მხეცი კედელზე

გააზიარე:

ერთია, რომ ზოგი მეტად იშვიათი დაავადება ექიმს შესაძლოა არც კი გაეგონოს ან გაეგონოს, მაგრამ საჭირო დროს არ მოაგონდეს და მეორე – რომ გავრცელებული დაავადებებიც კი ყოველთვის კლასიკურად არ მიმდინარეობს, ამიტომ თითქმის ყველა მედიკოსს აქვს გასახსენებელი საინტერესო შემთხვევა, მით უმეტეს – ძველებს, გამოცდილებს, რომელთა დროსაც არ არსებობდა დაავადებათა მართვის ერთიანი გაიდლაინები და ექიმებს უმეტესად საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უწევდათ მკურნალობა. 

თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიული ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია თავისი პრაქტიკიდან რამდენიმე ასეთ შემთხვევას იხსენებს.

“თეთრი ცხელება” და შავი ძაღლი
– მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში შრომითი განაწილების პრაქტიკა არსებობდა. ახალკურსდამთავრებულებს სახელმწიფო რამდენიმე წლით ისეთ ადგილას მიავლენდა, სადაც ამ დარგის სპეციალისტი იყო საჭირო. უარის თქმის უფლება არ გქონდა. ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ.
ასე რომ, საბჭოთა კავშირის ექიმების უმეტესობას სოფლად მოუწია პროფესიაში ფეხის ადგმა.
სოფლებში მუშაობა რთულიც იყო და საინტერესოც. უამრავ ავადმყოფზე ხშირად ერთი ექიმი მოდიოდა და ახალბედას მარტოს უწევდა ბრძოლა უამრავ ფრონტზე, საკუთარი თავისა და ღმერთის ანაბარა.
სამედიცინო პრაქტიკა მეც სოფლად დავიწყე. არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა, რომლის მსგავსი არც მენახა სადმე და არც გამეგონა. რაღაც ასეთი მხოლოდ რუსი ნევროპათოლოგის ნიკოლაი ბოგოლეპოვის “ნევროპათოლოგიის კლინიკურ ლექციებში” ამომეკითხა.
სოფლის საავადმყოფოში ვმუშაობდი, მაგრამ ოცი კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ვცხვორობდი და სამსახურში იქიდან დავდიოდი. ერთ კვირა დღეს სწორედ ქალაქიდან გამომიძახეს პაციენტთან. ავადმყოფს ვიცნობდი – დედამისი ჩემი პაციენტი გახლდათ, ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და ნარკოტიკის მისაღებად ცნობას ვაძლევდი ხოლმე.
აღმოჩნდა, რომ კაცი შუა ქეიფში ცუდად გამხდარიყო, თანამეინახეებს მეზობელ ოთახში გაეყვანათ და დაეწვინათ. ავადმყოფი ძალიან უცნაურად იქცეოდა – ხელს კედლისკენ იშვერდა, რაღაცაზე მიუთითებდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა, დაძახებაზე არ რეაგირებდა. იქ მყოფები შეშინდნენ და ენგურჰესის ნაწილის სასაწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მათ ალკოჰოლით გამოწვეული თეთრი ცხელების დიაგნოზი დაუსვეს, კარდიამინი გაუკეთეს, როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული ასეთი შემთხვევების დროს, და წავიდნენ. მდგომარეობა რომ არ გაუმჯობესდა, ახლა წალენჯიხის რაიონული ცეტნრიდან გამოიძახეს ბრიგადა. მათაც დაადასტურეს დიაგნოზი. ასევე მოიქცნენ ზუგდიდელი ექიმებიც. ამის შემდეგ მე დამიძახეს.


უპირველესად იმას მივაქციე ყურადღება, რომ ავადმყოფთან კონტაქტი ვერ მყარდებოდა – ელაპარაკებოდი და ხმას არ გცემდა, თან დაჟინებით განიშნებდა რაღაცას ხელით.
წნევა გავუზომე. მაჩვენებელიც ძალიან უცნაური აღმოჩნდა – 160`140 მმ ვწს. ასეთი დაბალი პულსური წნევა (20) იშვიათია. გულისცემა წუთში 90–ს აღწევდა. ყველაფერ ამას ერთვოდა მძიმე ფორმის ექსტრასისტოლია. მივხვდი, საქმე სახუმაროდ არ იყო. საბედნიეროდ, სოფელში ელექტროკარდიოგრამის აპარატი მქონდა. სასწრაფოდ მოვატანინე, ავადმყოფს კარდიოგრამა გადავუღე და წინა გვერდითი კედლის ტრანსმურული ღრმა ინფარქტი აღმოვუჩინე. ასეთი ინფარქტის დროს გულის კუნთი მთელ სიღრმეზე, ეპიკარდიუმიდან ენდოკარდიუმამდე ზიანდება და ნეკროზდება. რაკი პაციენტი ნასვამი იყო, მისი მდგომარეობა ყველა ექიმმა თეთრ ცხელებას მიაწერა და გულის გადამოწმება საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.
სასწრაფოდ გავუკეთე პანტაპონი და სხვა ტკივილგამაყუჩებლები. ავადმყოფმა შვება იგრძნო და მაშინვე ალაპარაკდა: თქვე ოხრებო, რაღაც ბანჯგვლიანი მხეცი რომ მიახლოვდებოდა და შეჭმას მიპირებდა, რა გაცინებდათ, რატომ არ მშველოდითო.
ისევ გამოვიძახე სასწრაფო. პაციენტი ზუგდიდის კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ინფარქტის დიაგნოზი დაუდასტურეს და უმკურნალეს. მას შემდეგ კიდევ ოცი წელი იცოცხლა. აქტიური ადამიანი იყო. ტრაქტორისტი, სტახანოველი.


მდგომარეობას, რომელიც ახლა აღვწერე, ონეიროიდული სინდრომი ეწოდება. როგორც გითხარით, მისი შესახებ წამეკითხა. ამავე წიგნში ფოტოც იყო – ავადმყოფი ხელით რაღაცაზე მიანიშნებდა. გაირკვა, რომ კედელზე შავ ძაღლს ხედავდა, რომელიც მისკენ მიიწევდა საკბენად. დაახლოებით ასეთივე ჰალუცინაცია ჰქონდა ჩემს პაციენტსაც.
ონეიროიდული სინდრომი არის ცნობიერების დაბინდვა, რომელსაც თან ახლავს უნებლიე ფანტასტიკური ბოდვითი წარმოდგენები, მანიაკურ-დეპრესიული აფექტები, ამნეზია, დამუნჯება, ცვილისებური მოქნილობა, დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია და სხვა. წიგნში აღწერილ შემთხვევაშიც და ჩემს პაციენტთანაც ინფარქტმა გამოიწვია ძლიერი ტკივილი, ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა და ჰიპოქსია. ყველაფერი ამის შედეგად ჩამოყალიბდა კარდიოცერებრული სინდრომი, რამაც ჰალუცინაცია გამოიწვია.
შემდგომ ამ შემთხვევის შესახებ თბილისში ბევრ კარდიოლოგსა თუ ნევროპათოლოგს ვესაუბრე – გივი ბახტაძეს, ნოდარ ყიფშიძეს, ნოდარ ემხვარს, რეზო სიგუას... თეორიულად იცოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში არც ერთს არ შეხვედროდა მსგავსი რამ.

სამი ერთთან
– მომდევნო შემთხვევაც კარდიოლოგიურია. ერთხელ თერაპიის ინსტიტუტში გამომიძახეს. 27 წლის მამაკაცს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ჰქონდა, რაც გულის ექოსკოპიური გამოკვლევით იყო დადგენილი. ამ დროს გულის კუნთი სქელდება და დიდდება, რაც გულის მტუმბავ ფუნქციას აქვეითებს და გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის დარღვევას იწვევს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია უმეტესად პათოლოგიური გენით არის გამოწვეული და მემკვიდრეობით გადაეცემა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ნოდარ ყიფშიძეს სკოლას ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ დაავადების მკურნალობაში.


პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა გულის უკმარისობა, შეშუპება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეში, დიარეა. მე სწორედ დიარეის გამო დამიძახეს.
ბიჭს ძალიან უცნაური აღნაგობა ჰქონდა: იყო მაღალი, გამხდარი, კახექსიურიც კი, წვრილი ბეჭებითა და ფართო მენჯებით. ქრომოსომული გამოკვლევის ჩატარება შევთავაზე. არსებობს ასეთი დარღვევა – ტრისომია, როცა წყვილში ორის ნაცვლად სამი ქრომოსომაა. ასეთ პათოლოგიებს მიეკუთვნება კლაინფელტერის სინდრომიც, რომლის დროსაც მამაკაცს, ნაცვლად XY-ისა, აქვს სასქესო ქრომოსომების XXY კომბინაცია. ეს სინდრომი ხშირად ზრდასრულ ასაკამდე არ ვლინდება. მთავარი პრობლემა ამ დროს უშვილობაა ხოლმე. ტრისომიაზე გამოკვლევა ჟორდანიას ინსტიტუტში ტარდებოდა. ჩავატარეთ და, მართლაც, ჩვენს პაციენტს ქრომოსომების XXY ნაკრები აღმოაჩნდა. დადასტურდა კლაინფელტერის სინდრომი.
ამავე დროს, არ მომეწონა პაციენტის კახექსიური სიგამხდრე. შიდსის ცენტრს მივმართეთ, სისხლი გამოვიკვლიეთ და შიდსის არსებობაც დადასტურდა.
ის ახალგაზრდა კაცი მალევე გარდაიცვალა.
კარდიომიოპათია არცთუ იშვიათი დაავადებაა. ახლა ყველამ იცის, რომ ხშირად ის ამა თუ იმ გენეტიკურ დაავადებას ახლავს თან, მაგრამ იმ დროს, რომელზეც გიამბობთ, ამ საკითხს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას. ეს პაციენტი საინტერესო იყო იმით, რომ ერთდროულად სამი იშვიათი პათოლოგია ჰქონდა: კლაინფელტერის სინდრომი, ამით გამოწვეული კარდიომიოპათია და შიდსი, რომლის დიაგნოზს იმხანად ჯერ კიდევ ერთეულებს უსვამდნენ. სხვათა შორის, შიდსის დროს პაციენტი დიარეის, შეშუპების, ცილების დეფიციტის გამო შესაძლოა გასტოენტეროლოგთანაც მოხვდეს – ეს კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომები ნაწლავური დაავადების გამოვლენად მიიჩნიონ.

მოულოდნელი დიაგნოზი
– ამის დასტურად კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. კლინიკაში მოიყვანეს ახალგაზრდა კაცი სასწრაფოდ საოპერაციო მწვავე მუცლით. ქირურგმა ნაწლავის პერფორაცია (გახეთქვა) ან აპენდიციტი ივარაუდა (მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ პაციენტს მართლაც წვრილი ნაწლავის პერფორაცია აღმოაჩნდა), დაიწყო ოპერაციისთვის მზადება, ხელები დაიბანა, ხელთათმანები ჩაიცვა... მაგრამ მოსვენებას არ გვაძლევდა ავადმყოფის იერი – იმდენად კახექსიური სახე ჰქონდა, დავეჭვდით, შიდსი ხომ არ აქვსო. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ უკრაინიდან დაბრუნებულიყო, სადაც ამ ინფექციის გავრცელება საკმაოდ მაღალი იყო. მშობლებს რომ ვკითხეთ ამის შესახებ, დიდად შეურაცხყოფილები დარჩნენ, მაგრამ ოპერაციიდან მეოთხე დღეს შიდსის ცენტრიდან აივ ინფექციაზე დადებითი პასუხი მივიღეთ...
ასე რომ, სწორი დიაგნოზის დასმა ხშირად ექიმებისთვისაც არ არის ადვილი და ამას ყოველთვის არცოდნას ვერ დავაბრალებთ – ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: