ყველაფერი ტატუს შესახებ

გააზიარე:


ადამიანი უხსოვარი დროიდან იხატავდა სხეულს. ტატუირების უძველესი ნიმუშები ეგვიპტური მუმიების სხეულზეა ნაპოვნი. ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ სხეულს რომაელი გლადიატორებიც ისვირინგებდნენ – ეს მათი იდენტობის გამომხატველი ნიშანი იყო. თუმცა ტატუირება არასოდეს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა. სტატისტიკის თანახმად, ამჟამად ევროპაში 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის ნახევარს ერთი ტატუ მაინც აქვს.

ყველამ იცის, რომ ტატუირება არ არის უმტკივნეულო პროცესი. გარდა ამისა, ის სამუდამო კვალს ტოვებს სხეულზე და შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წყაროდაც იქცეს. ასე რომ, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდეთ, თანმხლები რისკები უნდა გაიაზროთ.

როგორ კეთდება
ტატუ არის სხეულზე არსებული პერმანენტული გამოსახულება – წარწერა ან ნახატი, რომელიც კანის ზედა შრეში პიგმენტის შეყვანით სრულდება. სპეციალისტები ტატუს უმეტესად სპეციალური ხელსაწყოთი აკეთებენ, რომლის მუშაობის პრინციპი საკერავი მანქანისას ჰგავს. ამ მოწყობილობაზე მიმაგრებული ნემსი ან ნემსები მცირე ინტერვალებით ჩხვლეტს კანს და თითოეული ჩხვლეტის დროს კანში სპეციალური საღებავის წვეთები შეჰყავს.
ეს პროცესი, რომელიც ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ხორციელდება, იწვევს მცირე სისხლდენას და ზოგჯერ სუსტ, ზოგჯერ კი საკმაოდ ძლიერ ტკივილს.

რისკები
ყველაზე გავრცელებული გართულება, რაც ტატუირებას შეიძლება მოჰყვეს, საღებავებზე ალერგიული რეაქციაა. განსაკუთრებით მაღალი ალერგიულობით წითელი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი საღებავები გამოირჩევა. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს კანის სიწითლით, შეშუპებით, წვისა და ქავილის შეგრძნებით ტატუს გაკეთებიდან რამდენიმე საათის, დღის, თვისა და წლის შემდეგაც კი.
ტატუირების დროს კანის მთლიანობა ირღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია ინფიცირების რისკი.
ინფექციის წყაროდ შესაძლოა იქცეს არასათანადოდ სტერილური იარაღები. ასეთი იარაღების გამოყენებამ შესაძლოა ისეთ მძიმე დაავადებებამდეც კი მიგვიყვანოს, როგორებიცაა ვირუსული ჰეპატიტი და შიდსი.
ინფექცია შესაძლოა თვითონ საღებავმაც გამოიწვიოს. ასეთი ინფექცია საკმაოდ ატიპიურად მიმდინარეობს. მისი სიმპტომები ალერგიული რეაქციისას ჰგავს: სიწითლე, შეშუპება, ქავილი, – მაგრამ კანის მხოლოდ იმ უბნებზე წარმოიშობა, სადაც საღებავია შეყვანილი. ხშირად ის ალეგიულ რეაქციაში ერევათ და სწორი დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა კანის ბიოფსიაც კი გახდეს საჭირო.
ინფექციას ნებაზე ნუ მიუშვებთ – ის თავისთავად არ გაივლის. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ადვილი შესაძლებელია, ანტიბიოტიკების რამდენიმეთვიანი კურსიც კი დაგჭირდეთ.
ყურადღებით იყავით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:
* ტკივილი;
* შეშუპება;
* ტატუირებული უბნიდან ჩირქოვანი ან სხვა სახის გამონადენი;
* ტემპერატურის მომატება.
ტატუირების შედეგად კანზე შესაძლოა გაჩნდეს კელოიდები – ამობურცული უბნები, რომლებიც ნაწიბურისმაგვარი ქსოვილის უხვი ზრდის შედეგად წარმოიქმნება. ასევე მოსალოდნელია კანის გრანულომების, ადგილობრივი სკლეროდერმიის, ლიმფადენოპათიის განვითარებაც.
თუ ოდესმე რაიმე მიზეზით მაგნიტურ-რეზონანული ტომოგრაფიის (MღI) ჩატარება დაგჭირდათ, ტატუმ ან პერმანენტულმა მაკიაჟმა შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ – იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ ტომოგრაფიის აპარატი კანის მოსვირინგებული უბნების შეშუპებას ან დამწვრობას იწვევს. არც ის არის გამორიცხული, ტატუს პიგმენტებმა ტომოგრაფიული სურათის გამოსახულებასა და ხარისხზეც მოახდინოს გავლენა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა
გართულებების თავიდან ასაცილებლად დასვით შემდეგი კითხვები:
* ვინ აკეთებს ტატუს? – მიმართეთ ლიცენზირებულ სტუდიას, რომელიც მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებს ასაქმებს.
* იცავს თუ არა ჰიგიენას ტატუს ოსტატი? – ყურადღება მიაქციეთ, იბანს თუ არა სპეციალისტი ხელებს ყოველი პროცედურის წინ და ხმარობს თუ არა ერთჯერად სამედიცინო ხელთათმანებს.
* იყენებს თუ არა ის სათანადო ხელსაწყოებს? – დარწმუნდით, რომ თითოეული ნემსი თუ სხვა იარაღი, რომელიც კი პროცედურის ჩასატარებლად არის საჭირო, სტერილურია და გაიხსნა მხოლოდ პროცედურის დაწყების წინ. საღებავის კონტეინერიც ასევე უხმარი უნდა იყოს და თქვენ თვალწინ გაიხსნას.
* არის თუ არა სტერილური ის იარაღები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი? – თითოეული ასეთი ხელსაწყო უნდა სტერილდებოდეს ავტოკლავში, ხოლო ნივთები, რომელთა ავტოკლავით სტერილიზაცია შუძლებელია, მაგალითად, მაგიდა ან ნიჟარა, ყოველი პროცედურის შემდეგ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდებოდეს.

როგორ მოვუაროთ ტატუს
მოვლის წესები ტატუს ტიპსა და შესრულების ტექნიკაზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს ზოგადი მითითებებიც, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ:
* პროცედურიდან 24 საათის შემდეგ მოიცილეთ საფენი და კანის სრულ მორჩენამდე რეგულარულად ისვით ანტიბაქტერიული მალამო.
* ეცადეთ, მოსვირინგებული ადგილი სუფთად შეინარჩუნოთ. დასაბანად გამოიყენეთ არაპარფიუმირებული მარტივი საპონი და წყალი. ეცადეთ, დაბანის დროს კანის ამ უბანს უხეშად არ შეეხოთ და წყლის ჭავლი პირდაპირ არ მიუშვათ. შეიმშრალეთ ძალიან ფრთხილად, არ მოისრისოთ.
* დღეში რამდენჯერმე წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი ან კრემი.
* რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი არიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
* სანამ კანი ბოლომდე არ მოშუშდება, ერიდეთ ცურვას.
* ეცადეთ, არ ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ მიეკვრება ან უხეშად გაეხახუნება ტატუირებულ კანს.
* თუ კანზე ფუფხი ან შემხმარი გამონადენი აღმოაჩინეთ, არავითარ შემთხვევაში არ აიძროთ – ამით გაზრდით კანში ინფექციის შეჭრის ალბათობას.
* თუ ტატუირებულ ადგილას რაიმე საეჭვო შეამჩნიეთ, მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ოსტატს, ხოლო თუ პრობლემამ კვირაზე მეტხანს გასტანა, აუცილებლად მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.

ტატუს მოცილება
გარკვეული ხნის შემდეგ ტატუს გაკეთება შესაძლოა ინანოთ. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, არასასურველი ნახატი სხეულიდან მოვიცილოთ, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ძვირი, ხანგრძლივი და მტკივნეულია. იმის მიხედვით, როგორია ტატუს ზომა, დიზაინი და საღებავი, 5-დან 20-მდე პროცედურა დაგჭირდებათ.
ტატუს ლაზერით აცილებენ. მისი სხივი შლის საღებავის პიგმენტს, რომელიც შემდგომ ადვილად გაიწოვება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ტატუს მთლიანად მოცილება შეუძლებელია. ეს მაშინ, როდესაც პიგმენტური საღებავი კანის ისეთ ღრმა შრეებშია შეყვანილი, რომ ლაზერის სხივი ვერ სწვდება.
ყველაზე ადვილად მოსაცილებელი ფერი შავია, ყველაზე ძნელი დასაშლელი კი – მწვანე, ლურჯი, ყვითელი და იასამნისფერი. ამასთან, ძველი ტატუს მოცილება უფრო ადვილია, ვიდრე შედარებით ახალი გაკეთებულის. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო რთულია მისი სტრუქტურიდან საღებავის ამოშლა.
დღესდღეობით არსებობს ახალი თაობის პიგმენტური საღებავები, რომლებიც შედარებით ადვილი მოსაცილებელია. ასეთი საღებავია Fრეედომ2Iნკ. კანში ის შეჰყავთ მიკროკაფსულების სახით, რომლებიც ლაზერული სხივის ზემოქმედებით ძალიან ადვილად და სწრაფად იშლება. ასეთი საღებავებით შესრულებული ტატუს მოსაცილებლად შესაძლოა ლაზერის ერთი ან ორი პროცედურაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.

ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი
სანამ ტატუს გასაკეთებლად წახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა მისი გაკეთება. თუ ეჭვი გეპარებათ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალში ინანოთ, ვიზიტი გადადეთ. სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოთხე ადამიანი ნანობს, რომ ტატუ გაიკეთა. ასევე არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ტატუს გასაკეთებლად, თუ ალკოჰოლის ან მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით.
თუ კანის ქრონიკული დაავადება გაქვთ, – მაგალითად, ეგზემა ან ფსორიაზი, – წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან.
ტატუს გასაკეთებლად შეარჩიეთ კანის ისეთი უბანი, რომელზე ხალები არ არის. თუ ხალი პიგმენტით დაიფარა, გართულდება მომავალში ამ არეში მიმდინარე შესაძლო პათოლოგიური პროცესების დროული შემჩნევა და დიაგნოსტიკა.
თავი შეიკავეთ ტატუს გაკეთებისგან, თუ დიაბეტი გაქვთ – გლუკოზის მომატებულმა დონემ შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს კანის მოსვირინგებული უბნის მოშუშების პროცესი. განსაკუთრებით არიდეთ თავი კანის ისეთი უბნების მოსვირინგებას, სადაც მაღალია დიაბეტური ნეიროპათიის განვითარების ალბათობა. ასეთი უბნებია ტერფები და ფეხისგულები. სხეულის ამ ნაწილებზე არსებულმა ტატუმ შესაძლოა გაართულოს კანში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროული შემჩნევა.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: