რეპროდუქტოლოგიის გაკვეთილები

გააზიარე:

რეპროდუქცია სხვა არაფერია, თუ არა კვლავწარმოება, გამრავლება. გამრავლების უნარი ყველა ცოცხალ ორგანიზმს შესწევს. ადამიანებთან ეს პროცესი რთულად და ნატიფად მიმდინარეობს. მოდი, გავარკვიოთ, როგორ მრავლდებიან ადამიანები, რომელი პროცესის წყალობით გავხდით 7 მილიარდი. 

რა არის საჭირო გამრავლებისთვის?

ადამიანთა მოდგმის გასამრავლებლად ორივე სქესის – როგორც მამრობითის, ისე მდედრობითის – მონაწილეობაა საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია, მთავარ პერსონაჟებს განაყოფიერების უნარი ჰქონდეთ. ამ უნარის არსებობისთვის კი უპირველესი პირობა სასქესო ორგანოების ქონა გახლავთ.

ქალის სასქესო ორგანოებს ორ ნაწილად: გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებად, – ყოფენ. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება გარეგანი დათვალიერებისთვის ხელმისაწვდომი ორგანოები, რომლებიც სასქესო გზებს ინფექციებისა და ტრავმებისგან იცავს. შიგნითა სასქესო ორგანოებს, რომლებიც მცირე მენჯის ღრუშია ჩამალული, მიაკუთვნებენ: საკვერცხეებს, წყვილ კვერცხსავალ მილს (ფალოპის მილი), საშვილოსნოსა და საშოს.

საშვილოსნო იმ ორგანოთაგანია, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რეპროდუქციაში – ის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებას უზრუნველყოფს. ზრდასრული ქალის საშვილოსნო მსხლისებურია, განაკვეთში კი სამკუთხედის ფორმა აქვს. ზედა კუთხეებში მას კვერცხსავალი მილები უერთდება, ხოლო ქვედა კუთხე ქმნის საშვილოსნოს ყელს, რომელიც, თავის მხრივ, საშვილოსნოს ყელის არხს მოიცავს. ყელში მთელ სიგრძეზე გადის ცერვიკალური არხი, რომელიც, ერთი მხრივ, საშვილოსნოს ღრუში, მეორე მხრივ კი საშოში იხსნება. მისი გავლით საშოში გადმოდის მენსტრუალური სისხლი, ხოლო სქესობრივი აქტის დროს საშვილოსნოში ხვდება სპერმატოზოიდი.

თქვენ წარმოიდგინეთ, საშვილოსნოს მასა მშობიარობის დროისათვის 20-ჯერ და მეტად იზრდება, ხოლო მისი ღრუს მოცულობა – 500-ჯერ!

კვერცხსავალი მილი, იგივე ფალოპის ლულა, ვიწრო მილია, რომლითაც საკვერცხე საშვილოსნოს ღრუს უკავშირდება. კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში ხვდება სწორედ კვერცხსავალი მილის მეშვეობით, რომელიც, კედლის განსაკუთრებული აგებულების გამო, საკვერცხიდან საშვილოსნოსკენ კვერცხუჯრედის გადაადგილებას უზრუნველყოფს. კვერცხსავალი მილები საშვილოსნოს ტანიდან გამოდის და ორივე საკვერცხისკენ მიემართება. თითოეულ მილს ძაბრისებრი ბოლო აქვს, რომელშიც ვარდება საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ ამ უკანასკნელს გზად სპერმატოზოიდი შეხვდა და განაყოფიერდა, დაიწყებს დაყოფას და კიდევ 4-5 დღე დარჩება მილში, მერე ნელ-ნელა გადავა საშვილოსნოში და მიემაგრება მის კედელს, ანუ მოხდება მისი იმპლანტაცია.

საკვერცხე ოვალური ფორმის, 5-დან 8 გრამამდე წონის წყვილი სასქესო ჯირკვალია, რომელშიც ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს:

* მასში ხდება ფოლიკულების პერიოდული მომწიფება და ოვულაციის (ფოლიკულის გასკდომა) შედეგად მომწიფებული სასქესო უჯრედის გამოთავისუფლება;

* საკვერცხეებში გამომუშავდება ქალის სასქესო ჰორმონები: ესტროგენები და პროგესტერონი. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით წარმოიქმნება მამაკაცის სასქესო ჰორმონები – ანდროგენებიც.

დაბოლოს, საშო – ეს არის ლულოვანი (10-12 სანტიმეტრი სიგრძის) ღრუ ორგანო, რომელიც გარეთა სასქესო ორგანოებს საშვილოსნოსთან აერთებს და საიდანაც მშობიარობის დროს გამოდის ზრდასრული ნაყოფი.

პლაცენტა ქალის დროებითი ორგანოა, რომელიც ორსულობის პერიოდში ყალიბდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, სისხლის მეშვეობით უზრუნველყოფს კავშირს დედასა და ნაყოფს შორის და ნაყოფის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის განხორციელებას.

მამაკაცის სასქესო სისტემის ორგანოებია: სათესლე ჯირკვლები, სათესლე დანამატები, სათესლე ბაგირაკები, სათესლეები, თესლგამტარი გზები, წინამდებარე ჯირკვალი და ასო.

სათესლე ჯირკვალი წყვილი სასქესო ორგანოა, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის ძირსა და წინამდებარე ჯირკვალს შორის. მას ელიფსოიდური ფორმა აქვს და, საკუთარ მრავალშრიან პარკში (სათესლე პარკი) გახვეული, ჩამოკიდებულია სათესლე ბაგირაკზე, რომელიც მექანიკურთან ერთად დამცავ ფუნქციასაც ასრულებს.

სათესლე პარკი, თავის მხრივ, შედგება მრავალრიცხოვანი სათესლე ბაგირაკებისგან, რომლებიც ერთდება და წარმოქმნის სათესლე დანამატს – ეპიდიდიმისს, რომელსაც ზრდასრული მამაკაცის ორგანიზმში სათესლე ჯირკვლის 1`9 წონა და მოცულობა აქვს და მთელ სიგრძეზე გასდევს სათესლე ჯირკვლის უკანა კიდეს. სათესლე დანამატიდან გამოდის სათესლე დანამატის სადინარი. სათესლე ჯირკვალში ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანდროგენების სეკრეცია და გამომუშავდება სპერმა. ეს უკანასკნელი შეიცავს მამაკაცის სასქესო უჯრედებს – სპერმატოზოიდებს, რომლებიც მცირე ზომის ძალიან მოძრავი უჯრედებია.

წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანოა და ზომითა და ფორმით წაბლს წააგავს. პროსტატის ორგვაროვანი აგებულება მის ორ განსხვავებულ ფუნქციას უზრუნველყოფს: კუნთოვანი კომპონენტის წყალობით იგი წარმოადგენს შარდსადენის მძლავრ სფინქტერს, ხოლო როგორც ჯირკვლოვანი ორგანო გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სპერმატოზოიდების ცხოველმყოფელობასა და აქტივობაში.

სქესობრივი აქტის კულმინაციის (ორგაზმის) დროს სპერმატოზოიდები პროსტატის უჯრედების, თესლგამომტანი სადინარის, სათესლე ბუშტუკებისა და ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ სეკრეტთან ერთად წინამდებარე ჯირკვლის მილაკებით გადადის შარდსადინარში, რომელიც პროსტატაში იწყება და ასოში გრძელდება. ნორმაში ეაკულატის (თესლის) მოცულობა 2,5-3 მილილიტრია. იგი საშუალოდ 100 მლნ-ზე მეტ სპერმატოზოიდს შეიცავს.

გამრავლების პირველი საფეხურია ჩასახვა (განაყოფიერება), ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედის (სპერმატოზოიდის) შეღწევა ქალის სასქესო უჯრედში (კვერცხუჯრედში). ამ ორი უჯრედის ბირთვების შერწყმით იწყება ახალი ინდივიდის ფორმირება.

ჩასახვის შემთხვევათა თითქმის 98%-ში ნაყოფიერდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი, რაც ერთი ნაყოფის წარმოშობას განაპირობებს. 1,5%-ში ვითარდება ტყუპი, ხოლო 7500 ორსულობიდან ერთ შემთხვევაში – სამ-ნაყოფიანი ორსულობა.

 

საიდან იწყება ყველაფერი

ორსულობის მე-20 კვირას მდედრობითი სქესის ნაყოფის ორგანიზმში უკვე მთავრდება ოვოციტების – პირველადი ფოლიკულების – ფორმირება. გოგონას ორივე საკვერცხეში დაბადების მომენტისთვის 500 მილიონამდე ფოლიკულია. დროთა განმავლობაში ფოლიკულების ნაწილი იღუპება და მოზარდი ასაკისთვის მათი რაოდენობა თავდაპირველთან შედარებით ორჯერ მცირდება. სქესობრივ მომწიფებასთან ერთად სასქესო ჰორმონების გავლენით პირველადი ფოლიკულებისგან წარმოიქმნება მომწიფებული ფოლიკულები, მთლიანობაში, ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 400 ფოლიკული მწიფდება. ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს. 25 წლიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი კლება, ხოლო 40 წლისთვის ის კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

თითქმის ყოველი მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, ციკლის დაწყებიდან დაახლოებით მე-10-15 დღეს, ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია – საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა: ფოლიკული «სკდება» და გადაისვრის მომწიფებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოს მილის ძაბრისებრ დაბოლოებაში, საიდანაც ის საშვილოსნოს მილში გადადის. ფალოპის ლულაში კვერცხუჯრედი დაახლოებით 4 დღე მოძრაობს. აქ, მილის ზედა ნაწილში, ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით – სპერმატოზოიდით. აქვე იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება. ამის შემდეგ იგი მილით ეშვება საშვილოსნოს ღრუში, სადაც 3-4 დღის განმავლობაში თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება, მერე კი მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. ორსულობის განმავლობაში, რომელიც, ჩვეულებრივ, გრძელდება 265-270 დღე, ქალის საშვილოსნოში მისგან ვითარდება ადამიანის ჩანასახი. მისგანვე წარმოიშობა ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა პლაცენტა, ჭიპლარი და სხვა.

კვერცხუჯრედის მომწიფების პირობები ზუსტად განისაზღვრება საკვერცხის ფუნქციებისა და მისი მოქმედების მარეგულირებელი მექანიზმების შეთანხმებული ურთიერთქმედებით: ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება, ხდება მისი უჯრედების დაყოფა და მასში წარმოიქმნება სითხით სავსე საკმაოდ დიდი ღრუ, რომელშიც ოვოციტია მოთავსებული. ფოლიკულური უჯრედების ზრდასა და აქტივობას თან ახლავს მათ მიერ ესტროგენების – ქალის სასქესო ჰორმონების – სეკრეცია. მალუთეინიზებელი ჰორმონი ასტიმულირებს ფოლიკულის გახეთქვას და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. ამის შემდეგ ფოლიკულის უჯრედები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და მათგან წარმოიქმნება ახალი სტრუქტურა – ყვითელი სხეული, რომელსაც ეს სახელი მის უჯრედებში ყვითელი ფერის განსაკუთრებული პიგმენტის დაგროვების გამო ეწოდა. იგი, თავის მხრივ, მალუთეინიზებელი ჰორმონის ზემოქმედებით იწყებს ახალი ჰორმონის – პროგესტერონის სეკრეციას, რომელიც დიდ როლს ასრულებს ორსულობის «შენარჩუნებაში. იგი ამუხრუჭებს ჰიპოფიზის სეკრეტორულ აქტივობას და ცვლის საშვილოსნოს ლორწოვანის (ენდომეტრიუმის) მდგომარეობას, რითაც ამზადებს მას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად, რომელიც საშვილოსნოს კედელს უნდა მიემაგროს შემდგომი განვითარებისთვის. შედეგად საშვილოსნოს კედელი სქელდება, მისი ლორწოვანი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს გლიკოგენს და მდიდარია სისხლძარღვებით, კარგ ნიადაგს ქმნის ნაყოფის განვითარებისთვის.

ამ ფუნქციას ყვითელი სხეული ორსულობის 16 კვირის განმავლობაში ასრულებს, მერე კი მას პლაცენტას გადასცემს. თუ ორსულობა არ შედგა, ყვითელი სხეული რეგრესს განიცდის.

 

უნაყოფო მცდელობის შემდეგ

აღმოჩნდა, რომ წყვილთა უმრავლესობა ქორწინებიდან (ან უბრალოდ რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან) 6 თვის განმავლობაში იგებს მოსალოდნელი დედობისა და მამობის შესახებ, 85% – ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 50%-ს ამ სასიხარულო ამბავს შეუღლებიდან სამი წლის განმავლობაში აცნობებენ. მიუხედავად ასეთი სტანდარტისა, შეუღლებულ წყვილთა უმრავლესობა რამდენიმეთვიანი უნაყოფო თანაცხოვრების შემდეგ საგონებელში ვარდება, ვაითუ შვილი არ გვეყოლოსო. სინამდვილეში კი სანერვიულო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ერთი წელი მაინც. მეტ-ნაკლები ყურადღება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ:

* ქალმა 30 წელს გადააბიჯა და ბოლო ხანს მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მაგალითად, ამენორეა – მენსტრუაციის უქონლობა) აღენიშნება;

* წლების განმავლობაში ჰქონდა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მენჯის ტკივილის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ან

* რამდენჯერმე გადაიტანა სპონტანური აბორტი (მუცელი მოეშალა).

ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ მაშინაც, თუ მამაკაცს ჰიპოსპერმია ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობის სიმცირე აღმოაჩნდა, ასევე მაშინაც, თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, სათესლეების ან წინამდებარე ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია აქვს გადატანილი.

წლების, ათწლეულების და ლამის საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ უშვილობა მხოლოდ ქალის ბრალი იყო. ამჟამად ცნობილია, რომ უნაყოფობაში ქალსა და მამაკაცს ბრალი თითქმის თანაბრად მიუძღვით. უფრო სწორად, ათიდან 2 შემთხვევაში მამაკაცია უნაყოფო, 4-5 შემთხვევაში – ქალი, ხოლო 3-4 შემთხვევაში – ორივე.

 

უმიზეზოდ არაფერი ხდება

უნაყოფობის მიზეზთაგან აღსანიშნავია:

* კვერცხსავალი მილების დახშობა. ამ არასასურველ ცვლილებებს ფალოპის (კვერცხსავალი) მილების ანთება იწვევს: ვითარდება შეხორცებები, რაც სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედისკენ მიმავალ გზას უღობავს. თავად ანთება და მილების ამომფენი ლორწოვანის დაზიანება კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ბრალია.

თუ სპერმატოზოიდმა იყოჩაღა, დაბრკოლებათა მიუხედავად, კვერცხუჯრედამდე მიაღწია და გაანაყოფიერა, შესაძლოა საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდეს. ამის მიზეზიც მილში არსებული დაბრკოლებებია, რომელთა გადალახვა და საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უჭირს.

* ენდომეტრიოზი. ამ დაავადების დროს საშვილოსნოს ამომფენი გარსის ნაფლეთი უადგილო ადგილას გადაიტყორცნება ხოლმე: შესაძლოა, საკვერცხემდე მიაღწიოს ან სულაც ფალოპის მილში გაძვრეს და მუცლის ღრუში აღმოჩნდეს. სადაც არ უნდა ამოყოს თავი ენდომეტრიუმის ნაწილმა, ის ისევე იმოქმედებს, როგორც ჰორმონებმა “დააპროგრამეს”: თვეში ერთხელ აშრევებასა და სისხლდენას იწყებს. შედეგად ვითარდება იმ ორგანოს ანთება, რომელშიც გზააბნეული ქსოვილი იბუდებს. ენდომეტრიოზის ძირითადი ნიშანი მენჯის არეში აღმოცენებული ტკივილია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.

* ოვულაციის დარღვევა. კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ყოველთვე ამოიტყორცნება. ამ პროცესს თავის ტვინში სინთეზირებული (ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუთეინიზებელი) ჰორმონები აკონტროლებენ. თუ მათი ბალანსი დაირღვა, ვეღარც ოვულაცია განხორციელდება ჯეროვნად. პრობლემის თავიდათავი, თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის (სწორედ აქ წარმოიქმნება ზემოხსენებული ჰორმონები) ფუნქციის მოშლის მიზეზი, შესაძლოა იყოს ტრავმა, სიმსივნე, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, შიმშილობა ან უმკაცრესი დიეტა. ზოგი მონაცემის თანახმად, ოვულაციის დარღვევა შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც გამოიწვიოს.

* ჰიპერპროლაქტინემია. ეს იმ ჰორმონის სიჭარბეა, რომელიც ლაქტაციას – რძის წარმოქმნას – ასტიმულირებს. ორსულობისა და ძუძუს წოვებისას პროლაქტინის დონის მატება ნორმალურია, სხვა შემთხვევაში კი ოვულაციის პროცესის დარღვევას იწვევს.

ჰიპერპროლაქტინემიას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის – ჰიპოფიზის სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. საზოგადოდ, ძუძუდან რძის ჟონვა (რაღა თქმა უნდა, არა ორსულობისა და, მით უმეტეს, ლაქტაციის პერიოდში, არამედ სხვა დროს) პროლაქტინის დონის მომატების მაჩვენებელია.

* საკვერცხეების პოლიკისტოზი. ამ შემთხვევაში დამნაშავეა სხვა ჰორმონი – ანდროგენი. ამ დროსაც ოვულაციის პროცესი ირღვევა. საზოგადოდ, საკვერცხეების პოლიკისტოზი სიმსუქნესა და დიაბეტთან არის დაკავშირებული.

* ადრეული მენოპაუზა, რაც მენსტრუაციის 40 წლამდე გაქრობას ნიშნავს. როგორც კვლევებმა აჩვენა, გარდა გენეტიკური განწყობისა, ციკლის ადრეულ გაქრობაში ბრალი მიუძღვის იმუნური სისტემის ზოგიერთ დაავადებას, რადიაციას, ქიმიოთერაპიას, სიგარეტის წევას.

* საშვილოსნოს ფიბრომა. ამ დროს საშვილოსნოს კედელში კეთილთვისებიანი სიმსივნე ჩნდება. ის სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ზომისაა. შესაძლოა, კვერცხსავალი მილის სანათურს ფარავდეს, არც სპერმატოზოიდებს უშვებდეს დანიშნულების ადგილას და არც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს – საშვილოსნომდე.

* ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, თირეოიდული ჰორმონის გამოყოფის სიჭარბე (ჰიპერთირეოზი) იქნება ეს თუ მისი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი) – მენსტრუალური ციკლი ორივე შემთხვევაში ირღვევა, რაც, თავის მხრივ, უნაყოფობას იწვევს.

* ზოგიერთი მედიკამენტი. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, თავისთავად, იმისთვისაა შექმნილი, რომ ქალი არასასურველი ორსულობისგან დაიცვას, მაგრამ არსებობს სხვა ჯგუფის წამლებიც, რომლებიც ასევე ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საკმარისია, ქალმა მათი მიღება შეწყვიტოს, რომ შვილოსნობის უნარი აღუდგება.

* სიმსივნე და მისი თერაპია. როცა კიბო ქალის რეპროდუქციული სისტემის რომელიმე ორგანოზეა, უნაყოფობის პრობლემა ხშირად წარმოიშობა. ნაყოფიერებაზე ძლიერ გავლენას ახდენს რადიაციული და ქიმიური თერაპიაც.

სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კუშინგის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თირკმელების ზოგიერთი დაავადება, ზოგჯერ – დიაბეტიც.

 

ნეგატიური გავლენა

 

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უნაყოფობის ჩამოყალიბებას. ესენია:

* ასაკი. 32 წლის შემდეგ მხოლოდ ქალის ნაყოფიერება კი არ მცირდება, არამედ იზრდება პირველმშობიარებში ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების წარმოშობის ალბათობაც. სპონტანური აბორტის რისკიც იმატებს. აი, მამაკაცებთან სხვაგვარადაა: მათი ნაყოფიერების მაჩვენებელი მხოლოდ 40 წლის შემდეგ იკლებს.

* მავნე ჩვევები. თამბაქოს წევა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ნაყოფიერებაზე. მუცელიც უფრო ხშირად იმ ქალებს ეშლებათ, რომლებიც მრავალი წელია ეწევიან. ასევე, თუ მამაკაცი ზომიერად სვამს, ეს მის ფერტილობაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ქალებისთვის ჯერ არ დაუდგენიათ ალკოჰოლური სასმლის ნორმა, რომელიც მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენას არ მოახდენდა.

* ჭარბი წონა. გამოთვალეს, რომ იმ ამერიკელ ქალებს შორის, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ ან ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან (ფიზიკურად არ იტვირთავენ თავს), უშვილობის შემთხვევები უფრო ხშირია. ჭარბი წონა თურმე მამაკაცთა ნაყოფიერებაზეც მოქმედებს.

* წონის დეფიციტი. თუ ქალს ნერვული ანორექსია აქვს ან დიდი ხანია იცავს მკაცრ დიეტას, ადვილი შესაძლებელია, უნაყოფობის პრობლემას შეეჯახოს. ხშირია უნაყოფობა იმ ვეგეტარიანელებს შორისაც, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევენ (ალბათ გაგიგონიათ, რომ ვეგეტარიანელებს შორისაც არის განსხვავება – ზოგი მათგანი კვერცხსაც მიირთმევს და რძესაც). ამის მიზეზი ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას, თუთიისა და რკინის დეფიციტია.

* ჭარბი ფიზიკური დატვირთვა. თუ კვირაში 7 საათზე მეტხანს ვარჯიშობთ, ამ დროსაც შესაძლოა უნაყოფობის პრობლემამ იჩინოს თავი. ასე რომ, ნურც გაზარმაცდებით და ნურც მეტისმეტად გამოიდებთ თავს, ოქროს შუალედი აქაც საჭიროა.

* კოფეინის ჭარბი მიღება. უნაყოფობასთან კოფეინის კავშირს ყველა მეცნიერი არ აღიარებს, მაგრამ მათ, ვინც ამ ურთიერთკავშირზე ლაპარაკობს, მიაჩნიათ, რომ რისკი ნამდვილად იზრდება. ისინი ჭარბ კოფეინს სპონტანური აბორტის განვითარებაშიც სდებენ ბრალს.

 

დამნაშავეა იმუნიტეტი?

იმუნური ფაქტორი, რომელსაც უნაყოფობამდე მივყავართ, ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნაა. ისინი 1945 წელს აღმოაჩინეს და რეპროდუქციის პროცესის დარღვევაში მათი როლის მიმართ ინტერესი დღემდე არ ქრება. სტატისტიკა კი ასეთია: ანტისპერმული ანტისხეულები უშვილო წყვილთა 9-36%-ს უვლინდება, მაშინ როცა შვილიან წყვილებს შორის ისინი შემთხვევათა მხოლოდ 0,9-4%-ში გვხვდება.

ანტისპერმული ანტისხეულები იმუნოგლობულინებია, რომლებიც მიმართულია სპერმატოზოიდების მემბრანის ანტიგენების წინააღმდეგ. თუ ქალს საშვილოსნოს ყელში ანტისპერმული ანტისხეულები აღმოაჩნდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ისინი რეპროდუქციული სისტემის სხვა უბანშიც – საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილის სანათურშიც – იყოს.

ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი ანტისპერმული ანტისხეულები გავლენას ახდენს არა მარტო სპერმატოზოიდების მოძრაობაზე, არამედ განაყოფიერების პროცესზეც.

ანტისპერმული ანტისხეულები მხოლოდ ქალის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათ მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებია ტრავმა, ვარიკოცელე (სათესლე პარკის წყალმანკი), შარდსასქესო სისტემის ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, კრიპტორქიზმი, ქირურგიული ოპერაციები, თესლგამომტანი გზების დახშობა.

ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას ვეჭვობთ, როდესაც:

* არსებობს რისკის ფაქტორები;

* შეცვლილია სპერმოგრამის მაჩვენებლები;

* პოსტკოიტალური ტესტი ავლენს ცვლილებებს;

* ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უშედეგო აღმოჩნდება;

* შეუძლებელია უნაყოფობის მიზეზის დადგენა.

ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ მეთოდები, რომლებსაც მათ აღმოსაჩენად იყენებენ, ერთმანეთის ერთგვარი დამატებაა. ერთ-ერთი მათგანია პოსტკოიტალური ტესტი. ტესტის უარყოფითი პასუხის მიზეზი უმეტესად სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მამაკაცს უკავშირდება. არცთუ იშვიათად პრობლემა კომბინირებულია – ანტისხეულები ორივე პარტნიორს აქვს.

უნაყოფობის სადიაგნოზოდ მიღებული მეთოდებიდან პოსტკოიტალური ტესტი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ჭირვეულია, ამიტომ პარალელურად საჭიროა სხვა გამოკვლევების ჩატარებაც. საზოგადოდ, მამაკაცის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უმჯობესია სპერმაში განისაზღვროს. გამონაკლისია აზოოსპერმია – სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა. ამ შემთხვევაში ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ხდება.

ქალის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უნდა განისაზღვროს როგორც ცერვიკალური სითხის ასპირატში, ისე სისხლის პლაზმაშიც.

უნაყოფობის ამ ფორმის დროს მოწოდებულია მკურნალობის მრავალი სქემა, რომლებიც ეტაპობრივად ხორციელდება. პირველ ეტაპზე სასურველია ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელმაც შესაძლოა აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. ასეთებია უროგენიტალური ინფექციები, ვარიკოცელე, თესლგამომტანი გზების დახშობა და სხვა.

წესისამებრ, მკურნალობას იწყებენ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (კონდომის) მუდმივი გამოყენებით 3-6 თვის განმავლობაში ან ექიმი ურჩევს წყვილს, კონდომის გარეშე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ოვულაციის დღეებში ჰქონდეთ. როცა სპერმა იშვიათად ხვდება ქალის საშოში, ანტისხეულების ტიტრი მცირდება, რაც, თავისთავად, ზრდის დაორსულების შანსს. პარალელურად შესაძლოა დაინიშნოს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამათხელებელი და ანტისხეულების ტიტრის დამაქვეითებელი, მაგალითად, ჰორმონული თერაპია. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში კი მოწოდებულია მეუღლის სპერმით ინსემინაციის (სპერმის ხელოვნურად შეყვანა ქალის საშვილოსნოს ღრუში) კურსი ან ინ ვიტრო განაყოფიერება.

 

როგორ ვამხელთ უნაყოფობას

უნაყოფობის დიაგნოზის დასმა იოლი როდია. მკურნალობის ტაქტიკაც ხომ სწორ დიაგნოზს ეფუძნება! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმის საბოლოო “განაჩენს”, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმედგადაწურულ წყვილებსაც შესძენიათ შვილი... მოდი, ეტაპობრივად გავიაროთ ის გზა, რომელსაც დაორსულების მომლოდინე წყვილები გადიან.

 

ყველაფერი კითხვებით იწყება...

უშვილობაზე ქალის კვლევა ანამნეზის შეკრებით იწყება. ექიმი ეკითხება, ყოფილა თუ არა ოდესმე ორსულად და რამდენჯერ, უმშობიარია თუ არა, ჰქონია თუ არა თვითნებითი აბორტი, ჰყავს თუ არა შვილი, რამდენი ხანია, არ დაორსულებულა და ა.შ. დაორსულებაზე გავლენას ექსტრაგენიტალური დაავადებებიც ახდენს, ამიტომ გინეკოლოგი არკვევს, ხომ არ გადაუტანია ქალს ტუბერკულოზი, ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის რომელიმე დაავადება, ოპერაცია, რომელსაც შეიძლებოდა უშვილობა გამოეწვია, მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (მნიშვნელობა აქვს გამომწვევის ხასიათს, დაავადების ხანგრძლივობას), კრიო– ან ელექტროკოაგულაცია, ხომ არ უჩივის გამონადენს სარძევე ჯირკვლიდან, ხომ არ არის ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ან აქტიური მწეველი, რა ასაკში დაეწყო მენსტრუაცია და როგორი ინტენსივობით, ხომ არ უჩივის ტკივილს მენსტრუაციის დროს, ტკივილს ხომ არ აყენებს სქესობრივი კავშირი.

 

...და დათვალიერებით გრძელდება

ანამნეზის შეკრების შემდეგ იწყება ქალის დათვალიერება. ობიექტური გამოკვლევისას ადგენენ პაციენტის სიმაღლეს, წონას, სხეულის მასის ინდექსს (გამორიცხავენ სიმსუქნესა და კახექსიას), აფასებენ სარძევე ჯირკვლების განვითარებას (ატრეზიის, ზედმეტი გაცხიმიანების გამოსარიცხად), თმის საფარის განვითარებას (ჰირსუტიზმის გამოსარიცხად), კანს (სიმშრალის, სისველის, აკნესა და სტრიების გამოსარიცხად). ეს ყველაფერი ჰორმონული კვლევის გარეგნული ასპექტებია. წესისამებრ, ტარდება გინეკოლოგიური გასინჯვა ბიმანუალურად და სარკეებში. ექიმი იღებს ნაცხს. საშვილოსნოს ყელის ანთებითი ან სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია და პაპ-ტესტი. ამასთანავე, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ფოლიკულის მონიტორინგიც რექტალურ თერმომეტრიზაციასთან ერთად მრუდის შესწავლის მიზნით. მნიშვნელოვანია საკვერცხის ჰორმონების (ესტრადიოლის, პროგესტერონის), ჰიპოფიზის ჰორმონების გამოკვლევაც.

გაითვალისწინეთ: ჰორმონული კვლევისთვის აუცილებელია დროის შერჩევა. ოპტიმალურია მენსტრუალური ციკლის მე-7-8 და 21-22-ე დღეები, მისი პირველი და მეორე ფაზების შესაბამისად.

ამის შემდეგ ტარდება თავის ქალას სიღრმეში არსებული თურქული კეხის რენტგენოგრაფია ჰიპოფიზის წარმონაქმნების (ძირითადად – ადენომის) და ატროფიის გამოსარიცხად (ამ ორგანოს ჰიპერტროფია ჰორმონ პროლაქტინის მატების ერთ-ერთი მიზეზია).

კვერცხსავალი მილების შეხორცებითი პროცესებისა თუ ფუნქციური უკმარისობის გამოსარიცხად აუცილებელია ჰისტეროსალპინგოგრაფია ან ჰისტეროსკოპია.

თუ ჩამოთვლილი მეთოდების საფუძველზე ექიმმა დიაგნოზი ვერ დასვა და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ქალი მაინც ვერ დაორსულდა, მიმართავენ ლაპაროსკოპიულ მეთოდს, რომელიც ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის კვერცხსავალი მილის მდგომარეობის, ენდომეტრიოზის არსებობა-არარსებობისა და სხვა ფაქტორების შესახებ.

ლაპაროსკოპიის შესაძლებლობები რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში განუსაზღვრელია. ამ მეთოდით შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა იმ ოპერაციის ჩატარება, რომელიც კი ტარდება ტრადიციული განაკვეთით ანუ ლაპაროტომიული წესით. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ, როგორებიცაა:

* უნაყოფობა (ორწლიანი და უფრო ხანგრძლივი უნაყოფობა ლაპაროსკოპიის პირდაპირი ჩვენებაა);

* საკვერცხის კისტები (ფოლიკულური, ენდომეტრიული, დერმოიდული და სხვა);

* ენდომეტრიოზი (რომელიც უნაყოფობის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია);

* საკვერცხეების პოლიკისტოზი;

* კვერცხსავალი მილების გაუვალობა, შეხორცებითი პროცესი მუცლისა და მენჯის ღრუში.

 

რა მოეთხოვება მამაკაცს

თავდაპირველად დაიხსომეთ: ქალის უშვილობის დიაგნოზი მხოლოდ მამაკაცის უშვილობის გამორიცხვის შემდეგ ისმება. მამაკაცს ანდროლოგი იკვლევს. მთავარია სპერმატოზოიდების სიჯანსაღე და რიცხოვნობა, ამიტომ თავდაპირველად სპერმოგრაფია ტარდება. თუ სპერმოგრამაში ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა, ექიმი ატარებს პოსტკოიტალურ ტესტს – სქესობრივი კავშირიდან სამი საათის შემდეგ იღებს საშვილოსნოს ყელის ასპირატს და მიკროსკოპით ათვალიერებს. თუ მასში მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ანტისპერმული ანტისხეულები აქვს და მკურნალობაც ამ მიმართულებით წარიმართება.


საზოგადოდ კი, მიზეზები, რომლებსაც სპერმის ხარისხის დაქვეითებისკენ მივყავართ, თანამედროვე მედიცინაში ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მიღებულია ჩაითვალოს, რომ ცხოვრების წესთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორი – სტრესი, კვება, ალკოჰოლი – უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. ამავე დროს, არსებობს გარემოს ქიმიური ფაქტორების – ქსენოესტროგენების – და მამაკაცის ენდოკრინული სისტემის ურთიერთქმედების ჰიპოთეზაც. აქედან გამომდინარე, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა ხარისხიანი დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. მამაკაცის ფერტილობისა და რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევათაგან უმთავრესია ეაკულატის გამოკვლევა. მამაკაცის ნაყოფიერება მთლიანად სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა სქესობრივ აქტივობაზე. მამაკაცის უნაყოფობის მთავარი მიზეზი სპერმატოგენეზის, სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფების პროცესის, დარღვევაა. სპერმატოგენეზის მდგომარეობა ყოველთვის აისახება სპერმოგრამაში – სპერმის ანალიზში. კერძოდ, ის აჩვენებს, რომ შეცვლილია სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის ხარისხი, არის დეფექტიანი, მაგალითად, უკუდო სპერმატოზოიდები და სხვა. ამიტომ მამაკაცის უნაყოფობის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, წესისამებრ, სპერმის ანალიზით იწყება.

სპერმატოგენეზის პროცესს, თავის მხრივ, რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსი არეგულირებს. ამის კვალობაზე, კვლევის მეორე და ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. ეს საშუალებას აძლევს ექიმს, იმსჯელოს არა მარტო სასქესო ჯირკვლებში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ამ პროცესებზე პასუხისმგებელ-მარეგულირებელი ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციობაზეც. მამაკაცის ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მას ადრეულ ასაკში აღენიშნებოდა ზრდა-განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხება.

 

იმედი არის

მკურნალობა დიაგნოზზეა დამოკიდებული. ექიმი წყვეტს, ნაყოფიერების აღსადგენად მედიკამენტებია საჭირო, ქირურგიული ჩარევა თუ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერებაა.

დაორსულების მსურველ ქალს ხშირად ოვულაციის მასტიმულირებელი მედიკამენტის მიღება უწევს, რასაც რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოტყორცნა მოჰყვება. თუ ყველა მათგანი განაყოფიერდა, ვითარდება მრავალნაყოფიანი ორსულობა. თუ წყვილს ტყუპის ყოლა პრინციპულად არ სურს (ასეც ხდება), შეუძლია, ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით აკონტროლოს მომწიფებული ფოლიკულების რაოდენობა და ჩასახვა მაშინ სცადოს, როდესაც გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი იქნება მზად.

 

 

რა უშლის ხელს რეპროდუქციას

რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა მათ შორის ნამდვილად შეიძლება რამდენიმე ისეთის გამოყოფა, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. სწორედ ამ პათოლოგიათა შედეგია უნაყოფობა. სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ თუ გვეცოდინება, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გინეკოლოგიურ პრობლემას შესაძლოა შეუქცევადი ცვლილებები მოჰყვეს, ეგებ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მივაქციოთ.

მოდი, თვალი გადავავლოთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს, რომლებიც რეპროდუქციული ორგანოების პათოფიზიოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული.

 

სგგდ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის და უყურადღებობის შემთხვევაში ხშირად იქცევა უნაყოფობის მიზეზად. რეპროდუქციულ სისტემას უპირატესად უჯრედშიდა მიკროორგანიზმები აზიანებენ. ისინი იწვევენ ქლამიდიოზს, ურეაპლაზმოზს, მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ჰერპესს, პაპილომავირუსულ ინფექციას, მიკოზს, სხვადასხვა დისბაქტერიულ ცვლილებას.

ინფექციის უტყუარი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ზუსტად განსაზღვრული მიდგომა. მაგალითად, სისხლში ქლამიდიის აღმოჩენის იმუნოფერმენტული მეთოდი, რომელიც საქართველოში ფართოდ არის დანერგილი, ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ასევე შეუძლებელია ნაცხის ჩვეულებრივი შესწავლით პაპილომავირუსის აღმოჩენა. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის PAP-ტესტის ჩატარებაა საჭირო.

გახსოვდეთ: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს. აქვე უნდა ვახსენოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ერთი თავისებურება: დაავადება შესაძლოა იყოს ორგანიზმში, მაგრამ არ გამოვლინდეს, თუნდაც იგივე ინფექცია დაუდასტურდეს პარტნიორს. ამ შემთხვევაში, რომელიმე დაავადება რომ არ გამოგვეპაროს, რამდენიმე კვლევის ჩატარებაა საჭირო.

ამრიგად, ეფექტური მკურნალობის უპირველესი პირობა მართებული დიაგნოზის დასმაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელი პრეპარატებით და რამდენ ხანს მკურნალობდა ქალი. ყოველივე ამის გათვალისწინებით მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ხანგრძლივობის შერჩევა ადვლია.

 

გოგონების ყოველთვიური პრობლემა

 

ძალიან გახშირდა მენსტრუალური ციკლის დარღვევა მოზარდებთან. თუმცა მოზარდ გოგონას შესაძლოა ციკლის ნებისმიერი ის მოშლილობა ჰქონდეს, რაც ზრდასრულ ქალებს აწუხებს: მტკივნეული, უხვი სისხლდენა, არარეგულაური ციკლი და ა.შ. პრობლემის გაახალგაზრდავება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის – ძილ-ღვიძილის რიტმის, საზოგადოდ, ბიორიტმების დარღვევით, ფიზიკური აქტივობის შემცირებით, უპირატესად ნახშირწყლოვანი რაციონით. თუ ამას გენეტიკური განწყობაც დაერთო, პრობლემა ადრეულ ასაკში იჩენს თავს.

გაითვალისწინეთ, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევას ხშირად ისე მკურნალობენ ჰორმონული კონტრაცეპტივებით, რომ პათოლოგიის რეალურ მიზეზს არ შეისწავლიან. ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პათოლოგიას უფრო მეტად აღრმავებს (ხშირად ანოვულაციასაც კი იწვევს) და საბოლოოდ უნაყოფობამდე მივყავართ.

მკურნალობის პრინციპი კი მარტივია: ყოველი ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. გასათვალისწინებელია პაციენტის გენეტიკური თავისებურებანი, კვების ხასიათი, ცხოვრების რეჟიმი, სტრესების არსებობა...

 

სიმსივნის პროფილაქტიკა

ქალის სასქესო ორგანოთა სიმსივნეებიც საკმაოდ გავრცელებულია. მათ შორის აღსანიშნავია საშვილოსნოს ყელის კიბო, საკვერცხეების კიბო... სამწუხაროდ, ადრეულ ეტაპზე ეჭვის საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ქალები, წესისამებრ, სისხლდენის, ტკივილისა და მუცლის ზრდის გამო მიმართავენ ექიმა, ეს სიმპტომები კი უკვე სიმსივნური პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ქალი შესაძლოა უჩიოდეს მიმდებარე ორგანოთა ფუნქციის დარღვევას და უნაყოფობას.

სასქესო ორგანოების სიმსივნური პათოლოგიები თავიდან რომ ავიცილოთ, ყოველწლიურად უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური შემოწმება. გაცილებით ხშირი კონტროლი სჭირდება მას, ვისაც რომელიმე გინეკოლოგიური პათოლოგია აქვს.

საზოგადოდ, ნებისმიერ ასაკში, როცა კი ქალი ან მოზარდი გოგონა რაიმე საეჭვო ნიშანს შეამჩნევს, უთუოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. მოზარდს ზრდასრული ქალის მსგავსად უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გინეკოლოგიური გამოკვლევა: სასქესო ორგანოების ექოსკოპია, PAP-ტექნოლოგიით გაკეთებული ნაცხის ანალიზი და კოლპოსკოპია.

 

რა ემუქრება საკვერცხეებს

უამრავ ქალს აწუხებს საკვერცხეების ანთება. ხშირად ლაპარაკობენ ისეთ პრობლემაზეც, როგორიც კვერცხსავალი მილების შეხორცება და ამით გამოწვეული უნაყოფობაა. გახსოვდეთ, რომ შიგნითა სასქესო ორგანოების ანთებით დაზიანებას უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს: ყველაზე ხშირად – ტრიქომონა, შემდეგ – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ჩირქმბადი მიკროორგანიზმები ორგანიზმში უმთავრესად გინეკოლოგიური მანიპულაციების (ხელოვნური აბორტის) და მშობიარობის დროს ხვდება.

 

მკურნალობის საფუძვლები

მკურნალობის ზოგადი პრინციპი ასეთია: რაც შეიძლება ნაკლები წამალი ან მათი თანმიმდევრული გამოყენება აუცილებლობის მიხედვით. პრაქტიკაში ძნელია ასეთი მზა ფორმულების მოწოდება. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის ჩასახვისთანავე უნდა დავიწყოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონას აღზრდას, გინეკოლოგიურ საკითხებში მის გათვითცნობიერებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაჟებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. მით უმეტეს, რომ ანდროლოგიური პრობლემები დღეს მრავალ მამაკაცს აწუხებს.

ყველა ქალმა უნდა გაითავისოს, რომ გინეკოლოგიური პათოლოგიების საუკეთესო მკურნალობა პროფილაქტიკაა. ურიგო არ იქნება, თუ დროდარო ექიმს ეწვევით და ზოგიერთ მეტად საჭირო გამოკვლევას ჩაიტარებთ.

გარდა ამისა, გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ორალური კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სპირალის) მიმართ. მათ დანიშვნას და გამოყენებას წესების მკაცრი დაცვა სჭირდება. ქალს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეურჩიოს.

 

პოსტრეპროდუქციული განსაცდელი

 

განსაზღვრული ცვლილებები ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ 35-დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, უფრო და უფრო იშვიათდება კვერცხუჯრედის მომწიფება, არარეგულარული ხდება მენსტრუაცია და ბოლოს დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციობა წყდება. ამით იწყება მენოპაუზა.

სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზის პერიოდი საშუალოდ 51 წლის ასაკში დგება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, უფრო ადრე – 45, ან ოდნავ მოგვიანებით – 55 წლისთვის დაიწყოს.

ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორებიცაა ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, აგზნებადობა, შფოთვა, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, სხეულის სხვადასხვა ადგილას მგრძნობელობის მოშლა, ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის და კლიმაქსური გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.

გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიაკუთვნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ოსტეოპოროზს, შარდის ბუშტის პრობლემებს (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ამგვარი პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალთან იჩენს თავს.

მეცნიერებმა ერთი საინტერესო რამ შეამჩნიეს: იაპონელ, ჩინელ და აზიის სხვა ქვეყნების მკვიდრ ქალებს კლიმაქსის პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები. ძალიან იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ეს მათი რაციონის დამსახურება ყოფილა, რომელიც ცხიმის დაბალი შემცველობითა და მცენარეული ესტროგენებით მდიდარი სოიის პროდუქტების სიუხვით გამოირჩევა.

მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:

* ჰორმონების დეფიციტის შევსება;

* ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;

* საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ესტროგენითა და პროგესტერონით ტარდება. თუ ქალს ჰისტერექტომია ჩაუტარდა, პროგესტერონის მიღება საჭირო აღარ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ჰორმონი საშვილოსნოში განსაზღვრული უჯრედების ზრდას აფერხებს და ამით ერთგვარად ამცირებს ამ ღრუ ორგანოში ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. როდესაც საშვილოსნო აღარ არსებობს, ამ პროცესის მარეგულირებელი ჰორმონის მიღებაც აზრს კარგავს.

ჰორმონული მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც ყოველდღიურად, ისე თვის განსაზღვრულ დღეებში. ისიც შეიძლება, მედიკამენტი სხვადასხვა (ტაბლეტის, კრემის ან საშვილოსნოსშიდა სპირალის) სახით მიიღოს ორგანიზმმა. მიღების ფორმა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რა ძირითადი პრობლემა აწუხებს ქალს. მაგალითად, თუ საშოს სიმშრალე მძაფრად არის გამოხატული, ექიმი პაციენტს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონშემცველ საშუალებას ურჩევს.

ჰორმონული თერაპია ყოველთვის არ ჩაივლის უკვალოდ: ქალი შესაძლოა შეაწუხოს სისხლდენამ, სარძევე ჯირკვლების შეშუპებამ და შემკვრივებამ, თავის ტკივილმა, გულისრევამ, ხასიათის ცვალებადობამ.

მენოპაუზის პერიოდში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, გირჩევთ, თვალი გადაავლოთ კვების რაციონს. უპირატესობა მიანიჭეთ:

* ახალ ხილსა და ბოსტნეულს (თუ შეძლებთ, კარგი იქნება, ყოველდღე 3 სახეობის ხილი და 4-5 სახეობის ბოსტნეული მიირთვათ);

* დაუცეხვავი ხორბლისა და ჭვავის პურს, ქატოს, ბრინჯს, პარკოსნებს;

* დაბალცხიმიან რძეს, ყველს, ხაჭოს, მაწონს, იოგურტს;

* ქათმის მჭლე ხორცსა და მჭლე თევზს.

ერიდეთ:

* მეტისმეტად ცხიმიან საკვებს (ნაღების კარაქს, ქონის შემცველ ხორცს და ა. შ.);

* სწრაფი კვების ნაწარმს – ე.წ. ფასტფუდს;

* კოფეინის შემცველ სასმელებს;

* შაქარს და მარილს.

კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მცენარეული ესტროგენების შემცველი სურსათი მიიღოთ. ასეთებია სოია, ქატო და პარკოსნები.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართულ ვარჯიშებსაც იყენებენ.

 

 

გააზიარე: