ბავშვებსაც ემართებათ ტუბერკულოზი?
გააზიარე:
24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ამ დღეს კარგად ნაცნობი დაავადება კიდევ ერთხელ მოექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ტუბერკულოზის შესახებ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩვენც, თუმცა განსხვავებული რაკურსით. ამჯერად იმ თემას შევეხებით, რომელსაც ჩვენში რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა, თუმცაღა ტუბერკულოზთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა – ბავშვთა ტუბერკულოზს.
ბავშვებსაც ემართებათ?
თუ ტუბერკულოზი მხოლოდ ზრდასრულთა დაავადება გგონიათ, ცდებით. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მათ შორის – ბავშვსაც. ბავშვთა ტუბერკულოზი თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა. ექსპერტთა შეფასებით, მისი ტვირთი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან ბავშვთა ასაკში ტუბეკულოზის გამოვლენა არც ისე ადვილია და, სავარაუდოდ, მრავალი შემთხვევა დიაგნოზის გარეშე რჩება, თუმცა პრობლემის მასშტაბის დასანახავად ოფიციალური მონაცემებიც საკმარისია: ჯანმოს ინფორმაციით, 2016 წელს ტუბერკულოზით 1 მლნ ბავშვი დაავადდა და 250 000 გარდაიცვალა. მათგან 52 000 ე.წ. აივასოცირებულ ტუბერკულოზს ემსხვერპლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სრული სურათი არ არის, იოლად მივხვდებით, რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
არანაკლები პრობლემაა ის, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი ბავშვი რჩება საჭირო მკურნალობის გარეშე. 2016 წელს პროფილაქტიკური მკურნალობა საჭიროების მქონე ბავშვების მხოლოდ 13%-ს ჩაუტარდა, თუ რიცხვებში გადავიყვანთ – 161740-ს 1.3 მილიონის ნაცვლად.
ვის ემუქრება?
სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა ტუბერკულოზის წილად ამ დაავადების საერთო შემთხვევათა 10% მოდის. ის გვხვდება ყველგან, სადაც კი მოზარდთა ტუბერკულოზია გავრცელებული და ამ ქვეყნებში ის ბავშვთა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბავშვები ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად 1-დან 4 წლამდე ავადდებიან.
მართალია, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, მიკრობები კი არც საზღვრებს ცნობენ, არც სქესსა და ასაკს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა ფონზეც ტუბერკულოზის განვითარება მეტადაა მოსალოდნელი და რომლებიც ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ბავშვთა ტუბერკულოზის რისკფაქტორთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზით დაავადებულთან ახლო და/ან ხშირი კონტაქტი. ამ დროს ბავშვის ინფიცირებისა და დაავადების ალბათობა საკმაოდ დიდია.
ინფიცირება თუ ავადმყოფობა?
იკითხავთ, რა სხვაობა ინფიცირებასა და ავადმყოფობას შორისო? გიპასუხებთ: ძალიან დიდი. ახლავე აგიხსნით, რატომ.
მოგეხსენებათ, ტუბერკულოზის გამომწვევია მიკობაქტერია, ე.წ. კოხის ჩხირი. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი მიკრობებს ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ჰაერში გამოყოფს და ბაქტერია სხვა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. თუმცა ორგანიზმში მიკრობის მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. აი, აქ უნდა განვასხვაოთ ორი ცნება: ინფიცირება და ავადმყოფობა. პირველ შემთხვევაში ტუბერკულოზის გამომწვევი ორგანიზმში ცოცხლობს, მაგრამ არ მრავლდება, არ აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამ ეტაპზე ბავშვი არც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის საშიში. მაგრამ მიძინებული მიკრობი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გააქტიურდეს და ბავშვს უკვე დაავადება – ტუბერკულოზი დაემართოს. ამ დროს მიკრობი გამრავლებას იწყებს, ორგანოებს აზიანებს და გარემოშიც გამოიყოფა.
სტატისტიკური მონაცემებით, დაავადება ინფიცირებული ბავშვების მეათედს უვითარდება. მაშასადამე, პატარების (და არამხოლოდ მათი) უმეტესობა ორგანიზმით ისე ატარებს კოხის ჩხირს, ავად არ ხდება. არც ის არის გამორიცხული, ბავშვს თავიდანვე აქტიური ტუბერკულოზი განუვითარდეს, ესე იგი ინფიცირებისთანავე დაავადება დაემართოს.
ალბათ, უკვე გაგიჩნდათ მომდევნო კითხვა: რა ააქტიურებს მთვლემარე ბაქტერიას? სავსებით ლოგიკური კითხვაა და, შეიძლება ითქვას, პრევენციაც უმთავრესად სწორედ ამ კითხვაზე პასუხიდან გამომდინარეობს. საქმე ის არის, რომ მიკობაქტერია ძალზე მუხანათურად იქცევა: სანამ მასპინძელი ორგანიზმი ძლიერია, ჩუმად არის; საკმარისია, მასპინძლის ჯანმრთელობას რამე დაემუქროს: იმუნური სისტემა დასუსტდეს, თავდაცვითი ძალები გამოილიოს, – რომ მიკობაქტერიაც გამოაჩენს ბრჭყალებს და ისედაც დაუძლურებულ ორგანიზმს ახალ თავსატეხს გაუჩენს. მაშასადამე, იმუნიტეტის დაქვეითება ტუბერკულოზის განვითარების რისკს ერთიორად ზრდის. ამიტომ არის დაავადება მეტად გავრცელებული განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და, პირდაპირი გაგებით, შიმშილობს, შესაბამისად, იმუნური სისტემაც სუსტი აქვს. ამავე მიზეზით საკმაოდ ეფექტურად „თანამშრომლობენ“ ტუბერკულოზი და აივი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი), რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსს) იწვევს – აივინფიცირებულებს ტუბერკულოზი 20-30-ჯერ ხშირად ემართებათ. ამ თემას მოგვიანებით კიდევ მივუბრუნდებით.
რისკფაქტორებს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი და იმუნოსუპრესიით მიმდინარე სხვა დაავადებებიც, ასევე – თამბაქოს წევა: ტუბერკულოზის შემთხვევათა 8% სწორედ სიგარეტის დამსახურებაა. პატარები არ ეწევიანო, შემეკამათებით, მე კი შეგახსენებთ, რომ პასიური მწეველობაც ისევე საშიშია ჯანმრთელობისთვის, როგორც აქტიური. განსხვავება მხოლოდ ალბათობის ხარისხშია. ასე რომ, თამბაქოს მავნე ზემოქმედების წინაშე ბავშვები სრულიად დაუცველნი არიან.
მაშასადამე, ტუბერკულოზის პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, დაავადებულთან კონტაქტის აღკვეთასა და იმუნიტეტის გაძლიერებას გულისხმობს. აქვე უნდა ვახსენოთ პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალება – ვაქცინაცია. BჩG ვაქცინა, რომელსაც ადრეული ასაკის ბავშვებს უკეთებენ, ტუბერკულოზის მძიმე ფორმის განვითარებისგან იცავს. საქართველოში აცრა სამშობიარო სახლშივე ტარდება დაბადებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. თუ ბავშვი რაიმე მიზეზით არ აცრილა, 12 თვემდე აუცილებლად უნდა აცრათ. 1 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის BჩG ვაქცინის შეყვანა რეკომენდებული არ არის.
ისიც გახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი არ გადაედება:
* ტუბერკულოზით დაავადებულის ნივთებთან შეხებით;
* ხელის ჩამორთმევით;
* საკვებითა და წყლით.
მიკობაქტერიის სამიზნეები
ტუბერკულოზურმა ინფექციამ შესაძლოა ნებისმიერი ორგანო დააზიიანოს. ზრდასრულებთანაც და ბავშვებთანაც ყველაზე ხშირად ფილტვის ტუბერკულოზი გვხვდება, თუმცა ასევე შესაძლებელია, პათოლოგიური პროცესი განვითარდეს პლევრაზე, ლიმფურ კვანძებში, შარდსასქესო სისტემაში, ძვალსახსროვან სისტემაში, თავის ტვინში, კანზე...
კლინიკური სურათი, ცხადია, დაავადების ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
ფილტვის ტუბერკულოზის ნიშნებია:
* 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ხველა ნახველით, შესაძლოა სისხლიანი ხველაც;
* გაურკვეველი მიზეზის ცხელება (37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა) 14 დღეზე მეტხანს;
* წონის კლება ან ზრდის შეფერხება დაუდგენელი მიზეზით, ადეკვატური კვების პირობებში.
შესაძლოა გამოვლინდეს ღამის ოფლიანობა, სისუსტე, დაღლილობა.
როგორ მივაგნოთ
ბავშვთა ტუბერკულოზთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი სირთულე მისი გამოვლენაა. კლინიკური ნიშნები ხშირად მსუბუქია, ამიტომ ტუბერკულოზს იშვიათად ეჭვობენ. გახსოვდეთ: თუ ბავშვს მჭიდრო კონტაქტი აქვს ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან (ცხოვრობს ან ბევრ დროს ატარებს მასთან ერთად), აუცილებლად უნდა წაიყვანოთ გამოსაკვლევად, რათა დაავადება დროულად აღმოაჩინოთ.
ბავშვს ჩაუტარებენ მანტუს სინჯს და გულმკერდის რენტგენოგრაფიას.
მანტუს სინჯი
ეს ტესტი ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა. ამ დროს კანში ცოტაოდენი სპეციალური სითხე შეჰყავთ. 48-72 საათის შემდეგ ამ ადგილს ამოწმებს ექიმი. უარყოფითი პასუხი მიუთითებს, რომ ბავშვის ორგანიზშმი, სავარაუდოდ, არ არის ტუბეკულოზის გამომწვევი ბაქტერია (ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით – იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, სინჯმა შესაძლოა ცრუ უარყოფითი შედეგი აჩვენოს). თუ პასუხი დადებითია, ე.ი. ორგანიზმში ტუბერკულოზის ბაქტერიაა, თუმცა, როგორც ითქვა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას – ბავშვი შესაძლოა მხოლოდ ინფიცირებული იყოს. დაავადების აქტიური ფორმის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად დამატებითი კვლევები ტარდება.
თუ ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს აქტიური ტუბერკულოზი არ აქვს ანუ მხოლოდ ინფიცირებულია, ჩატარდება პრევენციული მკურნალობა. მისი მიზანია, ინფექციის მთვლემარე (ლატენტური) ფორმა აქტიურ დაავადებაში არ გადაიზარდოს. ასეთი თერაპია საგრძნობლად ამცირებს მომავალში ტუბეკულოზის განვითარების რისკს. პრევენციული მკურნალობისთვის გამოიყენება იზონიაზიდი ყოველდღიურად 6 თვის განმავლობაში.
პრევენციული მკურნალობა ასევე ენიშნება ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს და ყველა აივინფიცირებულს, განურჩევლად ასაკისა.
როგორ ადგენენ აქტიურ ტუბერკულოზს
მოქმედების გეგმა სხვაგვარი იქნება, თუ ბავშვს აქტიური ტუბერკულოზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზი უნდა დაისვას. ამისთვის საჭიროა ანამნეზის დეტალური შესწავლა, კლინიკური შეფასება, გულმკერდის რენტგენოგრაფიის, ლაბორატორიული ტესტების ჩატარება.
ცალკე გასარკვევია, აქვს თუ არა ბავშვს ტუბერკულოზის ე.წ. ღია ფორმა ანუ ავრცელებს თუ არა გარემოში გამომწვევს. ამისთვის საჭიროა ნახველის მიკროსკოპიული შესწავლა. რეკომენდებულია, ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში ყველა პაციენტს ჩაუტარდეს ნახველის, სულ მცირე, ორი ნიმუშის მიკროსკოპიული კვლევა. თუ ნახველის მიკროსკოპიამ ბაქტერია გამოავლინა, ე.ი. ბავშვს ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(+) ანუ ღია ფორმა აქვს, მაშასადამე, ლაპარაკის, ხველების, ცემინების დროს გარემოში ბაქტერიებს გამოყოფს, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურად საშიშია და შესაძლოა, ირგვლივ მყოფები დაასნებოვნოს.
თუ ნახველის ტესტი უარყოფითია, მაგრამ კლინიკური ნიშნები და სხვა კვლევათა შედეგები ტუბერკულოზს ადასტურებს, ე.ი. ბავშვს ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(-) ფორმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაავადებულია და მკურნალობა სჭირდება, მაგრამ არ არის საშიში გარშემო მყოფთათვის, არ არის გადამდები.
როგორ მკურნალობენ
მკურნალობისადმი დაქვემდებარების მიხედვით გამოყოფენ ორი სახის ტუბერკულოზს: სენსიტიურს ანუ მგრძნობიარეს და რეზისტენტულს ანუ გამძლეს. პირველ შემთხვევაში ბაქტერია მგრძნობიარეა ყველა ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ – მათი ზემოქმედებით კვდება, რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს კი მიკრობი არ ემორჩილება ძირითად ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებს და მკურნალობაში დამატებითი საშუალებების ჩართვა ხდება საჭირო.
ფილტვის მგრძნობიარე ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეტამბუტოლი. მკურნალობა 6 თვე გრძელდება.
ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს ბაქტერიის გამძლეობის მიხედვით არჩევენ შესაბამის მედიკამენტს. საჭირო ხდება, სულ მცირე, 4 ანტიტუბერკულოზური პრეპარატის მიღება. კურსი 18-24 თვე გრძელდება.
საჭიროებისამებრ, მკურნალობა შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს.
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები საკმაოდ ძლიერი წამლებია. მათი მიღებისას გამორიცხული არ არის არცთუ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები: სიყვითლე, კანის ქავილი, მხედველობისა და სმენის პრობლემები, თირკმლის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუარესება, დიარეა, გულისრევა, ღებინება, სახსრების ტკივილი, პერიფერიული ნეიროპათია. ამ სიმპტომების გამოვლენისას ექიმს უნდა მიმართოთ. გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით ნაკლები აქვთ.
დიახ, იკურნება!
გახსოვდეთ, ტუბერკულოზი იკურნება, თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუ ოჯახი აქტიურად არ ჩაერთო მასში და ყველა რეკომენდაცია არ დაიცვა, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. მთელი პროცესის განმავლობაში რეგულარულად ფასდება ლაბორატორიული მონაცემები, ბავშვის საერთო მდგომარეობა, გვერდითი ეფექტები. მათი გათვალისწინებით შესაძლოა შეიცვალოს თავდაპირველი დანიშნულება – წამლის დოზა ან თავად წამალი. პაციენტმა კი ზედმიწევნით უნდა დაიცვას მკურნალობის სქემა. არ შეიძლება წამლის გამოტოვება, დოზის არევა, ყველაზე საშიში კი მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტაა. მკურნალობის სქემის დარღვევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადების გამოსავალზე და როგორც თავად ავადმყოფს, ისე მის გარშემო მყოფებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, მაშინ როდესაც დროულად დაწყებული და ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის დროს პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა – ბავშვებში ტუბერკულოზი კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
როცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს ან არ არსებობს გარანტია, რომ სახლში ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით შეასრულებენ, მკურნალობა სტაციონარში ტარდება.
აივ ინფექცია და ტუბერკულოზი
თუ ტუბერკულოზის შესახებ სამედიცინო პუბლიკაციებს თვალს გადაავლებთ, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ აივ ინფექცია და ტუბერკულოზი ყველგან ცალკე საკითხად არის გამოყოფილი და მიხვდებით, რომ ეს საშიში ტანდემი თანამედროვე მედიცინას უდიდეს პრობლემად ექცა. სანამ მიკრობთა ამ კოალიციაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ტუბერკულოზის ისტორია გავიხსენოთ.
ტუბერკულოზს კაცობრიობა ათასწლეულებია იცნობს და ებრძვის. ეს ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში ამაო იყო – ტუბერკულოზს წლიდან წლამდე უამრავი სიცოცხლე ეწირებოდა, მათ შორის, ცხადია, ბავშვებისაც. 1920 წელს ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებლით მას მერვე ადგილი ეკავა. ცხოვრების ხარისხის ამაღლებამ, მედიცინის განვითარებამ, რაც მთავარია, ტუბსაწინააღმდეგო ანტიბიოტიკების გამოგონებამ ფთიზიატრიაში გადატრიალება მოახდინა. გაჩნდა ტუბერკულოზის დამარცხების იმედი და რეალური შესაძლებლობა. უკვე 1960 წელს იმავე მაჩვენებლით ის ათეულშიც კი ვეღარ მოხვდა. ჯანდაცვის მესვეურები ვარაუდობდნენ, რომ დაავადება საერთოდ გაქრებოდა და კაცობრიობა ახალ ათასწლეულში ტუბერკულოზის გარეშე შეაბიჯებდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა – XXI საუკუნეში ტუბერკულოზი კვლავ აქტუალურია და კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობას, მათ შორის – განვითარებულ ქვეყნებშიც. მის რეინკარნაციას ექსპერტები უდიდესწილად შიდსის აფეთქებას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, აივ ინფექციამ ტუბერკულოზი "მიიბა".
ბუნებრივია, აივ ეპიდემიამ ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვანი გახშირება გამოიწვია ბავშვებშიც. რატომ არის საშიში ეს კოალიცია? მრავალი მიზეზის გამო: აივ ინფექციის დროს ტუბერკულოზი ატიპურად მიმდინარეობს, ნაკლებად სპეციფიკურია სიმპტომები, კლინიკური თუ რადიოლოგიური მონაცემები, ამიტომ დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება. არადა, როგორც ითქვა, ტუბერკულოზის დროს კეთილსაიმედო გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, დროულ მკურნალობაზეა დამოკიდებული.
აივ ინფექციასთან ასოციაციის დროს ნაკლებად ეფექტურია ანტიტუბერკულოზური მკურნალობაც. ამის მიზეზი შიდსის ფონზე განვითარებული იმუნოსუპრესია და გახშირებული თანმხლები დაავადებებია. მკურნალობის სქემის შედგენა მთელი ხელოვნებაა. გასათვალისწინებელია წამლების ურთიერთგავლენა – მკურნალობის მიზანია, ზედმიწევნით შეიზღუდოს იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მოქმედებს ან ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად ამძიმებს მათ გვერდით ეფექტებს.
ყოველივე ამის გამო ლეტალური შედეგის ალბათობა მაღალია – აივინფიცირებულთა 37% ტუბერკულოზით კვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აივინფიცირებულთა სიკვდილის მთავარი (!) მიზეზი სწორედ ტუბერკულოზია. 2016 წელს ამ დიაგნოზით 370 000 ადამიანი გარდაიცვალა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა აივინფიცირებულ ბავშვს, რომელსაც ტუბერკულოზის დიაგნოზს დაუსვამენ, დაუყოვნებლივ დაუნიშნონ ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა და ანტირეტროვირუსული (აივ ინფექციის საწინააღმდეგო) თერაპია – Aღთ. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, უარყოფითი გამოსავლის ალბათობა იკლებს.
ამიტომ ყველა ბავშვს, რომელთანაც ტუბერკულოზს ვეჭვობთ, უნდა ჩაუტარდეს ტესტი აივ ინფექციაზე. მეორე მხრივ, ყველა აივინფიცირებულმა ბავშვმა, მათაც კი, ვინც უკვე მკურნალობს ანტირეტროვირუსული პრეპარატებით, რეგულარულად უნდა გაიაროს სკრინინგი ტუბერკულოზზე. მხოლოდ ასე შეიძლება იმ სავალალო შედეგების ალბათობის შემცირება, რასაც ტუბერკულოზისა და შიდსის თანხვედრა იწვევს.
მიზანი-2030
დასასრულ, გეტყვით, რომ მრავალ გამოწვევასთან ერთად ტუბერკულოზის მართვაში დიდი მიღწევებიც არის: ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ შეიქმნა ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებზეც ექიმები დიდ იმედს ამყარებენ, გაიზარდა ადრეული დიაგნოსტიკის მაჩვენებლები, მკურნალობა ავადმყოფების უფრო და უფრო მეტ ნაწილს მოიცავს. როგორ დასრულდება მიკობაქტერიასთან კაცობრიობის ათასწლოვანი ბრძოლა, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული – რა გვეცოდინება მის შესახებ, დროულად გამოვავლენთ თუ არა ინფექციას, ზედმიწევნით დავიცავთ თუ არა ექიმის რეკომენდაციებს... პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება. თითოეული ჩვენგანის სწორი ნაბიჯი კაცობრიობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ეხმარება, რომელთაგან ერთ-ერთი 2030 წლისთვის ტუბერკულოზის დამარცხებაა.
გვანცა გოგოლაძე