რითია საშიში ძაღლის ნაკბენი?

გააზიარე:

 

რამდენიმე კვირის წინ, სეირნობისას, ძაღლების ჩხუბს შევესწარი. ერთი, ტანად უფრო დიდი, მეორეს, მომცროს უყეფდა და გასაქანს არ აძლევდა. პატარა ძაღლს კუდი ლაჯებში ამოედო, თავი დაეხარა, ყურები ჩამოეყარა, ერთი სიტყვით, მთელი სხეულით მორჩილებას გამოხატავდა, მაგრამ დიდი არ ცხრებოდა. ჩავერიე, პატარას გამოვექომაგე, დიდი კი დავტუქსე. როგორც ამბობენ, სიკეთე დაუსჯელი არ რჩება – მხარდაჭერით გამხნევებულმა პატარა ძაღლმა შეტევა გადაწყვიტა და... ჩაკბიჩა პირველივე, რაც პირში მოხვდა – ჩემი წვივი.

მეტკინა, უფრო მეტად კი მეწყინა, მაგრამ  ძაღლისთვის მორალის საკითხავად არ მეცალა – ჭრილობა საკმაოდ ღრმა და სისხლმდენი ჩანდა. მოჩხუბრებს თავი მივანებე და ექიმ რაბიოლოგის კაბინეტისკენ გავქანდი.

რუბრიკა “ვეტკაბინეტისთვის” მასალის მომზადების იდეა მაშინვე დამებადა, მეორე მისვლაზე კი უკვე კითხვებით და ხმის ჩამწერით ვიყავი შეიარაღებული – ვინ იცის, იქნებ ჩვენს მკითხველებს შორისაც აღმოჩნდნენ სუსტების ქომაგები და "მომრიგებელი მოსამართლეები”.

 

რითია საშიში ნაკბენი

* თუ ჭრილობა ძლიერ სისხლმდენია, შესაძლოა, დაზიანებული იყოს მსხვილი სისხლძარღვები. დაკბენილმა ბევრი სისხლი რომ არ დაკარგოს, აუცილებელია სისხლდენის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება.

* კბენის დროს უწინარესად კანი და კანქვეშა ქსოვილები ზიანდება. თუ ნაკბენი ღრმაა, შესაძლოა, კუნთები და ძვლებიც კი დაზიანდეს. ძაღლის ნაკბენი საკმაოდ დიდხანს ხორცდება და სასწრაფო დეზინფექციას მოითხოვს, რადგან ცხოველის პირის ღრუში უამრავი ბაქტერია ბინადრობს.

 

ცოფის შესახებ

ცოფი მეტად საშიშ დაავადებად მიიჩნევა, რომელიც პრაქტიკულად არ იკურნება. მისი მხოლოდ პროფილაქტიკაა შესაძლებელი. აცრა თუ დაგვიანდა, ლეტალური შედეგი გარდაუვალია. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია წამალი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება.

სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ცოფზე საეჭვოდ მიიჩნევა ყველა ძუძუმწოვარი, რომელმაც ადამიანს ზიანი მიაყენა, თუმცა ცოფის ვირუსით ადამიანის ინფიცირების ძირითადი წყაროა ძაღლი. სახიფათოა როგორც დაკბენა, ისე დადორბვლა და დაკაწვრაც, რადგან ცოფის ვირუსი არა მხოლოდ ჭრილობიდან, არამედ დაუზიანებელი (!) ლორწოვანიდანაც კი აღწევს ორგანიზმში. ასე რომ, ექიმთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. სპეციალისტი გამოიკითხავს, რა პირობებში მოხდა კონტაქტი, ჭრილობას დაათვალიერებს, დაამუშავებს და გადაწყვეტილებს, დანიშნოს თუ არა ანტირაბიული (ანუ ცოფის საწინააღმდეგო) პროფილაქტიკური მკურნალობა.

 

ვის მივმართოთ

ცხოველის მიერ დადორბვლის, დაკაწვრის და, მით უმეტეს, დაკბენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ იმუნიზაციის ცენტრს (მისი რაბიოლოგიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს) ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც აქვთ რაბიოლოგიის კაბინეტი და ჰყავთ ქირურგი რაბიოლოგი.

ექიმთან მისვლისას აუცილებლად უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და, თუ დაზღვეული ბრძანდებით, დაზღვევის ბარათიც. საყოველთაო დაზღვევა მთლიანად ანაზღაურებს ვაქცინაციის კურსს. კერძო დაზღვევის შემთხვევაში ექიმი თავად უკავშირდება სადაზღვევო კომპანიას და გაარკვევს დაფინანსების დეტალებს.

 

როგორ უნდა დამუშავდეს ჭრილობა, თუ ექიმთან მაშინვე ვერ მოხვდით

სპეციალისტების რჩევით და პროტოკოლის თანახმად, ნაკბენი ჭრილობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიბანოს საპნითა და გამდინარე წყლით (ნაკბენი 15 წუთი მაინც უნდა იყოს წყალქვეშ), მერე კი ვირუციდული (ვირუსის მომსპობი) საშუალებით დამუშავდეს. ჭრილობის გარშემო არე უნდა მოსუფთავდეს ბეტადინის ხსნარით და დაედოს ასეპტიკური (დეზინფიცირებული, სტერილური) ნახვევი.

ნუ ეცდებით სისხლდენის დაუყოვნებლივ შეჩერებას – სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვიც გამოდის.

საზოგადოდ, ნაკბენის ქირურგიული დამუშავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამისთვის სასიცოცხლო ჩვენება – სისხლდენა, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. სამი დღის განმავლობაში ჭრილობის გაკერვა არ არის რეკომენდებული.

 

როდის და როგორ ტარდება აცრა

ცოფის საწინააღდეგო ვაქცინაცია გულისხმობს ნაკბენ (დაკაწრულ, დადორბლილ) ადგილას ცოფის ანტისხეულების შეყვანას. ცოფთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკაც.

ცხოველთან არასასურველი კონტაქტის შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაუყოვნებლივ იწყება. წინათ, თუ ცხოველზე დაკვირვება შესაძლებელი იყო, ათი დღის განმავლობაში აცრისგან თავს იკავებდნენ. თანამედროვე მიდგომით, ვაქცინაცია უნდა დაიწყოს მიმართვის დღესვე, ხოლო თუ ცხოველზე დაკვირვება შესაძლებელია, განსაზღვრული შუალედებით გაკეთებული პირველი სამი ნემსის შემდეგ პაციენტი, ჩვენებისამებრ, აგრძელებს ან წყვეტს კურსს.

თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, ვაქცინაციის შეწყვეტა არ შეიძლება!

 

ვაქცინაციის შემდეგ

ექიმი რაბიოლოგი პაციენტს დეტალურად უხსნის, როგორ უნდა მოიქცეს ვაქცინაციის შემდეგ. საჭიროა რამდენიმე წესის ზედმიწევნით დაცვა:

* არ შეიძლება კურსის თვითნებურად შეწყვეტა.

* აცრა არ კეთდება უზმოზე.

* აცრების პერიოდში არ არის სასურველი მზის აბაზანების მიღება, ღია წყალსაცავში ბანაობა, გადახურება, გადაცივება, გადაღლა.

* რეკომენდებულია რეგულარული შხაპი. ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ექიმი გასცემს. ღრმა და ფართო ჭრილობის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური ჰიგიენური პროცედურები.

* ანტიტეტანური შრატით, ანატოქსინით და ანტირაბიული იმუნოგლობულინით ვაქცინაციიდან 1-2 ან 6-8 დღის შემდეგ მოსალოდნელია როგორც ადგილობრივი (შეწითლება, ქავილი), ასევე ზოგადი (კვინკეს შეშუპება, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქცია, შრატისმიერი დაავადება) ალერგიული რეაქციები.

* ბეჭთან გაკეთებული ნანემსარი შესაძლოა რამდენიმე დღე გტკიოდეთ. ეს ნორმალურია და ექიმთან დამატებით ვიზიტს არ მოითხოვს.

რისკის შესამცირებლად ინიშნება შესაბამისი რეჟიმი და დიეტა. სასურველია, რაციონიდან გამოირიცხოს ცხვრისა და ღორის ხორცი, რძე, კვერცხი, ძეხვეული, ციტრუსი, ცხარე, მჟავე, სანელებლიანი საკვები, ყავა, შოკოლადი, მარწყვი და ა.შ.

ვაქცინაციის პერიოდში უმნიშვნელო ოდენობის ალკოჰოლის მიღებაც კი აკრძალულია. იკრძალება ალკოჰოლის შემცველი ტკბილეულიც: ლიქიორიანი ან კონიაკიანი შოკოლადი, ლიქიორიანი ან კონიაკიანი კრემით მორთული ნამცხვარი. ალკოჰოლი ამცირებს ვირუსისადმი წინააღდეგობის გაწევის უნარს, იწვევს ალერგიულ რეაქციას.

საჭიროებისამებრ, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიჰისტამინური (ალერგიული რეაქციის საწინააღმდეგო) მკურნალობაც.

პ.ს. სავალდებულო საპროფილაქტიკო აცრების კურსის შემდეგ (პირველი სამი ნემსი გამიკეთეს სამდღიანი შუალედებით) იმავე ადგილს მივაშურე, სადაც ეს უსიამოვნება შემემთხვა. მაინტერესებდა, როგორ გრძნობდა თავს უმადური პატარა აგრესორი. ცოტა ხანს ვიხეტიალე და ნაცნობი ცუგაც დავინახე – თავს მშვენივრად გრძნობდა, მხიარულად დაკუსკუსებდა და კუდს აქიცინებდა. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა – ეს ნიშნავდა, რომ, ექიმის ნებართვით, დანარჩენი ნემსების გაკეთება საჭირო აღარ იყო. ცუგას, მწარე გაკვეთილის შემდეგ, შორიდან დავემშვიდობე და იქაურობას გავეცალე.

ამიერიდან ზუსტად ვიცი, რომ კატების, ძაღლების და სხვა შინაური თუ გარეული ცხოველების კონფლიქტში ჩარევა ადამიანის მხრივ არცთუ გონივრული საქციელია, ხოლო თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, ჯობს, სპეციალისტებს დავუკავშირდეთ.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ, ძვირფასო მკითხველებო.

ნინო ლომიძე

გააზიარე: