ბავშვები განქორწინების შემდეგ

გააზიარე:

მსოფლიოში ყოველ წელს ათასობით ოჯახი ინგრევა და ამას ყველაზე მეტად ბავშვები განიცდიან. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ სიტუაციას, დამოკიდებულია მათ ასაკზე, ხასიათზე, გაყრის გარემოებებსა და პროცესის მიმდინარეობაზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სტრატეგია, რათა ბავშვებმა მშობლების განქორწინება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანონ.

განქორწინებისას ბავშვებზე არანაკლები ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ მშობლებს. ამისთვის მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებსა თუ ფსიქოლოგს მიმართეთ და ნუ ეცდებით მდგომარეობის შესამსუბუქებლად ბავშვების გამოყენებას. გახსოვდეთ, ისინი თავად ელიან თქვენგან დახმარებას და თუ სუსტსა და დაუცველს დაგინახავენ, ამით კიდევ უფრო გაურთულდებათ სტრესული მდგომარეობა.

აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ დროს ბავშვებისთვის:

* ნუ იკამათებთ და ისაუბრებთ განქორწინების დეტალებზე მათი თანდასწრებით;

* ნუ დაურღვევთ ყოველდღიურ რუტინას;

* ნუ განიხილავთ მათი თანდასწრებით მეგობრებთან განქორწინების დეტალებს და მეუღლეს;

•ყველაფერი იღონეთ, რათა თქვენც და მეუღლეც ჩართული იყოთ ბავშვების ცხოვრებაში.

 

ვაცნობთ სიახლეს

მას შემდეგ, რაც საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნდებით, დადგება დრო, ის ბავშვსაც გააცნოთ. უდავოა, რომ ამ გადაწყვეტილების გამხელის იოლი გზა არ არსებობს, ამიტომ სასურველია, დიალოგში ორივე მშობელი მონაწილეობდეს. დიალოგი მშვიდად წარმართეთ და არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ ბავშვს თქვენი ბრაზი, წყენა ან გულისტკენა.

დიალოგი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს და ხასიათს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მასთან მიიტანოთ აზრი, რომ რაც დედას და მამას შორის მოხდა, მისი ბრალი არ არის. ბავშვების უმეტესობას სწორედ ეს დასკვნა გამოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საპირისპიროს უმტკიცებთ, ამიტომ აუცილებელია, არა მხოლოდ სიტყვით, საქციელითაც დაარწმუნოთ, რომ თქვენსა და თქვენი მეუღლის დაშორებაში ბრალი არ მიუძღვით.

აუხსენით ბავშვს, რომ ხანდახან უფროსებს ერთმანეთისადმი გრძნობები უცივდებათ და გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ცალ-ცალკე ცხოვრებაა. ამასთანავე, დაარწმუნეთ, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე ეს არ ვრცელდება, რომ მშობლები და შვილები მთელი ცხოვრება დაკავშირებულნი არიან და რაც უნდა მისგან განსხვავებული აზრი გქონდეთ, მისდამი სიყვარული არასოდეს გაგინელდებათ.

მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ცვლილებები ელის მომავალში. შეძლებისდაგვარად გულწრფელად უპასუხეთ მის კითხვებს, მაგრამ, ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის აუცილებელი არ არის განქორწინების ყველა დეტალის ცოდნა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ამაში ერთმანეთს ადანაშაულებთ). მისთვის საკმარისია იცოდეს, როგორი იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება ამ ამბის შემდეგ.

მცირეწლოვან ბავშვებს, ჯობს, მარტივად მიუდგეთ, მაგალითად, უთხრათ, რომ დედიკომ და მამიკომ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, რათა აღარ იჩხუბონ ხოლმე, მაგრამ აუცილებლად დაარწმუნოთ იმაშიც, რომ ორივეს ისევ ისე ძალიან გიყვართ.

უფროსი ასაკის ბავშვები და თინეიჯერები უფრო მეტად იქნებიან ჩართული ამ ამბავში და ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ, იმაზე დაყრდნობით, რასაც შემთხვევით მოჰკრეს ყური ან რა დასკვნებიც გამოიტანეს თქვენი ჩხუბიდან და კამათიდან. ამისთვის მზად უნდა იყოთ.

 

ვუმკლავდებით ბავშვის რეაქციას

თუ ბავშვმა მეტისმეტად მწვავედ განიცადა მომხდარი, დაამშვიდეთ, უთხარით, რომ მისი გრძნობები თქვენთვის გასაგები და მისაღებია. სთხოვეთ, სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედოს და, რაც მთავარია, არ დაივიწყოს, რომ ის თქვენც და თქვენს მეუღლესაც ძალიან გიყვართ და ყოველთვის უნდა ჰქონდეს თქვენი დახმარების იმედი.

ზოგჯერ ბავშვები მშობლების გრძნობებს უფრთხილდებიან და ცდილობენ, არ გამოხატონ თავიანთი შიში თუ ბრაზი. შესაძლოა, თქვენ წინაშე ისე მოიქცნენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მათი აგრესია აუცილებლად გამომჟღავნდება. შესაძლოა, სკოლაში მოიქცნენ ცუდად, დაკარგონ მადა ან უძილობა დაეწყოთ. ამიტომ ყურადღება გმართებთ, რომ მსგავსი ფაქტები არ გამოგეპაროთ.

განურჩევლად იმისა, რა ემოციით შეხვდება ბავშვი თქვენს გადაწყვეტილებას, მზად იყავით შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად:

* ვისთან ვიცხოვრებ?

* სკოლის შეცვლა მომიწევს?

* სხვაგან გადავდივართ საცხოვრებლად?

* სად იცხოვრებენ დედა და მამა?

* სად გავატარებ არდადეგებს?

* ისევ ვნახავ ხოლმე ჩემს მეგობრებს?

გულახდილობა ყოველთვის ადვილი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, მაგრამ ბავშვისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია, რათა გაუქრეს გაურკვეველი მომავლის შიში და მშვიდად განაგრძოს თავისი ყოველდღიური საქმიანობა.

 

ვეხმარებით სიტუაციასთან შეგუებაში

ხშირად ბავშვები  იმდენად განიცდიან მშობლების გაყრას, რომ ვერ ეგუებიან ახალ სიტუაციას და მათი შერიგების იმედით იწყებენ ცხოვრებას. ასეთ დროს შეაქეთ და მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ თქვენი ოჯახის ერთიანობა უნდა, მაგრამ იმავდროულად დაარწმუნეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება საბოლოოა და მისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალ სიტუაციასთან მორგებაზე იფიქრებს.

* მოუწოდეთ გულწრფელობისკენ. მუდამ უმეორეთ, რომ მისი გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომ არასდროს მოერიდოს თავისი ფიქრებისა და განცდების თქვენთვის განდობა.

* დაეხმარეთ აზრის გამოთქმაში. ბავშვის ქცევა ზუსტად მიგითითებთ მის განცდებზე. შეგიძლიათ უთხრათ, რომ ხედავთ მის მოწყენილობას ან ბრაზს. ერთად განიხილეთ, რა იწვევს ამ გრძნობებს. იყავით კარგი მსმენელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ატყობთ, რომ ბავშვს უჭირს თქვენთან თავის გრძნობებზე საუბარი.

* იყავით გამგები. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი გრძნობები ნორმალური და ადეკვატურია. უთხარით, რომ გესმით მისი, რომ მამის`დედის მონატრება ბუნებრივია. აუცილებელია, ბავშვი მთლიანად დაიცალოს უარყოფითი ემოციებისგან, სანამ ახალ ცხოვრებასთან მორგებაზე ფიქრს დაიწყებდეს. მიეცით საშუალება, დაემშვიდობოს წარსულს.

* შესთავაზეთ დახმარება. ხშირად ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ. შესაძლოა, მან კონკრეტული ვერაფერი შემოგთავაზოთ, ამიტომ თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. უბრალო ჩახუტება, სეირნობა ან ფილმის ყურებაც კი შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს.

* იზრუნეთ საკუთარ თავზე. როგორც არ უნდა განიცდიდეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, ბავშვმა სასოწარკვეთილება არ უნდა შეგატყოთ. ეცადეთ ემოციებისგან მეგობრებთან დაიცალოთ, ხოლო ბავშვთან ისევ ისეთი იყოთ, როგორიც ამ მოვლენებამდე. მშობლის განწყობა ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით – რთულ პერიოდებში.

 

მეურვეობის გადანაწილება

მეურვეობის გადანაწილებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის კეთილდღეობაა. მშობლებზე უკეთ ბავშვს არავინ იცნობს, ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რა იქნება თქვენი შვილისთვის უკეთესი – თანაბარი მეურვეობა თუ ერთი სტაბილური სახლი და მეორე მშობელთან სტუმრობა. ეცადეთ, თქვენთან და მეორე მშობელთან გატარებული დღეების რუტინა მსგავსი იყოს. არ არის მიზანშეწონილი, დედასთან ერთად ბავშვი ასრულებდეს დავალებებს, დადიოდეს წრეებზე, ხოლო მამასთან ერთად მხოლოდ ერთობოდეს.

თავდაპირველად ბავშვმა შესაძლოა არდადეგების იმ მშობელთან ერთად გატარება ისურვოს, რომელთან ერთადაც აღარ ცხოვრობს. ნუ გეწყინებათ და ნუ მიიტანთ გულთან მის ამ გადაწყვეტილებას. მიეცით ბავშვს საშუალება, თავი კომფორტულად იგრძნოს, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ყოველგვარი ცვლილება რთულია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის მოკრება აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ძლიერი იქნებით და უკეთ გაართმევთ თავს შექმნილ სიტუაციას, მით უფრო ადვილად გადაიტანს ყველაფერს თქვენი შვილიც.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: