მამაკაცის პორტრეტის ქალური შტრიხი: გინეკომასტია
გააზიარე:
ვის არ იზიდავს მამაკაცის დაკუნთული, ათლეტური სხეული! ტყუილად კი არ მიიჩნევა მიქელანჯელოს “დავითი” სრულყოფილების სიმბოლოდ... თანამედროვე ადამიანი ათას საშუალებას მიმართავს სხეულის სრულყოფისთვის, რაც, თავისთავად, ძალიან კარგია. ცუდი ის არის, რომ ზოგიერთი მათგანის არასწორი გამოყენება საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას.
რა არის ანაბოლური სტეროიდები?
ანაბოლური სტეროიდები, ე.წ. ანაბოლიკები, იმ ნივთიერებათაგანია, რომლებსაც ათლეტები და ბოდიბილდერები სპორტული პერფომანსისა და ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად იყენებენ. ნივთიერებათა ეს ჯგუფი მამაკაცის სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის სინთეზური ვარიაციაა. მედიცინაში ანაბოლური სტეროიდები გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა, მაგალითად, გარდატეხის ასაკის შეფერხება და სხვა სამედიცინო მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ტესტოსტერონს. ჰორმონთა ეს ჯგუფი იწვევს კუნთების ზრდას, ამაგრებს ძვლოვან სისტემას, ხელს უწყობს მამაკაცური ტიპის თმოვანი საფარველის განვითარებას.
ანაბოლური სტეროიდების მიღება შესაძლებელია როგორც აბების, ისე საინექციო ხსნარის, გელის, კრემის, პლასტირის სახით. არსებობს საკვები დანამატებიც, რომლებიც განსაზღვრულ სტეროიდულ ჰორმონს შეიცავს.
რა საჭიროა?
ანაბოლური სტეროიდები, ჩვეულებრივ, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე გაიცემა ექიმის რეცეპტით, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს არალეგალური პრეპარატებიც, რომლებსაც უამრავი ახალგაზრდა და თინეიჯერი ექიმის დანიშნულების გარეშე, საკუთარი ინიციატივით იღებს. მიზანია სპორტული შედეგების გაუმჯობესება, უფრო დიდი კუნთები და მეტი ფიზიკური ძალა. არალეგალური ანაბოლური სტეროიდების დოზა, ჩვეულებრივ, 10-100-ჯერ აღემატება ექიმის მიერ სამკურნალოდ გამოწერილს. ისეც ხდება, რომ რამდენიმე ასეთ არალეგალურ პრეპარატს ერთდროულად იღებენ.
რა შეიძლება მოჰყვეს?
ჰორმონულ დანამატებს გვერდითი მოვლენების მთელი წყება ახასიათებს. მამაკაცებთან ანაბოლურ სტეროიდებს შეუძლია გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების დაპატარავება და სპერმის რაოდენობის შემცირება, უნაყოფობა და სარძევე ჯირკვლების ზრდა – ე.წ. გინეკომასტია. ქალებს შესაძლოა განუვითარდეთ ჭარბთმიანობა, დაუპატარავდეთ მკერდი, გაუუხეშდეთ კანი, დაუბოხდეთ ხმა... როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც ანაბოლური სტეროიდების სიჭარბე არტერიული წნევის მატებას, გულის შეტევას და ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტსაც კი იწვევს. თინეიჯერებთან ჩამოთვლილ პრობლემებს შესაძლოა დაერთოს ძვლის ზრდის ნაადრევი დასრულებაც და მოზარდმა ვერ მიაღწიოს ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს.
გინეკომასტია
როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემა, რომელიც შეიძლება ანაბოლური სტეროიდების გამოყენებას მოჰყვეს, გინეკომასტიაა. ის უმეტესად ორმხრივია, ცალმხრივი ფორმა შედარებით იშვიათად გვხვდება.
გინეკომასტია აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ფსევდოგინეკომასტიისგან (ლიპომასტიისგან) – ამ დროს სარძევე ჯირკვლების არეში ჭარბად ლაგდება ცხიმოვანი ქსოვილი, მაგრამ ჯირკვლოვანი ქსოვილი არ ვითარდება.
ფიზიოლოგიური გინეკომასტია გვხვდება ახალშობილებთან, გარდატეხის ასაკის ბიჭებსა და ასაკოვან მამაკაცებთან ჰორმონული ფონის ბუნებრივ ცვლილებათა შედეგად. მას პროვოცირებას უწევს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება ესტროგენთან მიმართებით. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თვითონ ტესტოსტერონის დონის დაწევა ან მისი მოქმედების ეფექტის შემცირება, ისე ესტროგენის დონის მომატებაც.
ბუნებრივი ჰორმონული ცვლილებები
ტესტოსტერონი და ესტროგენი ის ჰორმონებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის სქესობრივ თავისებურებებს განაპირობებს. ტესტოსტერონი უზრუნველყოფს ისეთი მამაკაცური შტრიხების წარმოჩენას, როგორებიცაა კუნთოვანი მასა, სხეულის თმიანობა, ხოლო ესტროგენი ქალურ ნიშნებს ავითარებს, მათ შორის – მკერდს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ესტროგენი ექსკლუზიურად ქალის ჰორმონია. სინამდვილეში ის მამაკაცის ორგანიზმშიც გამომუშავდება, თუმცა მცირე რაოდენობით. როდესაც მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული ესტროგენის დონე ნებადართულის ზღვარს გადააჭარბებს ან ტესტოსტერონთან მიმართებით მისი ბალანსი დაირღვევა, სწორედ მაშინ ვითარდება გინეკომასტია.
გინეკომასტია ახალშობილებში
მამრობითი სქესის ახალშობილების ნახევარზე მეტი დედის ესტროგენის ზეგავლენის შედეგად გადიდებული სარძევე ჯირკვლებით იბადება. ამ შემთხვევაში გინეკომასტიის ნიშნები 2-3 კვირაში თავისთავად ქრება.
გინეკომასტია გარდატეხის ასაკში. გარდატეხის ასაკში ჰორმონული ცვლილებების შედეგად განვითარებული გინეკომასტიაც ჩვეულებრივი მოვლენაა. შემთხვევათა უმრავლესობაში ის თავისთავად გაივლის, რასაც 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდი დასჭირდება.
გინეკომასტია მამაკაცებში. გინეკომასტიის განვითარების ალბათობა კიდევ ერთხელ აღწევს პიკს 50-დან 69 წლამდე. ამ ასაკობრივი ჯგუფის ყოველი 4 მამაკაციდან ერთთან მაინც ვხვდებით გინეკომასტიის ფენომენს.
პათოლოგიური გინეკომასტიის მიზეზები
მედიკამენტები
პათოლოგიური გინეკომასტიის მიზეზთა შორის, როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ყურადსაღებია ანაბოლური სტეროიდების მოხმარება. გინეკომასტიის გამომწვევ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს მედიკამენტების ზოგიერთი სხვა ჯგუფიც. მედიკამენტებით გამოწვეული გინეკომასტიის წილი შემთხვევათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10-25 პროცენტს უდრის.
ალკოჰოლი და ნარკოტიკები
გინეკომასტია ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
* ალკოჰოლმა;
* ამფეტამინებმა (ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკებმა);
* მარიხუანამ;
* ჰეროინმა;
* მეტადონმა (ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნარკოტიკების მომხმარებელთა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის).
ჯანმრთელობის მდგომარეობები
არსებობს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, როდესაც ჰორმონული ბალანსის დარღვევას გინეკომასტიის განვითარებამდე მივყავართ. ასეთებია:
* ჰიპოგონადიზმი (სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირების დაქვეითება). ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც არღვევს ტესტოსტერონის გამომუშავებას და აქვეითებს მის ნორმალურ დონეს, შესაძლოა გინეკომასტიასთან იყოს ასოცირებული.
* ასაკი. ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც დაბერების ბუნებრივი პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, შესაძლოა გინეკომასტიის მიზეზად იქცეს, განსაკუთრებით – ჭარბი წონის მქონე მამაკაცებთან.
* სიმსივნეები. სათესლეში, თირკმელზედა ჯირკვალში ან ჰიპოფიზში გავრცელებულ ზოგიერთ სიმსივნეს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ჰორმონული დისბალანსი, რომელიც გინეკომასტიამდე მიგვიყვანს.
* ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის ზრდა). ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს მეტისმეტად დიდი რაოდენობის ჰორმონ თიროქსინს.
* თირკმლის უკმარისობა. იმ მამაკაცთა დაახლოებით ნახევარს, რომლებსაც თირკმლის უკმარისობის გამო რეგულარულად უტარდებათ ჰემოდიალიზი, ამ დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების შედეგად გინეკომასტია უვითარდება.
* ღვიძლის უკმარისობა და ციროზი. ღვიძლის პრობლემებთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, ასევე – მედიკამენტები, რომლებიც ციროზის სამკურნალოდ გამოიყენება, ხშირად გინეკომასტიის განვითარებასთან არის ასოცირებული.
* არასწორი კვება და შიმშილი. როდესაც ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებს, ამ დროს ტესტოსტერონის დონე მკვეთრად ეცემა, მაგრამ ესტროგენისა უცვლელი რჩება, რაც იწვევს ჰორმონულ დისბალანსს და შედეგად – გინეკომასტიას.
მცენარეული პროდუქტები
ზოგიერთი მცენარის ზეთი, მაგალითად, ჩაის ხისა და ლავანდისა, რომლებსაც ხშირად რთავენ შამპუნების, საპნების, ლოსიონებისა და სხეულის მოვლის სხვა საშუალებების შემადგენლობაში, სუსტი ესტროგენული აქტივობის გამო შესაძლოა გინეკომასტიის კიდევ ერთი მიზეზი იყოს.
რითია გინეკომასტია საყურადღებო და როდის მივმართოთ ექიმს?
გინეკომასტია მამაკაცისთვის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკფაქტორია. გარდა ამისა, გარეგნობის ცვლილებები მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს იწვევს.
აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, როდესაც აშკარაა:
* სარძევე ჯირკვლების გადიდება;
* ტკივილი;
* მგრძნობელობის მომატება;
* ძუძუდან გამონადენი.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
* არ გამოიყენოთ არალეგალური სტეროიდები და ანდროგენები ათლეტური მონაცემების გასაუმჯობესებლად.
* არ გამოიყენოთ ამფეტამინები, ჰეროინი და მარიხუანა.
* თავი არიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას.
* თუ იღებთ მედიკამენტს, რომელიც გინეკომასტიის განვითარების რისკფაქტორია, მიმართეთ ექიმს ალტერნატიული საშუალებით მისი ჩანაცვლების თაობაზე.
მკურნალობა
გინეკომასტიის მკურნალობა მის მიზეზსა და ხარისხზეა დამოკიდებული. ფიზიოლოგიური გინეკომასტია სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს, თავისთავად გაივლის. მედიკამენტური ხშირად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას. იმ შემთხვევებში, როდესაც სარძევე ჯირკვლის დიამეტრი 4 სმ-ზე მეტია, გინეკომასტიამ შესაძლოა ბოლომდე ვერ განიცადოს რეგრესი და ოპერაცია დაგვჭირდეს.
ელენე ზურაბიშვილი