რა ახდენს გავლენას გერთან ურთიერთობაზე?
გააზიარე:
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “კონკია”, “ჰენზელი და გრეტელი” წაკითხული თუ არა, გაგონილი მაინც არ ჰქონდეს. ეს ზღაპრები ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. პირადად მე პირველი მოსმენის შემდეგ თავი კონკიად გამოვაცხადე, ყოველდღე ველოდი კეთილი ფერიას გამოჩენას და მთელი არსებით მძულდა კონკიას დედინაცვალი, რომელიც საწყალ გოგონას სიცოცხლეს უმწარებდა. ფიფქიას დედინაცვალმა ესეც არ იკმარა და გერი სასიკვდილოდ გაიმეტა...
ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ზღაპრებშია. ბოროტი დედინაცვლის სტერეოტიპიც ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს. ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და ვინ იცის, თქვენც მოგიხდეთ დედინაცვლის ან მამინაცვლის როლის მორგება. ნუ შეშინდებით, გახსოვდეთ, რომ მოთმინებას და სწორ სტრატეგიას შეუძლია, მშობლის ნაცვალი ბავშვს უსაყვარლეს ადამიანად უქციოს.
მოემზადეთ ფსიქოლოგიურად
თქვენი მომავალი მეუღლის შვილთან ურთიერთობით დიდ გამოცდილებას შეიძენთ. თუ საკუთარი შვილი არ გყავთ, საშუალება გექნებათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ბავშვის კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში; თუ გყავთ, შერეული ქორწინებით მას დაძმური სიყვარულის განცდის საშუალებას მისცემთ.
თუ გაგიმართლათ, თქვენი ძველი და ახალი ოჯახების წევრები ერთმანეთს კარგად შეეწყობიან, მაგრამ უფრო მეტია ალბათობა, პრობლემებმა იჩინოს თავი. გაითვალისწინეთ, რომ ახალ ოჯახში ადგილის პოვნა თქვენთვის ადვილი არ იქნება, რადგან ამ საქმეში მეტისმეტად ბევრი ადამიანია ჩართული: თქვენი მეუღლე, ყოფილი მეუღლე, თქვენი მეუღლის ყოფილი მეუღლე და შვილები. აღარაფერს ვამბობ უამრავ ნათესავზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დიდი დოზით ერევიან ახლადშეუღლებულთა ოჯახურ საქმეებში.
მართალია, იდეალური ოჯახის ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ოჯახური იდილიის შექმნა სავსებით შესაძლებელია. მთავარია, სიტუაციას – მოთმინებით, ხოლო მასში მონაწილე ხალხის გრძნობებს გაგებით მოეკიდოთ. საქმის გასაადვილებლად პრაქტიკულ რჩევებს შემოგთავაზებთ.
ნუ აჩქარდებით
თავდაპირველად ეცადეთ, გერის ცხოვრებაში ახალი მზრუნველი მეგობრის როლი მოირგოთ. თუ მეტის მიღწევა ვერ მოახერხეთ, გული ნუ დაგწყდებათ. უმჯობესია, მოვლენები ბუნებრივად განვითარდეს, რადგან ბავშვები კარგად ხედავენ, როდის ეპირფერება და როდის თამაშობს მათთან უფროსი. დროთა განმავლობაში გერთან ბუნებრივად ჩამოგიყალიბდებათ განსაკუთრებული, უფრო თბილი ურთიერთობა, რომელიც, არ არის აუცილებელი, ჰგავდეს იმ ურთიერთობას, რომელიც მას მშობელ დედ–მამასთან აქვს.
რა ახდენს გავლენას გერთან ურთიერთობაზე
თუ ბავშვი მშობლის დაკარგვას განიცდის, შედარებით მეტი დრო დასჭირდება, რომ სიტუაციას შეეგუოს და მშობლის ამპლუაში მიგიღოთ.
თუ მისი ორივე მშობელი ცოცხალია, ერთ–ერთის მეორედ დაქორწინება მას საბოლოოდ გაუქარწყლებს დედ–მამის ერთად ყოფნის იმედს, რაც ბავშვისთვის ასევე დიდი სტრესია. რამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული მშობლების განქორწინებიდან და რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ბავშვი, ქვეცნობიერად მაინც ბოლომდე სჯერა, რომ მისი მშობლები ერთად იქნებიან, ამიტომ დიდი შანსია, ერთ–ერთი მშობლის ცხოვრებაში ახალი პარტნიორის გაჩენამ მასში აგრესია და ბრაზი გამოიწვიოს.
კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ:
* ბავშვის ასაკი. დედის ან მამის ახალი პარტნიორის ოჯახში შემოსვლას პატარა ბავშვები უმეტესად მოზრდილებზე ადვილად ეგუებიან.
* რამდენი ხანია, იცნობთ. რაც უფრო დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ ბავშვთან, მით უფრო ადვილად მიგიღებთ ის ოჯახის წევრად. არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, თუ მისი მშობლების მეგობარი იყავით და მათ განქორწინებაში თქვენ გადანაშაულებთ, მაგრამ დიდი ხნის ნაცნობობა უმეტესად ამარტივებს საქმეს.
* რამდენ ხანს ხვდებოდით თქვენს პარტნიორს ქორწილამდე. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ პარტნიორსა და მის შვილთან როგორც მეგობარი და არა მამინაცვალი/დედინაცვალი, მით უფრო გენდობათ ბავშვი და მით უფრო ადვილად მოგცემთ შანსს, გახდეთ მისი ოჯახის წევრი.
* როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს პარტნიორს ყოფილ მეუღლესთან. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დედ–მამის ცივილიზებული ურთიერთობა ბავშვებს ოჯახის ახალ წევრთან შეგუებას ძალიან უადვილებს – მის გამოჩენას აღარ აღიქვამს როგორც მამასთან ან დედასთან განშორებას. ბავშვის თანდასწრებით თქვენც და თქვენი მეუღლეც ერიდეთ მისი ყოფილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვას.
* რამდენ ხანს ატარებს ბავშვი თქვენთან. მიეცით საშუალება, თვითონ დაგიახლოვდეთ. ნუ დააძალებთ თქვენთან ურთიერთობას. თუ შაბათ–კვირის მშობელ დედ–მამასთან ერთად გატარება მოინდომა, ნუ შეუშლით ხელს. გამონახეთ სხვა დრო და მისთვის საინტერესო საქმის ერთად გაკეთება შესთავაზეთ.
კარგი ურთიერთობისკენ გადასადგმელი ნაბიჯები
ხშირად მშობელ დედ–მამას უჭირს შვილებთან ურთიერთობა და რა გასაკვირია, რომ დედინაცვალს ან მამინაცვალს გაუჭირდეს. სირთულეებთან შეჯახებისას გახსოვდეთ, რომ ბავშვების საჭიროებები ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ, კერძოდ:
* ნუ შეევაჭრებით. მართალია, ბავშვებს სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ წესრიგის გარეშე მათგან კარგ ადამიანს ვერ აღზრდით. ნუ გაანებივრებთ ტკბილეულითა და სათამაშოებით, როდესაც მათი ქცევა არ მოგწონთ, თორემ აღმოჩნდებით სიტუაციაში, სადაც ბავშვის მომავალი არ გაინტერესებთ და საჩუქრების საშუალებით მხოლოდ მისი კეთილგანწყობის მოპოვებაზე ფიქრობთ.
* წესები ყველასთვის საერთოა. ისინი ერთნაირად უნდა ეხებოდეს ყველა ბავშვს, განურჩევლად იმისა, ბიოლოგიური შვილია თუ გერი. თუ ერთ ბავშვს ეკრძალება ძილის წინ ტელევიზორის ყურება, ასევე უნდა ეკრძალებოდეს მეორესაც (თუ ასაკში არ არის განსხვავება). წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა, რაც ძალიან ცუდად აისახება ახალშექმნილ ოჯახზე.
* შექმენით ახალი ოჯახური ტრადიციები. მოიფიქრეთ გასართობი, რომელშიც ყველანი ჩაერთვებით, მოაწყვეთ სამაგიდო თამაშების საღამო, ველოსიპედებით სეირნობა, კულინარიული დღე... მთავარია, აქტივობა ყველასთვის სახალისო იყოს და დაახლოებაში დაგეხმაროთ.
* პატივი ეცით მშობელს. განსაკუთრებული პატივისცემით მოეკიდეთ ბავშვის გარდაცვლილი მშობლის ხსოვნას. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი მის ყოფილ მეუღლესთან ინაწილებთ მეურვეობას, ცივილიზებული ურთიერთობა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი წინამორბედი თქვენდამი უარყოფითადაა განწყობილი. მთავარია, ბავშვმა აგრესიის ინიციატორად თქვენ არ აღგიქვათ. თავი შეიკავეთ მისი მშობელი დედის ან მამისკიცხვისა და უარყოფითი შეფასებისგან – შესაძლოა, ასეთმა საქციელმა თქვენი ახალი ოჯახის პატარა წევრთან ძალიან გაგიფუჭოთ ურთიერთობა.
* ნუ გამოიყენებთ ბავშვს შიკრიკად. ნუ ეცდებით, მისი საშუალებით გაიგოთ, რას ფიქრობს და ამბობს თქვენზე თქვენი პარტნიორის ყოფილი მეუღლე. ასევე თავი შეიკავეთ ისეთი მიმართვებისგან, როგორიცაა "დედაშენს გადაეცი", "დედაშენს ჰკითხე" – ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
* ესაუბრეთ მეუღლეს. კომუნიკაცია წარმატების საწინდარია. რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ მეუღლესთან, ერთად დაგეგმეთ უქმეები, შვებულებები. არ არის გამორიცხული, ბავშვის აღზრდისადმი სხვადასხვა მიდგომა აღმოგაჩნდეთ, ამიტომ ერთად განიხილეთ და შეთანხმდით, რა იქნება თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო გამოსავალი.
ასე, რომ, მოთმინებით და მონდომებით ყველაფერი გამოგივათ, მთავარია არ დანებდეთ და გახსოვდეთ, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად მოახერხებთ პატარა ოჯახის წევრის გულის მოგებას.
ლიკა ქათამაძე