რა იწვევს ქრონიკულ დიარეას?

გააზიარე:

ნაწლავის ნორმალური მოქმედება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ებრძვის ნაწლავის გახშირებულ თუ გაიშვიათებულ მოქმედებას - დიარეასა და შეკრულობას, რომელიც ზოგჯერ ხანგრძლივდება და ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება.

ამჯერად ქრონიკული დიარეის შესახებ გესაუბრებით. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია.

 

აშლილობის ლექსიკონი

– დიარეა ეწოდება ნაწლავის გახშირებულ მოქმედებას დღე-ღამეში 200 გრამზე მეტი მასის თხიერი განავლის გამოყოფით. “დიარეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დაღვრას, დაწრეტას, დაცლას. ეს ტერმინი პირველ საუკუნეში შემოიღო რომაელმა ექიმმა არეტეოს კაპადოკიელმა.

ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში დიარეა ფაღარათად იხსენიება. ეს არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს თხელს. ძველ სამედიცინო წიგნებში მისი შესატყვისებია ყვანა, სატალი და სხვა. ქართველურ ენებში (სვანურში, მეგრულში) დიარეის ორმოცდაათამდე შესატყვისს ვხვდებით. გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს ამ სიტყვის საკუთარი, დიალექტური ფორმები აქვს.

სულხან-საბა ორბელიანს აქვს იგავი – “აქიმი და ორი სნეული”: ცნობილი ექიმი ვერაფერს უხერხებს ორ დიდებულს, რომელთაგანაც ერთს ქრონიკული შეკრულობა აწუხებს, ხოლო მეორეს – ქრონიკული დიარეა. ამ იგავიდანაც კარგად ჩანს, რა დიდი პრობლემაა მათი მკურნალობა.

 

ქრონიკული პრობლემა

– დიარეა ქრონიკულია, როდესაც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება. ხანმოკლე აშლილობას მწვავე დიარეას ვუწოდებთ. ის უმეტესად ინფექციური ან კვებითი ინტოქსიკაციის შედეგია. ქრონიკული დიარეაც შეიძლება ინფექციური ან არაინფექციური წარმოშობისა იყოს. პირველს იწვევს მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, პროტოზოები, პარაზიტები, – და მათთან ასოცირებული დაავადებები: დიზენტერია, ნაწლავის ტუბერკულოზი, კამპილობაქტერიოზი, ხოლო მეორეს - არაინფექციური დაავადებები და მდგომარეობები, მათ შორის – კუჭისა, ღვიძლისა, პანკრეასისა...

 

კუჭი და ღვიძლი

– კუჭის დაავადებათაგან დიარეის მიზეზებია სიმჟავის დაქვეითებით მიმდინარე (ანაციდური) გასტრიტი, კუჭ-კოლინჯის ხვრელმილი, კუჭის კიბო, კუჭის რეზექცია (ნაწილის ამოკვეთა)... განსაკუთრებით წყალუხვია დიარეა გიგანტური ჰიპერტროფიული გასტრიტის – მენეტრიეს დაავადების დროს, რომელიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია კუჭის კიბოსა და სხვა სიმსივნეებისგან.

ღვიძლის პარენქიმის დაზიანება, ნაღვლის შეგუბება არღვევს ცხიმების მონელებას, რაც დიარეას იწვევს.

 

პანკრეასული დიარეა

– დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს პანკრეასის ფუნქციის მოშლა, მისი ფერმენტების (ლიპაზას, ტრიფსინის, ამილაზას) უკმარისობა. პანკრეასის ზოგიერთი სიმსივნე ჰორმონულ დიარეას განაპირობებს. ასეთია, მაგალითად, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი. ამ დროს კუჭში ან პანკრეასში განვითარებული სიმსივნე, გასტრინომა, გაძლიერებულად წარმოშობს კუჭის ჰორმონს გასტრინს, რასაც წყლულების გაჩენამდე და დიარეამდე მივყავართ.

არსებობს ვიპომა  – პანკრეასის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ჭარბად გამოყოფს ვაზოინტესტინურ პეპტიდს. ამ დაავადებას იმდენად ძლიერი დიარეა ახასიათებს, რომ პანკრეატოგენურ ქოლერასაც კი უწოდებენ.

პანკრასის სხვა სიმსივნეს, გლუკაგონომას, რომელიც შაქრიანი დიაბეტის ერთ–ერთი მიზეზია, დიარეასთან ერთად შორისის არეში, ბარძაყზე და მუცლის ზედა ნაწილში ერითემა (წითელი გამონაყარი) ახასიათებს.

პანკრეასის კარცინოიდული სიმსივნე, რომელიც ასევე იშვიათია, ჭარბად გამოიმუშავებს სეროტონინს. დიარეასა და სახის წამოწითლებასთან ერთად მისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმიც. სახის წამოხურება და გაწითლება განსაკუთრებით აშკარაა ალკოჰოლის, ცხიმის, ხორცის მიღების შემდეგ.

სხვა სიმსივნის, სომატოსტატინომის, დროს კი დიარეა სტეატორეით (ცხიმიანი განავლით) გამოირჩევა. ამ დროსაც ვითარდება დიაბეტი, ნაღვლის ბუშტის ატონია, ყალიბდება კენჭები, მცირდება კუჭის სიმჟავე.

 

ნაწლავები

– დიარეის მიზეზი ხშირად კოლიტია. ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება (გრანულომატოზური კოლიტი) ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ისე ძალიან, რომ ერთმა გასტროენტეროლოგმა მათ ბიძაშვილებიც კი უწოდა.

უშაქრო დიაბეტთან ასოცირებული წყლიანი დიარეა მოსალოდნელია ნაწლავის ეოზინოფილური გრანულომის დროს. დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა დიარეას და გახშირებულ შარდვას აჩერებს.

შესაძლოა, დიარეა მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული ნიშანიც იყოს. ამ შემთხვევში ის არ არის ხანგრძლივი და იცვლება შეკრულობით. ასეთ პაციენტებთან ხშირად შეინიშნება განავლის შეუკავებლობა აირების გამოშვების დროს.

მძიმე, წყალუხვი დიარეა ახასიათებს წვრილი ნაწლავის ლიმფოსარკომას. წვრილი ნაწლავის ლიმფოგრანულომატოზს დაირეასთან ერთად თან ახლავს მუდმივი ცხელება, მუცლის მოვლითი ტკივილები, კუნთების სისუსტე, ოფლიანობა, კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.

ფაღარათი ახასიათებს ქრონიკულ ენტერიტს, ექსუდაციურ ენტეროპათიას, იშემიურ კოლიტს, კოლაგენოზურ კოლიტს, ალერგიულ ენტეროკოლოპათიას. ალერგიული საკვების, მაგალითად, რძის, კვერცხის, მარწყვის, კიბორჩხალას მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს წყალუხვი დიარეა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

სხვათა შორის, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სორბიტოლის აუტანლობა აქვთ და ამ ნივთიერების შემცველი საღეჭი რეზინის აქტიური გამოყენების გამო ქრონიკული დიარეით იტანჯებიან.

 

სხვა მიზეზები

– არსებობს გენეტიკური დაავადება – კრონკჰაიტ-კანადას სინდრომი, რომელსაც წყლიან დიარეასთან ერთად ახასიათებს ნაწლავის პოლიპოზი, თმის ცვენა, ფრჩხილების ატროფია, კანის ჰიპერპიგმენტაცია.

პეიტც-ეგერსის სინდრომისთვის დამახასიათებელია ოჯახური პოლიპოზი. ამ სინდრომის სავიზიტო ბარათია გაშავებული ტუჩები, ენაზე – შავი ლაქები, სხეული სხვადასხვა ნაწილის პიგმენტაცია.

ენდოკრინული დიარეა შესაძლოა შეგვხვდეს: ადისონის დაავადების - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკული უკმარისობის – დროს; გრეივსის დაავადების - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების – დროს; პარათირეოიდული ჯირკვლების დაქვეითებული ფუნქციობის დროს; შაქრიანი დიაბეტის დროს. დიაბეტიან პაციენტებს დეფეკაცია ეწყებათ ღამით, განავალი კი წყლიანია.

დიარეის მიზეზი შესაძლოა აღმოჩნდეს კვების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობაც, მაგალითად, პელაგრა – ავიტამინოზი, რომელიც ნიკოტინის მჟავას დეფიციტს შედეგად ვითარდება.

ქრონიკული დიარეა შიმშილობის ხშირი თანამგზავრია. შიმშილობის დროს მოკლდება წვრილი ნაწლავის ხაოები, ირღვევა მონელება და შეწოვა. ანემიის, სისუსტის, დისტროფის შემდეგ დიარეაც ვითარდება, მაგრამ ხშირად ავადმყოფი მანამდე კვდება.

შესაძლოა, დიარეა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ოპერაციის შემდეგ.

ხშირად გამომწვევ ფაქტორად გვევლინება რომელიმე წამალიც. მედიკამენტური დიარეა შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო (სენა, ხეჭრელა, აბუსალათინის ზეთი), შარდმდენი და ზოგიერთი სხვა საშუალების ხშირმა გამოყენებამ.

ზოგჯერ საფაღარათო საშუალებებს დამოუკიდებლად, ექიმთან შეუთანხმებლად იღებენ. ასაკოვანი ადამაიანები ხშირად ამ ფაქტს ექიმსაც უმალავენ ხოლმე.

 

დიარეა თუ შეუკავებლობა

– ქრონიკული დიარეა უნდა განვასხვავოთ შეუკავებლობისგან. შეუკავებლობას იწვევს სწორი ნაწლავის სფინქტერებისა და მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციის მოშლა, ნეიროპათია – მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული – და სხვა.

შეუკავებლობის დროს ადამიანი რეფლექსს ვერ იმორჩილებს და განავალი ეპარება, ოღონდ ამ უკანასკნელის მოცულობა და კონსისტენცია თითქმის არ განსხვავდება ნორმალურისგან.

შეუკავებლობა შესაძლოა განვითარდეს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს, ინსულტის შემდეგ.

დიარეის შეუკავებლობისგან დიფერენცირებისთვის შეიძლება რიდის სინჯის ჩატარება: სწორ ნაწლავში ლიტრ–ნახევარი თბილი ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. თუ პაციენტმა სითხე ვერ შეიკავა, ესე იგი შეუკავებლობა აქვს, თუ შეიკავა - დიარეა.

 

დიაგნოზი და მკურნალობა

– ქრონიკული დიარეის დიაგნოზი ძნელი დასასმელია. გამოკვლევები პაციენტის სიმპტომებისა და ჩივილების მიხედვით უნდა შეირჩეს. ინფექციური დიარეის გამოსარიცხად, წესისამებრ, კეთდება სისხლისა და განავლის ანალიზები. არაინფექციური წარმოშობის დიარეის დროს ხშირად საჭირო ხდება რენტგენოლოგიური და/ან ენდოსკოპიური გამოკვლევა, ზოგჯერ – ბიოფსიაც. სამწუხაროდ, არაინფექციური დიარეის მიზეზი არც ისე ადვილი დასადგენია. თუ ეს მოხერხდა, მკურნალობაც შესაფერისი ინიშნება. გამოიყენება მედიკამენტები, ზოგჯერ – ოპერაციაც.

 

კვება და დიარეა

– როგორ უნდა იკვებებოდეს ადამიანი დიარეის დროს?

– დიარეის კვებით ხელშეწყობა გულისხმობს ბრინჯის ნახარშის, წყალზე მომზადებული მანანის ფაფის, თეთრი პურის, მოხარშული კარტოფილის მიღებას, რაციონიდან რძის ყოველგვარი ნაწარმის ამოღებას, გარდა ყველისა. კარგია გვირილისა და პიტნის ნახარში. უნდა ვერიდოთ კოფეინიან და ალკოჰოლიან სასმელებს, რომლებმაც შეიძლება გაუწყლოებამდე მიგვიყვანოს.

 

ამრიგად, ქრონიკული დიარეა და შეკრულობა არც ისე ხელწამოსაკრავი მდგომარეობებია და, შესწავლისა და მკურნალობის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, პრობლემებად რჩება, მაგრამ მედიცინას მოეპოვება უამრავი საშუალება, რომლებიც ამ პრობლემების მართვას და ცხოვრების ღირსეული ხარისხის შენარჩუნებას შეგვაძლებინებს.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: