ცელიაკია - ვისთვის არის საშიში მარცვლეული
გააზიარე:
ცელიაკია იმ დროიდან არსებობს, როდესაც ადამიანებმა მარცვლეულის მოყვანა და ჭამა დაიწყეს. დაავადება მეორე საუკუნეში ცნობილმა ბერძენმა ექიმმა არეთა კაპადოკიელმა აღწერა და “მუცლისა” (ბერძნულად – Koiliakos) უწოდა (ამ სახელწოდების ლათინიზებული ფორმაა ცელიაკია).
დაავადების მიზეზს დიდხანს ვერ მიაგნეს. მას ბრმად მკურნალობდნენ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის – ჰოლანდიური მიდიებისა თუ ბანანის დიეტით, და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. დღეს მიზეზიც ცნობილია და მკურნალობის საკითხიც – მოგვარებული. მთავარია, მრავალფეროვანი სიმპტომური სურათის მიღმა ექიმმა ცელიაკია ამოიცნოს. დიეტის კეთილსინდისიერი დაცვა კი უმეტესად თავიდან აცილებს პაციენტს ავადმყოფობის ყველა არასასურველ შედეგს და ჯანმრთელობას უბრუნებს.
ცელიაკიის შესახებ "ავერსის კლინიკის" ექიმი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ თელია გვესაუბრა.
– ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს ემართებათ. დაავადებას გენეტიკური განწყობა განსაზღვრავს. თუ ადამიანს ცელიაკია აქვს, ათიდან ერთ შემთხვევაში ის მის პირველი რიგის ნათესავსაც (დედა, მამა, შვილი, და, ძმა) აღმოაჩნდება.
ცელიაკია შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკშიც. ის საკმაოდ გავრცელებულია – ყოველ ას ადამიანზე მისი 1-2 შემთხვევა აღირიცხება, თუმცა მიიჩნევა, რომ ცელიაკიის ათი შემთხვევიდან რვა დიაგნოზის გარეშეა დარჩენილი.
– როგორია დაავადების განვითარების მექანიზმი?
– გლუტენის შემცველი პროდუქტი ცელიაკიის მქონე ადამიანის ორგანიზმში იმუნურ პასუხს აღძრავს. იმუნური ბრძოლა წვრილ ნაწლავზე შეტევით მიმდინარეობს. შედეგად ზიანდება ნაწლავის ხაო – პატარ-პატარა გამონაზარდები, რომელთა ფუნქცია ნაწლავიდან ნუტრიენტების შეწოვაა. დაზიანებული ხაო საკვებ ნივთიერებებს სრულფასოვნად ვეღარ შეიწოვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
სიმპტომები
– როგორ შეიძლება ცელიაკიის ამოცნობა მისი ნიშნების მიხედვით?
– ცელიაკია ზოგჯერ ძნელი ამოსაცნობია, რადგან ორასზე მეტი სიმპტომის სხვადასხვა კომბინაციით ვლინდება. კლასიკური ცელიაკია წვრილი ნაწლავის შეწოვის ფუნქციის დაქვეითებასთან ასოცირებული სიმპტომებით მიმდინარეობს. ესენია ფაღარათი, წონის დეფიციტი, ძლიერი მეტეორიზმი. ტიპობრივია მიკროელემენტების, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (K, B12, B6...), რკინის და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეული სიმპტომებიც, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია.
ბავშვებთან ცელიაკია ხშირად ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემისმხრივი ჩივილებით, თუმცა სხვა ნიშნებიც ახასიათებს. ბავშვებში ცელიაკიის ნიშნებია:
* მუცლის შებერვა და ტკივილი;
* ქრონიკული დიარეა;
* ღებინება;
* შეკრულობა;
* უფერო, მყრალი ან ცხიმიანი განავალი;
* რკინდეფიციტური ანემია;
* წონის კლება;
* დაღლილობა
* გაღიზიანება და ქცევითი დარღვევები;
* მინანქრის დეფექტები მუდმივ კბილებზე;
* ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხება;
* ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.
მოზრდილ ადამიანებში კი საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები შედარებით იშვიათია. მაგალითად, დიარეას მხოლოდ ცელიაკიით დაავადებულთა მესამედი ჩივის. მოზრდილებში ცელიაკია იწვევს:
* აუხსნელ რკინადეფიციტურ ანემიას;
* სისუსტეს;
* ძვლებისა და სახსრების ტკივილს;
* ართრიტს;
* ოსტეოპოროზსა და ოსტეოპენიას (ძვლოვანი მასის შემცირებას);
* ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებს;
* დეპრესიასა და შფოთვას;
* პერიფერიულ ნეიროპათიას (ხელ-ფეხის დაბუჟებას, ჩხვლეტას, ტკივილს);
* კრუნჩხვებს, შაკიკს;
* მენსტრუაციული ციკლის დარღვევას;
* უნაყოფობას, სპონტანურ აბორტს;
* წყლულებს პირის ღრუში – აფთოზურ სტომატიტს;
* ჰერპესის ფორმის დერმატიტს – მქავანა, ბუშტუკოვან გამონაყარს იდაყვებზე, მუხლებზე, ტანზე, თავის თმიან ნაწილზე, დუნდულებზე და სხვა.
კლასიკური და არაკლასიკური
– გასტროენტეროლოგთა მსოფლიო ორგანიზაცია ცელიაკიის ორ ფორმას განასხვავებს: კლასიკურს და არაკლასიკურს. კლასიკური ცელიაკიის შემთხვევაში ვითარდება მალაბსორბციის სინდრომი, რომელიც მოიცავს დიარეას, სტეატორეას (მყრალი, ცხიმიანი განავალი), წონის კლებას მოზრდილებში ან ზრდის შეფერხებას ბავშვებში. არაკლასიკური ცელიაკიის დროს კი მოსალოდნელია მსუბუქად გამოხატული გასტროენტეროლოგიური სიმპტომები მალაბსორბციის მკვეთრი კლინიკური ნიშნების გარეშე ან სრულიად სხვა ტიპის სიმპტომები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
ზოგჯერ ცელიაკია უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს. პაციენტი არაფერს უჩივის, თუმცა გამოხატული აქვს წვრილი ნაწლავის ხაოს ატროფია. უგლუტენო დიეტა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ შემთხვევაშიც დადებითად აისახება. დიეტის წყალობით ადამიანები თავს გაცილებით ენერგიულად და ჯანსაღად გრძნობენ.
გართულებები
– რა გართულებებს ველოდეთ ცელიაკიისგან?
– ცელიაკიის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ შემაწუხებელია. მაგალითად, ჰერპესის ფორმის დერმატიტს ძლიერი ქავილი, წვა, ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. ზოგჯერ ბუშტუკები მხოლოდ კანზე კი არა, პირშიც ჩნდება. წყლულოვანი ენტერიტი, მრავლობითი წყლული წვრილ ნაწლავში, საკმაოდ რთული სამკურნალოა. შესაძლოა, პაციენტს ოპერაციაც კი დასჭირდეს. ცელიაკიის შედარებით იშვიათ გართულებებს მიეკუთვნება ლიმფომა და სხვა სახის სიმსივნეები. მათი განვითარებისგან პაციენტს უგლუტენო დიეტა იცავს.
წვრილი ნაწლავის დაზიანებამ შესაძლოა ლაქტოზის შემცველი პორდუქტების აუტანლობაც გამოიწვიოს, რომელიც რძისა და მისი ნაწარმის მიღების შემდეგ მუცლის ტკივილითა და დიარეით ვლინდება.
ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობას დიეტა ვერ აუმჯობესებს. ამას მკურნალობისადმი უგრძნობ (Nონრესპონსივე) ცელიაკიას უწოდებენ. თუმცა დიეტის ფონზე გამოვლენილი სიმპტომები ყველაზე ხშირად დიეტის უნებლიე დარღვევის შედეგია: პაციენტი შეცდომით იღებს გლუტენის შემცველ პროდუქტს. ამ ტიპის ცელიაკიის სხვა მიზეზებია რომელიმე საკვები ნივთიერების (მაგალითად, ფრუქტოზის) აუტანლობა, მალაბსორბცია, საკვებისმიერი ალერგია, ნაწლავში ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის გამრავლება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი... არის შემთხვევები, როდესაც გამოკეთების შემდეგ მდგომარეობა კვლავ უარესდება (რეფრაქტერული ცელიაკია) და მკურნალობაში იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ჩართვა ხდება საჭირო.
– რაზეა დამოკიდებული დაავადების აგრესიულობა?
– ნაწლავის ლორწოვანის ატროფიის – შეწოვის უნარის დაქვეითების – ხარისხზე. საშიშია ცელიაკიის არადროული დიაგნოსტირება: დიაგნოსტიკის გაჭიანურება პირდაპირპროპორციულად აისახება დაავადების სიმპტომების აგრესიულობაზე.
როგორ გავიგოთ
– რომელი ექიმი სვამს ცელიაკიის დიაგნოზს?
– ცელიაკიით დაავადებული ადამიანი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი პროფილის ექიმთან, მაგალითად, პედიატრთან -დიარეული სინდრომით, ზრდაში ჩამორჩენით, ჰემატოლოგთან – სისხლნაკლებობით, ნევროლოგთან – B12-ის დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური სიმპტომებით, ენდოკრინოლოგთან – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით, ჰეპატოლოგთან – ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ორთოპედთან – ძვალსახსროვანი პრობლემებით, გასტროენტეროლოგთან – დიარეით... ცელიაკიის დასადგენად გამოკვლევის თაობაზე რეკომენდაციის მიცემა ნებისმიერ მათგანს შეუძლია.
თავდაპირველად განისაზღვრება პაციენტის სისხლში სპეციფიკური (ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის და/ან გლიადინის საწინააღმდეგო) ანტისხეულების რაოდენობა. ანტისხეულების განსაზღვრამდე პაციენტი გარკვეული ხნის განმავლობაში გლუტენის შემცველი საკვებით უნდა დაიტვირთოს. გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ცელიაკიის სიმპტომის მქონე ყველა ადამიანს, მათ შორის – ბავშვებსაც 3 წლიდან, ცელიაკიით დაავადებულის პირველი რიგის ნათესავებს და იმ პირებს, რომლებსაც ავტოიმუნური დარღვევები აქვთ: დიაბეტი ტიპი 1, ავტოიმუნური თირეოიდული დაავადება და სხვა.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და ნაწლავის დაზიანების ხარისხის დასადგენად ფასდება ატროფიის ხარისხი ლორწოვანი გარსიდან აღებულ ბიოფსიურ მასალაში. ბიოფსია ცელიაკიის დიაგნოზის ოქროს სტანდარტად რჩება. მისი მეშეობით ადგინენ ცელიაკიის ან ნაწლავის სხვა პრობლემის არსებობა-არარსებობას და აფასებენ უგლუტენო დიეტის ეფექტს. ბიოფსია ენდოსკოპიურად ტარდება. პაციენტს ენდოსკოპს აყლაპებენ. ექიმი ათვალიერებს კუჭ-ნაწლავის შიდა გარსების მდგომარეობას და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის რამდენიმე ადგილიდან ქსოვილის მცირე ნაწილს იღებს გამოსაკვლევად. ამ მასალას შემდეგ მიკროსკოპით გამოიკვლევენ და სპეციალური სქემით შეაფასებენ.
ჰერპესის ფორმის მქონე გამონაყარის არსებობისას გამონაყარის ირგვლივ მდებარე კანის ანფხეკსაც იკვლევენ – ამოწმებენ, ხომ არ არის აღებულ მასალაში IგA ანტისხეულები.
მკურნალობა
– ცელიაკიის მკურნალობა აუცილებელია. ნებაზე მიშვებული ცელიაკია იწვევს ანემიას, ძვლოვანი მასის დაკარგვას და მალაბსორბციის სხვა შედეგებს. მკურნალობა საკვები რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღებას გულისხმობს.
– სხვადასხვანაირია თუ არა დიეტა სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დაავადების დროს?
– არა. გლუტენი სიცოცხლის ბოლომდე უპირობოდ და მთლიანად უნდა იქნეს ამოღებული რაციონიდან. ის ტოქსიკურია ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გლუტენს მხოლოდ ხორბლის, ჭვავისა და ქერის ნაწარმი კი არ შეიცავს, შესაძლოა, ფარულად უამრავი სხვა მზა პროდუქტის, მათ შორის – წამლებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემადგენლობაშიც შედიოდეს. ამიტომ უგლუტენო დიეტის დაცვა არც ისე ადვილია. დაავადება შესაძლოა სულ მცირე რაოდენობის გლუტენის მიღებამაც კი გაამწვაოს. პაციენტი ჰაერში გაფრქვეულ ფქვილსაც კი უნდა ერიდოს.
საბედნიეროდ, მსოფლიოში ზრუნავენ ცელიაკიის მქონე ადამიანებზე და უგლუტენო დიეტის დაცვა უფრო და უფროადვილი ხდება.
– რა შეიძლება მოჰყვეს დიეტის დარღვევას?
– დიეტის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს დაავადების გამწვავება. არსებობს გლუტენის მიმართ მგრძნობელობის მომატების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ნაწლავის ლორწოვანის ატროფიას არ იწვევს. მას არაცელიაკიური გლუტენოპათია ეწოდება, თუმცა კლინიკურად ცელიაკიას წააგავს. ამ დროს დიეტიდან მცირედ გადახრას პაციენტი უფრო იოლად გადაიტანს. ნამდვილი ცელიაკიის დროს კი უგლუტენო დიეტა სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.
– რა სირთულეებს შეიძლება შეეჯახონ ცელიაკიის მქონე ადამიანები ქართულ სინამდვილეში?
– დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა სირთულედ მიმაჩნია საქართველოში კვალიფიციური დიეტოლოგის პოვნა, რომელიც პაციენტებს კვების სწორი რაციონის შედგენაში დაეხმარება.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
* ერიდეთ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ხორბალი, ჭვავი, ქერი, ალაო, აგრეთვე – შვრიისა და საფუარის შემცველ ნაწარმს, რომლის ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ უგლუტენოა.
* გაითვალისწინეთ, რომ გლუტენს არ შეიცავს ბრინჯი, სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, ბარდა, მაგრამ ვიდრე ამ პროდუქტებისგან საკვებს მოამზადებთ, გადაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით – შესაძლოა, შემთხვევით დაბინძურებული იყოს ხორბლის, ჭვავის ან ქერის ფქვილით.
* გარჩეული და დაფასოებული თხილის, ნიგვზის, მზესუმზირის და სხვა მსგავსი პროდუქტის შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ, წერია თუ არა ეტიკეტზე "უგლუტენო".
* ბრინჯის, სიმინდისა და კარტოფილის შემცველი პროდუქტები ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს და ამიტომ შეკრულობას იწვევს. ეცადეთ, თქვენს საკვებ რაციონში იყოს საკმარისი რაოდენობის ხილი, ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად სვით ბევრი წყალი (ასე თავიდან აიცილებთ ბოჭკოვანი საკვებით გამოწვეულ შეკრულობასაც).
* მარცვლოვნებს მხოლოდ ბრინჯით ნუ ჩაანაცვლებთ – ის დარიშხანს შეიცავს და შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში ნორმაზე მეტი ეს ნივთიერება დაგროვდეს.
* ღვინო, ძმარი, გამოხდილი ალკოჰოლური სასმელები, როგორც წესი, არ შეიცავს გლუტენს, თუ არომატიზატორის სახით არ აქვს დამატებული. ლუდი უგლუტენოდ არ მიიჩნევა, თუმცა არსებობს გლუტენისგან საგანგებოდ გაწმენდილი სახეობებიც.
* თუ რძის პროდუქტების აუტანლობა გაქვთ, მათ ნაცვლად მიირთვით რძის შემცვლელები, ულაქტოზო ან მცირელაქტოზიანი ბრინჯის, სოიის, ნუშის, თხილის ნაწარმი.
* ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია იმის თაობაზე, ხომ არ გჭირდებათ კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატის მიღება.
* ცელიაკიის მქონე ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ვერც შვრიას იტანს. სუფთა შვრია უგლუტენოა, მაგრამ ის ხშირად მოჰყავთ ქერის, ჭვავის ან ხორბლის მახლობლად. შესაძლოა, მათი მოსავალი ერთი და იმავე მანქანებით აიღონ და ერთ საწარმოში, ერთსა და იმავე დანადგარებზე გადაამუშაონ. ამჟამად უგლუტენო შვრიის მიღების ორი მეთოდი არსებობს: მწარმოებლები ცდილობენ, ერთმანეთს არ შეეხოს სხვადასხვა მარცვლეული, რისთვისაც ცალ-ცალკე აქვთ მათი გადასამუშავებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ., მწარმოებელი კომპანიები კი სხვადასხვა მეთოდით აცალკევებენ უკვე აღებულ მარცვლეულს და ახარისხებენ ფორმის, ზომისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. აქედან გამომდინარე, არ მიირთვათ შვრია, თუ ეტიკეტზე არ აწერია “უგლუტენო”. ასეთი შვრიის მიღებაც აუცილებლად ექიმს შეუთანხმეთ და ცოტ-ცოტა მიირთვით, დღეში არა უმეტეს 50 გრამი მშრალი მარცვლისა.
მარი აშუღაშვილი