კერატოკონუსი – საფრთხე ახალგაზრდების მხედველობისთვის
გააზიარე:
მიუხედავად იმისა, რომ კერატოკონუსი მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მოსახლეობას მის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს. ის მოზარდ ასაკში იწყება და 35-40 წლამდე პროგრესირებს, თუმცა შესაძლოა, დიდხანს შეუმჩნეველი დარჩეს. ამ დაავადებით გამოწვეულ მხედველობის სიმახვილის გაუარესებას ხშირად ახლომხედველობას ან ასტიგმატიზმს მიაწერენ ხოლმე.
რა დაავადებაა კერატოკონუსი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, ამაზე ვრცლად გვესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ დვალი.
რა არის კერატოკონუსი
– კერატოკონუსზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, ორიოდე სიტყვით შევეხოთ თვალის აგებულებას. დავიწყოთ იმით, რომ ბერძნული სიტყვა “კერას” ნიშნავს რქოვანას, ხოლო ლათინური “კონუს” მის ფორმას გამოხატავს. რქოვანა არის თვალის წინა გამჭვირვალე, სფერული და ოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდატეხის მქონე ნაწილი. კერატოკონუსი რქოვანას პროგრესირებადი, არაანთებითი, ორმხრივი დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა გარსი თხელდება, სუსტდება და ფორმას იცვლის – წინ არასწორად გამოიზნიქება და კონუსისებრი ხდება. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.
რა იწვევს
– სადღეისოდ კერატოკონუსის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია მისი რისკფაქტორები, მათ შორის – გენეტიკური განწყობა, ალერგიული ფონი და მშრალი თვალის სინდრომი, რომელთა მიერ პროვოცირებულმა თვალის ხშირმა სრესამ შესაძლოა ბიძგი მისცეს დაავადების განვითარებას. ზოგიერთი თეორიის თანახმად, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაც შესაძლოა ხელშემწყობი ფაქტორი იყოს.
მაპროვოცირებელი ფაქტორები
– თვალის დაავადებათაგან კერატოკონუსის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მშრალი თვალის სინდრომმა, რომელიც ვითარდება ქუთუთოს კიდეზე მდებარე მეიბომის ჯირკვლების დახშობისა და დისფუნქციის შედეგად. ეს პათოლოგია იწვევს ცრემლის ხარისხის შეცვლას. სიბლანტის შემცირების გამო ცრემლი უფრო წყალწყალა ხდება და ამიტომ უფრო იოლად ორთქლდება. ასევე ადვილად ხდება ცრემლის აორთქლება კონდიცირებულ ოთახში და ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომისას. ზოგადი დაავადებებიდან კერატოკონუსი შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებსა და დაუნის სინდრომთან. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ კერატოკონუსის ნიშნები. არსებობს მოსაზრება, რომ გენში, რომლის მუტაციის შედეგადაც ვითარდება დაუნის სინდრომი, ასევე კოდირებულია ცილა კოლაგენის წარმომქმნელი გენი. შესაბამისად, ამ სინდრომის დროს კოლაგენური კავშირები რქოვანაში შესუსტებულია, რაც იწვევს მის გათხელებას, გამოზნექას და საბოლოოდ კერატოკონუსის განვითარებას.
ახალგაზრდების დაავადება
– კერატოკონუსი ახალგაზრდების დაავადებაა. იწყება უმეტესად 12-13 წლის ასაკში, კლინიკურად ვლინდება 25 წლამდე და პროგრესირებს 35-40 წლამდე – ეს ინდივიდუალურია და განპირობებულია რქოვანაში არსებულ კოლაგენურ ბოჭკოებს შორის კავშირის გამყარებით, რასაც ასაკობრივი ხასიათი აქვს. ადრე დაწყებული დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს.
გავრცელება
– ამ არცთუ იშვიათი დაავადების საქართველოში გავრცელების თაობაზე სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. კერატოკონუსის გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირია. დაავადება ხშირად გვხვდება არაბულ პოპულაციაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ინდოეთში, მაშინ როდესაც ჩრდილოეთის, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში მისი გავრცელება გაცილებით ნაკლებია. მიღებულია, რომ კერატოკონუსი დაახლოებით 2 000-დან ერთ ადამიანს ემართება. საქართველოში ეს დაავადება საკმაოდ ხშირად აღირიცხება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კერატოკონუსი უფრო ხშირია მამრობითი სქესის პაციენტებთან.
როგორ ამოვიცნოთ
– მთავარი, რასაც პაციენტები უჩივიან ექიმთან მისვლისას, არის მხედველობის თანდათანობითი გაუარესება, რომლის კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან კონტაქტური ლინზებით. დაავადების საწყისი სტადიისთვის დამახასიათებელია ახლომხედველობის და/ან ასტიგმატიზმის განვითარება, სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი ცვლა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, საგნების დამახინჯებული აღქმა. პაციენტები ხშირად უჩივიან სინათლის წყაროს ფონზე “შარავანდედისა” და “ანარეკლის” არსებობას. თუ ანამნეზს უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათ თვალების სრესის ხშირი სურვილი და ჩვევა აქვთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, ეჭვი მივიტანოთ კერატოკონუსზე, თუმცა, რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს სწორი და მიზანმიმართული გამოკვლევა და მის საფუძველზე დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
როდის მივმართოთ ექიმს
– თუ უჩივით მხედველობის გაუარესებას და, სათვალეების ხშირი ცვლის მიუხედავად, ვერ იღებთ სასურველ შედეგს, გირჩევთ, ოფთალმოლოგს მიმართოთ კერატოკონუსის გამოსარიცხად, რადგან ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და გვიან სტადიაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
დიაგნოსტიკა
– კერატოკონუსის დასადასტურებლად საჭიროა ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება და ანამნეზური მონაცემების შეკრება. უკვე არსებობს კლასიკური და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე ხელსაწყოები და მარტივი მეთოდები, რომლებითაც უმეტესად შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, მაგრამ ზოგიერთი ფარული შემთხვევა ამ მეთოდებით შესაძლოა დროულად ვერ შევამჩნიოთ.
სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია რქოვანას სიმრუდის გაზომვა და შესწავლა. დღესდღეობით არსებობს რქოვანას ტოპოგრაფები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს რქოვანა გარსის ყველა შრის (როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირის) სტრუქტურა, სისქე, შრეების მდგომარეობა. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში გაჩნდა ძალიან მაღალი დონის ხელსაწყოები, რომლებიც უფრო და უფრო იხვეწება, ამიტომ წამყვან კლინიკებში მომუშავე ექიმებს, არა მგონია, გამოეპაროთ კერატოკონუსი, შეცდომით დასვან დიაგნოზი ან მკურნალობის არასწორი მიმართულება მისცენ პაციენტს.
როგორ მკურნალობენ
– კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და მხოლოდ ქირურგიულია. ის მოიცავს ე.წ. ქროს-ლინქინგის მეთოდს – წინასწარ რიბოფლავინით (ვიტამინ B2-ით) გაჯერებული რქოვანას ქსოვილების ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას. ტექნიკურად ოპერაცია საკმაოდ მარტივია და არავითარი საფრთხე არ ახლავს თან, თუმცა ეფექტურია მხოლოდ კერატოკონუსის ადრეულ ფაზაში. კიდევ ერთი ნაცადი მეთოდია რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, რაც გულისხმობს მის სისქეში ინდივიდუალურად გათვლილი რკალების ჩანერგვას – ეს აფერხებს დაავადების პროგრესირებას და უმეტეს შემთხვევაში აუმჯობესებს მხედველობას. დაავადების გვიან სტადიაში მიმართავენ რქოვანას გადანერგვას. ამ დროს პაციენტის რქოვანას დონორის ჯანსაღი რქოვანა გარსით ცვლიან. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ მხედველობის საკორექციოდ გამოიყენება სკლერული კონტაქტური ლინზა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი რქოვანას არასწორი ზედაპირისთვის.
როდის რომელი მეთოდია ეფექტური
– როდესაც პაციენტს არ სურს კონტაქტური ლინზების ტარება, შესაძლოა შევთავაზოთ რქოვანას შიდა რკალების იმპლანტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, დაიჭიმოს რქოვანას ზედაპირი, შეჩერდეს დაავადების პროგრესირება და, იმავდროულად, მხედველობაც მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს. გასათვალისწინებელია, რომ რკალები ყოველთვის ისე არ აუმჯობესებს მხედველობას, როგორც მყარი კონტაქტური სკლერული ლინზები, თუმცა სწორად შერჩეულ და იმპლანტირებულ რკალებს შეუძლია, მნიშვნელოვნად აამაღლოს მისი ხარისხი. მიდგომა ინდივიდუალურია. I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას ქროს-ლინქინგი და/ან ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, II-III სტადიებზე – ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, ხოლო IV სტადიაზე, შორს წასულ შემთხვევაში, როდესაც თხელი (400 მიკრონზე ნაკლები სისქის) რქოვანას გამო ეს მეთოდები უშედეგოა, რჩება ერთადერთი გზა – რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა.
ყველა ზემოხსენებული ოპერაცია, მათ შორის – რქოვანას ტრანსპლანტაციაც, წარმატებით ტარდება საქართველოში.
რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა
– სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ პრაქტიკულად მიუწვდომელია გარდაცვლილი დონორის რქოვანა, ამიტომ იძულებული ვართ, ის საზღვარგარეთ, თვალის ბანკებში შევიძინოთ. მზა ტრანსპლანტატი უნდა გადაინერგოს რაც შეიძლება სწრაფად, გადასანერგი რქოვანა მაღალი ხარისხისა უნდა იყოს, რათა დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღოთ, ამიტომ რქოვანა საკმაოდ ძვირი ღირს, შესაბამისად, ოპერაციაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში წელიწადში რქოვანას დაახლოებით 50 ტრანსპლანტაცია ტარდება.
მოსალოდნელი გართულებები
– კერატოკონუსის ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა: დაავადების ავთვისებიან, სწრაფ პროგრესირებას რქოვანას გათხელებამდე და მთლიანობის დარღვევამდე მივყავართ. ასევე შესაძლოა, რქოვანას მკვეთრი გამოზნექილობის გამო მის ზედაპირზე შემაერთებელი ქსოვილი განვითარდეს, ნაწიბური ჩამოყალიბდეს და მხედველობა საგრძნობლად დაქვეითდეს. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა გართულდეს ინფექციით, ჭრილობის ცუდი შეხორცებით, შეუთავსებლობის გამო ტრანსპლანტატის მოცილებით, რქოვანას ნეოვასკულარიზაციით (ახალი სისხლძარღვების წარმოქმნით), მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმითა და რეფრაქციული მანკით.
როგორც აღვნიშნე, ტრანსპლანტაციასაც შეიძლება მოჰყვეს გართულება, მაგრამ ვინაიდან რქოვანაში სისხლძარღვები არ არის, გართულების რისკი სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციასთან შედარებით ნაკლებია. ამ შემთხვევაში წამყვანია ორი ფაქტორი: გადანერგილი რქოვანას ხარისხი და ოპერაციის შესრულების ოსტატობა.
მწვავე კერატოკონუსი
– იშვიათად, შორს წასული კერატოკონუსის დროს, შესაძლოა განვითარდეს რქოვანას წყალმანკი – ე.წ. მწვავე კერატოკონუსი. ის ჯერ შეშუპებას გამოიწვევს. თუ პროცესი ამ ეტაპზე შეჩერდა, შეშუპება გარდაიქმნება ნაწიბურად, ხოლო თუ გაგრძელდა, მოხდება პერფორაცია – რქოვანას მთლიანობის დარღვევა. ამ დროს პაციენტი განიცდის ძლიერ ტკივილს. ხდება მხედველობის უეცარი დაბინდვა რქოვანას შეშუპების გამო. რქოვანა ამ დროს ნახევრად გამჭვირვალეა და მოთეთრო.
როგორია პროგნოზი
– დაავადების პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, რომელ სტადიაზე აღმოაჩენენ მას. რაც უფრო ადრე ისმება დიაგნოზი, მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი. სასურველია, სასწავლო დაწესებულებებში ხდებოდეს კერატოკონუსის სკრინინგი, რისკჯგუფების გამოვლენა და მონიტორინგი.
რომელი ფაქტორები უნდა ავიცილოთ თავიდან
– დაავადების არსებობისას მისი პროგრესის შესაჩერებლად პაციენტებს ვურჩევთ, უმკურნალონ მშრალი თვალის სინდრომს. ამისთვის არსებობს ცრემლის შემცველი სპეციალური წვეთები თვალის დასატენიანებლად, რომელთა ჩაწვეთება აუცილებელია დღეში 6-8–ჯერ. კარგი საშუალებაა ქვედა საცრემლე მილაკების დახშობაც, რათა ცრემლი ცხვირში არ გადავიდეს და თვალის ზედაპირზე დარჩეს. ეს თვალს გამოშრობისგან დაიცავს და თავიდან აგვაცილებს თვალის სრესის სურვილს, რომელიც შესაძლოა ჩვევაში გადაიზარდოს და რომელიც დაავადების პროგრესირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
მარიამ ჯანიაშვილი