ბოტანიკური ბაღის სპორტსმენები

გააზიარე:

 

დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა. გერონტოლოგია – მეცნიერების დარგი, რომელიც დაბერების პროცესს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს შეისწავლის – ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში ჩაისახა. საიდუმლოს ბოლომდე ვერ აეხადა ფარდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ დღეგრძელობის საწინდარი გენეტიკური მემკვიდრეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესია. ამჟამად ტოკიოს გენეტიკისა და გერონტოლოგიის დეპარტამენტი ღეროვანი უჯრედების ფუნქციური გააქტიურების შესაძლებლობას და შედეგებს იკვლევს, თუმცა ამ კვლევებსაც გარემოს სისუფთავე და ცხოვრების ჯანსაღი წესი გასდევს ლაიტმოტივად.

 

სუფთა გარემო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ინდექსი არცთუ საგანგაშოა – 24 სხვადასხვა წერტილში აღებული სინჯებიდან მხოლოდ 6-მა აჩვენა დაბინძურების საშუალო დონე, ყველა სხვა შემთხვევაში კი მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი აღმოჩნდა, – თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსახვავებულ მონაცემებს გვაწვდის: ჰაერის დაბინძურების ნებადართული 25%-ის ნაცვლად თბილისის სხვადასხვა უბანში 50%-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მძიმე მდგომარეობაა ზესტაფონში, რუსთავსა და ჭიათურაში... ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ქალაქის ცენტრში არსებული მწვანე კუნძულები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ასეთი კუნძულია.

 

ცხოვრების ჯანსაღი წესი

ახალგაზრდული განწყობის, გარეგნობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება, ალბათ, ყოველი ჩვენგანის ოცნებაა, თუმცა ამ ოცნების ასახდენად, სამწუხაროდ, ბევრს არაფერს ვაკეთებთ – გვეძნელება ჯანსაღი რაციონის დაცვაც, ვარჯიშიც, მეტადრე – ზამთარში... არადა ეს მეტისმეტად მცირე საფასურია ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის.

სამაგიეროდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაში საკუთარ მაგალითზე გვარწმუნებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოველდღიური სტუმრები, რომლებიც უთენია მოდიან აქ, ვარჯიშობენ და ბუნებისგან მთელი დღის სამყოფ ენერგიას იღებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ მათ უბილეთო ვიზიტორების სტატუსი მიანიჭა.

უკვე თორმეტი წელია, ნორა მჭედლიშვილის ყოველი დღე ერთნაირად იწყება: ზაფხულის პაპანაქებასა თუ ზამთრის ყინვაში, თოვლსა თუ ქარში, დილის 7 საათზე სამების ეკლესიიდან ბოტანიკური ბაღისკენ მიემართება. ვარჯიშს მოთელვით იწყებს და ჩანჩქერის ქვეშ გამაგრილებელი პროცედურებით ასრულებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზამთარშიც კი.

ვერც კი დაიჯერებთ, რომ დიდი ხანია, 80 წელს გადააბიჯა და სამი შვილის დედა, რვა შვილიშვილის ბებია და თერთმეტი შვილთაშვილის დიდი ბებიაა. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ექთანობის ორმოცწლიანი გამოცდილებაც ეხმარება:

– გადაჭარბებული დატვირთვა ჩემს ასაკში არ არის რეკომენდებული, თუმცა ორგანიზმი თავად მიგითითებს, რა დოზით დაიტვირთო. მუხლები მტკიოდა, სახსრები და წნევა მაწუხებდა, მაგრამ ცხოვრების იმ წესმა, რომლისთვისაც წლებია არ მიღალატია, ჯანმრთელობის პრობლემები სრულიად დამავიწყა.

გალინა ჩითინაშვილს, სანამ თაღოვან ხიდზე სავარჯიშოდ “გოგონებს” შეუერთდება, 600-ზე მეტი საფეხურის ავლა უწევს – ბეთლემის ეკლესიებთან ტურისტულ საფეხმავლო ბილიკს მიუყვება. მუდამ ხალისიანი და ენერგიულია. უყვარს სილამაზე და შინ ნამდვილი ედემის ბაღი აქვს გაშენებული.

– ენერგია და შრომის უნარი რომ შევინარჩუნოთ, ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ ასაკს შევუშინდით, შვილებისა და შვილიშვილებისთვის ტვირთად ვიქცევით. მე კი ვცდილობ, პირიქით, დავეხმარო, ცხოვრება გავუადვილო. ცხოვრების ჯანსაღ წესს ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს. მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილები სპორტის სხვადასხვა სახეობით არიან გატაცებული, – გვითხრა ქალბატონმა გალინამ.

თამარ ბექიშვილი მხატვარია. უკვე რვა წელია, ბოტანიკურ ბაღს ყოველდღე სტუმრობს. შედეგად სამი წელია, წნევის წამალი აღარ დასჭირვებია...

– ყურს ვუგდებთ ორგანიზმს და ვცდილობთ, ზომაზე მეტად არ გადავტვირთოთ. ჩვენს ერთ მეგობარს გული აწუხებს და ვარჯიში არ შეუძლია – მხოლოდ სეირნობს. ზოგიერთი ჩვენგანი იოგას მისდევს... შესაძლოა, ყოველდღიური ვარჯიში ხანგრძლივი სიცოცხლისა და უბერებლობის გარანტია არ იყოს, თუმცა მაგრამ ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საძირკვლად ნამდვილად გამოდგება.

ქალბატონი ნათელა დილის ენერგეტიკულ მუხტს მთელი დღე ინარჩუნებს. შინ თექაზე მუშაობს, კერავს, ქსოვს და ხატავს. შთაგონების წყარო კი ბოტანიკურ ბაღში მიღებული შთაბეჭდილებებია.

გუნდის აქტიური წევრები არიან დინა და ნინელი ვარდიაშვილები. 80 წელს მათაც დიდი ხანია გადააბიჯეს, მაგრამ ორივე მხნედ და ელეგანტურად გამოიყურება. მსუბუქი მაკიაჟი და მოხდენილი ვარცხნილობა მათთვის დილის შვიდ საათზეც ჩვეულებრივი რამ არის.

ბოტანიკური ბაღის ყოველდღიურ სტუმრებს შორის მამაკაცებიც არიან. ცხოვრების ჯანსაღი წესი ყოველი მათგანის მთავარი საზრუნავია.

 

გული არა ბერდება

ასე რომ, სიბერე ყოველთვის ავადმყოფობას და  სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს. ზოგიერთი მეცნიერი ადამიანის ცხოვრების ამ პერიოდს დროის დინებასთან დაკავშირებულ პროგრესულ ცვლილებასაც კი უწოდებს. ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ის ქვაკუთხედია, რომელიც სიცოცხლეს და ახალგაზრდობას გვიხანგრძლივებს.

რატომ არის აუცილებელი ფიზიკური აქტივობა ასაკოვანი ადამიანებისთვის და რა სარგებლობა მოაქვს მას?

დავიწყოთ იმით, რომ ვარჯიშის წყალობით თავს უფრო უკეთ ვგრძნობთ. ის გვავსებს ენერგიით, გვიწესრიგებს ძილს, გვეხმარება განტვირთვაში და ტონუსში მოჰყავს ჩვენი სხეული. ვარჯიში დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც – ამცირებს სტრესსა და გაღიზიანებას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, გვმატებს თავდაჯერებას და აქარვებს მოწყენილობას. ფასდაუდებელია მისი გავლენა წონაზე, არტერიულ წნევაზე, ქოლესტერინის დონეზე, დიაბეტზე, ძვლებსა და სახსრებზე. ვარჯიშით შესაძლებელია გულის დაავადებების, ინსულტის და ზოგიერთი სიმსივნის განვითარების რისკის შემცირებაც.

 

როგორ ვივარჯიშოთ

ხანდაზმულ ასაკში მიზანშეწონილია ოთხი ტიპის ფიზიკური აქტივობა:

* ზომიერი ინტენსივობის აერობიკა. ის ხელს უწყობს გულის, ფილტვებისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციობას. ასეთი აქტივობის მაგალითებია:

. სწრაფი სიარული;

. წყლის აერობიკა;

. ცურვა;

. სამეჯლისო და სპორტული ცეკვები;

. სწორ გზაზე (შეიძლება მცირე დახრილობის ბორცვებზეც) ველოსიპედით სიარული;

. ჩოგბურთი;

. ეზოსა და ბაღის სამუშაოები;

. ძაღლის გასეირნება;

. მანქანის გარეცხვა.

რეკომენდებულია, ამ ტიპის აქტივობას დავუთმოთ დღეში დაახლოებით 30 წუთი. შეიძლება, ეს დრო სამ ათწუთიან ან ორ თხუთმეტწუთიან მონაკვეთად დავყოთ და შუალედებში შევისვენოთ.

* კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები. ისინი გვინარჩუნებენ კუნთებისა და ძვლების ძალასა და სიმტკიცეს და გვიადვილებენ ყოველდღიურ საქმიანობას. ამ ტიპის აქტივობაა:

. შედარებით მძიმე ტვირთის აწევა და გადაადგილება (მაგალითად, ბაზრიდან ან სუპერმარკეტიდან სურსათით სავსე ჩანთის მოტანა);

. კიბეზე ასვლა (ნაცვლად ლიფტის ან ესკალატორის გამოყენებისა);

. ბაღის ან ბოსტნის შედარებით მძიმე სამუშაოები (მაგალითად, ბარვა, თოხნა);

. იოგა.

ასეთი დატვირთვა რეკომენდებულია კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ეცადეთ, ამ ტიპის აქტივობას მსუბუქი დატვირთვაც შეუთავსოთ – საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და სხვა.

* მოქნილობის შემანარჩუნებელი ვარჯიშები. მათი წყალობით უფრო ადვილად იმოძრავებთ, ჩაიცვამთ წინდებს, შეიკრავთ ფეხსაცმლის თასმსა. ასეთი ვარჯიშებია:

. ტაიჩი (ჩინური ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ნელი მოძრაობებისგან შედგება);

. იოგა;

. ცეკვა;

. ბაღში მუშაობა;

. ოთახის მტვერსასრუტით დასუფთავება.

ეცადეთ, ასეთი სავარჯიშოები ყოველდიურად შეასრულოთ, თუნდაც ტელევიზორს ყურების დროს.

* ბალანსის შემანარჩუნებელი ვარჯიშები. ამ ტიპის დატვირთვა აუმჯობესებს წონასწორობის დაცვის უნარს და დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ დაცემა და ტრავმები:

. ცალი ხელი წონასწორობის დასაცავად მაგიდის კიდეს მოჰკიდეთ, შემდეგ დაეყრდენით ცალ ფეხს, მეორე კი ნელა განზიდეთ გვერდზე. ასე გაჩერდით ერთი წამის განმავლობაში და ფეხი ნელა დაუშვით. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხითაც.

. სახით მაგიდისკენ შებრუნდით, ორივე ხელი მოჰკიდეთ მაგიდის კიდეს, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ოდნავ ჩაიმუხლეთ და შემდეგ ისევ გაიმართეთ.

* გვერდულად დადექით მაგიდასთან, წონასწორობის დასაცავად ცალი ხელი მოჰკიდეთ მის კიდეს. ოდნავ აიწიეთ ფეხის წვერებზე, გაჩერდით ერთ წამს და ნელა დაეშვით ქუსლებზე.

ეს ვარჯიშები დღეში დაახლოებით 8-10-ჯერ გაიმეორეთ. შეგიძლიათ, მათ შესასრულებლად დრო საგანგებოდ გამოყოთ ან ისინი ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეასრულოთ, მაგალითად, სამზარეულოში, როდესაც ჩაის ადუღებას ელოდებით.

 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

ვარჯიშის დროს არ დაგავიწყდეთ სიფრთხილის ზომები:

* დაიწყეთ მცირე ინტენსივობის ვარჯიშით და დატვირთვა ნელ-ნელა გაზარდეთ. ზრდა უნდა მოხდეს არა ყოველდიურად, არამედ კვირიდან კვირამდე.

* ატარეთ კომფორტული და მყარი ფეხსაცმელი.

* შეწყვიტეთ ვარჯიში, თუ ტკივილი, თავბრუხვევა ან სხვა დისკომფორტი იგრძენით.

* არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრებისას. წყურვილის შეგრძნებას ნუ დაელოდებით.

 

გახსოვდეთ: ფიზიკური აქტიურობა, თუნდაც მსუბუქი, ჯანმრთელობის, სრულფასოვანი ცხოვრებისა და ენერგიის საწინდარია.

თამარ ციბალაშვილი

ელენე ზურაბიშვილი

 

 

 

 

გააზიარე: