როცა ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანია

გააზიარე:

 

პენიცილინი, ინსულინი, იმუნიზაცია, ანესთეზია – ეს იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც კაცობრიობის მომავალი შეცვალა. მედიცინის განვითარებას ბოლო არ უჩანს – მუშავდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ-ახალი მეთოდები, იცვლება შეფასებები, მიდგომები, ტენდენციები, მაგრამ უცვლელი რჩება მთავარი – ექიმის პროფესია. ის დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც იყო საუკუნეების წინათ, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, როცა ადამიანს ავადმყოფობასთან ბრძოლა ფაქტობრივად შიშველი ხელებით უწევდა. დიახ, მოაზროვნე ადამიანს ვერავითარი ტექნოლოგია ვერ ცვლის.

და მაინც, დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი ფაქტორებიც კი დაავადების გამოსავალზე ხშირად უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოგედგინათ. ამ ფაქტორებზე ზრუნვა ჯანდაცვის ორგანიზატორთა ამოცანაა.

სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნატა ყაზახაშვილს.

 

– ქალბატონო ნატა, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა? ახდენს თუ არა ფორმა გავლენას შინაარსზე?

– ჯანდაცვის სისტემის ნებისმიერი ორგანიზატორი, რომელსაც სურს, მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიაწოდოს, მოქმედებს სამედიცინო დაწესებულების “გამარტივებული” მოდელის მიხედვით: სტრუქტურა – პროცესი – გამოსავალი. სამედიცინო მომსახურების ხარისხის კლასიკოსთა თანახმად, ცალ-ცალკე არც ერთი მათგანი არ განსაზღვრავს ხარისხს; სამივე ერთ მთლიანობად უნდა განვიხილოთ. ჯანდაცვის ორგანიზატორი სამივე მათგანს უნდა აფასებდეს და ამის მიხედვით გეგმავდეს დაწესებულების მოწყობას.

ევროპის ექვს ქვეყანაში ჩატარდა საინტერესო კვლევა. გამოიკითხა 25 000 რესპონდენტი. მათ დაუსვეს ერთადერთი კითხვა: “რა კრიტერიუმის მიხედვით აირჩევდით სამედიცინო დაწესებულებას თქვენთვის და საყვარელი ადამიანებისთვის?” დასახელებულ იქნა ოთხი ძირითად კრიტერიუმი: პროფესიონალიზმი, ხელმისაწვდომობა (გეოგრაფიული და ფინანსური), პაციენტის მიმართ დამოკიდებულება (კეთილგანწყობილი, მეგობრული ატმოსფერო) და იმ გარემოს კეთილმოწყობა, სადაც პაციენტი განსაზღვრული ხნის განმავლობაში რჩება. ასე რომ, ინფრასტრუქტურა სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

– რა კრიტერიუმების მიხედვით ეწყობა სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს დაწესებულების პროფილი, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს მისი კომპეტენცია – რა შინაარსისა უნდა იყოს ის, რომელი სერვისები მიაწოდოს მომხმარებელს. ამას ტექნიკური დავალების მომზადება ეწოდება და, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული ეტაპია. სწორედ მის შედეგებს ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გადადგმული ყოველი მომდევნო ნაბიჯი. მეორე ეტაპია ინფრასტრუქტურის მორგება დაწესებულების ფუნქციასთან, მის პროფილთან. ვთქვათ, საინიციატივო ჯგუფი ამბულატორიული სერვისების მიწოდებას გეგმავს. როგორც პაციენტის, ისე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინფექციების კონტროლი და ეფექტური სამედიცინო მომსახურება ყველაზე უკეთ მაშინაა შესაძლებელი, როცა სამედიცინო დაწესებულებას სწორი სტრუქტურული განლაგება აქვს. ინფრასტრუქტურაც ამ შინაარსის მიხედვით უნდა მოეწყოს: ჯერ უნდა იყოს მისაღები, მერე – ოჯახის ექიმის კაბინეტი, სადაც, სავარაუდოდ, მიმართვიანობა მაღალი იქნება, მერე – ლაბორატორია, სადაც ასევე მაღალი იქნება მიმართვიანობა, მერე კი სხვა განყოფილებები. იმის თქმა მინდა, რომ ისეთ დაწესებულებაში, სადაც ხალხმრავლობაა მოსალოდნელი, მაღალი დატვირთვის მქონე კაბინეტები და ლაბორატორიები შესასვლელის ახლოს უნდა განთავსდეს და არა ბოლოში.

მოდი, უფრო მეტად გავართულოთ ამოცანა და დავუშვათ, რომ ნეონატალური სამსახურის მოწყობა გვევალება. ნეონატალური სამსახური სხვა სამედიცინო სერვისებისგან მკვეთრად განსხვავდება: ის მოითხოვს მყუდროებას, სიწყნარეს, სიმშვიდეს, ზომიერ ტენიანობას, კლიმატს, შესაბამის ტემპერატურას – ახალშობილს ხომ დედის გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დღენაკლთა შემთხვევაშია გასათვალისწინებელი – ახალშობილმა მიზეზთა გამო დროზე ადრე დატოვა დედის წიაღი, ამისთვის ჯერ არ იყო მზად, ამიტომ გარეთ ისეთი გარემო უნდა დახვდეს, რომელიც მაქსიმალურად მიემსგავსება მისთვის ჩვეულ სივრცეს. ინკუბატორი ახალშობილს ხელსაყრელ გარემოს უქმნის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, სად დგას კიუვეზი. დღენაკლ ახალშობილთა განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობა ერთ-ერთი რთული და ძვირად ღირებული საკითხია. უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა შეირჩეს მასალა. ის უნდა მოერგოს ყველაზე ფაქიზი და სათუთი კონტინგენტის მოთხოვნებს. იყოს ჰიპოალერგენული, იძლეოდეს სინათლისა და ბგერის იზოლაციის, ტენიანობის კონტროლის შესაძლებლობას და, რაც მთავარია, იტანდეს სველი წესით დალაგებას, სპეციალური ხსნარებით დამუშავებას, ვინაიდან სივრცე, სადაც დღენაკლი ახალშობილი მოთავსდება, ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიკროკლიმატს სპეციალური კიუვეზი უზრუნველყოფს. მართალია, ინკუბატორი ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილში შედის, მაგრამ ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეუძლებელია სამედიცინო თვალსაზრისით სწორად გააზრებული ინფრასტრუქტურის გარეშე. სასიამოვნო და ლამაზ საფარს ხშირად ღრმა სამედიცინო შინაარსი აქვს.

 

უმნიშვნელო წვრილმანი თუ არსებითი ფაქტორი

– მოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალს – ფერს შევეხოთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში კედლების, იატაკის, ჭერისა და სამედიცინო ინვენტარის ფერსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, კლინიკებში არცთუ იშვიათად წააწყდებით ფერებს, რომლებსაც არც ერთი სახელმძღვანელო თუ საერთაშორისო რეკომენდაცია არ გვირჩევს – წითელს, იასამნისფერს, მკვეთრ აგურისფერს, ტერაკოტისფერს... ფერიც ფუნქციის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, საოპერაციოსთვის, მაღალი სისუფთავის არეალისთვის, ბაცი ფერებია რეკომენდებული. აქ სივრცე ხშირად მუშავდება დეზინფექტანტით, რომელიც კედლებზე კვალს ტოვებს. კედლები სუფთა იქნება, მაგრამ დალაქავებული. ყველა პაციენტს ვერ აუხსნი, რომ ეს ლაქები სადეზინფექციო სითხემ დატოვა – ეგონებათ, რომ სივრცე, სადაც ოპერაცია უნდა გაუკეთდეთ, მოუვლელია. კედლის შეფერილობამ შესაძლოა პაციენტის კანსაც მისცეს თავისებური ელფერი და ექიმი შეცდომაში შეიყვანოს. ამ მიზეზით არაერთ განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია ფორთოხლისფერისა და ყვითლის გამოყენება, მეტადრე – ნეონატოლოგიურ დაწესებულებებში. საქმე ის გახლავთ, რომ სიცოცხლის პირველ საათებში სამედიცინო პერსონალი ყურადღებით აკვირდება ახალშობილის კანს, რომლის ზოგიერთი ცვლილება, მათ შორის – მოყვითალო ელფერიც, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ფსიქოლოგები დამემოწმებიან, რომ ზოგიერთი ფერი ამშვიდებს, განწყობას ამაღლებს, ზოგიერთი კი პირიქით. სამედიცინო დაწესებულებისთვის, ბუნებრივია, ისეთი ფერები უნდა ავარჩიოთ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოჯანსაღების პროცესს და, ამასთან ერთად, დეზინფიცირების კვალი არ დაეტყობა. ბაცი ფერების გამოყენება რეკომენდებულია საოპერაციოში, პოსტოპერაციულ სივრცეში, საპროცედუროსა და პაციენტის პალატაში.

ჯანდაცვის ადმინისტრირების ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ სამედიცინო პერსონალი უნდა გამოიყურებოდეს საქმიანად, სადად და ელეგანტურად. რეკომენდებული არ არის მკვეთრი მაკიაჟი, სუნამო, მანიკიური, გრძელი ფრჩხილები, სამკაული. მედპერსონალის ჩაცმულობის თითოეული ზედმეტი დეტალი შესაძლოა არასასურველი მოვლენების მიზეზად იქცეს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, მაღალი რისკის სამედიცინო ჩარევის დროს მწვანე ან ცისფერი გამოვიყენოთ. ეს ფერები იმედიანად განაწყობს ადამიანს, მზრუნველობის შეგრძნებას აღძრავს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ყველა პაციენტს, განსაკუთრებით კი მას, ვისაც ოპერაცია ან რთული პროცედურა ელის.

– რას გვეტყვით ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე? რატომ ენიჭება ამას ესოდენ დიდი მნიშვნელობა?

– პაციენტისადმი თბილი დამოკიდებულება სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მარტო პროფესიონალიზმი პაციენტს არ ჰყოფნის – მას უნდა, მისი წუხილი გაიზიარონ, ჩივილები ყურადღებით მოისმინონ, სატკივარი გულთან მიიტანონ, მისი ისტორია მორიგი სამედიცინო შემთხვევა, სამედიცინო მომსახურების რიგითი ქეისი კი არ იყოს, არამედ განსაკუთრებულად იქნეს განხილული... ეს არც ისე ადვილია. ექიმს შეიძლება ასწავლო მკურნალობა, მაგრამ პაციენტის სიყვარულს ვერ ასწავლი. ამიტომ არის, რომ ზოგ ექიმს ბევრი პაციენტი ჰყავს, ზოგს კი – ცოტა.

ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის, მედიცინის წინსვლის მიუხედავად, პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. ნებისმიერი გამოკვლევისა თუ მკურნალობის დაწყებამდე ექიმი უნდა გაესუბროს პაციენტს, მხოლოდ პროფესიული კითხვები კი არ დაუსვას, არამედ ფსიქოლოგიურადაც მოამზადოს მოსალოდნელი სამედიცინო პროცედურისთვის. შემიძლია გაგაცნოთ არაერთი სტანდარტული ოპერაციული პროცედურის ჩანაწერი, რომლის შესავალში წერია: პროცედურის ჩატარებამდე გაესაუბრეთ პაციენტს, გაუღიმეთ, აუხსენით, რა ტიპის გამოკვლევა ელოდება, ჰკითხეთ, როგორი განწყობა აქვს, გააფრთხილეთ იმ დისკომფორტის შესახებ, რომელიც შეიძლება იგრძნოს პროცედურის დროს და არ დაგავიწყდეთ იმის ხაზგასმა, რომ კონფიდენციალურობა ზედმიწევნით იქნება დაცული. ეს ყველაფერი დაამშვიდებს მას და თქვენც საშუალებას მოგცემთ, ხარისხიანად ჩაატაროთ პროცედურა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობები. არავის მოეწონება სამედიცინო მომსახურების მიღება ისეთ სივრცეში, სადაც გუნდის წევრებს შორის დაძაბულობა იგრძნობა. თუ ექიმები არაკორექტულად მიმართავენ ერთმანეთს, აკრიტიკებენ, დავობენ, პაციენტი იფიქრებს, რომ მისთვის არ სცალიათ. სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციები ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გუნდური მუშაობის პრინციპს ასახელებს.

 

ოჯახური გარემო

 

– გამოდის, სამედიცინო დაწესებულებაში ყოველ დეტალს სამედიცინო დანიშნულება აქვს...

– დიახ, ასეა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო დროს უცხოეთის ბევრმა წამყვანმა კლინიკამ მიუსადაგა თავისი სივრცე ოჯახურ გარემოს. ჯანდაცვის ორგანიზატორები სულ უფრო მეტად ცდილობენ, კლინიკაში შინაურული ატმოსფერო შექმნან. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცირების ერთგვარი მცდელობაა და, უნდა ითქვას, წარმატებულიც. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამეანო-გინეკოლოგიური დახმარების ორგანიზების დროს. მშობიარობა ოჯახური მოვლენაა, მით უმეტეს – საქართველოში, სადაც მშობიარეს გულშემატკივართა მთელი ამალა მოჰყვება. პაციენტს სურს, თავი დაცულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. ეს შეგრძნება მაშინაა ყველაზე აშკარა, როდესაც ქალი საყვარელ ადამიანს უჭერს ხელს და ხედავს, რომ ოჯახის წევრები მის გვერდით არიან. როდესაც მშობიარე ახლობლების მხარდაჭერას გრძნობს (და, რაც მთავარია, ეს ხელს არ უშლის სამედიცინო მომსახურების პროცესს), შედეგიც საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ კლინიკებში, სადაც ოჯახთან მისადაგებული გარემოა, საჩივარიც ძალზე იშვიათია: პაციენტის ახლობლები აკვირდებიან სამედიცინო მომსახურების პროცესს, ხედავენ, რომ ყველა ზრუნავს პაციენტზე, დროულად რეაგირებს მის მოთხოვნებზე და აღარ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ პაციენტი უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

ხშირად ახალშობილს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება სჭირდება, რაც მშობელს მის გვერდით ყოფნის საშუალებას ართმევს. ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა მოახერხოს და იმგვარად მოაწყოს ინფრასტრუქტურა, რომ დედა-შვილის კონტაქტი შესაძლებელი იყოს, მინის ტიხრის აქეთ-იქიდან მაინც. ლაბორატორიული ტესტებით ვერ განვსაზღვრავთ ამ ემოციური კავშირის შედეგს, მაგრამ გამოცდილება მოწმობს, რომ დედის ახლოს ყოფნა ახალშობილს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. პროცესს ერთიორად აჩქარებს ძუძუთი კვება. ჩემი ოცდათხუთმეტწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ. ამიტომ სამედიცინო დაწესებულება არ უნდა გაექცეს ხარჯს და რაც შეიძლება მეტად უნდა შეუწყოს ხელი ახალშობილთან მშობლის სიახლოვეს.

ამრიგად, თუ იკითხავთ, ახდენს თუ არა ფორმა გავლენას შინაარსზე, თამამად გიპასუხებთ, რომ ფორმა განაპირობებს შინაარსს, ხოლო შინაარსი გვკარნახობს, როგორი უნდა იყოს ფორმა. სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა ექიმების, არქიტექტორების, ინჟინრების და, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ფსიქოლოგების თანამშრომლობის შედეგია. განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის აზრსაც. ჩვენ ხშირად ვეკითხებით პაციენტებს, რას ფიქრობენ იმ გარემოზე, სადაც სამედიცინო მომსახურებას იღებენ, ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.

 

ეფექტური მკურნალობა – ეფექტური ჯანდაცვა

– შესაძლოა შეგვეკამათონ, რომ ყველა ამ დეტალის გათვალისწინება არახარჯეფექტური იქნება...

– პირიქით, დასავლეთის საუკეთესო კლინიკების პრაქტიკა და გამოცდილება მოწმობს, რომ დანახარჯი მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც იქმნება ოჯახზე ორიენტირებული სამედიცინო სივრცე. დადგენილია, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება გონივრულადაა მოწყობილი, თუ მისი ფორმა და შინაარსი პასუხობს ერთმანეთს, სამედიცინო დანახარჯი იკლებს, ეფექტიანობა კი იმატებს. რაც მთავარია, იმატებს არა მხოლოდ კონკრეტული შემთხვევის მართვის, არამედ მთელი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა. აქვე დავძენ, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მისაწოდებლად საჭიროა არა დიდი თანხა, არამედ არსებული რესურსების გონივრული ხარჯვა.

რატომ არის, რომ ერთგან პაციენტს 5-7 დღე ჰყოფნის გამოსაკეთებლად, მეორეგან კი 12-15 დღე სჭირდება? სამედიცინო დაწესებულების მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი ე.წ. საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელია. საავადმყოფოში პაციენტის დაყოვნება დიდ ხარჯთან გახლავთ დაკავშირებული. ევროპული სტანდარტით, ერთი საწოლდღის საფასური, გამოკვლევებისა და პროცედურების გარეშე, 1500 ევროს აღემატება. გარდა საწოლდღეების რაოდენობისა, კლინიკური საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ 17 ინდიკატორით ფასდება. ერთი და იმავე დაავადების, ერთი და იმავე ასაკისა და ერთი და იმავე კლინიკური მონაცემების პირობებში სხვადასხვა დაწესებულება სხვადასხვა შედეგს იღებს. როდესაც სამედიცინო მომსახურების პროცესი სწორად არის ორგანიზებული, ინფრასტრუქტურა გონივრულადაა მოწყობილი, გარემო ოჯახთანაა მიახლოებული, სოციალური საჭიროებები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული, საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელიც მცირდება, ანუ დიაგნოზი სწრაფად დაისმის, მკურნალობა დროულად იწყება და შედეგიც კარგია, შესაბამისად, ჯანდაცვის ხარჯიც იკლებს. სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხებზე დიდხანს მუშაობდნენ, გვეუბნებიან, რომ სამეანო დახმარების დროს ოჯახთან მიახლოებული გარემო კარგი შედეგის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თავადაც დავაკვირდით და დავრწმუნდით, რომ როცა მამა საკუთარი სურვილით ესწრება მშობიარობას, მზრუნველობას არ აკლებს დედასა და ახალშობილს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში წამლების გამოყენების საჭიროება მცირდება. დღეს, როდესაც ორსულობისა და მშობიარობის პროცესის დემედიკალიზაციისკენ მოგვიწოდებენ, ვფიქრობ, სამედიცინო დაწესებულების მოწყობის საკითხები ერთიორად მეტ მნიშვნელობას იძენს.

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: