დიაბეტი და თირკმელები

გააზიარე:



დიაბეტს ორგანიზმში ბევრი რამის დაზიანება შეუძლია, მათ შორის – თირკმელებისაც. მეტიც – თირკმელების დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ დიაბეტია. დიაბეტის ფონზე განვითარებული თირკმლის დაავადება, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტის მქონე ყოველი ოთხი ზრდასრული ადამიანიდან ერთს მაინც აქვს. უფრო ზუსტად, ტიპი 1-ის მქონე ათი ადამიანიდან დაახლოებით სამს, ხოლო ტიპი 2-ის მქონე ათი ადამიანიდან – 1-4-ს.

თირკმლის ფუნქციები
ჯანსაღ თირკმელებში სისხლი უმცირესი სისხლძარღვების მეშვეობით იფილტრება ნარჩენი პროდუქტებისგან. ამ სისხლძარღვებს კედლებზე პატარა ხვრელები აქვს. მათი ზომა საკმარისია სისხლიდან შარდში მავნე ნივთიერებების გადასასვლელად, მაგრამ მათში არ ეტევა ერითროციტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ძირითად ფუნქციასთან – ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ნარჩენი პროდუქტების – გამოტანასთან ერთად თირკმელები აკონტოლებენ სისხლის არტერიულ წნევას და ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნას. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
დიაბეტი თირკმელებს ნელა, წლების განმავლობაში აზიანებს. დაზიანებული წყვილი ორგანო სათანდოდ ვეღარ ფილტრავს სისხლს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები გროვდება, ეს კი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

დაზიანების მექანიზმი
დიაბეტის დროს თირკმლის სისხლძარღვები ზიანდება. რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით მეტია დაზიანების შანსი. სისხლძარღვებს ყველაზე მეტად სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა აზიანებს. დაზიანების მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია მაღალი წნევა, რაც დიაბეტიანთა დიდ ნაწილს ისედაც აღენიშნება.
თირკმელების დაზიანების რისკი კიდევ უფრო იმატებს, თუ ამ ორ ფაქტორთან ერთად დიაბეტიანი ადამიანი:
* ეწევა;
* არ იცავს დიეტას;
* ჭამს მარლიან საკვებს;
* ფიზიკურად არ აქტიურობს;
* ჭარბწონიანია;
* აქვს გულის დაავადება;
* აქვს თირკმლის უკმარისობის ოჯახური ისტორია.

სიმპტომები
თირკმელების მსუბუქ დაზიანებას, წესისამებრ, არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან. ისინი მხოლოდ მდგომარეობის დამძიმებისას იჩენენ თავს. თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ ცილა (ალბუმინი) იყოს მომატებული შარდში, რაც კოჭების შეშუპებით, წონის მატებით, ღამღამობით გახშირებული შარდვით, წნევის აწევით გამოვლინდეს. მოგვიანებით, როდესაც სისხლში აზოტის შემცველობა (კრეატინინი) უფრო მეტად აიწევს, ამ სიმპტომებს ემატება ღებინება, გულისრევა, უმადობა, სისუსტე, მზარდი დაღლილობა, ქავილი, ფეხის კუნთების კრამპი – მტკივნეული კუმშვა, ანემია. დაავადებული თირკმელები ინსულინს სათანადოდ ვეღარ შლის, ამიტომ პაციენტს ნაკლები ჰორმონის ინექცია სჭირდება.
თუ დიაბეტიან ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს.
ამრიგად, დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანების ნიშნებია:
* შარდში ცილის მომატება;
* მაღალი არტერიული წნევა;
* ტერფებისა და კოჭების შეშუპება;
* ფეხის კუნთების კრამპი (კრუნჩხვა);
* ღამღამობით ხშირი შარდვა;
* სისხლში კრეატინინის მომატება;
* ინსულინისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მოთხოვნილების შემცირება;
* სისუსტე, სიფითრე და ანემია;
* მადის დაკარგვა;
* ქავილი;
* უძილობა, ჩაძინების გაძნელება;
* დეზორიენტაცია დროსა და გარემოში, აზროვნების შეფერხება;
* დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა.

გამოკვლევები
როგორც აღვნიშნეთ, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე ადამიანთა უმეტესობა განსაკუთრებულს არაფერს უჩივის. თირკმლის დაზიანება მხოლოდ გამოკვლევისას ვლინდება. უპირველესად, შარდში ცილის ოდენობა განისაზღვრება. მისი მომატება სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებს – მათი ხვრელები იმდენადაა გადიდებული, რომ ცილასა და სხვა ნუტრიენტებსაც ატარებს. საჭიროებისამაბერ, ტარდება სხვა გამოკვლევებიც.
დიაბეტიანმა ყოველწლიურად უნდა შეიმოწმოს თირკმელების მდგომარეობა. ტიპი 2-ის დროს –დიაგნოზის დასმის დღიდანვე, ხოლო ტიპი 1-ის დროს პირველი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დაავადების დადასტურებიდან არა უგვიანეს მეხუთე წლისა.

პრევენცია
რა უნდა გააკეთოს დიაბეტიანმა, რომ თირკმელების ფუნქცია შეინარჩუნოს? ისევე როგორც დიაბეტის ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, მთავარი აქაც ყოველდღიური რუტინის დაცვაა – გლუკოზისა და წნევის კონტროლი და რეგულირება.
გლუკოზის კონტროლისთვის, მის ყოველდღიურ გაზომვასთან ერთად, საჭიროა გლიკოზირებული ჰემოგლობინით ბოლო სამი თვის განმავლობაში გლუკოზის საშუალო დონის განსაზღვრა. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია გლუკოზის საშუალო დონე. დიაბეტის მქონე ადამიანთა უმრავლესობისთვის ის 7%-ზე ნაკლები უნდა იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში სამიზნე მაჩვენებელს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს, ისევე როგორც თავად გლუკოზის დონის განსაზღვრის სიხშირეს.
როგორც ითქვა, მაღალი არტერიული წნევაც ხშირად იწვევს თირკმელების დაზიანებას. არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც გულიდან გადატყორცნილი სისხლი სიხლძარღვებს აწვება. ადამიანთა უმრავლესობისთვის მისი მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 140`90 მმ ვწყ სვ-ს, თუმცა შესაძლოა, ექიმმა მისი სამიზნე მაჩვენებლებიც ინდივიდუალურად განსაზღვროს.
დადგენილია, რომ წნევის დამწევი მედიკამენტები (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები) მხოლოდ წნევას კი არ აქვეითებს, არამედ პაციენტებს თირკმელების დაზიანებისგანაც იცავს.
თირკმელების დასაცავად ასევე მნიშვნელოვანია:
* საშარდე გზების ინფექციებისა თუ სხვა პრობლემების დროული მკურნალობა;
* უარის თქმა თირკმელების დამაზიანებელ პრეპარატებზე, განსაკუთრებით –ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებზე.

ცხოვრების წესი
დიაბეტური ნეფროპათია არ იკურნება. მკურნალობის მიზანი დაზიანების ტემპის შემცირებაა. გლუკოზისა და წნევის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი: პაციენტმა თავი უნდა დაანებოს თამბაქოს წევას, შეზღუდოს მარილის, საზოგადოდ, ნატრიუმის მიღება, იყოს ფიზიკურად აქტიური, შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა, იძინოს ღამეში 7-8 საათი.
დიაბეტის მართვა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია, პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მითითებები, მიიღოს ყველა დანიშნული წამალი, ხოლო ნებისმიერი ახალი წამლის –თუნდაც ვიტამინების, მცენარეული საშუალებების, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების –მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა. დანიშნულების ყველა ფურცლის შენახვაც აუცილებელია.

დიეტა
თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს რეკომენდებულია:
* მარილის შეზღუდვა წნევის კონტროლის მიზნით;
* ცილების შეზღუდვა – ეს აფერხებს თირკმელების უკმარისობის პროგრესს და ხშირად რამდენიმე წლით გადაავადებს დიალიზის საჭიროებას. ამ დიეტის დაცვა პაციენტებს ხშირად უჭირთ, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ მის ალტერნატიულ ვარიანტს –მცენარეულ დიეტას, რომელიც ექიმთან უნდა შეთანხმდეს;
* კალიუმის კონტროლი – თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შესაძლოა სისხლში ჭარბად დაუგროვდეთ კალიუმი, რაც სხვადასხვა უჯრედის ნორმალურ ფუნქციობას აფერხებს. ამ შემთხვევში იყენებენ შარდმდენებს, ზღუდავენ კალიუმის შემცველ პროდუქტებს (ჩირი, პომიდორი, კარტოფილი, ბრიუსელის კომბოსტო, რძე, იოგურტი, ოსპი, თხილეული (გარდა არაქისისა)) და წამლებს, რომლებიც კალიუმის დონის აწევას იწვევს;
* ფოსფატების დაგროვების თავიდან აცილება – თირკმლის უკმარისობის დროს ორგანიზმში ფოსფატები გროვდება. ამის პრევენციისთვის იყენებენ წამლებს, რომლებიც აფერხებს საკვებიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათ შეწოვას.

თირკმლის უკმარისობა
მართალია, სწორი ცხოვრების წესითა და რეკომენდაციების დაცვით თირკმელი დიდხანს ინარჩუნებს ფუნქციას, მაგრამ რაც არ უნდა სწორი სტრატეგია გქონდეთ, დროთა განმავლობაში ნეფროპათია მაინც მძიმდება. იმ მდგომარეობას, როდესაც თირკმელი უარს ამბობს მუშაობაზე, უფრო სწორად, მისი მხოლოდ მისი 10-15% ფუნქციობს, თირკმლის უკმარისობას უწოდებენ. ამ დროს ნარჩენი პროდუქტები სისხლში რჩება და იწვევს გულისრევას, ღებინებას, სისუსტეს, ქოშინს, გონების არევას, მძიმე შემთხვევებში –კრუნჩხვებსა და კომასაც კი. საბედნიეროდ, დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას თირკმლის უკმარისობა არ ემართება.
თირკმლის უკმარისობის დროს დიალიზი ტარდება. ამ პროცედურის დახმარებით სისხლი ნარჩენი პროდუქტებისგან იწმინდება, ამიტომ დიალიზს ხელოვნურ თირკმელსაც უწოდებენ. არსებობს მისი ორი სახეობა: ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი. ჰემოდიალიზის დროს სისხლის გაწმენდა ხდება სხეულის გარეთ, ხოლო პერიტონეალური დიალიზის დროს – სხეულის შიგნით. მუცლის ღრუში შეჰყავთ სითხე, ხოლო პერიტონეუმი იქცევა ნახევარგამტარ მემბრანად სისხლსა და სითხეს შორის. ამისთვის მუცლის ღრუში წინასწარ იდგმება კათეტერი, საიდანაც ხდება სადიალიზო ხსნარის ცვლა. ეს პროცედურა სახლის პირობებში ტარდება.
დიალიზის სახეობას, რა თქმა უნდა, ექიმი არჩევს.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია თირკმლის ტრანსპლანტაცია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, თირკმლისა და პანკრეასის ტრანსპლანატაცია ერთდროულად ჩატარდეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: