მზე მაცოცხლებელი და მზე გამანადგურებელი

გააზიარე:

 

 

ულტრაიისფერი პრობლემები

მზის ბნელი მხარე

მზის ალერგია

დაცვა უპირველეს ყოვლისა

 

 

 

 

მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავი თავად მზეა. ის დედამიწაზე 109-ჯერ დიდია და უმთავრესად გავარვარებული აირებისგან – წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. მზის მოქმედების არეალი სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტებს – ნეპტუნსა და პლუტონსაც კი სცდება.

მზის მძლავრი ენერგიისა და სითბოს გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. უმზეო გარემოში ადამიანი ავადდება, მაგრამ მზის სხივების სიჭარბემაც შეიძლება დაგვაავადოს. განსაკუთრებით საშიშია ულტრაიისფერი სხივები, რომელთა დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლო შემოჭრას ოზონის შრე უშლის ხელს.

 

მზის გამოსხივება

მზის გამოსხივების დაახლოებით ნახევარს ინფრაწითელი გამოსხივება შეადგენს, რომელსაც ჩვენთან სითბო მოაქვს. დაახლოებით 40% ხილული სინათლეა, რომელიც გარემოს ანათებს, ხოლო 10% – ულტრაიისფერი გამოსხივება.

ულტრაიისფერი გამოსხივება სამი ტიპის, პირობითად – A, B და C, სხივებისგან შედგება. A ტიპის გამოსხივება აუცილებელია სიცოცხლისთვის და დედამიწამდე შეუფერხებლად აღწევს, B და C კი მავნეა როგორც ადამიანისთვის, ისე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც. C ტიპის გამოსხივებას, რომელსაც ყველაზე მოკლე ტალღები აქვს, ოზონის შრე მთლიანად შთანთქავს, B ტიპისას კი – იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშია თავად.

ატმოსფეროში ულტრაიისფერი გამოსხივების დაახლოებით 70% შთაინთქმება. დედამიწამდე მოღწეული სხივების 95% გრძელტალღოვანია, ანუ A ტიპისა. მათ კანში უფრო ღრმად შეუძლიათ შეღწევა, ვიდრე მოკლეტალღოვან სხივებს. რუჯსაც ისინი იწვევენ.

ულტრაიისფერი გამოსხივება იმითაა საშიში, რომ ხელს უწყობს კანის დაბერებას და დანაოჭებას. დადგენილია, რომ მათი ჭარბი ზემოქმედება ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერი სხივები ასევე ვნებს თვალებს, ასუსტებს იმუნიტეტს. მათ მავნე ზემოქმედებას სიძლიერით რენტგენის სხივების ზემოქმედებას ადარებენ.

ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე საგრძნობლად აფერხებს მცენარეების ზრდას და, შესაბამისად, მოსავლიანობასაც ამცირებს, აზიანებს ოკეანეებისა და ზღვების მიკროგარემოს, ქვირითს, რაც თევზჭერაზეც უარყოფითად აისახება.

 

ოზონის შრე

მზის ამ მავნე გამოსხივებისგან ჩვენს დაცვაზე ისევ ბუნებამ იზრუნა. ჩვენი მთავარი მცველი ოზონის შრეა. ოზონი აირია, რომლის მოლეკულა ჟანგბადის სამი ატომისგან შედგება. ის ატმოსფეროს სამივე შრეშია – როგორც ტროპოსფეროში, ისე სტრატოსფეროსა და იონოსფეროშიც, მაგრამ მხოლოდ სტრატოსფეროში, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 15 კილომეტრ სიმაღლეზე იწყება და 50-60 კილომეტრზე მთავრდება, აქვს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმის უნიკალური თვისება.

ოზონის მოლეკულების უდიდესი ნაწილი ეკვატორზე წარმოიქმნება, რადგან ამისთვის მზის ენერგიაა აუცილებელი, მაგრამ სტრატოსფერული ქარები მათ პოლუსებისკენ ერეკებიან, ამიტომ ოზონი ყველაზე ნაკლები სწორედ ეკვატორთანაა.

 

ოზონის ხვრელი

ოზონის ხვრელი ოზონის შრის გაიშვიათებული ადგილია, რომელიც პოლარული გაზაფხულის პერიოდში პოლუსებზე (უმეტესად – სამხრეთ პოლუსზე) ჩნდება. ხვრელს უწოდებენ ოზონის დაახლოებით 60%-ით გაიშვიათებულ შრეს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია – ოზონის შრის 10%-ით გათხელებას 20%-ით მეტყი ულტრაიისფერი სხივის შემოჭრა მოჰყვება. იყო შემთხვევა, როდესაც ეს ხვრელი გასცდა ანტარქტიდას და დასახლებულ პუნქტამდე, ჩილეს ტერიტორიამდე მიაღწია.

ოზონის ხვრელი პერიოდული მოვლენაა – დაახლოებით ორ თვეს ძლებს, მერე კი თანდათან აღდგება. ბუნებრივ პირობებში ის არ წარმოიქმნება – ჩვენი “დახმარებით” ჩნდება, ადამიანის მიერ წარმოებული ოზონდამშლელი ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერთან ერთად გადაადგილდება და პოლუსებზე სტრატოსფერულ ღრუბლებში კრისტალდება. პოლარულ გაზაფხულზე მათგან გამოთავისუფლდება ქლორისა და ბრომის ატომები, რომლებიც ოზონის მოლეკულების დაშლის აქტიურ ციკლს იწვევს. ქლორის ერთ ატომს ოზონის ათიათასობით მოლეკულის დაშლა შეუძლია. ოზონის შრე აქტიურად იშლება და ამ პერიოდში მზის ენერგიის სისუსტის გამო აღდგენას ვერ ასწრებს.

 

რა შლის ოზონს

მთავარი ოზონდამშლელი ნივთიერებები ფრეონებია. ფრეონი გახლავთ ტექნიკური სახელწოდება, რომელიც ქლორფთორნახშირბადებსა და ქლორფთორნახშირწყალბადებს – აერთიანებს. მათ უმთავრესად სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემებში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში, სოფლის მეურნეობაში იყენებენ. სანამ ფრეონი დახურულ სისტემაშია მოქცეული, საფრთხეს არ გვიქადის, არც ტოქსიკურია და არც ფეთქებადი (სწორედ ამ თვისებების გამო დაინერგა ასე ფართოდ მრეწველობაში და მისმა აღმომჩენმა ნობელის პრემიაც კი მიიღო). სამაგიეროდ, ძალიან მდგრადია, ამიტომ სახიფათოა გარემოსთვის. ატმოსფეროში დიდ სიმაღლეს აღწევს და იქ იშლება. ზოგიერთი ფრეონი 100 წელს და მეტსაც ძლებს. მათი გამოგონებიდან ჯერ მხოლოდ 80 წელია გასული, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, 80 წლის წინ გაფრქვეულმა ნივთიერებებმა ახლა დაიწყოს მოქმედება.

 

კიდევ ერთი საფრთხე

სტრატოსფეროში არსებულ ოზონთან ერთად, რომელიც ეკრანივით გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, არსებობს მიწისპირა ოზონიც. ის მაღალი ტემპერატურისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიშობა გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერში სხვადასხვა ქიმიური ნაერთისგან – აზოტის ჟანგეულებისგან, ნახშირწყალბადებისგან... მიწისპირა ოზონი მიეკუთვნება მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერებათა პირველ კლასს, ახდენს როგორც ზოგად ტოქსიკურ (ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, თვალისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას), ისე მუტაგენურ, კანცენოგენულ ეფექტსაც. უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თუ საქართველოს დიდი ქალაქების ეკოლოგიურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, აღარ გაგვიკვირდება სიმსივნური დაავადებების, უშვილობისა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მატება.

ოზონი განსაკუთრებულ საფრთხეს უქადის მოხუცებს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებით დაავადებულებს, ასთმის, ალერგიისა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს.

ორგანიზმში მოხვედრილი მიწისპირა ოზონი თავისი რეაქციული თვისებების წყალობით უმალვე ერთვება მეტაბოლიზმში. განსაკუთრებით აზიანებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმს, რითაც აფერხებს ბრონქებიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას, ამან კი სამომავლოდ შესაძლოა სიმსივნემდეც კი მიგვიყვანოს. როდესაც დაზიანებულ ლორწოვანზე ოზონის ზემოქმედება გადაივლის, მასზე ადვილად მრავლდებიან მიკრობები, ამიტომ სასუნთქი გზების დაავადებები ხანგრძლივდება. სწორედ ამის შედეგია, რომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცამების თანახმად, დაბინძურებულ რეგიონებში ბავშვებთან რესპირატორული ინფექციები 2-2.5-ჯერ გახანგრძლივდა.

ოზონი აზიანებს სხვა ლორწოვან გარსებსაც. შესაძლოა, გამოიწვიოს თვალის ლორწოვანის გაღიზიანება და აკომოდაციის უნარის დაქვეითება.

ოზონით მოწამვლას ახასიათებს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სუნთქვის შენელება, ფილტვების შეშუპება, მძიმე შემთხვევებში – სიკვდილიც კი. საინტერესოა, რომ ზოგ ქვეყანაში, სადაც სიკვდილიანობას იკვლევენ, გამონაფრქვევით ჰაერის ძლიერი დაბინძურების დღეებში მისი მაჩვენებელი 2-3%-ით იმატებს.

როგორც ხედავთ, მიწისპირა ოზონის მავნე მოქმედებაშიც ულტრაიისფერი სხივებია დამნაშავე, რომელთა მატება, თავის მხრივ, სტრატოსფეროს ოზონის გაიშვიათებითაა განპირობებული.

 

დავიცვათ ოზონის შრე

დასკვნა ერთია: დედამიწის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ოზონის შრის შენარჩუნება, ამაში კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა. მაგალითად, მაცივრისა და კონდიციონერის შეძენისას ოზონუსაფრთხო ტექნოლოგიებზე არჩევანის შეჩერება. შესაძლოა, დღეს ასეთი დანადგარები უფრო ძვირი დაგვიჯდეს, მაგრამ სამომავლოდ თავიდან აგვაცილებს შეკეთების მეტ ხარჯს, რადგან ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება აიკრძალება და, შესაბამისად, ამ ნივთიერებათა შემცველი ტექნიკის შეკეთება გაძვირდება.

თუ გადაწყვეტთ, ფრეონზე მომუშავე ძველი მაცივარი ჯართად ჩააბაროთ, ჯერ ტექნიკოსი გამოიძახეთ, რომ ფრეონი ატმოსფეროში არ გაუშვან. საქართველოში საზოგადოებრივ საწყისებზე ფუნქციობს მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრი, რომელსაც დაუკავშირდებით ნომერზე 271 43 17. ამ სააგენტოს თანამშრომლები ფრეონს უფასოდ ამოტუმბავენ, მერე კი შეგიძლიათ, თამამად ჩააბაროთ ძველი მაცივარი.

ცნობისათვის: თუ მაცივრის ძრავაზე ან ეტიკეტზე არის აღნიშვნა R-22 ან R-12, ეს ნიშნავს, რომ დანადგარი ოზონდამშლელ ნივთიერებას შეიცავს.

დღეს მსოფლიოს საზოგადოება ერთობლივად ზრუნავს, რომ მომავალ თაობებს შედარებით ჯანსაღი გარემო დაუტოვოს. 1987 წელს მონრეალში მიღებული ოქმი “ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” პირველი ხელშეკრულებაა, რომელმაც 2009 წელს უნივერსალურ რატიფიკაციას მიაღწია – მას გაეროს მიერ აღიარებული ყველა ქვეყანა შეუერთდა და პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. უკვე დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ღონისძიებათა წყალობით 2050 წლისთვის ოზონის შრე 1980-იანი წლების მაჩვენებელს დაუბრუნდება.

 

ულტრაიისფერი პრობლემები

ფრთხილად, გარეთ ცხელა! ეს გაფრთხილება შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ გვერწმუნეთ, წელიწადის ამ დროს ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. სიცივეს კაცი მოუკლავსო, გვესმის ბავშვობიდან. როგორც ირკვევა, სიცხეც არანაკლებ საშიში ყოფილა. კარგი ის არის, რომ მზის მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა შესაძლებელია. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მეტი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. ასე რომ, დავიწყოთ და მივყვეთ.

 

ყველაზე ახლოს, ყველაზე დაუცველი

რა გასაკვირია, რომ მზის სხივები ყველაზე მეტად იმ ორგანოს ვნებს, რომელსაც მათთან ყველაზე ხშირი და ახლო კონტაქტი აქვს – კანს.

საზოგადოდ, კანს თავადვე აქვს დაზიანებისგან დამცავი მექანიზმი – მისი ზედაპირული შრე განუწყვეტლივ იშორებს მკვდარ უჯრედებს. ასეთ “თვითრემონტს” ყველა შევსწრებივართ. მაგრამ ხანგრძლივი ზემოქმედების დროს კანის თავდაცვითი უნარი საკმარისი აღარ არის და პრობლემები იჩენს თავს. მათი ნუსხა ვრცელია. დავიწყოთ ყველაზე მძიმე პათოლოგიით – კანის კიბოთი.

 

მზარდი გავრცელება

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში, კანის კიბო ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. ამ ქვეყნებში მისი გავრცელება აღემატება ძუძუს, წინამდებარე ჯირკვლის, ფილტვებისა და სწორი ნაწლავის კიბოს. კანის კიბო ნომერ პირველ ავთვისებიან სიმსივნედ იქცა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც. ექსპერტები ამ ტენდენციას სწორედ მზის ზემოქმედებას უკავშირებენ – ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა. უკანასკნელი მონაცემებით, მელანომითა თუ კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნით ყოველ წელს 66 000 ადამიანი კვდება.

ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც კანის უჯრედებში აღწევს, გენეტიკურ მასალას – დნმ-ს აზიანებს. ეს უჯრედებს სწრაფ ზრდასა და დაყოფას აიძულებს. სწორედ ამის შედეგია სიმსივნე. კანის კიბოს ზოგიერთი სახესხვაობა კანში ღრმად აღწევს, ზოგი კი სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.

 

მელანომა – გამორჩეული სიმსივნე

მელანომა კანის კიბოს ყველაზე მძიმე და საშიში ფორმაა – მიუხედავად იმისა, რომ კანის კიბოს შემთხვევათა საერთო რაოდენობის სულ რაღაც სამ პროცენტს შეადგენს, ამ დაავადებით გამოწვეულ გარდაცვალებათა 75% სწორედ მის წილად მოდის. მელანომა იმ უჯრედებისგან წარმოიშობა, რომლებიც პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებს. დაავადების მთავარი რისკფაქტორი ულტრაიისფერი გამოსხივება და ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში გადატანილი მზით დამწვრობაა. დიახ, კანის სხვა ავთვისებიანი დაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც პათოლოგიური პროცესი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიღებული გამოსხივების შედეგია, მელანომის განვითარებაში მთავარ როლს ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში გადატანილი დამწვრობა ასრულებს, ამიტომ კიბოს ეს სახეობა ახალგაზრდებთანაც გვხვდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მელანომა ასი ათასიდან ერთს ემართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი გაცილებით მძიმეა. ამასთან, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, მელანომაც ჩვენს ქვეყანაში უმეტესად გვიან სტადიებზე დიაგნოსტირდება.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც მელანომას სხვა ავთვისებიანი დაავადებებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ სიმსივნე სხეულის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზე წარმოიშობა და ამის გამო ძნელი შესამჩნევია, თანაც უმნიშვნელო სიმპტომების უკან ზოგჯერ შორეული მეტასტაზები დგას. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, თვეში ერთხელ მაინც დავითვალიეროთ კანი.

საყურადღებო ნიშანია ასიმეტრიული, უსწორმასწოროკიდეებიანი, სხვადასხვა შეფერილობის წარმონაქმნი, რომელიც დროთა განმავლობაში სახეს იცვლის.

გახსოვდეთ, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი სიმსივნე (რომელიც არ სცილდება კანის ბაზალურ მემბრანას) იკურნება!

 

დისკრიმინაციული დაავადება

ალბათ გაგიგონიათ, რომ მელანომა უფრო მეტად ქათქათა კანის პატრონებს ემართებათ. ეს წარმოდგენა მართლაც ახლოა სიმართლესთან, თუმცა მოდი, თავიდან დავიწყოთ.

განასხვავებენ კანის რამდენიმე ტიპს. პირველი ტიპისაა კანი, რომელიც ადვილად იწვება და ვერ ირუჯება. მეორე ტიპის კანი ირუჯება, თუმცაღა ძნელად. მესამე ტიპისა ადვილად ირუჯება, თუმცა მზეზე დიდხანს ყოფნისას იწვება. მეოთხე ტიპისა იშვიათად იწვება. კიდევ უფრო იშვიათად იწვება მეხუთე ტიპისა (ამ ტიპის კანი აქვთ, მაგალითად, ინდოელებს), მეექვსე ტიპისას კი დამწვრობა საერთოდ არ ემუქრება.

კანის ფერი მასში პიგმენტ მელანინის შემცველობაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს პიგმენტი გვიცავს მზის მავნე გამოსხივებისგან. აქედან გამომდინარე, მელანომის განვითარების მაღალი რისკი იმ ადამიანებს ემუქრება, ვისი კანიც ნაკლებ მელანინს შეიცავს. აფროამერიკელებს კი ეს დაავადება ფაქტობრივად არ ემართებათ.

თუმცა მზისგან დაცვა მხოლოდ თეთრი კანის პატრონებს როდი სჭირდებათ. დაავადება, თუმცაღა გაცილებით იშვიათად, მუქი კანის პატრონებთანაც გვხვდება, თანაც მათთან უფრო გვიან და, შესაბამისად, საშიშ სტადიებზე ვლინდება. ამასთან, ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული სხვა პრობლემები (მაგალითად, თვალის დაავადებები) კანის ტიპზე დამოკიდებული არ გახლავთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ მელანომის ყველა შემთხვევა მზეს არ უკავშირდება. განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორებს და იმუნური სისტემის მდგომარეობასაც. დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია ხალების სიმრავლე, განსაკუთრებით – დიდი და უსწორმასწორო ფორმის წარმონაქმნების არსებობა. ამასთან, თუ უკვე გაქვთ გადატანილი კანის რომელიმე კიბო, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი იმატებს.

 

არამელანომა

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად კანის არამელანომური ავთვისებიანი დაავადების 2-3 მილიონი შემთხვევა აღირიცხება. კანის არამელანომური სიმსივნეები ნაკლებად ფატალურ შედეგებს იწვევს, მაგრამ უყურადღებოდ არც მათი დატოვება შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი გავრცელდება და ჯანმთელობა უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის.

არამელანომური ავთვისებიანი სიმსივნე ძირითადად ორი ტიპისაა: ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კიბო. გაითვალისწინეთ: ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში ისინიც იშვიათად იწვევენ ფატალურ შედეგებს.

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. ის უმეტესად თავზე ან კისერზე წარმოიქმნება და პატარა ხორცმეტს ან კვანძს წააგავს. სიმსივნე ნელა იზრდება, სხეულის სხვა ნაწილებზე იშვიათად ვრცელდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ძვალში შეაღწიოს და სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ბრტყელუჯრედოვანი კიბო კვანძს ან წითელ ლაქას მოგვაგონებს. ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისგან განსხვავებით, ის დიდ ზომასაც აღწევს და სხეულის სხვა ნაწილებზეც იოლად ვრცელდება.

ულტრაიისფერი გამოსხივება მხოლოდ კანის კიბოს არ იწვევს – მზის მავნე ზემოქმედების შედეგია აქტინიური კერატოზიც. ამ დროს სახეზე, ხელებზე, წინამხარზე ან კისერზე (იშვიათად – სხეულის სხვა ნაწილებზე) პატარა ლაქები ან რქისმაგვარი წანაზარდი ჩნდება. აქტინური კერატოზის განვითარების მაღალი რისკი ემუქრება მას, ვისაც ღია ფერის კანი აქვს და ხშირად იწვება მზეზე. სხვა რისკფაქტორებია ცისფერი ან მწვანე თვალები, წითელი ან ქერა თმა. დაავადება ბტყელუჯრედოვანი კიბოს წინარე მდგომარეობად მიიჩნევა.

ასე რომ, თუ კანზე წამოწეული, უხეში სტრუქტურის მქონე მოწითალო წანაზარდი შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.

 

ნაადრევად დაბერებული

მზის ქრონიკული ზემოქმედება კანის ნაადრევ დაბერებასაც იწვევს. ამ დროს კანი სქელდება, უხეშდება და ნაოჭდება. ვინაიდან პროცესი თანდათანობით ვითარდება, ხშირად ამას ბუნებრივად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი კანის იმ ცვლილებათა 90%, რომლებსაც დაბერებით ხსნიან, არა ასაკის, არამედ სწორედ მზის ზემოქმედების შედეგი ყოფილა. ამრიგად, ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვით შეიძლება თავიდან ავიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება და დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი.

მზის ლენტიგო კანის ჰიპერპიგმენტაციაა – კარგად შემოსაზღვრული ბრტყელი მოყავისფრო ლაქა, რომელიც ბუნებრივი ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად ვითარდება. ლაქა ერთეულიც შეიძლება იყოს და მრავლობითიც. ლენტიგო კეთილთვისებიანია, თუმცა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მზეზე მეტისმეტად ბევრ დროს ატარებთ, რაც შესაძლოა არაერთი სხვა პრობლემის მიზეზად გექცეთ, ამიტომ პირველი, რაც ლენტიგოს აღმოჩენისას უნდა გააკეთოთ, ცხოვრების წესის შეცვლაა.

აქტინიური ჰეილიტი “ფერმერის ტუჩის” სახელითაცაა ცნობილი. ამ დროს ადამიანი ტუჩების სიმშრალესა და დახეთქვას უჩივის. არც ეროზიების განვითარებაა გამორიცხული. ზოგიერთ პაციენტს აქტინური კერატოზი და კანის დანაოჭებაც აღენიშნება. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან, ხანდაზმულებთან და ნორმალური კანის მქონე პირებთან. შეინიშნება მჭიდრო კავშირი თამბაქოს მოხმარებასთან. აქტინიური ჰეილიტიც კიბოსწინარე მდგომარეობად განიხილება.

 

დამაბრმავებელი სინათლე

მზის სხივების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა თვალიც. თვალის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც ულტრაიისფერ ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული, კატარაქტაა. თუ ის მხოლოდ ასაკთან ასოცირებული დაავადება გეგონათ, შემცდარხართ – კვლევებმა დაადასტურა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კატარაქტის განვითარების ალბათობას ზრდის. ნებაზე მიშვებული კატარაქტა კი სიბრმავეს იწვევს. ჯანმოს მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად ყოველწიურად 12-დან 15 მილიონამდე ადამიანი კარგავს მხედველობას და ამ შემთხვევათა 20% ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგია.

ბროლი თვალის ნაწილია, რომელიც ბადურაზე გამოსახულების ფოკუსირებაში გვეხმარება. ბადურა კი თვალის უკანა ნაწილის შუქმგრძნობიარე ქსოვილი გახლავთ. გამჭირვალე ლინზის გავლით სინათლე ბადურაზე ხვდება, სადაც ნერვულ სიგნალებად ტრანსფორმირედება და ტვინში იგზავნება. კატარაქტას დროს ბროლი იმღვრევა და ბადურა მკაფიო გამოსახულებას ვეღარ იღებს. შედეგად მხედველობა უარესდება ან საერთოდ იკარგება.

მზის სხივებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფტერიგიუმი (ქსოვილის ზრდა, რომელსაც ზოგჯერ მხედველობის დაბლოკვამდე მივყავართ), თვალის ირგვლივ არსებული კანის კიბო და მაკულის (ბადურას ცენტრალური უბნის) დეგენერაცია, რისი შედეგიც მხედველობის თანდათანობითი გაუარესებაა. ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვით მათ პრევენციაც შესაძლებელია. ამაში დიდი როლის შესრულება შეუძლია მზის სათვალეს. მისი შერჩევის წესებს მთავარი თემის სხვა გვერდებზე შეიტყობთ.

 

მზით გათანგულნი

მეციერებმა დაასკვნეს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად შესაძლოა იმუნური სისტემის ფუნქციაც დაქვეითდეს და კანის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმები შესუსტდეს. იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლოა ფარული ვირუსული ინფექციების გამოვლენას შეუწყოს ხელი.

 

რისკი, თავდაცვა თუ ორივე ერთად?

მზის სხივებსა და კანს კიბოს შორის კავშირის შესახებ პირველი პუბლიკაციები XIX საუკუნის დამლევს გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი რეკომენდაციები აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა მხოლოდ 1930 წელს გამოსცა. მოსახლეობას მოუწოდებდნენ, თავი აერიდებინათ შუადღის მზისთვის, დახურათ ქუდი, ძალიან არ გარუჯულიყვნენ. უკანასკნელ ასწლეულში ფართოდ შეისწავლეს და გააანალიზეს მზის გამოსხივებასთან კანის კიბოს კავშირი... თუმცა ყოველივე ამაზე უკვე ვისაუბრეთ. არ გვითქვამს, რომ არსებობს ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც ინსოლაციის დეფიციტის შედეგია. მაგალითად, მზის სხივების უკმარისობა ზრდის ჰოჯკინის ლიმფომის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, სწორი ნაწლავის, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ ნუ გეგონებათ, რომ მზეს მხოლოდ ზიანი მოაქვს – ის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებლობა და მინიმალური ზიანი მივიღოთ.

 

მზეო, ამოდი, ამოდი

მზის სხივების მთავარი ღირსება D ვიტამინის წარმოქმნის ხელშეწყობაა. ამ ვიტამინის დეფიციტს უმთავრესად სწორედ ინსოლაციის ნაკლებობა იწვევს. სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, რომლებსაც საკვებით ვიღებთ, D ვიტამინი კანში წარმოიქმნება ფოტოსინთეზური რეაქციიის შედეგად. ამ პროცესის ეფექტურობა ულტრაიისფერი გამოსხივების ფოტონების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მასზე გავლენას ახდენს ტანსაცმელი, ჭარბი ცხიმი, მზისგან დამცავი კრემი და კანის პიგმენტ მელანინის რაოდენობაც. მაგალითად, თეთრი კანის პატრონებს საცურაო კოსტიუმით ზაფხულის მზეზე ნახევარი საათით მიფიცხებაც ჰყოფნით მთელი 1.25 მგ D ვიტამინის გამოსამუშავებლად, მაშინ როდესაც იმავე პირობებში მუქ კანში ულუფის მხოლოდ ნახევარი თუ წარმოიქმნება.

D ვიტამინი ნაწლავის უჯრედებში გროვდება, სადაც კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აძლიერებს. მისი მთავარი ფუნქცია პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური რაოდენობის შენაჩუნებაა. ეს აუცილებელია, რათა სათანადოდ წარიმართოს მეტაბოლური პროცესები, ნერვკუნთოვანი გადაცემა და ძვლების მინერალიზაცია.

ბავშვებთან D ვიტამინის დეფიციტი რაქიტს – ძვლის ზრდის შეფერხებასა და ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს. ბოლო ხანს მომრავლდა ცნობები მოზრდილთა ჯანმრთელობაზე D ვიტამინის გავლენის შესახებ. როგორც ამბობენ, მისი დეფიციტი ამძიმებს ოსტეპოროზისა და ოსტეომალაციის მიმდინარეობას. ვარაუდობენ, რომ D ვიტამინის მაღალი დონე გაფანტული სკლეროზის განვითარებასაც კი აფერხებს, თუმცა ეს მოსაზრება ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებენ რაქიტის, ფსორიაზის, ეგზემის და ზოგი სხვა დაავადების სამკურნალოდაც.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მზის დეფიციტი დეპრესიას იწვევს. ამ მდგომარეობას სეზონურ-აფექტურ აშლილობას უწოდებენ. შესაძლოა, აშლილობამდე არ მისულხართ მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგიმჩნევიათ – მზიან დღეებში ცხოვრება ერთიორად სასიამოვნოა. ასე რომ, ისიამოვნეთ მზით, ოღონდ მასთან ურთიერთობის წესები არ დაივიწყოთ.

 

მზის ბნელი მხარე

 

დიდი თუ პატარა ერთნაირად ელოდება ზაფხულს. ეს იდეალური პერიოდია შვებულებისთვის. თქვენი არ ვიცი, მე კი ერთი სული მაქვს, საცურაო კოსტიუმი მოვირგო და მზეს მივეფიცხო, მაგრამ არასოდეს მავიწყდება, რომ რუჯის სიყვარულს უსიამოვნების მოტანაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, მზით დამწვრობა არაერთ თქვენგანს გამოუცდია. როგორ მოვიქცეთ, რომ სანატრელი დასვენება მტანჯველ მოგონებად არ გვექცეს? პასუხი მარტივია: უსაფრთხოების ელემენტარული წესები დავიცვათ.

 

ყველამ იცის, რა სასარგებლოა მზის სხივები ორგანიზმისთვის, მაგრამ მათ ზიანიც მოაქვთ. რა შეიძლება დაგვიშავოს მზემ? ყველაზე გავრცელებული პრობლემებია სითბური დაკვრა, მზით დამწვრობა და მზის ალერგია.

დავიწყოთ ყველაზე საშიშით: როგორ ავარიდოთ თავი მზის დაკვრას?

 

ადამიანის სხეული ისეა მოწყობილი, რომ ძლიერ სიცხეში და მაღალი ტემპერატურის დროს გასაგრილებლად ოფლის გამოყოფას იწყებს, მაგრამ ხდება ისეც, რომ “გაგრილების სისტემა” მწყობრიდან გამოდის და ან ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ ორგანიზმი რეაგირებას ვერ ასწრებს, ზოგჯერ კი ოფლდენას ჰაერის მაღალი ტენიანობა უშლის ხელს.

რატომ გვეშინია გადახურების? – იმიტომ, რომ ამ დროს ზიანდება თავის ტვინი და სხვა სასიცოცხლო ორგანოები.

1999-2010 წლებში აშშ-ში ძლიერი სიცხისგან 7451 ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურას უფრო მეტი ხალხი ეწირება, ვიდრე ქარიშხალს, წყალდიდობას ან ტორნადოს.

 

ვის ემუქრება საფრთხე?

ტემპერატურის თვითრეგულაციის უნარი შედარებით სუსტი აქვთ ხანდაზმულებს, 4 წლამდე ასაკის ბავშვებს, ჭარბწონიანებს, გულის დაავადების, მენტალური პრობლემების, სისხლის ცუდი ცირკულაციის მქონე პაციენტებს. მექანიზმი ირღვევა აგრეთვე ცხელების, დეჰიდრატაციის, მზით დამწვრობის, ზოგიერთი მედიკამენტისა და ალკოჰოლის მიღების დროს.

 

რა არის სითბური დაკვრა?   

სითბური დაკვრა მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მაშინ წარმოიშობა, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება და ეს უკანასკნელი სწრაფად აღწევს მაღალ მაჩვენებლებს. სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე სითბურმა დაკვრამ შესაძლოა სიკვდილი ან სამუდამო უნარშეზღუდულობა გამოიწვიოს.

საგანგაშო ნიშნებია:

* 39,50c-ზე მაღალი ტემპერატურა; 

* წითელი, ცხელი და მშრალი კანი;

* სწრაფი, ძლიერი პულსი;

* მფეთქავი თავის ტკივილი;

* თავბრუხვევა;

* გულისრევა;

* გონების არევა;

* გონების დაკარგვა.

 

როგორ მოვიქცეთ?

უწინარეს ყოვლისა, სასწრაფოში დარეკეთ, მერე სიცხის მსხვერპლი გრილ, დაჩრდილულ ადგილას გადაიყვანეთ და შეეცადეთ, სწრაფად გააგრილოთ ნებისმიერი საშუალებით. მაგალითად, მიუშვირეთ გრილი შხაპი, ჩააწვინეთ ცივ აბაზანაში, დაასხით ან დაზილეთ ცივი წყლით. თუ ჰაერის ტენიანობა დაბალია, გაახვიეთ გრილ, სველ ზეწარში და ენერგიულად დაუბერეთ. იმავდროულად, აკონტროლეთ მისი სხეულის ტემპერატურა და გასაგრილებელი პროცედურები მანამდე გააგრძელეთ, სანამ ის 38 გრადუსამდე არ ჩამოვა. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ალკოჰოლიანი სასმელი!

სითბური გამოფიტვა, გადახურება, სითბური დაკვრის შედარებით მსუბუქი ფორმაა და თავს მაშინ იჩენს, როცა ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფება მაღალი ტემპერატურის პირობებში და არ იღებს საკმარის სითხეს. მისკენ მიდრეკილნი არიან ხანდაზმულები, რომლებსაც მაღალი წნევა აქვთ და იმავდროულად სიცხეში უწევთ მუშაობა. სითბურ გამოფიტვას ახასიათებს ძლიერი ოფლიანობა, სიფითრე, კუნთოვანი სპაზმი, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გონების დაკარგვა. ამ დროს კანი, წესისამებრ, ცივი და ნამიანია, პულსი – სწრაფი და სუსტი, სუნთქვა – გახშირებული და ზერელე. დროული ჩარევის გარეშე გადახურება შესაძლოა სითბურ დაკვრაში გადაიზარდოს.

 

როგორ მოვიქცეთ გადახურების დროს?

დავლიოთ გრილი არაალკოჰოლური სასმელი, დავისვენოთ, მივიღოთ გრილი შხაპი ან აბაზანა, თავი გრილ, კონდიცირებულ გარემოს შევაფაროთ და ჩავცვათ რაც შეიძლება გრილად.

 

როგორ მოვიქცეთ ძლიერ სიცხეში?

ვეცადოთ, სიგრილეში ვიყოთ, ვსვათ ბევრი წყალი და მივიღოთ მინერალები, ვინაიდან ოფლიანობის დროს ორგანიზმი მათ მარაგსაც კარგავს, რამაც შესაძლოა კუნთების კრამპამდე მიგვიყვანოს. ვატაროთ ამინდის შესაფერისი სამოსი, ქუდი, წავისვათ მზისგან დამცავი კრემი.

 

გამუდმებით გვესმის, რომ ზაფხულში ბევრი წყალი უნდა ვსვათ. მაინც რამდენი? ეს, ცხადია, ინდივიდუალურია და ადამიანის წონაზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალო ნორმად საათში 2-4 ჭიქა მიიჩნევა. ოდენობა მხოლოდ მაშინ უნდა შეზღუდოთ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმმა ბევრი წყლის მიღება აგიკრძალათ.

 

როცა მზე გვწვავს

როცა კანი მზისგან სამოსით ან კრემით არ არის დაცული, არსებობს დამწვრობის საფრთხე. ცხადია, ყველა ერთნაირად არ იწვება. შავგვრემნებს გაუმართლათ: მათი კანის უჯრედები უხვად გამოიმუშავებს მელანინს, რომელიც კანის ზედა ფენაში ერთგვარ ფარს წარმოქმნის, თეთრი კანი კი გაცილებით დაუცველია. ამ ფიზიოლოგიური თავისებურების გამო შავგვრემნები მზეზე ირუჯებიან, თეთრი კანის პატრონები კი წითლდებიან და იწვებიან.

გახსოვდეთ: განურჩევლად კანის ფერისა, მზის სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება საზიანოა – ნაადრევად აჩენს ნაოჭებს და ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

განსაკუთრებული დაცვა სჭირდება ბავშვის კანს.

მზით დამწვრობის დროს კანი წითლდება, ხურდება და მტკივნეული ხდება. ზოგჯერ ბუშტუკებითაც იფარება. ასევე მოსალოდნელია ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და უსიამოვნო თვითშეგრძნება.

 

როგორ მოვიქცეთ თუ მზის აბაზანები ზედმეტი მოგვივიდა?

დამწვრობის ნიშნები, წესისამებრ, მზის სხივების ზემოქმედებიდან 6-12 საათის შემდეგ იჩენს თავს. ყველაზე ძლიერი დისკომფორტი მომდევნო დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. თუ დამწვრობა სიწითლით, სიმხურვალითა და ტკივილით შემოიფარგლება, მისი მოვლა თავადაც შეგიძლიათ. დაიდეთ დამწვარ ადგილას ცივი საფენები ან მიიღეთ გრილი შხაპი. შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღებაც. თუ ბუშტუკები გაგიჩნდათ, სიცხემ აგიწიათ ან გამცივნებთ, უმჯობესია, ექიმა მიმართოთ. მძიმე დამწვრობის დროს შესაძლოა ჰოსპიტალიზაციაც კი გახდეს საჭირო. თუ თავს არ მიხედეთ, ბუშტუკები შესაძლოა დაჩირქდეს და ანტიბიოტიკოთერაპია დაგჭირდეთ. მძიმე დამწვრობამ შესაძლოა დეჰიდრატაციაც გამოიწვიოს, რაც ასევე სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს.

 

ნამზეური დამწვრობის გარეშე

რაც უფრო ბაცია კანი, მით უფრო ძნელია დამწვრობის გარეშე ნამზეურის მიღება. ერთადერთი გამოსავალი ზომიერებაა. ბევრი გავრცელებულ შეცდომას უშვებს და ღრუბლიან ამინდში ეფიცხება მზეს. ამ დროს მზის აბაზანების მიღება უფრო სასიამოვნოა, შედეგი კი – სავალალო. ვერც ფარფლებიანი ქუდი ან ქოლგაა დაგიცავთ, რადგან მზის სხივები მხოლოდ პირდაპირ როდი ეცემა – ისინი სხვადასხვა ზედაპირიდანაც ირეკლება და ჩვენამდე აღწევს. ასე რომ, თუ გსურთ, დამწვრობას გადაურჩეთ, ნუ გახვალთ მზეზე დილის 10-დან ნაშუადღევის 4 საათამდე. თუ მაინც მოგიხდათ ამ პერიოდში მზის გულზე ყოფნა, წაისვით მზისგან დამცავი კრემი, ჩაიცვით გრძელსახელოიანი ბამბის სამოსი, დაიხურეთ ქუდი, გამოიყენეთ ქოლგა, სვით ბევრი წყალი. 6 თვემდე ასაკის ბავშვები კი ზედმიწევნით არიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

 

მზის ალერგია

 

მზის ალერგიას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კანზე გამონაყარი ჩნდება. მზისადმი ალერგიას ზოგი მემკვიდრეობით იღებს, ზოგს კი ალერგიული გამონაყარი მაშინ უჩნდება, როცა მასზე მზის სხივებთან ერთად დამატებითი ფაქტორიც, მაგალითად, მედიკამენტი ან მცენარის მტვერი, მოქმედებს.

მზის ალერგიის მსუბუქი ფორმა შესაძლოა თავისთავად, მკურნალობის გარეშე ალაგდეს, უფრო მძიმე ფორმის დროს კი სტეროიდული მალამოსა და სხვა წამლების გამოყენება მოგვიხდება. ვისაც მზის ალერგიის გამოდილება აქვს, ზედმიწევნით უნდა დაიცვას თავი.

 

როგორ ვლინდება

ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს სიწითლით, ქავილით, ტკივილით და გამონაყარით, რომლის ელემენტებიც ერთიანდება და ამობურცულ ლაქებად იქცევა, ზოგჯერ თეთრი ქერქით იფარება და სისხლმდენი ხდება. მოსალოდნელია ბუშტუკების ან წყლულების გაჩენაც. გამონაყარი სხეულის ღია ადგილებზე ჩნდება მზის სხივების ზემოქმედებიდან განსაზღვრული ხნის (რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე) შემდეგ.

თუ თქვენი კანი მზეზე უჩვეულო, შემაწუხებელ რეაქციას ამჟღავნებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, უმჯობესია, დერმატოლოგს.

როგორც უკვე ვთქვით, ალერგიული გამონაყარი ყოველთვის არ არის მხოლოდ მზის სხივების ზემოქმედების ბრალი – ალერგიული რეაქციის გამშვებად გვევლინება ზოგიერთი პრეპარატი, ქიმიური ნივთიერება და სამედიცინო მდგომარეობა. მზისადმი ალერგიის მიზეზი მედიცინისთვის დღემდე უცნობია, მაგრამ დადგენილია რისკფაქტორები, რომელთა თანხლება ალერგიული რეაქციის ალბათობას ზრდის.

პირველი ასეთი ფაქტორი რასაა. მაგალითად, პოლიმორფული გამონაყარი ხშირია თეთრკანიან მოსახლეობაში, ალერგიის ყველაზე მწვავე ფორმა კი მკვიდრ ამერიკელებთანაა მოსალოდნელი.

მეორე რისკფაქტორია სხვა ალერგენის იმავდროული ზემოქმედება. მზის სხივებთან კომბინაციაში ალერგიას ყველაზე ხშირად სუნამო, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებლები იწვევს.

მზის ალერგიის უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ კანის ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, დერმატიტის მქონე პაციენტებს. თუ თქვენს რომელიმე სისხლით ნათესავს მზის ალერგია აქვს, უფრო მეტი საფრთხე გელით.

როგორ დავადგინოთ, ნამდვილად მზის ალერგიასთან გვაქვს თუ არა საქმე? გამოცდილი დერმატოლოგისთვის დიაგნოზის დასასმელად პაციენტის დათვალიერება და ანამნეზის შეკრებაც საკმარისია. ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზის დაზუსტება რამდენიმე ტესტით შეიძლება. ერთი მათგანია ულტრაიისფერი განათების ტესტი, იგივე ფოტოსენსიტიურობის ტესტი. ამ დროს კანს სპეციალური სანათით ანათებენ და აკვირდებიან, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიგრძის ულტრაიისფერ სხივებზე. შედეგად ზუსტად ადგენენ, რომელი ტიპის სხივების მიმართ აქვს ადამიანს ალერგია. არსებობს ფოტოაპლიკაციური ტესტიც იმის დასადგენად, ხომ არ იწვევს ალერგიას რომელიმე ნივთიერებისა და მზის სხივების კომბინაცია. პაციენტს კანზე აკრავენ მზის ალერგიის ყველაზე გავრცელებული ტრიგერებით დაფარულ აპლიკანტებს, ერთი დღის შემდეგ კი კანს ულტრაიისფერი სხივებით ანათებენ და შედეგს აკვირდებიან. თუ ალერგიული რეაქცია მხოლოდ აპლიკანტის ზემოქმედების უბანზე განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ ალერგიის მიზეზი აღნიშნული ნივთიერებისა და მზის სხივების ერთდროული ზემოქმედებაა.

მზის ალერგიის დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზი, წესისამებრ, არ არის საჭირო, მაგრამ თუ ექიმი ვარაუდობს, რომ გამონაყარის მიზეზია არა მზე, არამედ რომელიმე თანმხლები დაავადება, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, შესაძლოა, ეს ანალიზიც დანიშნოს.

 

როგორ მკურნალობენ

მკურნალობა ალერგიის ტიპზეა დამოკიდებული. იოლ ფორმებს რამდენიმე დღის განმავლობაში მზისთვის თავის არიდებაც შველის. თუ ვითარება შედარებით სერიოზულია, რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოს გამოყენება, ხოლო მძიმე შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსიც გამოგიწეროთ. გამონაყარის გაქრობის შემდეგ კი კანი ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ მზის სხივებს.

არსებობს ფოტოთერაპიის მეთოდიც: სხეულის ღია არეებს დოზირებულად ასხივებენ სპეციალური სანათით. კვირაში რამდენიმე პროცედურის შედეგად კანი მზეს ეჩვევა და ზომიერი რუჯი ალერგიულ გამონაყარს აღარ იწვევს.

მზის ალერგიის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ. ერიდეთ მზეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ატყობთ, რომ მზეზე გამონაყარი გიჩნდებათ; ექიმთან შეთანხმებით შეწყვიტეთ იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ალერგიულ რეაქციას; კანი კარად დაინოტივეთ შესაბამისი ლოსიონით და გამოიყენეთ დამამშვიდებელი, მაგალითად, ალოე ვერას შემცველი მალამოები. ნუ გახვალთ მზეზე დილის 10-დან ნაშუადღევის 4 საათამდე, რადგან ამ დროს მზე ყველაზე მეტად აცხუნებს. ერიდეთ მზის გულზე დიდხანს ყოფნას, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, გაიკეთეთ მზის სათვალე და ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომელიც მაქსიმალურად დაგიფარავთ სხეულს. დამცავი კრემის SPF ინდექსი, სასურველია, 15 მაინც იყოს, თუმცა ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ფართო სპექტრის წყაგამძლე, 30-ის ტოლი SPC ინდქსის მქონე კრემს.

 

დაცვა უპირველეს ყოვლისა

 

ალბათ გგონიათ, რომ რაც უფრო ნაკლები აცვია ადამიანს, მით უფრო ნაკლებად სცხელა. სინამდვილეში სულაც არ არის ასე – მთავარი სამოსის რაოდენობა კი არა, რაგვარობაა.

მაინც როგორ ჩავიცვათ ზაფხულში, რომ სიცხემ არ შეგვაწუხოს? უპირველეს ყოვლისა, კომფორტულად. ცხადია, ამ სტატიაში მოდის უახლეს ტენდენციებს არ მიმოვიხილავთ, ასე რომ, სტილის შერჩევა თქვენთვის მოგვინდვია. ჩვენი პირველი რჩევა ასეთია: სამოსის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის თვისებებს. ცხადია, საუკეთესოა ბუნებრივი ქსოვილები, რომლებიც თხელია და სუნთქავს. ასეთია ბამბა, აბრეშუმი, აბრეშუმნარევი ბამბა, ტილო – ისინი იწოვენ ოფლს და კარგად ატარებენ ჰაერს. სინთეზური ქსოვილის სამოსში კი სხეული ხურდება და ოფლიანდება. თუ მზის გულზე გიწევთ ყოფნა, ღია ფერის სამოსი შეარჩიეთ – ის მზის სხივებს ირეკლავს, განსხვავებით მუქი სამოსისგან, რომელიც მზის სხივებს შთანთქავს და ხურდება. ერიდეთ ელასტიკურ ქსოვილებს – ისინი კანს ეკვრიან და აღიზიანებენ, ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში კი ქავილსა და სიწითლეს იწვევენ. ჩაიცვით თავისუფალი სამოსი – მჭიდრო ტანსაცმელი სისხლის მიმოქცევას ზღუდავს.

ნუ დაივიწყებთ ქუდს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცით, რომ დიდხანს მოგიწევთ მზეზე ყოფნა. უკეთესია ფარფლებიანი ქუდი და კეპი, რომლებიც მხოლოდ თავს კი არ იცავს გადახურებისგან, არამედ სახესაც დამწვრობისგან. უმჯობესია, ქუდიც ღია ფერის ბუნებრივი მასალისა იყოს.

 

როგორი სათვალე ჯობია

მზის სათვალე ზაფხულის განუყრელი ატრიბუტია. მისი შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ჩარჩოს ფორმაა – ის უნდა მოგიხდეთ, ჰარმონიულად შეერწყას თქვენს ნაკვთებს, თუმცა კიდევ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი თვისებებისა, გამძლეობისა და ხილვადობისა.

ულტრაიისფერი სხივები თვალისთვის საშიშია – შესაძლოა, კატარაქტა, დამწვრობა ან სიმსივნე გამოიწვიოს, ამიტომ სათვალის შეძენისას შეამოწმეთ მისი დამცავი თვისებები. უმჯობესია, ლინზები ულტრაიისფერი სხივების 99%-ს, უკიდურეს შემთხვევაში, 95%-ს მაინც აკავებდეს. გაითვალისწინეთ ჩარჩოს ფორმაც – მზის სხივებმა ზემოდან ან გვერდებიდან რომ არ შემოაღწიოს, ლინზები თვალებსაც უნდა ფარავდეს და მათ ირგვლივ არსებულ მიდამოსაც. თუ ზღვაზე ან ტბაზე აპირებთ წასვლას, სათვალეს პოლარიზაციაც უნდა ჰქონდეს.

ყურადღებით შეარჩიეთ ზომაც. დიდი სათვალე სახიდან ჩამოგიცურდებათ, პატარა კი მოგიჭერთ და შესაძლოა, თავიც აგატკივოთ.

ორიოდე სიტყვას ჩარჩოს ფორმის შესახებაც დავამატებთ: ამბობენ, რომ მრგვალ სახეს კუთხოვანი სათვალე უხდება, კუთხოვანს, პირიქით, მრგვალი, ხოლო მოგრძოს – დიდი, სპორტული ან რეტრო სტილისა; ბრტყელი სახის პატრონებისთვის მუქი ჩარჩო და ლინზებია რეკომენდებული, რათა სახის კონტური უკეთ წარმოჩნდეს, თუმცა ღია ფერისასაც შეუძლია, სახეს ნათელი შესახედაობა მისცეს.

 

დამატებითი დაცვა

ზაფხულში გარეთ უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. მზე კი სახის კანს აშრობს, აბერებს და ანაოჭებს. თუ თავს არ გაუფრთხილდით, ასაკთან ერთად შესაძლოა სახეზე ლაქებიც გაგიჩნდეთ. დერმატოკოსმეტოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი კრემის გარეშე შინიდან არ გავიდეთ. მაკიაჟის მოყვარულთათვის არსებობს დამცავი ფაქტორის შემცველი ტონალური კრემებიც, რომელთა გამოყენება დროს დაგაზოგვინებთ.

ცნობილია, რომ მზის სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტიპის, მელანომის, განვითარების რისკფაქტორია, ამიტომ თუ წლის ცივ პერიოდში 15-30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე კრემს იყენებდით, ზაფხულში უფრო ძლიერი დაცვა დაგჭირდებათ.

მზისგან დამცავი კრემების უმრავლესობა, წესისამებრ, მხოლოდ ბეტა სხივებისგან იცავს, ვინაიდან უმეტესად სწორედ ისინი იწვევენ კიბოსა და დამწვრობას, მაგრამ არც ალფა სხივების უგულებელყოფა შეიძლება – სიმსივნის განვითარებასა და ნაადრევ დაბერებაში მათაც მიუძღვით ბრალი, ამიტომ არჩევანი შეაჩერეთ კრემზე, რომელსაც აწერია “ფართო სპექტრის დაცვა” – ის ორივე ტიპის სხივებისგან დაგიცავთ.

მზისგან დამცავი ფაქტორი, SPF, სასურველია, 30 და მეტი იყოს. კრემი, რომლის SPF ინდექსი 15-ის ტოლია, ულტრაიისფერი სხივების 95%-ს აკავებს, 30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე – 97%-ს, 50-ისა – 98%-ს, ხოლო 100-ისა – 99%-ს. კრემი, რომლის SPF 15-ზე ნაკლებია, იცავს მხოლოდ დამწვრობისგან და არა კანის კიბოსგან ან დაბერებისგან.

გახსოვდეთ: წყლის მიმართ რეზისტენტული არ ნიშნავს წყალგამძლეს. მზისგან დამცავი ვერც ერთი კრემი ვერ უძლებს წყლისა და ოფლის ინტენსიურ ზემოქმედებას, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალება 2 საათში ერთხელ ხელახლა გადავისვათ, ხოლო ზღვაში ან აუზში ბანაობის შემდეგ – წყლიდან ამოსვლისთანავე.

 

უსაფრთხო ქცევა

დერმატოლოგები გვირჩევენ, მაქსიმალურად ვერიდოთ მზეზე ყოფნას დილის 10-დან ნაშუადღევის 4 საათამდე, როცა მზე ყველაზე მწველი და, შესაბამისად, ყველაზე საშიშია.

 

როგორ დავიცვათ პატარები

ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მზის სხივების მიმართ, ამიტომ მათ უფრო მეტად სჭირდებათ დაცვა. თუ სათანადოდ ჩავაცმევთ, დავახურებთ ქუდს და წავუსვამთ მზისგან დამცავ კრემს, მათაც შეუძლიათ, თამამად ისეირნონ და ითამაშონ მზეზე.

6 თვემდე ასაკის ბავშვები ზედმიწევნით უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს – მათი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ მზისგან დამცავი კრემის წასმა არ შეიძლება. მზის სხივების აუცილებელი ულუფის მისაღებად ისინი დილის 10-ამდე ან ნაშუადღევის 4-ის შემდეგ უნდა გავასეირნოთ, როცა მზე საშიში აღარ არის. სამოსი მსუბუქი უნდა იყოს და მთელ ტანს ფარავდეს. აუცილებელია პანამაც, რომელიც სახესთან ერთად ყურებსა და კისერსაც დაიცავს. 6 თვის შემდეგ კი დამცავი კრემის გამოყენებაც შეგიძლიათ. ის შინიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა წაუსვათ პატარას და 2 საათში ერთხელ განაახლოთ.

მზისგან დამცავი საშუალებები სპრეის ფორმითაც გამოდის. ისინი არამც და არამც არ მიასხუროთ ბავშვს პირდაპირ სახეზე – ხელისგულზე დაისხურეთ და ხელით გადაუნაწილეთ პატარას კანზე.

 

მოამზადეს: მარი აშუღაშვილმა, გვანცა გოგოლაძემ და თამარ არქანიამ

გააზიარე: