როდის მივიყვანოთ გოგონა რეპროდუქტოლოგთან?
გააზიარე:
მოზარდობა ბავშვობიდან მოზრდილობაში გარდამავალი პერიოდია. ამ ასაკის ადამიანი უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ ჯერ არც მოზრდილია. ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებების პერიოდი, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს ან უბრალოდ პუბერტატს უწოდებენ. რეპროდუქციული სისტემის დარღვევებმა შესაძლოა ამ ასაკში იჩინოს თავი. მათ აღმოსაფხვრელად გოგონა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან უნდა მივიყვანოთ. ასეთ მდგომარეობათა შესახებ ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა ჯორბენაძე გვესაუბრება.
– მოზარდობის ხანა 8-დან 19 წლამდე ასაკს მოიცავს. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ზრდისა და განვითარების სწრაფი ტემპი. იცვლება სოციალური ურთიერთობებიც, მათ შორის – ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. მოზარდის ცხოვრებაზე თანატოლები უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე მშობლები. ის ითვისებს ახალ ცოდნასა და უნარებს, იძენს ახალ ღირებულებებს. მიუხედავად ამისა, დედა უნდა ეცადოს, კვლავ შვილის ნდობით აღჭურვილ პირად დარჩეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ინდივიდუალურია და შესაძლოა, ზუსტად არ დაემთხვეს განსაზღვრულ წლებს. მათი დასაწყისი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გენეტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ფაქტორებზე.
მომწიფების თანმიმდევრობა
– განურჩევლად იმისა, ემთხვევა თუ არა მოზარდობის პერიოდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები განსაზღვრულ წლებს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება ინტელექტუალური, სქესობრივი განვითარებისა და ფიზიკური ზრდის სტადია ბავშვის ასაკს.
– როგორ გავიგოთ ეს? საერთოდ, როდის უნდა დავინტერესდეთ ამ საკითხით?
– განვითარების ასაკთან შესაბამისობის დასადგენად გამოიყენება საერთაშორისოდ აღიარებული რამდენიმე სქემა, მათ შორის – ტანერის, პრადერის, ფერიმან-გალვეის. ეს სქემები ითვალისწინებს მეორეული სასქესო ნიშნების, გარეთა სასქესო ორგანოებისა და სხვა ნიშნების განვითარების შეფასებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით ვითარდება სქესობრივი მომწიფების ნიშნები. გოგონებთან პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაა, რასაც მოჰყვება ბოქვენისა და იღლიების გათმიანება, სხეულის ფორმების ცვლილება და მენარქე – პირველი მენსტრუაცია. ამ თანმიმდევრობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიამ, მაგალითად, თუ აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების გარეშე, სავარაუდოა ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნე, საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, ტრავმა და სხვა.
შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს – განვითარებული მეორეული სასქესო ნიშნების ფონზე არ დაიწყოს მენსტრუაცია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სქესობრივი განვითარების დარღვევები: საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საშოს კომბინირებული ან იზოლირებული თანდაყოლილი უქონლობა, არაპერფორირებული (ერთიანი, ნახვრეტის გარეშე) საქალწულე აპკი, საშოს ტიხარი... ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, არაპერფორირებული საქალწულე აპკის არსებობისას, აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, რათა შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.
გარეგნობის პრობლემები
– გარდატეხის ასაკში გოგონებს ხშირად აწუხებთ გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები...
– მართალი ბრძანდებით, გოგონებისთვის მოზარდობის პერიოდს არასასიამოვნო მოვლენებიც ახლავს თან: აკნე – იგივე ფერიმჭამელა, სებორეა – კანის მომატებული ცხიმიანობა, ოფლის ჭარბი გამოყოფა, ჭარბთმიანობა, სხეულის უსისტემო ზრდა და სხვა. ამ პერიოდში ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობას, ამიტომ ექიმთან ვიზიტზეც არ ამბობენ უარს, თუმცა უმეტესად თვითმკურნალობას ეწევიან, რასაც არცთუ სასურველი შედეგი მოაქვს.
გოგონები განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ჭარბთმიანობას. განასხვავებენ ჭარბთმიანობის ორ ძირითად ტიპს: ჰირსუტიზმს და ჰიპერტრიქოზს. ჰირსუტიზმი არის პათოლოგიური თმიანობა მამაკაცური ტიპით, რომელიც ქალების 5-10%–ს აწუხებს. ის უმეტესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში გამოვლინდება და პროგრესირებს. ამ დროს თმა მუქია, უხეში, იზრდება ძირითადად სახეზე, მკერდზე, ზურგზე და მუცლის თეთრ ხაზზე. შემთხვევათა ნახევარში ჰირსუტიზმი ანდროგენების – მამაკაცის ჰორმონების – სიჭარბესთან არის დაკავშირებული. მისი გამომწვევი მიზეზებია: საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპერპროლაქტინემია, ინსულინრეზისტენტობა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, იდიოპათიური ჰირსუტიზმი და სხვა. ჰირსუტიზმს ხშირად თან სდევს სებორეა (ცხიმიანი კანი), აკნე (გამონაყარი სახესა და ტანზე), ალოპეცია (თმის ცვენა), მენსტრუაციული ციკლის დარღვევა... ჰირსუტიზმის შემთხვევაში უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს. ის ყურადღებას მიაქცევს თმიანობის დაწყების პერიოდს, თმის ზრდის ინტენსივობას, ჰიპერანდროგენიის სხვა გამოვლინებებს, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და სხვა, მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებია საჭირო.
ჰიპერტრიქოზისთვის დამახასიათებელია ჭარბი თმიანობა სხეულის იმ ადგილებზე, სადაც თმა ისედაც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში თმა უფრო ღია ფერისაა და ნაკლებად უხეში, ვიდრე ჰირსუტიზმის დროს. ჰიპერტრიქოზი უმეტესად მემკვიდრეობითია, გოგონებს დაბადებიდანვე აღენიშნებათ და ჰიპერანდროგენიას – მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეს – არ უკავშირდება.
არეული ციკლი
– რამდენ ხანში რეგულირდება ციკლი?
– ამ საკითხის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა, არაერთი აზრი გამოითქვა. დღეს მიღებულია, მენარქედან 2-3 წლის განმავლობაში არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი ნორმად ჩაითვალოს. ოღონდ ვგულისხმობ იზოლირებულ დარღვევას, რომელსაც თან არ ახლავს აკნე, ჰირსუტიზმი, სებორეა, სიმსუქნე, ალოპეცია და სხვა სიმპტომები, რომლებიც პათოლოგიაზე მიანიშნებს.
ციკლის დარღვევას ნორმალურად ვერ მივიჩნევთ, როდესაც საქმე გვაქვს ხანგრძლივ და ჭარბ სისხლდენასთან – მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს გრძელდება და სისხლის ყოველდღიური დანაკარგი აღემატება 100 მლ-ს. ასეთი სისხლდენა უმეტესად სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰორმონული დისბალანსით არის გამოწვეული. ამ მდგომარეობას გოგონები ხშირად უმალავენ მშობლებს, ამიტომ დაგვიანებით, 15-20 დღის შემდეგ ხვდებიან კლინიკაში ანემიით და მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით: სისუსტით, თავბრუხვევით, ციანოზით (კანის სილურჯით) და სხვა. ასეთ პაციენტებს სასწრაფო მკურნალობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის გადასხმაც სჭირდებათ.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ მოზარდ გოგონას:
* აქვს მოუწესრიგებელი მენსტრუაციული ციკლი, რასაც თან ახლავს: აკნე, სებორეა, ჰირსუტიზმი, ჭარბი წონა და სხვა;
* აქვს სისხლდენა;
* უჩივის მუცლის ძლიერ ტკივილს.
ჩვენი ამერიკელი კოლეგების რეკომენდაციით, 13-15 წლის ასაკში გოგონა აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმ რეპროდუქტოლოგთან, რისი მიზანიც უმთავრესად პრევენცია და საგანმანათლებლო საკითხებია.
მკურნალობა
– როგორი მკურნალობით არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება და დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება სიმპტომების ალაგებას?
– მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმესა და დროულად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული. შეიძლება, მკურნალობა ჩატარდეს წამლებით, მათ შორის – ჰორმონული პრეპარატებითაც. ზოგჯერ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა (მაგალითად, საკვერცხის ზოგიერთი ცისტის არსებობის, არაპერფორირებული საქალაწულე აპკის, საშოს ტიხრის შემთხვევაში და სხვა). არის შემთხვევები, როდესაც გვჭირდება სხვა დარგის სპეციალისტების – გენეტიკოსის, დერმატოლოგის, უროლოგის – ჩართვაც.
მეტი მხარდაჭერა
– იმისთვის, რომ მოზარდებმა უსაფრთხოდ გაიარონ გარდატეხის პერიოდი და გადავიდნენ ზრდასრულ ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, საზოგადოებისა და, რაღა თქმა უნდა, მედიცინის მუშაკების მხარდაჭერა.
მოზარდთა უმეტესობას არ გააჩნია საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად შეაფასოს თავისი მდგომარეობა, ერთმანეთისაგან განასხვაოს პრობლემა, რომელიც თავისთავად შეიძლება მოგვარდეს და პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას. მათ კარგად არ ესმით თავიანთი სიმპტომების მნიშვნელობა და ვერ ხვდებიან, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. არ იციან, რა სახის სამედიცინო სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი და როგორ ისარგებლონ ამ სერვისებით, ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ შვილების ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოეპაროთ და დროულად მიმართონ ექიმს.
ისიც უნდა ითქვას, რომ მოზარდ გოგონებთან ექიმებს განსაკუთრებული მიდგომა მართებთ. მოზარდები ძალზე ემოციურები არიან, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მათი ნდობის მოპოვება – ეს ექიმს სრულფასოვანი ანამნეზის შეკრებაში დაეხმარება, რაც სწორი დიაგნოზის დასმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
მარი აშუღაშვილი