სალომე რიგვავას არტი

გააზიარე:

სალომე რიგვავა მეორე კლასში იყო, როცა დედამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ხატვის წრეზე მიიყვანა. მოლბერტებით, ფუნჯებით, საღებავებით სავსე დიდი, ნათელი სახელოსნო ზღაპრულ სამყაროდ წარმოედგინა, სადაც აკვარელით მოთხუპნული თითებით ბეჯითად ცდილობდა წარმოსახვის ტილოზე გადატანას.

პირველად სწორედ იქ ეზიარა ხელოვნებას, თუმცა ხატვით მას შემდეგ ხატავს, რაც ფანქრის ხელში დაჭერა ისწავლა.

მხატვრად მისი ჩამოყალიბება კი თბილისში, ნიჭიერთა სახელოვნებო ათწლედში დაიწყო. ეს სასწავლებელი დღესაც არის ათონელის ქუჩაზე და უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას უხსნის გზას ხელოვნების სამყაროსკენ. სალომემაც, ერთი შეხედვით, მოსალოდნელი არჩევანი გააკეთა – სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა ფერწერის მიმართულებით.

– მახსოვს, ოჯახის წევრები ჩემს გადაწყვეტილებას ცივად შეხვდნენ. დღეს კი მხატვრობის მიმართ ინტერესი იზრდება, საზოგადოდ, ხელოვნება იბრუნებს კუთვნილ ადგილს.

არეული წლები იყო, სოციალურ პრობლემებს ბოლო არ უჩანდა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ აქ მიღებული ცოდნით არავითარი მომავალი არ მექნებოდა... მაგრამ ბედმა გამიღიმა და სწავლის დამთავრებისთანავე ევროპისკენ გამიხსნა გზა...

 

2012 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და შტუტგარტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამული სწავლების ორწლიანი კურსი. შემდეგ კიდევ ორი წელი გაატარა გერმანიაში თავისუფალი მხატვრის სტატუსით.

იმ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა გალერეებთან და გერმანიის სხვადასხვა ქალაქში – შტუტგარტში, ჰაიდელბერგში, მიუნხენსა თუ ბერლინში – გამართულ გამოფენებში მონაწილეობდა.

შარშან ორგანიზაცია Aღთ MOღA-ს კონკურსში გაიმარჯვა და რამდენიმე თვე ამერიკაში – ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკში გაატარა, სადაც Aღთ MOღA-ს მიერ გამართულ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა.

ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთ გამოფენაზეა მიწვეული, ამჯერად – ჰაიდელბერგში.

ასე რომ, სალომე რიგვავა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მხატვარია. მისი ნახატები საქართველოს, გერმანიის, ამერიკის, ინგლისის, რუსეთის არაერთ კერძო კოლექციაშია დაცული. უმეტესად საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში მონაწილეობს, თუმცა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მისი ნამუშევრების ნახვის საშუალება ხელოვნების ქართველ დამფასებლებსაც მიეცათ – აპრილში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სალომეს პერსონალური ექსპოზიცია მოეწყო.

– თითოეული გამოფენის შემდეგ სხვა გალერეებიდან უფრო და უფრო მეტ წინადადებას ვიღებ. ჩემი ნახატების დასათვალიერებლად მოდის ჩემთვის სრულიად უცხო ხალხი... როდესაც ასეთ ინტერესს ვხედავ, რა თქმა უნდა, თავს წარმატებულად მივიჩნევ.

ამ წლებმა, გამოცდილებასა და ოსტატობასთან ერთად, სახელოვნებო წრეებთან, გალერისტებთან, აგენტებთან ურთიერთობებიც შემძინა, რაც სულაც არ არის უმნიშვნელო რამ. ამჟამად კი, როგორც გითხარით, მორიგი გამოფენისთვის ვემზადები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი ჩანაფიქრი მაქვს განსახორციელებელი.

  • – მხატვრობა არის...

– ჩემი ნაწილი. სხვა პროფესიაში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. მეტიც – ხანდახან იმის თქმაც კი მიჭირს, პროფესიაა ეს ჩემთვის თუ ცხოვრების წესი. ვცდილობ, სიახლე შევიტანო ტექნიკაში, მიმდინარეობაში. წლების წინ იმპრესიონისტული და აბსტრაქციიონისტული სტილი უფრო მიზიდავდა, ახლა რეალისტური უფრო მხიბლავს, თუმცა ჩემი შემოქმედება ფოტორეალიზმისგან შორსაა. ზეთსა და ტილოს ვიყენებ. მაქვს გრაფიკული ნამუშევრებიც, რომლებიც სიურეალისტურია.

ადრე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელოვნების მომხმარებელიც ვიყავი – ბევრ დროს ვუთმობდი ლიტერატურას, თეატრს... ბოლო დროს ამ ყველაფრისთვის თითქმის ვეღარ ვიცლი. კითხვა მაინც გამორჩეულად მიყვარს. აკუტაგავა ჩემი ფავორიტია და ხატვის დროს სახეებს, ემოციებს ხშირად მის პერსონაჟებს ვამსგავსებ. მაგალითად “ვაშლის სინდრომი”, “კივილის თემა” ძალიან ჰგავს ამ მწერლის აფექტურ, გაუწონასწორებელ, სიგიჟის ზღვარზე მყოფ გმირებს.

  • – ზემოთ აღნიშნე, რომ ხელოვნება კუთვნილ ადგილს იბრუნებს. რა პერსპექტივა აქვს დღეს მხატვარს საქართველოში?

– მიდგომა რადიკალურად იცვლება. 90-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივა თითქმის არ ჩანდა, სიახლე მაინც მრავლად იყო, ნიჭი მეტად ფასობდა და თავის როლს ასრულებდა მხატვრის პოპულარიზაციაში. დღეს ხელოვნებამ უფრო ბიზნესის სახე მიიღო: თუ არ გყავს კარგი გალერისტი ან კურატორი, რომელიც შენს თავს საზოგადოებას წარუდგენს, მხოლოდ საკუთარი ნიჭის იმედად შორს ვერ წახვალ. რაც მეტი იწერება მხატვარზე, მით უფრო იზრდება მისი სტატუსი და შემოქმედებასაც ფასი ემატება. ასე რომ, დღეს ნიჭი და ოსტატობა კი არა, პიარი წყვეტს ყველაფერს. ყველგან ასეა, მათ შორის – ხელოვნებაშიც.

სამწუხაროდ, ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ საქართველოში ეს სფერო მეტად ჩაკეტილია. მხატვარს განვითარების შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, გამოფენები იმართება, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გამოფენას მხატვრის წარდგენა, სათანადოდ წარმოჩენა და მისდამი კომერციული ინტერესის გაზრდაა.

მხატვრებს საზღვარგარეთ გასვლა უჭირთ, არადა იქ იმდენი საინტერესო რამ ხდება... კულტურის სამინისტროს თანამდებობის  პირები, გალერისტები, მეცენატები – ის ხალხი, ვისაც მათი დაფინანსება შეუძლია – ინტერესს არ ამჟღავნებს. ალბათ ჰგონიათ, რომ ნახატი მხოლოდ ოთახში ჩამოსაკიდებლად, კედლის გასალამაზებლად იქმნება... ბევრია ისეთიც, ვინც არ ნებდება და საკუთარი თავის რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ძნელია, ხატო და იმავდროულად თვითპრეზენტაციაზე, მენეჯმენტზე იფიქრო, დაგეგმო და სწორად გათვალო, როგორ მიაწოდო საზოგადოებას შენი შემოქმედება, კომერციულად მიმზიდველად როგორ შეფუთო. ბევრი ნიჭიერი მხატვარი გვყავს, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს თავი.

 

ოჯახი

სალომე 1988 წელს გაგრაში დაიბადა. ოთხი წლისას მშობლიური ქალაქის დატოვება მოუხდა:

– ბავშვობა კარგად მახსოვს. მშობლების წყალობით იმ წლების სიმძიმე არ მიგრძნია, მაგრამ აფხაზეთი დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის... მთელი ჩემი ოჯახისთვის. თუ მკითხავთ, გადავწყვეტდი თუ არა დაბრუნებას, გიპასუხებთ: ფესვები იქ გვიდგას, სადაც ვიბადებით.

 

სალომე რიგვავას მეუღლე და ერთი წლის ვაჟი ანდრია ჰყავს. თავის გამოუცდელ დედობაზე იუმორით ლაპარაკობს, მაგრამ შვილის გვერდით ყოფნა, მასზე ზრუნვა მისი ბედნიერების მთავარი წყაროა, რომლის ყოველი წვეთითაც ტკბება.

 

ჯანმრთელობის რეცეპტი

– ბევრი ღიმილი, დადებითი განწყობა და ყველაფერში პოზიტიური მხარის დანახვა ჯანმრთელობის საწინდარია. დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანსაღ კვებას და ფიზიკურ დატვირთვას. ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, მოვეშვი, მაგრამ სუფთა ჰაერზე სეირნობასა და ვარჯიშს მაინც ვახერხებ. თქვენც იმავეს გირჩევთ.

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: