სანტიმეტრზე მიღებული ციფრი – ეს თქვენი მკერდის გარშემოწერილობაა.
მეორე მეთოდის გამოყენებისას საზომი ლენტი მკერდის ზემოდან, იღლიების ქვეშ და ზურგის გარშემო უნდა შემოიტაროთ. ზურგი ამ დროსაც აუცილებლად გამართული უნდა გეკავით და ლენტიც მჭიდროდ გქონდეთ შემორტყმული ტანზე. მიღებული ციფრი თქვენი მკერდის გარშემოწერილობაა.
თუ საბოლოოდ ისეთი რიცხვი მიიღეთ, როგორიცაა 63 ან 71, უმჯობესია, არჩევანი ერთით ნაკლებ ზომაზე შეაჩეროთ, რადგან დროთა განმავლობაში ლიფი გაიწევს და უკეთ მოგერგებათ, დიდი ზომისა კი უფრო გაიწელება და მალე მის ხმარებას ვეღარ შეძლებთ.

ფიალების გაზომვის დროსაც ისევე იქცევით, როგორც მკერდის გარშემოწერილობის ზომის აღებისას, ოღონდ ამ შემთხვევაში ლენტი მკერდის ყველაზე სავსე ნაწილზე უნდა შემოიტაროთ. ახლა მიღებულ რიცხვს გამოაკელით მკერდის გარშემოწერილობა. თუ მიღებული რიცხვი 12-ზე ნაკლებია, ესე იგი თქვენი ფიალების ზომაა AA, თუ 12 სანტიმეტრია - A, თუ 14 სანტიმეტრია - B, თუ 16 სანტიმეტრია- C და ასე შემდეგ.

თუ თქვენი ზომა უკვე იცით, დროა, ბიუსტჰალტერის მორგებას შეუდგეთ. გასახდელში მხოლოდ ერთ ლიფს ნუ შეიტანთ, სცადეთ რამდენიმე ვარიანტი, რადგან სხვადასხვა ბრენდის ერთი სტილის ლიფები ერთმნანეთისგან განსხვავდება და შესაძლოა, თქვენთვის სასურველის შესარჩევად რამდენიმე მათგანის მოზომვა დაგჭირდეთ.
გამოიყენეთ ლიფზე არსებული ყველა შესაკრავი და დამაგრძელებელი, რადგან შესაძლოა გეგონოთ, რომ ლიფი პატარა გაქვთ, სინამდვილეში კი უბრალოდ ბრეტელების დაგრძელება იყოს საჭირო. მხრებსა და ბრეტელებს შორის საჩვენებელი თითის მოთავსება უნდა შეგეძლოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, ესე იგი ლიფი ზედმეტად გაქვთ მოჭერილი და მხრებს გატკენთ. თუ ლიფი ზურგზე გაჭერთ ან ზემოთაა აზიდული, შეამოწმეთ, შესაკრავის გაგანიერება ხომ არ არის შესაძლებელი და როცა ყველა შესაძლებლობას ამოწურავთ, მერეღა თქვით უარი ამ მოდელზე.
ლიფის შერჩევისას მისი სწორად მორგება არ კმარა – კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება დაგჭირდებათ:


1. მკერდის ზრდა
გოგონების მკერდი საბოლოო ჩამოყალიბებამდე მუდმივად და სწრაფად იზრდება, ამიტომ აუცილებელია, ხშირად შეიმოწმოთ მკერდის ზომა, რათა არასწორად შერჩეული ლიფით სიარული არ მოგიხდეთ, რაც განსაკუთრებით მკერდის ზრდის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
ასევე კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში მცირე რაოდენობის ბიუსტჰალტერების შეძენით შემოიფარგლებით, რადგან მკერდის სწრაფი ზრდის გამო შესაძლოა ხშირად მოგიწიოთ მათი ცვლა.
ზრდის პერიოდში გოგონები ზოგჯერ მკერდის ტკივილსაც უჩივიან, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მოდელებს, რომლებსაც მკერდი კარგად უჭირავს და თითქმის მთლიანად ამცირებს მის მოძრაობას.

2. ცვლილებები მენსტრუაციის პერიოდში
თუ მენსტრუაციის პერიოდში თქვენი მკერდი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება და შუპდება, სასურველია, ამ პერიოდისთვის ცალკე ლიფი გქონდეთ, რომელიც სწორედ მესტრუაციის დროს უნდა შეარჩიოთ, რათა იპოვოთ ის ვარიანტი, რომელიც ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე კომფორტული იქნება.

3. სხვადასხვა ზომის მკერდი
ზოგიერთ გოგონას ორივე ძუძუ ერთდროულად არ ეზრდება. შესაბამისად, გარკვეული ხნის განმავლობაში სხვადასხვა ზომის მკერდისთვის უწევს ლიფის შერჩევა. ასეთ დროს ორი გამოსავალი არსებობს: პირველი – იმ მხარეს, საითაც დიდი ზომის ძუძუ გაქვთ, ბრეტელი დააგრძელოთ; მეორე – შეიძინეთ ღრუბლით ამოვსებულფიალებიანი ბისუტჰალტერი და დიდი ძუძუს მხარეს ფიალიდან ღრუბელი ამოიღეთ.

4. სხვა ფაქტორები
მას შემდეგ, რაც ლიფს მოირგებთ, კიდევ ერთხელ დააკვირდით მის დეტალებს. თუ შესაკრავი წინ აქვს და ადვილად იხსნება, მაინცდამაინც ნუ ენდობით – რა იცით, რომ შუა პრეზენტაციის დროს არ გიღალატებთ?
შესაძლოა, ლიფის ბრეტელები კარგად გედგეთ მხრებზე, მაგრამ რამდენად კომფორტული იქნება მათზე ზურგჩანთის გადაკიდება?
ჩაიცვით ის კაბა, ბლუზა ან მაისური, რომლის ტარებასაც აპირებთ თქვენ მიერ შერჩეულ ლიფზე. შესაძლოა, ნაქარგები ფიალებზე და ვარდი ფიალებს შორის მართლაც ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ რამდენად მიმზიდველი იქნება ისინი სამოსის ქვეშ?
ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენს კანის ფერთან ყველაზე მეტად მიახლოებული ფერის ლიფი ყველაზე ნაკლებშესამჩნევია თეთრი მაისურის ქვეშ.
თუ ბიუსტჰალტერს ვარჯიშისთვის არჩევთ, ჩაიცვით და გასახდელში იხტუნეთ, გააკეთეთ ის მოძრაობები, რომელთა გაკეთებაც ვარჯიშის დროს მოგიწევთ – ასე საუკეთესოდ მიხვდებით, გამოგადგებათ თუ არა ლიფი სასურველი დანიშნულებით.

გთავაზობთ ცხრილს, რომელიც ბიუსტჰალტერის შერჩევაში დაგეხმარებათ.
მაგალითად, თუ მკერდის გარშემოწერილობა 85 სმ-ია, ხოლო მკერდის ყველაზე სავსე ნაწილის გარშემოწერილობა – 102 სმ, მაშინ თქვენი ლიფის ზომაა 85C (ან, ამერიკული ზომებით, 38C. ამერიკული ზომები მეორე სვეტშია მოცემული).

გააზიარე: