რა აკავშირებს ერთმანეთთან ძუძუს კიბოს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს

გააზიარე:

ერთი ორგანოს დაავადება ზოგჯერ მეორეზეც აისახება, თუმცა ამ უკანასკნელს ანატომიურად და ფუნქციურად შესაძლოა არაფერი ჰქონდეს საერთო პირველთან. ასეთი ურთიერთკავშირი შეინიშნება ქალებში ყველაზე გავრცელებულ ორ ავთვისებიან სიმსივნეს – ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და ძუძუს კიბოს შორის. კვლევის თანახმად, ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ორჯერ მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებულებთან 67%-ით იმატებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

ამ ორი ორგანოს დაავადებებსა და მათ ურთიერთკავშირზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე გვესაუბრა.

– რა განაპირობებს ურთიერთკავშირს სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებს შორის?

– ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი ნერვული და ენდოკრინული სისტემების მიერ რეგულირდება. ენდოკრინული ჯირკვლები მჭიდრო ფუნქციურ კავშირშია ერთმანეთთან, განსაკუთრებით – სარძევე და ფარისებრი, ვინაიდან ორივე მათგანს თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში გამომუშავებული ტროპული ჰორმონები ასტიმულირებს (ტროპულია ჰორმონი, რომელიც არეგულირებს  სხვა ენდოკრინული ჯირკვლის მუშაობას). ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობაზე პასუხისმგებელია თირეოტროპული ჰორმონი (TSH), ხოლო სარძევე ჯირკვლისაზე – პროლაქტინი (PRL). ეს ორი ჰორმონი თვისებრივად მსგავსია: თითოეული მათგანი შეიძლება შევადაროთ გასაღებს, რომელიც ორ საკეტს ერგება. ამიტომ არის ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის ფუნქციები ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ნებისმიერ მათგანში მოხმდარი ცვლილებები აუცილებლად აისახება მეორეზე.

– კერძოდ, რა გავლენაზეა საუბარი?

– როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, – მაგალითად, მცირდება მისი ჰორმონების გამომუშავება პირველადი ჰიპოთირეოზის დროს, – სისხლში იმატებს თირეოტროპული ჰორმონის დონე. ამ პროცესს ხშირად თან სდევს პროლაქტინის დონის მატებაც, რაც, თავის მხრივ, ზრდის სარძევე ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენის რისკს. ეს წარმონაქმნები უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა სპეციალისტების დაკვირვებას მოითხოვს.

პირიქითაც ხდება – ორსულობის დროს ფიზიოლოგიურად იმატებს და პიკს აღწევს პროლაქტინის დონე, რადგან ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ლაქტაციას – დედის სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნას. თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა დიაგნოსტირებული კვანძოვანი ჩიყვი, ორსულობის დროს კვანძების ზრდის ალბათობაც იზრდება.

მიზეზები

_ რა მექანიზმი განაპირობებს ერთ ორგანოში ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობისას მის მეორე ორგანოში განვითარებას?

_  ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ჩატარებულმა არაერთმა კლინიკურმა კვლევამ დაადასტურა კორელაცია ფარისებრი ჯირკვლისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, ვინაიდან ამ ორი ორგანოს ავთვისებიან სიმსივნეებთან დაკავშირებული ბევრი გენური მუტაცია ერთმანეთის მსგავსია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ერთ ორგანოში მიმდინარე პროცესის მეორეში მეტასტაზირება.

როგორც ფარისებრი ჯირკვლის, ისე ძუძუს კიბოს მიზეზად შესაძლოა იქცეს ესტროგენით სტიმულაცია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ორივე ლოკალიზაციის სიმსივნის რისკს ზრდის სიმსუქნეც, ამიტომ ქალებს, რომლებიც იღებენ ესტროგენებს ან აღენიშნებათ ჭარბი წონა, აუცილებელად უნდა ჩაუტარდეთ ორივე ჯირკვლის სკრინინგი.

რისკფაქტორები

– კიდევ რა საერთო რისკფაქტორები აქვს ამ ორი ორგანოს კიბოს?

– ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია დატვირთული გენეტიკა. როგორც აღვნიშნეთ, რისკი იმატებს სიმსუქნის, ესტროგენით სტიმულაციის და სხვა ენდოკრინული დარღვევების დროს. რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორებია მცირე ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, რადიაქტიური დასხივება და ზოგიერთი ქიმიოთერაპიული მედიკამენტით მკურნალობა.

– შესაძლებელია თუ არა, ერთი ორგანოს კიბოს დასხივებით ან ქიმიოთერაპიით მკურნალობამ მეორის სიმსივნე გამოიწვიოს?

– სხივური თერაპია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, რადიაცია კი, თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკფაქტორად მოიაზრება, თუმცა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 55 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, არ დაადასტურა კავშირი ძუძუს კიბოს რადიაციულ მკურნალობასა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის. სხვა კვლევის თანახმად, არც ფარისებრი ჯირკვლის რადიაქტიური იოდით მკურნალობას გამოუწვევია ძუძუს კიბოს რისკის მატება, თუმცა ორივე შემთხვევაში მოიმატა ლეიკემიის ალბათობამ.

საყურადღებოა, რომ ძუძუს კიბოს დროს გამოყენებულ ზოგიერთ ქიმიოთერაპიულ საშუალებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და დააქვეითოს სისხლში თავისუფალი თიროქსინის დონე. მართალია, ამ შემთხვევაში კიბოს რისკის მატება არ დასტურდება, მაგრამ ასეთ პაციენტებს ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

გამოკვლევები

– როგორ ისმება ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი?

– ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია როგორც ფარისებრ, ისე სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნების ვიზუალიზება, თუმცა სარძევე ჯირკვლის შემთხვევაში პირველი რიგის გამოკვლევაა მამოგრაფია. ასევე აუცილებელია ონკომარკერების განსაზღვრა სისხლში და წარმონაქმნის პუნქციური ბიოფსია – ქსოვილის ნიმუშის აღება და მიკროსკოპით შესწავლა. ფარისებრი ჯირკვლის კვლევისას დამატებით აუცილებელია ჰორმონების დონის განსაზღვრაც, რათა გაირკვეს ჯირკვლის ფუნქციური სტატუსი.

_ როგორია ტაქტიკა, თუ ქალს რომელიმე ამ ორგანოს დაავადება აღმოაჩნდა? რა შემთხვევაში ინიშნება მეორე ორგანოს გამოკვლევა?

_ ყველას, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ან სარძევე ჯირკვლის კიბო დაუდასტურდება, დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს რუტინული სკრინინგი, ხოლო მკურნალობის პროცესში დაუწესდეს მეთვალყურეობა. გეგმური ვიზიტების გრაფიკს ინდივიდუალურად ადგენს მკურნალი ექიმი.

მკურნალობა

– რამდენად ჰგავს ერთმანეთს ან განსხვავდება ერთმანეთისგან ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის პრინციპები?

– ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციის მასშტაბი კიბოს სახეობასა და სტადიაზეა დამოკიდებული. ოპერაციის შემდეგ რადიაქტიური იოდით მკურნალობა ყველა პაციენტს არ სჭირდება. ოპერაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია ლევოთიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია. თუ ფარისებრი ჯირკვალი მთლიანად ამოკვეთილია, ხშირად გვიწევს კალციუმის პრეპარატის გამოყენებაც, ვინაიდან ფარისებრახლო ჯირკვლების უკმარისობაც ვითარდება.

სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკაც სიმსივნის სახეობისა და სტადიის მიხედვით ირჩევა. ტარდება ქირურგიული მეთოდი, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. მათ თანმიმდევრობას მკურნალი ექიმი ადგენს.

პროგნოზი

– როგორ იცვლება პროგნოზი მეორე ორგანოს დაავადების დადასტურებისას?

– თუ მეორე ორგანოს დაავადება დადასტურდა, აუცილებელია, მკურნალობისა და მეთვალყურეობის პროცესში შეთანხმებულად ჩაერთონ ენდოკრინოლოგი და ონკომამოლოგი. მედიცინის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პრევენცია

– როგორ ავიცილოთ თავიდან ამ ორგანოების სიმსივნეები ან როგორ მოვიქცეთ, რომ პროცესი დროულად აღმოვაჩინოთ?

– ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი – ის არა მხოლოდ ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების, არამედ ბევრი სხვა ვერაგი დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაცაა. გენეტიკური დატვირთვის ან სხვა რისკფაქტორების არსებობისას დროულად უნდა ჩატარდეს ორივე ორგანოს სკრინინგი. სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ძალიან დიდია თვითგასინჯვის როლი და ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს. სხვა ენდოკრინული დარღვევების შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძუძუს სკრინინგი უფასოა 40-დან 70 წლამდე, ხოლო ფარისებრი ჯირკვლისა – 25-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის.

დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება კიბოს სიმპტომებს, უპირველეს ყოვლისა, ძუძუს ან ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შესამჩნევ ცვლილებებს. გარდა ამისა, ძუძუს კიბოზე შესაძლოა მიუთითებდეს:

* ტკივილი ძუძუში ან დვრილის გარშემო;

* დვრილის  ჩაბრუნება;

* ძუძუს კანის გაღიზიანება, შეშუპება ან ჩაღრმავება;

* გამონადენი ძუძუდან (თუ ქალი არ აწოვებს ძუძუს);

* ძუძუს ნაწილის შეშუპება და სიმხურვალე;

* ძუძუს კანის გასქელება, ლიმონის ქერქის მსგავსი კანი;

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს კი გვაეჭვებინებს:

* ქრონიკული ხველა, რომელიც არ არის გამოწვეული გაციებით ან გრიპით;

* ყლაპვის გაძნელება;

* ტკივილი კისრის წინა ნაწილში;

* ხმის ჩახლეჩა;

*უეცრად გაზრდილი წარმონაქმნი კისრის წინა ზედაპირზე.

პრობლემის აღმოჩენისთანავე სპეციალისტთან მისვლა და სწორი მკურნალობა ზრდის სასურველი შედეგის შანსს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: