ნუნუ მარინდაშვილი: მიზნისკენ სვლა თავისთავად ხელოვნებაა

გააზიარე:

ნუნუ მარინდაშვილის ნაქარგები ფერთა სიუხვით და სიფაქიზით დაგამახსოვრებთ თავს. მათში თითქოს ცოცხლდება პეიზაჟები... მისი ოსტატობა უზარმაზარი შრომის შედეგია, თუმცა ალბათ ეს არ იკმარებდა – ვერ გააცოცხლებდა, სუნთქვას ვერ აიძულებდა ნაქარგებს, ყოველი მათგანისთვის საკუთარი სული რომ გაეზიარებინა. სწორედ ასე ესმის ქალბატონ ნუნუს ხელოვნება და შემოქმედება.

– ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი სიცოცხლე მოგვყვება… მახსოვს, დედა როგორ გვიქარგავდა თეთრეულს, ცხვირსახოცებს, ტანსაცმელს… ალბათ, მაშინ ჩაისახა ჩემში მშვენიერების განცდა. ხელოვნების სიყვარული კი, ჩემი დის, ცისანა მარინდაშვილის პროფესიიდან მოდის – რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის  მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

– და მაინც ხელოვნებისგან ასე შორს მდგომი პროფესია აირჩიეთ...

– ფიზიკა მეცნიერებაა, რომელიც ზუსტ და პრაგმატულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ ჩემს შემოქმედებით ბუნებასთან სულაც არ მოდის დისონანსში. პირიქით – ეს ორი, ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული მიმართულება განტვირთვის და სხვადასხვანაირად ფიქრის საშუალებას მაძლევს. სტუდენტებთან ურთიერთობა კი კიდევ ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში". მერე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავედი. მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა ხელოვნება სულ სხვაგვარ სიმშვიდეს და კმაყოფილებას მგვრის.

ქარგვა გვიან დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა კლასიკური ფერწერა, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ კადრი თითქოს მკვდარი იყო, დრო – გაჩერებული, მე კი მათი გაცოცხლება მინდოდა. მინდოდა მეგრძნო, როგორ ქრის ქარი, როგორ იღრუბლება, როგორ იფურჩქნება ყვავილი, მინდოდა, მისი სურნელიც კი შემეგრძნო...

– ძნელი დსაჯერებელია, რომ ეს ნაქარგებია და არა ფერწერული ტილოები... რა განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებთ?

– ჩემი ტექნიკით იქარგება ზუსტად ისე, როგორც იხატება – ვიწყებ ფონით, შემდეგ გადავდივარ ცალკეულ ფიგურებზე და ბოლოს კომპოზიცია იკვრება. რამდენიმე ფენად ვქარგავ. ვიყენებ საშუალოდ 200-250 ფერის ძაფს. სწორედ ფერთა ასეთი სიმრავლე და მათი შეხამება იძლევა ფერწერული ტილოს ეფექტს.

– რა მასალას იყენებთ? ძაფებს რა ხასხასა და ბუნებრივი ფერი აქვს...

– მათ უმეტესობას თავად ვღებავ ბუნებრივი საღებავებით. თითოეული ტილოს მოქარგვა თვეობით გრძელდება. ხშირად მეკითხებიან, ნერვები როგორ გყოფნისო... ხელოვნება ნერვულ აშლილობას რომ იწვევდეს, იარსებებდა კი?

– შემოქმედს, აღიარება არ გაკლიათ. მიღებული გაქვთ არაერთი ჯილდოც...

– ჩემი ნაქარგები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიფინა: თურქეთში, კვიპროსში, გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ქალაქებში – თბილისში, მცხეთაში, თელავში, ბათუმში გამართულ გამოფენებს. ჯერ კიდევ 2007 წელს საინტერესო გამოფენა მოეწყო ამერიკის საელჩოში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტიც დაესწრო. ჯილდოებიდან კი გამოვარჩევდი 2015-2016 წლებში “check in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის” სახელობითი პრემიის ჯილდოს ნომინაციაში – “ტრადციული და მხატვრული ქარგვა”.

– თქვენი ნამუშევრები ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებსაც ამშვენებს...

– მახსოვს, პირველ გამოფენაზე ჩემი პირველი ნაქარგი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ შეიძინა... ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს უსახსოვრეს.

– რა არის თქვენი როგორც შემოქმედის მთავარი სათქმელი?

– ყველა ადამიანს თავისი შემოქმედება სჭირდება. ეს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის საოცარი პროცესია... მიზნისკენ სვლა კი თვითონვეა ხელოვნება. ყველა ადამიანშია შინაგანი ძალა. მთავარია, აღმოაჩინო ის და გასაქანი მისცე.

ქალბატონი ნუნუსთვის ეს ძალა შემოქმედების სიყვარულია. სწორედ ეს სიყვარული აცოცხლებს და ავსებს ემოციით მის ნაქარგებს.

 თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: