მულტიფუნქციური სივრცეები
გააზიარე:
ოჯახის, სკოლის, უნივერსიტეტისა თუ სამსახურის გარეთ საჭიროა გარემო, სადაც დავისვენებთ, განვიტვირთებით, ახალ ადამიანებს გავიცნობთ, სხვა ტიპის განათლებას მივიღებთ, ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, ვითამაშებთ... ალბათ, ყველას გვაქვს საყვარელი ადგილები, რომლებიც დადებით ემოციებთან, გემრიელ საჭმელებთან, საინტერესო წიგნებთან, მნიშვნელოვან ადამიანებთან ასოცირდება. მინდა, იმ ადგილების შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც პირადად ჩემში იმ ყველაფრის ასოციაციას იწვევს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ახალგაზრდულად არის მიჩნეული, იმედი მაქვს, ყველა თუ არა, ერთი მათგანი მაინც თითქმის ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს მოეწონება.
მედიათეკა
მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკის ალტერნატიული ფორმაა. ის ჩვეულებრივ ბიბლიოთეკასთან ერთად ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმაცაა, სივრცე, სადაც ხალხი იკრიბება, კითხულობს, მუშაობს, ამყარებს კონტაქტებს, ერთმანეთს უზიარებს იდეებს, ესწრება და მართავს ღონისძიებებს. მედიათეკის წევრობა ფასიანია. ექვსთვიანი საბაზისო პაკეტი 15 ლარი დაგიჯდებათ. მისი შეძენის შემთხვევაში შეგეძლებათ მედიათეკის სამუშაო დარბაზებითა და ელექტრონული ფონდებით სარგებლობა, უფასო WiFi-ს გამოყენება, წიგნის გატანა, ღონისძიებებზე დასწრება... არსებობს სხვა პაკეტები და სპეციალური წინადადებებიც მათთვის, ვისაც განსაკუთრებული სამუშაო პირობები სურს. მედიათეკა ღიაა ყოველდღე, გარდა ორშაბათისა.
პირველი მედიათეკა ვაკის პარკში გაიხსნა 2013 წლის 29 მარტს. ვაკის მედიათეკის პირველ სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამკითხველო`სამუშაო დარბაზი, სამუშაო ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერი...). აქვეა სპეციალური განყოფილება, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. აქაურობა ძალიან ფერადი, საინტერესო და კომფორტულია. ის ბავშვის სურვილებს არის მორგებული, მაგრამ მოზრდილებსაც ძალიან მოგვწონს და გვიზიდავს. მე და ჩემს მეგობრებს ხშირად გვიცდია ამ სივრცეში შეჭრა. წესით, აკრძალულია, თუმცა ბავშვების მშობლებისა თუ ძიძების თანხმობის შემთხვევაში – სავსებით შესაძლებელი.
დასვენება განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როდესაც შედარებით რთულ საქმეს ვეჭიდებით. ვაკის მედიათეკის მეორე სართულზე ულამაზესი ვერანდაა, სადაც ჩაისა თუ ყავის დალევა, წახემსება და სასიამოვნოდ განტვირთვა შეიძლება.
ვარკეთილის მედიათეკა თბილისის მედიათეკების გაერთიანების მეორე ფილიალია. მის პირველ სართულზე განთავსებულია მულტიმედიური განყოფილება და საგამოფენო დარბაზი. სამუშაო დარბაზი მეორე სართულზე მდებარეობს. შაბათობით ვარკეთილისა და ვაკის ფილიალები ეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც "მედიათეკელი" ეწოდება. ეს პროექტი მოიცავს მოგზაურობას წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, მუსიკის საათს, ხატვას, ეკოსაათს (აქტივობას, რომლის მიზანი გარემოს დაცვაა), “ლეგოს” (კონსტრუქტორების) კლუბს, მკითხველთა კლუბს.
წელიწადიც არ გასულა, რაც ნაძალადევის რაიონში, თბილისის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, რომელსაც თბილისელები კიკვიძის ბაღის სახელით უფრო იცნობენ, მედიათეკის მესამე ფილიალი გაიხსნა. ალბათ ბევრს გახსოვთ სოციალური ბარი “გენერატორი 9.8”, რომელიც ათონელის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს შეეწირა. მედიათეკის ეს ფილიალი იმით არის განსაკუთრებული, რომ მის მეორე სართულზე სწორედ განახლებულმა "გენერატორმა" დაიდო ბინა. ის აღარ არის ბარი, თუმცა ინარჩუნებს სოციალური საწარმოს ფორმას და ხშირად მართავს საინტერესო ღონისძიებებსა თუ საგანმანათლებლო ლექციებს.
ფაბრიკა
თბილისის ძველ უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე, საბჭოთა დროს სამკერვალო ფაბრიკა იყო. წლობით უფუნქციოდ დარჩენილმა შენობამ 2016 წლის ივლისში ახალი სიცოცხლე შეიძინა, თუმცა სულ სხვა ფორმა და შინაარსი მიიღო. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანები იკრიბებიან, ისვენებენ, ერთობიან, ურთიერთობენ.
“ფაბრიკის” დამაარსებელთა თქმით, მათი მთავარი მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც ხელოვანებს, და არამხოლოდ მათ, შეეძლებოდათ თავიანთ პროდუქციის წარმოდგენა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კაპიტალის წარმატებით დაბანდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ფაბრიკამ” მიზანს მიაღწია. აქ უკვე ნახავთ უამრავ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებას – კვების ობიექტებს, ბარებს, ტანსაცმლისა თუ აქსესუარების მაღაზიებს, საგამოფენო გალერეას, სილამაზის სალონსაც კი.
“ფაბრიკაში” მდებარეობს ჰოსტელიც, რომლის გახსნაც იმთავითვე იყო ჩაფიქრებული. მისი სტუმრები უმეტესად ახალგაზრდა ტურისტები არიან. ჰოსტელის წყალობით უფრო ადვილად ივსება აქაური კაფეები, ბარები და, საბოლოოდ, ადგილი უფრო პოპულარული ხდება.
ბიზნესთან ერთად “ფაბრიკა” ხელოვანთა განათლებასაც უწყობს ხელს. აქ წარმატებით შეისწავლიან მუსიკასა და კინორეჟისურას.
მიუხედავად იმისა, რომ “ფაბრიკა” ახალგაზრდულ სივრცედ მიიჩნევა, აქ ყველა ასაკის ადამიანებს შეხვდებით. ბევრი ჰყვება, მოულოდნელად როგორ გადაჰყრიან ფაბრიკის ეზოში შვილები მშობლებს.
ჩემი და არამხოლოდ ჩემი აზრით, “ფაბრიკის” პოპულარობას ყველაზე მეტად ის განაპირობებს, რომ მომსვლელთა დიდი ნაწილი უფასოდ ერთობა. მშვენიერ ეზოში საინტერესო ხალხთან ურთიერთობა გართობის არც ერთ ძვირად ღირებულ ფორმას არ ჩამოუვარდება.
კაფე-გალერეა
“გალერეა” რუსთაველის გამზირისა და გრიბოედოვის ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა კაფეა. ეს მულტიფუნქციური, ცვალებადი სივრცეა. აქ ყველაფერი დროის შესაბამისად იცვლება. დღისით “გალერეა” მყუდრო კაფეა, ღამით კი – ხმაურიანი ღამის კლუბი. თუ მას დღისით ესტუმრებით, უგემრიელესი კერძებითა და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პიცით გაგიმასპინძლდებიან, ღამით მოსულებს კი აქ გელით ხარისხიანი, თუმცა სპეციფიკური გემოვნების მსმენელზე გათვლილი კლუბური მუსიკა, ალკოჰოლური სასმელები და ბევრი ცეკვა.
“შაქრო ბაბუა”
“შაქრო ბაბუა”, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, კაფესა და წიგნების მაღაზიას აერთიანებს. ინტერიერი ვინტაჟური სტილისაა. აქ ნახავთ ძველ პიანინოს, საბეჭდ მანქანას, ძველებურ ტელეფონს... სასურველი წიგნის ყიდვას თუ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, კომფორტულ პუფში მოკალათდეთ და აქვე წაიკითხოთ ხმადაბალი, სასიამოვნო მუსიკის ფონზე. აქვე იყიდება ხელნაკეთი აქსესუარებიც.
“შაქრო ბაბუასთან” ხშირად იმართება საინტერესო ღონისძიებები, ლექციები, კონცერტები... ტუალეტის კედლები მომხმარებლების წერილებით, რჩევებითა და რეკომენდაციებით არის აჭრელებული. თუ თავადაც მოგესურვათ წერილისა თუ რჩევის დატოვება, მარკერიც აქვეა.
კაფეს თავისი სახელი ძალიან უხდება. თბილი და ყურადღებიანი მასპინძლების წყალობით თავს ისე იგრძნობთ, თითქოს მართლაც მონატრებულ შაქრო ბაბუს ესტუმრეთ, რომელიც ჩაითა და სასუსნავით გაგიმასპინძლდათ.
ანტიკაფე “კუთხე”
ანტიკაფეში ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ის შალვა დადიანის 30 ნომერში მდებარეობს და საღამოს ექვსიდან ღამის სამ საათამდე მუშაობს. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, გაიცნოთ ადამიანები, იკითხოთ, უსმინოთ მუსიკას და დიდ ეკრანზე უყუროთ თქვენივე არჩეულ ფილმს.
ანტიკაფეში გატარებულ საღამოებს უჩვეულობას მატებს “მაფიის ღამე” და “იმეჯინარიუმი” – პოპულარული ასოციაციური თამაში. წესებს დაწვრილებით იქვე აგიხსნიან.
ყველაზე მიმზიდველი კი ანტიკაფეში გადახდის სისტემაა. აქ მართლაც მხოლოდ დროა ფული და სხვა არაფერი. პირველი საათი ოთხი ლარი ღირს, მეორე საათიც, მესამე – სამი, ხოლო დანარჩენი დრო უფასოა. გადახდის ასეთი პრაქტიკა ევროპაში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. დროის საფასურის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით სვათ ჩაი და ყავა, მიირთვათ სასუსნავი... თუმცა მენიუ გამუდმებით იცვლება და წინასწარ ვერავინ გეტყვით, რა დაგხვდებათ კაფეში იმ დღეს. შეგიძლიათ, საკუთარი საჭმელ-სასმელიც მოიყოლოთ.
ანტიკაფეში ხშირად იმართება წვეულებები, ხელოვანთა საღამოები, კონცერტები, თავისუფალი ლექციები...
ანტიკაფეს მყუდრო დიზაინი უამრავ საინტერესო დეტალს შეიცავს. აქ ნახავთ სტუმრების ნახატებს, ლექსებს, შუშის ყუთს, რომელიც სავსეა პატარ-პატარა, ფერად-ფერადი დაკეცილი ფურცლებით. შეგიძლიათ, გახსნათ და სხვა მომხმარებელთა წერილები, სურვილები და რეკომენდაციები წაიკითხოთ. რამდენიმე წლის წინ ერთ ასეთ ფურცელზე ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერი დავწერეთ და იქვე მივაწერეთ, რომ ვინც ამას ნახავდა, დაერეკა და ეთხოვა, ახალდაწყებული მოწევისთვის თავი დაენებებინა. მეგობარი დიდი ხანია აღარ ეწევა, კაფეს სტუმრები კი დღემდე ურეკავენ...
ნინო რატიანი