თვალის გავრცელებული დაავადებები

გააზიარე:

კატარაქტა
როგორც დიაგრამაზე შეამჩნიეთ, მხედველობის დაქვეითების ლომის წილი სწორედკატარაქტაზე მოდის. ეს პროცენტი განვითარებადი თუ ნაკლებგანვითარებული ქვეყნების ხარჯზეა.
ჯანმრთელი თვალის ბროლი წყლისა და  წყალში ხსნადი ცილებისგან – პროტეინებისგან შედგება. კატარაქტა ბროლის ან კაფსულის შემღვრევაა. პროტეინების დაშლა ბროლის შემღვრევას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ბადურასაკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.
განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტა დედისა და ნაყოფის ზოგიერთი დაავადების გამო თვალის არასწორიგანვითარების შედეგია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ხანს დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. თუ წინათ 50 წლის ასაკში კატარაქტა იშვიათობა იყო, ახლა საკმაოდ ხშირია.
კატარაქტას განვითარებას ხელს უწყობს:
. ნივთიერებათა ცვლის მოშლა (მაგალითად, დიაბეტი);
. თვალის დაავადებები, ტრავმები, ანთებითი პროცესები;
. თვალის ოპერაციის შემდგომი გართულებანი;
. ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, თვალის ჰორმონული წვეთების) თვითნებური და გადაჭარბებული მიღება;
. ულტრაიისფერი დასხივება;
. თამბაქოს წევა.
კატარაქტის დროს მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობასა და ლოკალიზაციაზე. ადამიანს მხედველობა მაშინ აკლდება, როდესაც იმღვრევა ბროლის ცენტრალური ნაწილი. თუ შეიმღვრა ბროლის პერიფერია, კატარაქტისთვის დამახასიათებელი ნიშნები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.
კატარაქტის ერთ-ერთ ადრეულ საეჭვო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ხანდაზმული ადამიანი უეცრად ახლომხედველი ხდება და ასაკობრივი სათვალე, რომელსაც მანამდე იყენებდა მუშაობისას, აღარ სჭირდება.
კატარაქტის დროს პაციენტი ხშირად უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებას და გაბუნდოვანებას, ყველა საგანს თითქოს მოყვითალო ელფერ

ი დაჰკრავს.
კატარაქტის მომწიფებასთან ერთად ჩივილებიც იმატებს, მხედველობის საკორექციოდ სათვალეც კი აღარ შველით, იზრდება სინათლისადმი მგრძნობელობა.
კატარაქტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაინც ქირურგიულია.  უკვე აღარ არის  საჭირო, თვეობით ან წლობით ველოდოთ კატარაქტის მომწიფებას, თუ პაციენტს აქვს სერიოზული დისკომფორტი მხედველობის გამო და მხედველობის დაქვეითება მხოლოდ ამ მიზეზით არის გამოწვეული. ოპერაცია ფაქტობრივად იდეალურ შედეგს იძლევა.
თვალის თანამედროვე მიკროქირურგია მაღალხარისხოვან აპარატურას საჭიროებს. ”ავერსის კლინიკაში” კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა ხორციელდება  Infiniti-ს (ამერიკული ფირმა Alcon) ფაკოემულსიფიკატორით, რომელშიც თავმოყრილია თანამედროვე ტქნოლოგიიების ყველა მიღწევა. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და 15-20 წუთი მიმდინარეობს. ოპერაციის შემდეგ განაკვეთი ნაკერს არ მოითხოვს, რეაბილიტაციის პერიოდი მხოლოდ 1-2 კვირა გრძელდება.

დიაბეტური რეტინოპათია
უკვე ვიცით, რომ თუ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონე არ დასტაბილურდა და მკაცრი კონტროლი არ დაუწესდა, სისხლძარღვები მთელ ორგანიზმში ზიანდება. გამონაკლისი არც თვალის სისხლძარღვებია – დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირ და მძიმე გართულებას წარმოადგენს. ამ დროს ბადურას სისხლძარღვები უფრო და უფრო მეტად ზიანდება და მხედველობა (განსაკუთრებით –ცენტრალური) თანდათან სუსტდება.
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის რამდენიმე ფორმას. თავდაპირველად თვალის ფსკერზე ჩნდება წვრილი სისხლჩაქცევები და ფართოვდება ვენები. დაავადების განვითარებასთან ერთად დაზიანება ღრმავდება, სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს, თვალის ცენტრალური არე შუპდება, შორს წასულ შემთხვევაში კი შესაძლოა ბადურა საერთოდ ჩამოიშალოს.
მხედველობის დაკარგვა თავიდან რომ ავიცილოთ, ორი რამ არის აუცილებელი: პირველი – რაც შეიძლება კარგად ვაკონტროლოთ ძირითადი დაავადება და მოვახერხოთ, რომ სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში მერყეობდეს. მეორე – რაც შეიძლება ადრე გამოვავლინოთ თვალის ფსკერის პათოლოგიური ცვლილებები და თანამედროვე მეთოდებით ვუმკურნალოთ.
ბოლო ხანს დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობაში წამყვანი ადგილი ბადურას ლაზერკოაგულაციას ენიჭება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და ლაზერკოაგულაციის მეშვეობით ბადურას მკურნალობა ხელს უშლის დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას და საშუალებას გვაძლევს, მხედველობა პაციენტთა 80%-ს შევუნარჩუნოთ. 
საზეპირო: თუ დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, ენდოკრინოლოგის ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს, მერე კი მასთან ზუსტად იმ პერიოდულობით იარეთ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, როგორსაც ექიმი გირჩევთ.


გლაუკომა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 40-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის 2%-ს და 70 წელს გადაცილებულთა 8%-ს მაღალი თვალშიგა წნევა აქვს; თვალისჩინდაკარგულთა 9-12%-ს გლაუკომის დიაგნოზს უსვამენ. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 5 500-მდე ადამიანი ბრმავდება.

გლაუკომისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ხანდაზმულებისთვის რისკი გაცილებით მაღალია.
გლაუკომის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ, მათი უმრავლესობის მექანიზმი კი ზუსტად ისეთია, ზევით, თვალის აგებულებაზე საუბრისას რომ მოგახსენეთ: თვალშიგა წნევა იმატებს და თუ სასწრაფოდ 
კონტროლი არ დავუწესეთ, თვალის მნიშვნელოვან სტრუქტურებს დააზიანებს და უსინათლოდ დაგვტოვებს.

გლაუკომა ვერაგი დაავადებაა და ჩუმად ეპარება ადამიანს. თავდაპირველად პერიფერიულ მხედველობას ვკარგავთ, თითქოს მილში ან ვიწრო გვირაბში ვიცქირებოდეთ, თანდათანობით ცენტრალური მხედველობაც ქვეითდება და თუ დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, დასაკარგიც აღარაფერი რჩება. ისეც ხდება, რომ ველის შევიწროებას და მხედველობის დაქვეითებასაც ვერ ამჩნევენ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ საერთოდ ვეღარ ხედავენ.
გლაუკომის განვითარების რისკის ჯგუფში შედიან: 
. 40 წელს გადაცილებულები;
. გლაუკომით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ადამიანები.
დაავადების წამალი არ არსებობს, მაგრამ მართვა შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პროცესის შეჩერება და შემდგომი დაზიანებისგან თვალის დაცვა, უკვე მიყენებულ ზიანს კი ვეღარ გამოვასწორებთ. დაკარგულ მხედველობას ვერანაირი მკურნალობა ვერ დაგვიბრუნებს. ერთადერთი, რაც გლაუკომის დროს თვალებს დაიცავს, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.
გახსოვდეთ:
. გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობა აღარ აღდგება.
. გლაუკომა, როგორც წესი, ფარულად მიმდინარეობს. მას ვერ ამჩნევენ, ვიდრე მხედველობა საგრძნობლად არ დაქვეითდება.
. გლაუკომის კონტროლი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობით სავსებით შესაძლებელია.
. გლაუკომა ქრონიკული დაავადებაა და მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას მოითხოვს.
. თვალშიგა წნევის გაზომვა 40 წლის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო.

“ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ გაიზომოს თვალის წნევა. დიაგნოსტიკა ტარდება ყოველდღე.


მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია
60 წლიდან ცენტრალური მხედველობის მოშლის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ცვლილებები ყვითელი ხალის არეში, რასაც მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია ეწოდება. როგორც უკვე გითხარით, თვალის ეს ნაწილი ცენტრალურ მხედველობაზე აგებს პასუხს და გამოსახულების დეტალების გარჩევაში გვეხმარება. რა იწვევს მაკულის ასაკობრივ დეგენერაციას, უცნობია. შესაძლოა, ბრალი მიუღძვოდეს მზის სხივების, არასწორი კვებისა და სხვა  მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით ყვითელი ხალის სისხლძარღვებისა და სხვა ძირითადი სტრუქტურების დაზიანებას. ამ დროს ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები ირიბი ეჩვენება. პერიფერიული მხედველობა, წესისამებრ, არ იცვლება.
ასაკთან ერთად, აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ყვითელი ხალის დეგენერაციის რისკფაქტორებად მიიჩნევენ  მოწევას, სისხლით ნათესავებში მსგავსი დაავადების არსებობას და კავკასიური რასისადმი კუთვნილებას.
დაავადების თავიდან ასაცილებლად ან განვითარების შესაფერხებლად ექიმები გვირჩევენ: 
- უარი თქვათ თამბაქოზე;
- ივარჯიშოთ;
- შეინარჩუნოთ არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტეროლის დონის ნორმალური მაჩვენებლები;
- იკვებოთ ჯანსაღად, რაციონი ახალი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულითა და თევზით გაიმდიდროთ.
დანამდვილებით ვერც იმას ამბობენ, მოახდენს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ცხოვრების წესის შეცვლა გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ რომ არაფერს გავნებთ და საერთო ჯანმრთელობას წაადგება, ეს ზუსტად იციან.

გააზიარე: