სკლეროდერმია შეუკავებლობის ნიღბით

გააზიარე:

რა ვიწრო სპეციალობისაც უნდა იყოს ექიმი, პრაქტიკაში მაინც სულ სხვადასხვანაირ პაციენტებს ხვდება, მეტადრე – გასტროენტეროლოგი, რადგან კუჭ-ნაწლავის დაზიანება თუ საჭმლის მონელების დარღვევა უამრავ დაავადებას ახლავს თან.

თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია ერთ-ერთი სისტემური დაავადების, სკლეროდერმიის, რამდენიმე საინტერესო შემთხვევას იხსენებს. ამ პაციენტების ერთ ნაწილს მსგავსი სიმპტომი – განავლის შეუკავებლობა ჰქონდა.

 

რატომ სქელდება კანი

– სკლეროდერმია მაგარ, უხეშ კანს ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებათა ჯგუფი, რომელთა დროსაც შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ცილა კოლგენი, ჭარბად წარმოიქმნება და ქსოვილებში გროვდება. შედეგად კანი მკვრივდება და სქელდება. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ კანს აზიანებს, ზოგჯერ კი სხვა სტრუქტურებსაც – სისხლძარღვებს, შინაგან ორგანოებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

სკლეროდერმია იშვიათი დავადებაა – სხვადასხვა ქვეყანაში მილიონ ადამიანზე საშუალოდ 50-დან 300-მდე შემთხვევა მოდის. რევმატოლოგიის ცენტრის დირექტორის, დოდო ქართველიშვილის პერსონალური მონაცემებით, 1998-2011 წლებში საქართველოში ამ დაავადების 213 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ქალები ოთხჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადებას პროგრესირებადი ფიბროზი ანუ ორგანოებში (ფილტვებში, გულში, თირკმელებში და სხვაგან) შემაერთებელი ქსოვილის განვითარება ახასიათებს.

 

CREST სინდრომი

– გამოყოფენ სკლეროდერმიის ორ ტიპს: სისტემურს და შემოსაზღვრულს. შემოსაზღვრული სკლეროდერმიის ერთ-ერთი სახესხვაობაა CREST სინდრომი, რომელიც მოიცავს:

* (C) კალცინოზს – კანქვეშა ქსოვილსა და სხვადასხვა ორგანოში კალციუმის ჩალაგებას;

* (R) რეინოს ფენომენს, რომლის დროსაც სისხლძარღვები პათოლოგიურად ვიწროვდება, რაც მტევნების სიფითრესა და სილურჯეს იწვევს;

* (E) ეზოფაგის (საყლაპავის) დისფუნქციას, რაც ხშირად იწვევს გულძმარვას;

* (S) სკლეროდაქტილიას ანუ თითებზე კანის გასქელებას;

* (T) ტელეანგიექტაზიებს – წითელ ლაქებს, რომლებიც სახეზე ან სხვა ადგილებზე სისხლძარღვების გაფართოების შედეგად ჩნდება.

ჩვენ გვყავდა CREST სინდრომის მქონე 15 პაციენტი, რომელთა ნაწილს განავლის შეუკავებლობაც დაემართა. პაციენტების ასაკი 35-დან 71 წლამდე მერყეობდა. სამი მათგანი მამაკაცი იყო, თორმეტი – ქალი. მათი ავადმყოფობის ისტორია რამდენიმე თვიდან ხუთ წლამდე პერიოდს ითვლიდა.

 

შემთხვევა N1

– 2011 წლის შემოდგომაზე 62 წლის მამაკაცმა მოგვმართა. მას სკლეროდერმიის აშკარა ნიშნები ჰქონდა: ნიღბისებური სახე (ეს კოლაგენის კანში ჩალაგებამ იცის), ტელეანგიექტაზიები, სისხლდენები, ხელებსა და სახეზე კანის გამკვრივება, კისრის რიგიდულობა, ყლაპვის გაძნელება. რენტგენოგრაფიამ ფილტვის ფიბროზი და კალცინატები აჩვენა, ექოსკოპიამ – გულის სარქვლოვანი აპარატის კალცინოზი და ფიბროზი. პაციენტი ასევე უჩიოდა რეინოს სინდრომს, სუნთქვის გაძნელებას, საყლაპავის რიგიდულობას და განავლის შეუკავებლობას.

რა თმა უნდა, სკლეროდერმიის დიაგნოზი დაისვა, მკურნალობა კი პრედნიზოლონით და სხვა წამლებით ჩატარდა. მდგომარეობა გაუმჯობესდა, ნაწლავის მოქმედება მოწესრიგდა, უნებლიე დეფეკაცია აღმოიფხვრა, ეს კი პაციენტისთვის ნამდვილად დიდი შვება იყო.

 

შემთხვევა N2

– 65 წლის მამაკაცს ძლიერი შეუკავებლობა ჰქონდა. კუჭში გასვლის იმპერატიული სურვილი მოუვლიდა ხოლმე, ტუალეტისკენ გარბოდა, მაგრამ იქამდე მისვლას ვეღარ ასწრებდა.

სკლეროდერმიის დიაგნოზით არ შემოსულა, თუმცა მისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა: გამკვრივებული კანი, ნიღბისებური სახე, ტელეანგიექტაზიები, თითის ბალიშების ნეკროზი, ე.წ. ვირთხის ნაკბენის სინდრომი, ფეხის ცერზე – დაჩირქებული წყლული, დისფაგია (ყლაპვის გაძნელება) და რეინოს სინდრომი. სკლეროდერმიის დიაგნოზი ჩვენ დავუსვით.

მკურნალობის შედეგად განავალი გაფორმდა, დეფეკაცია აღარ იყო უნებლიე, მაგრამ როგორც კი პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა, მდგომარეობა ისევ გაუარესდა.

 

სხვა შემთხვევები

– ჩვენთან მოხვედრილი CREST სინდრომის მქონე ყველა პაციენტი, რა თქმა უნდა, არ უჩიოდა განავლის შეუკავებლობას, თუმცა სხვა მხრივ ძალიან საინტერესო ისტორიები ჰქონდათ:

* 68 წლის მამაკაცს ორივე ხელის ნეკა თითების ნეკროზი და კონტრაქტურა განუვითარდა – მოხრილ თითებს ვეღარ შლიდა. საინტერესოა, რომ იგივე პრობლემა ჰქონია მამამისსაც, პროფესიით დურგალს, და თითები მოუკვეთია, რადგან მუშობაში ხელს უშლიდა. თავად ჩვენს პაციენტს, ზემოხსენებულ პრობლემასთან ერთად, ჰქონდა დისფაგია, შეკრულობა, კანის გამკვრივება, რეინოს სინდრომი...

* 58 წლის ქალს მარცხენა ლავიწის არეში დიდი წყლული ჰქონდა, რომელიც არაფრით დაემორჩილა არც ქირურგიულ და არც კონსერვატიულ მკურნალობას. სკლეროდერმიის სხვა ნიშნებთან ერთად ამ ქალს აღენიშნებოდა ნიღბისებური სახე, ტელეანგიექტაზიები, კანის გამკვრივება, ვირთხის ნაკბენის სინდრომი, კალცინატები ხელის მტევანში, პირის ირგვლივ ქსოვილის დანაოჭება – ე. წ. ქისის სიმპტომი, რის გამოც პირის გაღება უჭირდა. უჭირდა ასევე ყლაპვა, განსაკუთრებით – მკვრივი საკვებისა, ჭამის შემდეგ კი იმპერატიული დეფეკაცია ეწყებოდა, ხშირად ტუალეტამდე ვერც კი ასწრებდა.

* მესამე პაციენტს, 52-53 წლის ქალს, მძიმე დისფაგიის გამო საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან ოპერაციაზე უარი თქვა და დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. მასაც სკლეროდერმიის ნიშნები ჰქონდა: ნიღბისებური სახე, ძლიერი სიგამხდრე, ცხიმოვანი ქსოვილის განლევა. უჩიოდა ართრალგიას, შეკრულობას, თითების ტკივილს, რეინოს სინდრომისთვის დამახასიათებელ გალურჯებასა და გაფითრებას, თითის ბალიშების ნეკროზს. გვყავდა ძალიან კარგი, გამოცდილი რენტგენოლოგი – მედეა შავგულიძე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოგრაფია სწორედ მან ჩაუტარა, რიგიდული საყლაპავის დიაგნოზი დაუსვა და ავთვისებიანი სიმსივნე კატეგორიულად გამორიცხა. პრედნიზოლონი დავუნიშნეთ. ქალს დისფაგია მოეხსნა, საყლაპავის გამავლობა აღუდგა, ჯერ თხელი, შემდეგ მკვრივი საკვების მიღებაც გაუადვილდა. ორ კვირაში, მომჯობინებული, ბინაზეც გავწერეთ. ამის შემდეგ მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, აკადემიკოს ევგენი ტარეევთან გავგზავნეთ, რომელსაც კოლაგენოზების შესახებ ფართო ცოდნა და მათი მკურნალობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ჩვენს პაციენტს სკლეროდერმიის დიაგნოზი დაუდასტურეს. მან კიდევ 16 წელი იცოცხლა და ბოლოს მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრედნიზოლონით მკურნალობდა. რა თქმა უნდა, პრედნიზოლონი არ არის უვნებელი და მისი თვითნებური მიღება არ შეიძლება, მაგრამ ასეთი პაციენტებისთვის ერთადერთი გამოსავალი გახლდათ.

 

სოციალური პრობლემა

– ფეკალიების შეუკავებლობა უდიდესი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. წარმოიდგინეთ, რად იქცევა იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც განავალს ვერ იკავებს. ასეთი რამ შესაძლოა დაემართოთ დიაბეტით დაავადებულებს, ნაწლავის სიმსივნით დაავადებულებს, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირებს – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ინტელექტის პატრონი იყო დაავადებამდე ადამიანი. მახსოვს, როდესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გავდიოდი პრაქტიკას, ზოგიერთი პალატა  ისე ყარდა, ვერ შეხვიდოდი.

როგორც ზემოთ აღწერილი შემთხვევებიც მოწმობს, განავლის შეუკავებლობა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის დროსაც განვითარდეს და ამის ბრალი იყოს არა ნაწლავური აშლილობა, არამედ სფინქტერის დაზიანება, მისი სკლეროზული ცვლილება, რაც ხშირად ახლავს თან სკლეროდერმიას, ამიტომ ეს სავარაუდო დიაგნოზი ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ოჯახისა თუ სხვა სპეციალობის ექიმებს. ასევე საჭიროა, კარგად ჩავეძიოთ პაციენტს, რადგან ბევრს შეუკავებლობა და აშლილობა ერთმანეთში ერევა – გამოვკითხოთ, ასწრებს თუ არა ტუალეტამდე მისვლას, ხომ არ ესვრება საცვალი... წინათ ამ ორი პათოლოგიის გასამიჯნავად რიდის ტესტს იყენებდნენ – სწორ ნაწლავში ნახევარი ლიტრი წყალი შეჰყავდათ. დიარეის შემთხვევაში პაციენტი მის შეკავებას ახერხებდა, შეუკავბლობისას – ვერა. დღეს ამ ტესტს აღარავინ მიმართავს.

 

ივან ილიჩის სიკვდილი

მინდა, საუბრის დასასრულს “ივან ილიჩის სიკვდილი” გავიხსენო. ლევ ტოლსტოის ეს მოთხრობა არა მხოლოდ ლიტერატურული შედევრია, არამედ სამედიცინო კუთხითაც ძალიან საინტერესოა, იმდენად, რომ ფსიქიატრიის ერთ-ერთ ამერიკულ ქრესტომათიაშია შეტანილი.

ნაწარმოების მთავარი გმირი კიბიდან ჩამოვარდა, მძიმედ დაშავდა და ვეღარ გამოკეთდა. სხვა ჩივილებთან ერთად მას განავლის შეუკავებლობაც ჰქონდა, რის გამოც საზოგადოებისგან გაირიყა. ოჯახის წევრები – ცოლი, შვილი, სიძე – მისდამი ზიზღს ვერ მალავდნენ.

რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი ადამიანების ხვედრი, მაგრამ დღეს არსებობს მოვლის არაერთი საშუალება, რომლებიც ამ პრობლემას ამსუბუქებს, დიდწილად აგვარებს. ჩვენი მხრივ, ექიმებიც ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჩივილების მიღმა მათი რეალური მიზეზი არ გამოგვეპაროს, რაც მკურნალობის სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.

 

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: