რატომ დიდდება ელენთა?

გააზიარე:

ელენთა ორგანიზმის დამცავი სისტემის ერთ-ერთი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, მისი მწყობრიდან გამოსვლა ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ელენთის გადიდება, მედიცინის ენაზე _ სპლენომეგალია, არცთუ იშვიათია, თუმცა ყოველთვის პათოლოგიური მდგომარეობის მანიშნებელი არ არის.

 

როგორ მუშაობს

ელენთა ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა, მარცხენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს და არ სცდება ნეკნთა რკალს. ნორმალური ელენთა ხელით არ ისინჯება. ამ ორგანოში ლოკალიზებული ლიმფოციტები წარმოქმნის ანტისხეულებს პათოგენების: ვირუსების, ქსოვილის მკვდარი უჯრედების, დაშლილი ერითროციტების, – წინააღმდეგ, ანადგურებს მათ და ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას. ელენთაშივე ხდება ხანდაზმული და ფუნქციადაკარგული ერითროციტების დაშლა. ის სისხლის დეპოც არის – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელსაც ელენთა ორგანიზმში გადაისვრის საჭირო დროს, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და სისხლზე მოთხოვნა იმატებს. ადამიანს შეუძლია ელენთის გარეშე ცხოვრება, თუმცა ამ შემთხვევაში ინფექციებისკენ მისი მიდრეკილება მოიმატებს.

 

რატომ დიდდება

ნორმალური ელენთა დაახლოებით ადამიანის მუშტისოდენაა. მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილის მოსინჯვისას ნორმალური ღვიძლი თუ ხელით შეიგრძნობა, ელენთას ვერ შევიგრძნობთ, რადგან ნეკნთა რკალშია მოქცეული. ამ ორგანოს გადიდება აშკარა ნიშანია იმისა, რომ იმუნური სისტემა პათოგენებს ებრძვის, თუმცა მისი ბრძოლისუნარიანობა ამ დროს შესუსტებულია. გარდა ამისა, არსებობს თანდაყოლილი სპლენომეგალია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს. გადიდებულ ელენთას ასევე შეიძლება შევხვდეთ მოზარდებსა და ძალიან გამხდარ ადამიანებთანაც.

ელენთის გადიდების მიზეზებია:

* ინფექციები:

. ვირუსული – მაგალითად, მონონუკლეოზი;

. პარაზიტული – მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი, მალარია;

. ბაქტერიული – მაგალითად, ენდოკარდიტი (გულის შიგნითა შრის ანთება);

* სისხლის ავთვისებიანი დაავადებები:

. ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო);

. ლიმფომა (ლიმფური ქსოვილის კიბო, მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომა);

* ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები;

* სხვადასხვა ტიპის ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების გაძლიერებული დაშლა);

* ანთებითი დაავადებები:

. სარკოიდოზი;

. სისტემური წითელი მგლურა;

. რევმატოიდული ართრიტი;

* ელენთის ტრავმული დაზიანება;

* კიბოს მეტასტაზები ელენთაში;

* ცისტა (სითხით სავსე არასიმსივნური კაფსულა);

* დიდი ზომის აბსცესი (ჩირქგროვა);

* მეტაბოლური დარღვევები:

. გოშეს დაავადება (ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვება სხვადასხვა ორგანოში, განსაკუთრებით – ელენთასა და ღვიძლში, რაც ორგანოების გადიდებას და მათი ფუნქციების დარღვევას იწვევს);

. ნიმან-პიკის დაავადება (გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ცხიმოვანი ნივთიერებები, ლიპიდები, ელენთის, ღვიძლისა და ტვინის უჯრედებში ლაგდება);

. ამილოიდოზი (ორგანოებში ხდება პათოლოგიური ცილების, ამილოიდების დაგროვება);

. გლიკოგენოზი (გლიკოგენის დაგროვებითი დაავადება);

* შეგუბებითი სპლენომეგალია:

. პორტული ან ელენთის ვენის ობსტრუქცია;

. გულის უკმარისობა;

* სისხლის კოლტების არსებობა ელენთის ვენაში.

 

როგორ ვლინდება

უმეტესობამ არ იცის, რომ ელენთა გადიდებული აქვს, რადგან სიმპტომურად ეს იშვიათად ვლინდება. კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში სპლენომეგალიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

. სლოკინი;

.  სიმაძღრის შეგრძნება ჭამამდე, ასევე – მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ;

. ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა ნახევარში, სადაც ელენთა პროეცირდება. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მკლავზეც.

სპლენომეგალიას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც ძირითად დაავადებასთანაა დაკავშირებული:

. დაღლილობა;

. წონის კარგვა;

. ინფექციური სნეულებებით ხშირი ავადობა;

. სისხლდენისადმი მიდრეკილება;

. სიყვითლე;

. ანემია.

 

დიაგნოსტიკა

სპლენომეგალიას, ჩვეულებრივ, გასინჯვისას აღმოაჩენენ. მუცლის ზედა მარცხენა ნაწილის პალპაციის დროს ექიმი შეიგრძნობს გადიდებულ ელენთას. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ:

. სისხლის საერთო ანალიზს (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის დასადგენად);

. ულტრაბგერით ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (განისაზღვრება ელენთის ზომა და სხვა ორგანოებისგან მისი დაშორება);

. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (განისაზღვრება სისხლის ნაკადის მოძრაობა ელენთაში).

სპლენომეგალიის მიზეზის დასადგენად ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევა:

. ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევა და ბიოფსია;

. ძვლის ტვინის ბიოფსია;

. ლიმფური კვანძების ბიოფსია;

. ელენთის ბიოფსია (თუმცა სისხლდენის მაღალი რისკის გამო ამ უკანასკნელს იშვიათად მიმართავენ).

 

როდის მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ მიდით ექიმთან, თუ გაწუხებთ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში, განსაკუთრებით – თუ ტკივილი ძლიერია და ღრმად ჩასუნთქვისას კიდევ უფრო იმატებს.

 

გართულებები

სპლენომეგალია შესაძლოა გართულდეს:

* ინფექციით – გადიდებულმა ელენთამ შესაძლოა შეამციროს სისხლში ჯანსაღი უჯრედების რიცხვიც, რაც ინფექციური სნეულებებით უფრო ხშირი ავადობის წინაპირობა გახდება;

* ანემიითა და სისხლდენის მაღალი რისკით;

* ელენთის გასკდომით – ელენთა ძალიან ნაზია და ადვილად ზიანდება. სპლენომეგალია ელენთის გასკდომის შესაძლებლობას ზრდის. გახეთქილმა ელენთამ კი შესაძლოა მუცლის ღრუში სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.

 

როგორ ვუმკურნალოთ

სპლენომეგალიის აღსაკვეთად მკურნალობენ ძირითად დაავადებას. მაგალითად, ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სპლენომეგალიის დროს ანტიბიოტიკური თერაპია ტარდება. თუ ელენთის გადიდებას სხვა სიმპტომები არ ახლავს თან და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ექიმი შემოგთავაზებთ ლოდინს და დინამიკაზე დაკვირვებას, ასე რომ, ექვსი-თორმეტი თვის შემდეგ კვლავ მოგიწევთ მისი მონახულება ორგანოს მდგომარეობის შესამოწმებლად. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლაა საჭირო.

მძიმე გართულებების შემთხვევაში, იდიოპათიური (უცნობი მიზეზით გამოწვეული) სპლენომეგალიის დროს და მაშინ, როცა სპლენომეგალია მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სპლენექტომია – ელენთის ამოკვეთა. სპლენექტომია ნაჩვენებია ქრონიკულ და კრიტიკულ შემთხვევებშიც.

 

ცხოვრება ელენთის გარეშე...

ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, თუმცა მისი უქონლობისას მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციური დაავადების რისკი, ამიტომ ინფექციის რისკფაქტორები უნდა შევამციროთ. აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია მენინგოკოკის, პნევმოკოკისა და ჰემოფილუს ინფლუენსას წინააღმდეგ როგორც ელენთის ამოკვეთამდე, ისე ამოკვეთის შემდეგ. პნევმოკოკური ვაქცინის გაკეთება საჭიროა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. დაუკავშირდით ექიმს ცხელების გამოვლენისთანავე, რადგან ეს შესაძლოა ინფექციის მაჩვენებელი იყოს. ერიდეთ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც გავრცელებულია, მაგალითად, მალარია.

 

...და სპლენომეგალიით

სპლენომეგალიის დროს ერიდეთ სპორტის უხეშ სახეობებს: რაგბის, ფეხბურთს, ჰოკეის, – და, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, შეზღუდეთ სხვა ფიზიკური აქტივობებიც, რათა ელენთის გახეთქვის რისკი შამციროთ. ორმაგად მნიშვნელოვანია მგზავრობისას ღვედის შეკვრა, რათა ავარიის შემთხვევაში ელენთის დაზიანების ალბათობა უფრო ნაკლები იყოს. ვაქცინაცია ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ინფექციებისადმი მიდრეკილების შესამცირებლად.

 

სპლენომეგალია ბავშვებში

მცირე ასაკში მუცლის კუნთები თხელია და მუცლის პალპაციის დროს ელენთა ხშირად ხელითაც შეიგრძნობა. ნორმალური ორგანო რბილია, გლუვი და მარცხენა ნეკნთა რკალს 1-2 სანტიმეტრზე მეტით არ სცდება, პათოლოგიურად გადიდებული ელენთა კი ხშირად მკვრივია, შესაძლოა, ჰქონდეს უსწორმასწორო ზედაპირი, 1-2 სანტიმეტრზე მეტით სცდება ნეკნთა რკალს და ხშირად თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც ძირითადი დაავადებით არის გამოწვეული. გადიდებული ელენთა ხელით ესინჯება წლამდე ასაკის ბავშვების 15-30%-ს და ერთ წელს გადაცილებულთა 10%-ს. ათ წელს გადაცილებულთა შორის სპლენომეგალია 1%-თან გვხვდება.

სპლენექტომიას (ელენთის ამოკვეთას) ბავშვებთან იშვიათად მიმართავენ, მაგრამ თუ არსებობს მისი კლინიკური ჩვენება, ამოკვეთის შემდეგ სეფსისის განვითარების რისკი 2%-მდე იმატებს. იმატებს ავადობა და სიკვდილიანობაც. ბავშვებთან სპლენომეგალიის მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექციის შედეგად განვითარებული ჭარბი ანტიგენური სტიმულაცია. მას ხშირად იწვევს ტიპური ვირუსული ინფექციებიც. ამ დროს სპლენომეგალია, ჩვეულებრივ, მსუბუქი და გარდამავალია.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: