საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: როდესაც დიაგნოზი განაჩენი არ არის

გააზიარე:

დიაგნოზი “სიმსივნე” ერთბაშად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. გავიგონებთ თუ არა ამ სიტყვას, ფიქრი წამსვე უფსკრულისკენ მიგვაქანებს... კარგა ხანი გაივლის, სანამ ისევ შევძლებთ რეალობის აღქმას და მივხვდებით, რომ ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი არ არის. სიმსივნე ძლიერი მტერია, მაგრამ არა დაუმარცხებელი. გააჩნია მის ტიპს, აგებულებას, ბუნებას და, რაც მთავარია, ჩვენს განწყობას.

 

სიმსივნე სწრაფად მზარდი უჯრედების გროვაა. როდესაც ამ გროვის შემადგენელ უჯრედებს ნორმალური შენება აქვს, წარმონაქმნს არ გააჩნია გავრცელების პოტენციალი, არ გადადის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე და ნაკლებია მკურნალობის შემდგომ მისი ხელახლა გაჩენის შანსი, ვამბობთ, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანია.

საკვერცხის სიმსივნეთა უმრავლესობა სწორედ ასეთია.

საკვერცხის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ფუნქციურ ცისტებად და სიმსივნეებად იყოფა.

 

ფუნქციური ცისტები

ცისტა სითხით სავსე პარკია, რომელიც საკვერცხეში ან მის ზედაპირზე წარმოიქმნება. ცისტების უმრავლესობა ფუნქციურია, საკვერცხე ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციობას მათთან ერთად.

ფუნქციური ცისტები 2 ტიპისაა: ფოლიკულური და თეკა-ლუთეინური.

საკვერცხე ორგანოა, რომელშიც პერიოდულად მწიფდება კვერცხუჯრედი. განვითარებადი კვერცხუჯრედი, ოოციტი, ე.წ. გრააფის ბუშტშია მოთავსებული და მასთან ერთად საკვერცხის სტრუქტურულ ერთეულს – ფოლიკულს ქმნის. როდესაც ოოციტი სიმწიფის უკანასკნელ სტადიას მიაღწევს, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ხლეჩს ფოლიკულს და მომწიფებული კვერცხუჯრედი თავისუფლდება. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება.

არის შემთხვევები, როდესაც ფოლიკული ვერ სკდება და ცისტად ყალიბდება. ასე წარმოიქმნება ფოლიკულური ცისტა.

ფოლიკულური ცისტა ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ქალებთან  გვხვდება, რადგან ქალის ჰორმონის სიჭარბესთან – ჰიპერესტროგენიზმთან არის ასოცირებული.

გასკდომის შემდეგ ფოლიკული ერთხანს ფუნქციური რჩება და მისგან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც ჰორმონ პროგესტერონს გამოყოფს. ეს ჰორმონი საშვილოსნოზე მოქმედებს და მოსალოდნელი ორსულობისთვის ამზადებს მას, მერე კი უკუვითარდება.

თუ ყვითელმა სხეულმა უკუგანვითარება არ განიცადა, ამ შემთხვევაშიც ცისტა ჩამოყალიბდება, რომელსაც თეკა-ლუთეინურს უწოდებენ. ის უმეტესად ორმხრივია და მრავლობითი. თეკა-ლუთეინური ცისტა ხშირად ჰიპოფიზის ჰორმონული სტიმულირების შედეგია.

ფუნქციური ცისტის ზომა, ჩვეულებრივ, 1.5 სანტიმეტრზე ნაკლებია, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა 5 სმ-საც გადააჭარბოს. ხშირად რამდენიმე დღესა თუ კვირაში სპონტანურად ალაგდება, თუმცა ისიც შესაძლოა, მის მოსაცილებლად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

ჰორმონული ცვლილებების შედეგად ოვულაციის პროცესი ზოგჯერ ირღვევა და ფოლიკულები, ნაცვლად კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებისა, გარდაიქმნება პატარა ცისტებად, რომლებიც საკვერცხეში გროვდება. ეს საკვერცხის გადიდებას და მისი გარსის გასქელებას იწვევს. ყალიბდება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, რომლის დროსაც ორგანიზმში მომატებულია მამაკაცის ჰორმონის დონე. შეინიშნება სახისა და სხეულის ჭარბი თმიანობა, თავზე კი თმა თხელდება და შესაძლოა, საქმე სიმელოტემდეც მივიდეს. მოსალოდნელია ციკლის დარღვევა, მენსტრუაციის გამოტოვება, რაც, თავის მხრივ, დაორსულებას ართულებს. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მქონე ქალები ხშირად უჩივიან ჭარბ წონას და აკნეს. ამ ყველაფერმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე, ამიტომ ასეთ ქალებს ხშირად დეპრესიაც აწუხებთ.

მკურნალობა აუცილებლად უნდა დაიწყოს ცხოვრების წეისს შეცვლით, რაც გულისხმობს სწორ კვებას, მოძრაობას, ვარჯიშს. ორალური კონტრაცეპტივები კი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და აღმოფხვრის მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს. თუ ყველაფერმა ამან უშედეგოდ ჩაიარა, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევას მიმართონ.

 

სიმპტომები

საკვერცხის კეთილთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა ასიმპტომურია და მათ სპონტანურად აღმოაჩენენ. მათმა ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯში;

* დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს);

* მუცლის გარშემოწერილობის მატება;

* ცისტის გახეთქვისა და სიმსივნის შემოგრეხის შემთხვევაში – მწვავე ტკივილი და ცხელება;

* შარდის ბუშტზე ზეწოლის შემთხვევაში – ხშირი შარდვა;

* ღრუ ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში – ვენური უკუდენის შეფერხება, რასაც ვარიკოზული ვენების ჩამოყალიბებამდე და ფეხების შეშუპებამდე მივყავართ.

ცისტის გახეთქვას შესაძლოა მოჰყვეს პერიტონიტი და შოკი, მუცინური ცისტადენომის გახეთქვისას კი მუცლის ღრუში ლორწოს გამომყოფი უჯრედები ვრცელდება, ორგანოები ერთმანეთს ეწებება და ვეღარ ფუნქციობს, რაც შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იცქეს.

ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) იმთავითვე მიუთითებს სიმსივნეზე ან მეიგსის სინდრომზე (ამ უკანასკნელზე ქვემოთ შევჩერდებით).

სიმსივნეები, რომლებიც გამოყოფს ჰორმონს, იწვევს ვირილიზაციას (მამაკაცური ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებას), მენსტრუალური ციკლის დარღვევას და მენოპაუზის შემდგომ სისხლდენებს.

 

სიმსივნეები

განასხვავებენ ეპითელურ, სტრომულ და ჩანასახოვანი უჯრედებისგან განვითარებულ სიმსივნეებს.

საკვერცხის კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნეები საკვერცხის მფარავი შრის უჯრედებისგან წარმოიქმნება. შეიძლება იყოს ცისტური (ცისტადენომა), მკვრივი კონსისტენციისა (ადენოფიბრომა) ან შერეული (ცისტადენოფიბრომა).

 

სეროზული ცისტადენომა – ეს არის ცისტა, რომელიც ამოფენილია ცილინდრული უჯრედებით, მსგავსად  კვერცხსავალი მილების ეპითელიუმისა.  ხშირად გვხვდება 40–დან 50 წლამდე ასაკის ქალებთან. შემთხვევათა 15-20%-ში პროცესში ორივე საკვერცხეა ჩართული. სიმსივნე წარმოადგენს ცისტას, რომელიც ამოფენილია გლუვი შრით და სავსეა ყვითელი  სითხით.

 

მუცინური ცისტადენომა – უმთავრესად 30-დან 50 წლამდე ასაკის ქალებთან გვხვდება. სიმსივნე ამოფენილია ლორწოს გამომყოფი ეპითელიუმით. ხშირად მრავალსაკნიანია და მკვრივი კაფსულა აკრავს გარს. ლორწოს შემცველი საკნები ლურჯად მოჩანს. მუცინური ცისტადენომაც ასიმპტომურია, სანამ საკმაოდ დიდი ზომისა არ გახდება და სპონტანურად არ აღმოაჩენენ.

 

ენდომეტრიომა – ეს არის საკვერცხის ესტროგენდამოკიდებული ენდომეტრიული ცისტა. მის შემთხვევათა დიდი ნაწილი ენდომეტრიოზთან არის ასოცირებული (ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლს დროსაც საშვილოსნოს შიგნითა შრე, ენდომეტრიუმი, უჩვეულო ადგილას, საშვილოსნოს გარეთ იზრდება). "შოკოლადის ცისტა" – ასე მოიხსენიებენ მას მუქი ყავისფერი შიგთავსის გამო. მისი სიმპტომების ჩამონათვალში შედის მენჯის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), მტკივნეული სქესობრივი აქტი (დისპარეუნია). სიმპტომები მენსტრუაციასთან მიმართებით იცვლება.

 

ბრენერის სიმსივნე – სხვებზე იშვიათია. ეს არის პატარა, გლუვი, მკვრივი, შარდის ბუშტის მსგავსი აგებულების სიმსივნე. ყვითელია და კაფსულითაა დაფარული. 40-დან 60 წლამდე ასაკის ქალებთან აღირიცხება. ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ ძალიან გაიზარდა, შესაძლოა. მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვიოს. ათიდან ცხრას გინეკოლოგიური ოპერაციის დროს აღმოაჩენენ.

 

სტრომული სიმსივნეები შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოიქმნება და გამოიმუშავებს ქალის სასქესო ჰორმონებს – ესტროგენსა და პროგესტერონს.

ფიბრომა უმთავრესად 50 წლისა და ამის მახლობელი ასაკის ქალებშია გავრცელებული. ეს არის მკვრივი, თეთრი ან მორუხო ფერის წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს თითისტარისებრი უჯრედების გროვებს. ხშირად ასოცირებულია მეიგსის სინდრომთან, რომელიც ვლინდება ტრიადით: საკვერცხის ფიბრომით, ასციტით, ჰიდროთორაქსით (პლევრის ღრუში სითხის დაგროვებით). ფიბრომისთვის დამახასიათებელია ქაჩვის მსგავსი შეგრძნება საზარდულის მიდამოში.

თეკომა ტიპური ესტროგენწარმომქმნელი სიმსივნეა, რომელიც უმთავრესად მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებთან გვხვდება და სისხლდენით გამოიხატება. ეს მკვრივი ყვითელი წარმონაქმნია, რომელიც შეიცავს უამრავ ლიპიდით სავსე უჯრედს.

 

ჩანასახოვანი უჯრედებისგან განვითარებული სიმსივნეები

* მწიფე ცისტური ტერატომა ანუ დერმოიდული ცისტა. 10-დან 30 წლამდე ასაკის ქალებთან ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმსივნე გვხვდება. ცისტური მასა, ჩვეულებრივ, შეიცავს სხვადასხვა წარმომავლობის უჯრედებს (თმისას, კბილებისას, ფრჩხილებისას), იშვიათად – მხოლოდ ერთი სახისას, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლისას. შესაბამისად, საკვერცხეში ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი წარმოიქმნება, რამაც შესაძლოა სისხლში ამ ჰორმონის სიჭარბე – ჰიპერთირეოიდიზმი გამოიწვიოს.

საკვერცხის ნეოპლაზიების გამომწვევი დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მას უკავშირებს შემდეგ ფაქტორებს: სიმსუქნეს, უშვილობას, ავადმყოფობის ოჯახურ ისტორიას.

დიაგნოზი ემყარება ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიასა და ტესტებს, რომლებიც სიმსივნის მარკერებს განსაზღვრავს, თუმცა თავდაპირველად უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი, რათა საშვილოსნოსგარე ორსულობა გამოირიცხოს. სიმსივნის მარკერები განისაზღვრება მაშინ, როცა მასა უნდა ამოიჭრას და, სავარაუდოდ, ავთვისებიანია. ეს მარკერები საუკეთესოა მკურნალობის მონიტორირებისთვის, მაგრამ არა სიმსივნის სკრინინგისთვის, რადგან შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგი მოგვცეს არასიმსივნური მდგომარეობების – მაგალითად, ენდომეტრიოზის, პერიტონიტის, ქოლეცისტიტის, ნაწლავის ანთებითი დაავადების – და სხვა სიმსივნეების  დროს.

 

მკურნალობა

საკვერცხის მარტივი ცისტა, რომლის ზომა არ აღემატება 50 მმ-ს, მკურნალობას იშვიათად მოითხოვს – დროთა განმავლობაში თავისთავად ქრება.

პაციენტებს, რომელთა ცისტის ზომები 50-70 მმ–ს აღწევს, მეტი ყურადღება მართებთ. დროდადრო საჭიროა წარმონაქმნის ვიზუალიზაცია, ხოლო მისი ზრდის შემთხვევაში – ქირურგიული ჩარევა.

მენოპაუზამდელი ასაკის ქალებს ქირურგიული ჩარევის დროს, თუ შესაძლებელია, ცისტექტომიას (ცისტის ამოკვეთას) უტარებენ და არა ოოფორექტომიას (საკვერცხის ამოღება), რათა რეპროდუქციული უნარი შეუნარჩუნონ. რაც შეეხება მენოპაუზის ასაკში მყოფ პაციენტებს, მათთან მიმართავენ ტოტალურ ჰისტერექტომიასა და სალპინგოოოფორექტომიას (საშვილოსნოს ამოკვეთას დანამატებითურთ).

სოფიო ცირეკიძე

გააზიარე: