კვება, მოძრაობა, ძილი - დაამარცხე სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული პრობლემები!

გააზიარე:

XXI საუკუნეში ჯანმრთელობას მტერი თითქოს აღარ უნდა ჰყავდეს, თუმცა თანამედროვე მედიცინა არნახულ მიღწევებთან ერთად უდიდესი გამოწვევების წინაშეც დგას. მისმა წარმოუდგენელმა პროგრესმა მრავალი დაავადება დაამარცხა, გააქრო ან მნიშვნელოვნად განაიარაღა, მაგრამ მათ ადგილს ახალი სნეულებები იკავებს. გარემოს დაბინძურებამ, არაჯანსაღმა საკვებმა და ცხოვრების თანამედროვე წესმა ახალი პრობლემები წარმოშვა. ერთი სიტყვით, კაცობრიობა თან აშენებს და თან ანგრევს საკუთარ მომავალს.

 

 

სწორი კვებისა და მოძრაობის შესახებ

წარმოუდგენელია, ჯანმრთელობაზე საუბრისას ჯანსაღი კვება არ ვახსენოთ:

 

* ბალანსირებულად მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეული წარმოშობის სურსათს.

* მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, დღეში, სულ მცირე, 400 გრამი, უმჯობესია, უმი და ადგილობრივი.

* ერიდეთ ცხიმიან საკვებს. უპირატესობა მიანიჭეთ უჯერ ცხიმებს.

* ერიდეთ ღორის, საქონლისა და ცხვრის მსუქან ხორცს. შეძლებისდაგვარად, მიირთვით მხოლოდ მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველი. ცილის დეფიციტი შეივსეთ პარკოსნებით – ლობიოთი, ბარდით, ოსპით.

* აარჩიეთ ნაკლებცხიმიანი რძე, ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი რძის ნაწარმი.

* მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილის მოხმარება. გამოიყენეთ მხოლოდ იოდიანი მარილი.

* ერიდეთ რაფინირებულ შაქარს, კანფეტებს, ნამცხვრებს, ტკბილ წვენებს, გაზიან სასმელებს.

* ეცადეთ, 6 თვემდე ბავშვი მხოლოდ ძუძუთი კვებოთ, ხოლო 2 წლამდე, დამატებით კვებასთან ერთად, შეძლებისდაგვარად, აწოვოთ ძუძუც.

 

 

ჯანსაღი მოძრაობა

რაც უფრო ნაკლებს მოძრაობთ, მით მეტია ავად გახდომის შანსი.

ამრიგად, როდესაც მისდევთ ცხოვრების ჰიპოდინამიურ (არააქტიურ) წესს:

* იწვება ნაკლები კალორია, რაც წონის მატებას გიქადით;

* სუსტდება კუნთები, გაკლდებათ ძალა და გამძლეობა;

* სუსტება ძვლებიც, იკარგება მინერალები;

* ნელდება მეტაბოლიზმი, ძნელდება ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება;

* ნაკლებად ეფექტურად მუშაობს იმუნური სისტემა;

* ირღვევა სისხლის მიმოქცევა;

* იმატებს ჰორმონული დისბალანსის, ანთებითი პროცესების განვითარების რისკი.

 

 

ჯანსაღი შრომა

სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკელების 20%-ზე ნაკლებს აქვს ფიზიკურად აქტიური სამუშაო. ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ გამოსავალი აქაც მოიძებნება.

თუ საოფისე საქმიანობას ეწევით:

* საათში ერთხელ ადექით და გაიარ-გამოიარეთ;

* საათში ერთხელ, შეძლებისდაგვარად, 10 წუთით წაივარჯიშეთ;

* ტელეფონით საუბრის დროს წამოდექით და იარეთ;

* ლიფტის მაგივრად კიბე გამოიყენეთ;

* შესვენების დროს ფეხით ისეირნეთ.

 

 

როგორ მოვიქცეთ როდესაც ჭარბი წონა გვაწუხებს?

სიმსუქნის დასამარცხებლად საჭიროა ორი რამ – ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ზემომოყვანილი რეკომენდაციების დაცვით ზედმეტ კილოგრამებსაც დაიკლებთ და ავად გახდომის რისკსაც საგრძნობლად შეამცირებთ. რა ასაკისაც უნდა იყოთ და რამდენსაც უნდა იწონიდეთ – გახდომა არასოდეს არის გვიანი. ზედმეტ წონას რომც არ უჩიოდეთ, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტიურობას მაინც ნუ უგულებელყოფთ.

 

 

ძილი – ჯანმრთელობის ქვაკუთხედი

ძილის ხარისხი პირდაპირ აირეკლება ჩვენს ემოციურ სტაბილურობაზე, ტვინისა და გულის ჯანმრთელობაზე, იმუნურ სისტემაზე, შემოქმედებით უნარზე და წონაზეც კი.

ძილის დროს ორგანიზმი უბრალოდ კი არ ითიშება და ისვენებს, არამედ ამ დროს მიმდინარეობს მრავალი ბიოლოგიურად აქტიური პროცესი, რომელთა დროსაც დახარჯული ენერგია აღდგება და სხეული ახალი დღისთვის ემზადება.

სრულყოფილი ძილი ნიშნავს:

* უკეთეს ჯანმრთელობას;

* უკეთეს განწყობას;

* უკეთეს წონას;

* სხარტ გონებას;

* უკეთეს მეხსიერებას;

* ძლიერ იმუნურ სისტემას.

 

 

უძილობის შედეგებია:

- მუდმივი დაღლილობის შგრძნება, აპათია, მოტივაციის უქონლობა;

- უგუნებობა, გაღიზიანებადობა, დეპრესიისადმი მიდრეკილების მომატება;

- სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, ურთიერთობაში პრობლემების გაჩენა;

- გონებრივი აქტივობის დაქვეითება, კონცენტრირების უნარის, დასწავლის, დამახსოვრების გაძნელება;

- კრეატიულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარის დაქვეითება, გადაწვეტილებების მიღების გართულება;

- სტრესთან გამკლავებისა და ემოციების კონტროლის შეუძლებლობა;

- კანის ნაადრევი დაბერება;

- იმუნური სისტემის დასუსტება, ხშირი გაციება და ინფექცია, წონის მატება;

- მოტორული ფუნქციის დარღვევა და საჭესთან ჯდომისას ავარიის რისკის მატება;

- ჰალუცინაციები და დელირიუმი;

- ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების რისკის მატება, როგორებიცაა ინსულტი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, ალცჰაიმერის დაავადება, ზოგიერთი სიმსივნე.

 

 

ასე რომ მიყევით ამ რჩევებს, დაარეგულირეთ ძილი, კვება, მოძრაობა და იცხოვრეთ ჯანმრთელად, ზედმეტი დისკომფორტისა და პრობლემების გარეშე.

 

გააზიარე: