სიცილის თერაპია
გააზიარე:
ცხოვრებას თავისი აღმართ-დაღმართები აქვს. დაღმართები კი ზოგჯერ ძალიან რთულია. პანდემია ამის საუკეთესო მაგალითია. ბევრმა არ იცის, როგორ მართოს სტრესი, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილია. მას სხვადასხვანაირად უმკლავდებიან: სასეირნოდ დადიან, მეგობრებს ხვდებიან, მედიტაციაში იძირებიან... ეს ყველაფერი ნამდვილად გვეხმარება, მაგრამ არსებობს სტრესის დამარცხების კიდევ ერთი ძლიერი და დაუფასებელი საშუალება – იუმორი.
სტრესის წინააღმდეგ
იუმორი სტრესის ძლიერი ანტიდოტია. როცა პრობლემაზე ხუმრობთ, მას, სულ ცოტა, ერთი ნაბიჯით შორდებით, რაც გაძლევთ სივრცეს ძალების მობილიზაციისთვის. ეს კი, ალბათ ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია – ქრონიკული სტრესი ხომ უმრავ დაავადებას უდებს სათავეს და ზრდის ადრეული სიკვდილის რისკს.
ყველას შეუძლია, იყოს მხიარული, ლაღი, იუმორით შეხედოს მოვლენებს. ბავშვობაში ხომ ყველაფერი უფრო სახალისო გეჩვენება. თითის ჩვენებასაც კი შეუძლია გულიანად გაგვაცინოს. ასაკთან ერთად ეს უნარი ქრება, რადგან მიგვაჩნია, რომ ასაკს სერიოზულობა შეჰფერის. ბავშვი თუ დღეში საშუალოდ 400-ჯერ იცინის, ზრდასრული – დაახლოებით 15-ჯერ, რაც ძალიან ცოტაა. როგორც პოლ მაკგი ამბობს თავის წიგნში “Humor as Survival Training for a Stressed-Out World”, გვემუქრება ეგრეთ წოდებული შეძენილი გართობის დეფიციტის სინდრომი (Acquirwd Amusement Deficiency Syndrome (AADS)).
თქვენ როდის იცინეთ ბოლოს? თავაზიან ღიმილზე კი არ გეკითხებით, არამედ გულიან ხარხარზე, მუცელს რომ აგატკივებთ და ცრემლს გადენთ.
სიცილის თერაპია
ამერიკელ ჟურნალისტ ნორმან კაზინსს 70-იან წლებში ბეხტერევის დაავადება, იგივე მაანკილოზებელი სპონდილიტი დაუდგინეს. კაზინსს ტკივილები აწამებდა. ექიმები გამოსავალს ვერ ხედავდნენ, მაგრამ კაზინსმა ამ საშინელი რეალობის პირისპირ თვითონვე იპოვა წამალი – დადებითი ემოციები.
ნაცვლად იმისა, რომ ემოციურ შავ ხვრელში გადაშვებულიყო და ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გაქცეოდა რეალობას, კაზინსმა გადაწყვიტა, სასტუმრო ოთახში ჩაკეტილიყო და ეცინა. ის უყურებდა ტელეგადაცემებს და ფილმებს, რომლებიც მას დადებითი ემოციებით ავსებდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ათწუთიანი გულიანი სიცილის შემდეგ თითქმის ორი საათი მშვიდად, ტკივილის გარეშე ეძინა.
ამის შემდეგ კაზინსმა დააარსა სიცილის თერაპიის კათედრა, სადაც სიცილით მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს სწავლობდნენ. ასე იქცა ჟურნალისტი გელოტოლოგიის (მეცნიერება სიცილის თერაპიული გამოყენების შესახებ) ფუძემდებლად.
სიცილი ჯანმრთელობააო, ალბათ გაგიგონიათ. ნამდვილად ასეა. გულიანი სიცილის დროს თავიდან მუცლამდე დაახლოებით 300 კუნთი იჭიმება, ამათგან 17-მდე – მხოლოდ სახეზე, ასე რომ, მხიარული საღამოს შემდეგ შესაძლოა კუნთებატკივებულს გაგეღვიძოთ.
სუნთქვა ხშირდება, რის გამოც ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა სამჯერ ჩქარდება. დიაფრაგმა იჭიმება, ფილტვები ფართოვდება. როცა ხმამაღლა ვიცინით, ჰაერის ნაკადი დაახლოებით 100 კმ`ს სიჩქარით ამოიტყორცნება ფილტვებიდან, ფილტვებში კი დიდი რაოდენობით ჩაედინება ჟანგბადი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებში ხვდება, გულისცემა ჩქარდება და ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მთელ სხეულში აგრძელებს გზას. ორგანიზმი რამდენიმე ხანს ძალიან აქტიურია. შესაბამისად, აქტიურია ნივთიერებათა ცვლაც. მერე სხეული ისევ ეშვება, არტერიები ფართოვდება, წნევა ეცემა.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცილს მართლაც აქვს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ძალა. გულიანი სიცილის დროს ტვინში მცირდება სტრესის ჰორმონების – ადრენალინისა და კორტიზონის სინთეზი, ბედნიერების ჰორმონები კი გაძლიერებულად გამოიფრქვევა, რაც განწყობას ამაღლებს და ორგანიზმის თავდაცვის უნარს ზრდის. მაგალითად, სტრესის ჰორმონები ტვინში განსაზღვრულ ნეირონებს აზიანებს, რაც უარყოფითად აისახება მეხსიერებასა და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, სიცილი საუკეთესო გზაა მეხსიერებისა და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად.
კვლევებისავე საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს თ-ლიმფოციტებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას და გამა-ინტერფერონს – ცილას, რომელიც ასევე უშლის ხელს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ამასთან, ვირუსების გამრავლებასაც თრგუნავს, რის შედეგადაც იზრდება დაავადებებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი.
ერთწუთიანი გულიანი სიცილი იმდენსავე კალორიას წვავს, რამდენსაც დაახლოებით ათწუთიანი სირბილი.
რაში გვეხმარება
იუმორს მეტიც შეუძლია. ის სილაღესა და ბედნიერებას გვანიჭებს. იუმორის მოყვარულებს ძნელად ითრევს შიშისა და პანიკის მორევი. მათში დადებითი ემოციები ჭარბობს: სიყვარული, სიხარული, მადლიერება.
სამსახურში იუმორი სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის, მოწყენილობას აქარვებს, ენერგიას და მუშაობის სტიმულს გვმატებს. დიდი კონფლიქტები უფრო პატარა მოგვეჩვენება და ადვილად მოგვარდება, თუ ემოციებს არ ავყვებით, საყვედურებისგან თავს შევიკავებთ და საუბარში ცოტაოდენ იუმორსაც გავურევთ.
სიცილი კომუნიკაცის კარგი საშუალებაა. თუ სხვების გახალისება გემარჯვებათ, ურთიერთობასაც ადვილად დაამყარებთ და მეგობრობასაც გაამყარებთ.
სად ვიპოვოთ
როგორც უკვე ვთქვით, სიცილი ახალისებს, აჯანსაღებს, ახალგაზრდობას ახანგრძლივებს, თავდაჯერებას მატებს და ურთიერთობებს განამტკიცებს, ამიტომ მწიკვი იუმორი მუდამ თან გქონდეთ, მაშინაც კი, როცა რამე სასაცილოდ სულაც არ მიგაჩნიათ.
ისწავლეთ იუმორის შემჩნევა. ალბათ იტყვით, სათქმელად ადვილიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც კი არ გვყოფნის დრო, “სასაცილო” საგნებსა თუ მოვლენებს ვერც კი ვამჩნევთ. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ დროს უნდა მივცეთ თავს ხუმრობისა და სიცილის უფლება.
როგორ?
1. იუმორის გრძნობას ღილაკზე თითის დაჭერით ვერ გაიაქტიურებთ, ამისთვის უნდა ივარჯიშოთ. უფრო მეტი უნდა იმუშაოთ საკუთარი იუმორის აღმოსაჩენად. ალბათ მოხვედრილხართ მხიარულ კომპანიაში, სადაც ხმის ამოღებაც კი ვერ გაგიბედავთ, რადგან გეშინოდათ, რომ თქვენს იუმორს სათანადოდ ვერ დააფასებდნენ. ნუ შეგეშინდებათ გახუმრების – ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც თქვენს ხუმრობაზე გაეცინება.
2. ჩართეთ სიცილი საუზმის მენიუში. სანამ ყოველდღიურ რუტინაში ჩაიძირებოდეთ, თვალი გადაავლეთ ჟურნალ-გაზეთებსა თუ ინტერნეტში იუმორის გვერდებს. ხალისიანი წიგნი, ხუმრობების კრებული.
3. ინსტაგრამზე, ფეისბუქსა თუ ტვიტერზე დაუმეგობრდით იუმორის მოყვარულ ადამიანებს, რომლებსაც შუძლიათ, ყველაფერი გართობად აქციონ, გაცინონ და სიცოცხლის სურვილი დაგიბრუნონ. თუ გინდა, სხვები გააცინო, თავად უნდა შეგეძლოს სიცილი.
4. იარეთ გასართობ შოუებზე, სთენდ-აფ საღამოებზე, კარაოკე-ბარში... თუ ვერ მოახერხებთ, არც ესაა ტრაგედია – ინტერნეტში უამრავი კომედიური ფილმის და შოუს ჩანაწერს იპოვით.
5. იარეთ ატრაქციონებზე, შედით სიცილის ოთახში, გაიხსენეთ ბავშვობა და თავს სისულელეების უფლებაც მიეცით.
6. უყურეთ სატირულ, იუმორისტულ, გასართობ გადაცემებს, კინოკომედიებს. სისულელეზეც კი იცინეთ. რა მნიშვნელობა აქვს, სხვები რას იფიქრებენ, მთავარია, რომ სისხლში ბედნიერების ჰორმონების კონცენტრაცია მოიმატებს.
7. თუ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით, მაგალითად, სუფრაზე სასაწებლე წაგექცათ, მარკეტში ქილა გაგიტყდათ, – იუმორნარევი ბოდიში მოხადეთ. ასეთ სიტუაციებში საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი ადამიანს მიმზიდველობას მატებს და უფრო თავდაჯერებულს წარმოაჩენს.
8. ევროპასა თუ ამერიკაში უამრავი სიცილის ცენტრია, რომლებშიც რეგულარულად დადის ხალხი. ჩვენში ასეთ ცენტრს ვერ იპოვით, ამიტომ თავად მოაწყვეთ. დაპატიჟეთ მეგობრები, გაიხსენეთ სასაცილო ამბები და გულიანად იცინეთ.
9. ეძებეთ სიტუაციები, რომლებიც გაგაცინებთ. მაგალითად, გამართეთ ონლაინ წვეულება, კომედიური სერიალის ერთად ყურების სეანსი. გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც სიცილი უყვართ. მხოლოდ თქვენ კი არ იგრძნობთ თავს უკეთესად, არამედ სხვებსაც დაეხმარებით.
დაბოლოს, ჩარლი ჩაპლინისა არ იყოს, ნუ დაკარგავთ დღეებს სიცილის გარეშე. სიცილისა, რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ჯილდა გაჩეჩილაძე