მილებში დამალული პრობლემა
გააზიარე:
ფალოპის მილი, იგივე კვერცხსავალი მილი, ქალის რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უნაყოფობა ხშირად სწორედ მისი დაზიანების შედეგია. პრობლემის არსს უკეთ რომ ჩავწვდეთ, თავდაპირველად კვერცხსავალი მილების ანატომიასა და ფუნქციაში გავერკვიოთ.
ფალოპის მილი, ისევე როგორც საკვერცხე, წყვილია და საშვილოსნოს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან უკავშირდება. ეს მოგრძო ღრუ ორგანო ორი: ამპულარული (შედარებით განიერი) და ტუბულარული (შედარებით ვიწრო) – ნაწილისა და ფიმბრიებისგან – ე.წ. ფოჩებისგან შედგება. კვერცხსავალი მილის ფუნქციას თავად მისი სახელწოდება გვკარნახობს. მოგეხსენებათ, მენსტრუალური ციკლის მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს დომინანტური ფოლიკული სკდება. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება. ოვულაციის შედეგად ფოლიკულიდან გამოიტყორცნება კვერცხუჯრედი, რომელსაც ფალოპის მილის ფიმბრიები “იჭერენ”. სწორედ აქ ხდება ახალი სიცოცხლის ჩასახვის ჯადოსნური აქტი. ფალოპის მილის ამომფენი ეპითელიუმის პერისტალტიკის – სინქრონული მოძრაობის – წყალობით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს, იქ ჩაინერგება და განვითარებას განაგრძობს.
იმისთვის, რომ კვერცხსავალმა მილმა თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს, მისი სანათური თავისუფალი უნდა იყოს.
მცირე მენჯის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების შედეგად ფალოპის მილი ხშირად იხშობა, მასში წარმოქმნილი სეკრეტი გარეთ გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობს და მილშივე გროვდება. გაფართოებულ და სითხით სავსე მილს ჰიდროსალპინქსს უწოდებენ. იოლი მისახვედრია, რომ სითხით სავსე მილი კვერცხუჯრედის, სპერმატოზოიდისა თუ ემბრიონის კარგი გამტარი ვერ იქნება. ჰიდროსალპინქსმა, გარდა უშვილობისა, შესაძლოა ხელი შეუწყოს ექტოპიური – ე.წ. გარე – ორსულობის განვითარებას, რაც საკმაოდ სერიოზულ, ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებს იწვევს. გარდა ამისა, დახშულ მილში დაგროვილი სეკრეტი უკუდენით ზოგჯერ საშვილოსნოს ღრუში იღვრება და ხელს უშლის ემბრიონის იმპლანტაციას, რაც უშვილობის კიდევ ერთი მიზეზია.
რა იწვევს ჰიდროსალპინქსს?
უმეტესად – ფალოპის მილების ძველი ინფექცია ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. არსებობს სხვა მიზეზებიც, მათ შორის – მუცლის ღრუს ორგანოებზე, განსაკუთრებით – ფალოპის მილებზე გადატანილი ქირურგიული ჩარევა, მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესები, ენდომეტრიოზი, აპენდიციტი.
როგორ ამოვიცნოთ პრობლემა?
ჰიდროსალპინქსი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს – ქალის ერთადერთი პრობლემა უშვილობაა. მილში განვითარებული ექტოპიური ორსულობა ზოგჯერ ჰიდროსალპინქსის პირველი ნიშანია. ზოგი ქალი უჩივის მცირე მენჯის ღრუს მიდამოში რეგულარულ ან მუდმივ ტკივილს, რომელიც მძიმდება მენსტრუაციის დროს. აღნიშნულ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ვაგინალური გამონადენი.
როგორ დავსვათ სწორი დიაგნოზი?
არსებობს კვერცხავალი მილების შემოწმების სამი მეთოდი:
* ჰიდროსალიპინგოგრაფია. ეს კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდია. ექიმს საშვილოსნოსნოში თხევადი კონტრასტული ნითიერება შეჰყავს და შემდეგ რენტგენის სურათებს იღებს, რომ შეამოწმოს, რომელ უბნებში გადანაწილდა კონტრასტი. თუ ფალოპის მილები გამტარია, სითხე მცირე მენჯის ღრუში გადაედინება. თუ კონტრასტი მილში დაგროვდა, ეს მის ბლოკადაზე მიუთითებს.
* ულტრასონოგრაფია. ნორმალური ფალოპის მილები ექოსკოპიურად არ ჩანს, მაგრამ ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიული კვლევით შესაძლებელია გაფართოებული და სითხით სავსე მილების ვიზუალიზაცია.
* დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია. ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური საშუალებები 100%-იანი სიზუსტით, სამწუხაროდ, არ გამოირჩევა. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია ამ კუთხით შეუცვლელია. მისი მეშვეობით დასტურდება ულტრასონოგრაფიული ან ჰიდროსალპინგოგრაფიული დიაგნოზი, თუმცა შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მილი, რომელიც ნორმალური ჩანდა, პრობლემური აღმოჩნდეს, და პირიქით.
ჰიდროსალპინქსი და უნაყოფობა
თუ ფალოპის მილები მთლიანადაა დახშული, კვერცხუჯრედი მისი გავლით საშვილოსნოს ღრუში ვერ მოხვდება. დასაორსულებლად პაციენტს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია დასჭირდება. ფალოპის მილის ქირურგიული გზით გახსნა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყოველთვის. მკურნალობის გარეშე დაორსულების შანსი არსებობს, თუმცა დიდია შემდგომი გართულებების, მაგალითად, ექტოპიური ორსულობის ან თვითნებითი აბორტის, საშიშროება.
თუ მილები ძალიან დაზიანებულია, უმჯობესია, ამოიკვეთოს, თუმცა ამის შემდეგ დაორსულების ერთადერთ საშუალებად დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი – ინ ვიტრო განაყოფიერება დარჩება. ამ პროცედურის დროს ყველა ის პროცესი, რაც კვერცხსავალ მილში უნდა მომხდარიყო, სინჯარაში ემბრიოლოგის დახმარებით მიმდინარეობს და საშვილოსნოს ღრუში უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება.
ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებით, ხელოვნურ განაყოფიერებამდე ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ანთებადი მილის ამოკვეთა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ის ამცირებს დაორსულების შანსს.
როგორ მოვიქცეთ?
ჰიდროსალპინქსის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, ამიტომ მკურნალობის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია მათი ავადმყოფობის ისტორია, რეპროდუქციული მდგომარეობა და მოლოდინი.
პათოლოგიური მილების ამოკვეთის ოპერაციას ლაპაროსკოპიული სალპინგექტომია ეწოდება. კვერცხსავალ მილს, წესისამებრ, მთლიანად იღებენ, თუმცა ზოგი ქირურგი რადიკალურ ჩარევას ერიდება, რადგან ამ დროს იმატებს საკვერცხის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების რისკი, ადეკვატური სისხლმომარაგების გარეშე კი საკვერცხის ფუნქცია ითრგუნება.
სკლეროთერაპია მკურნალობის ნაკლებინვაზიური მეთოდია. ის ულტრასონოგრაფიური კონტროლის თანხლებით ტარდება და, უახლესი მონაცემების თანახმად, ეფექტურობით ქირურგიულ ჩარევას არ ჩამოუვარდება. ამ დროს ჯერ სითხეს იღებენ სითხით სავსე მილიდან, მერე კი შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც მილს აღიზიანებს. კედლები შუპდება და ზედმეტ შიგთავსს გარეთ გამოდევნის. მიუხედავად იმისა, რომ სკლეროთერაპიის სარეაბილიტაციო პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლაპაროსკოპიისა, მეცნიერთა ნაწილი მაინც ლაპაროსკოპიას მიიჩნევს უფრო ეფექტურად, რადგან სკლეროთერაპია დაავადების რეციდივს არ გამორიცხავს.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია გაუმტარი მილის “შეკეთება”, ბლოკის მოხსნა. ამ პროცედურას ლაპაროსკოპიული სალპინგოსტომია ეწოდება. დაზიანებულ მილზე ატარებენ მცირე ზომის განაკვეთს, რათა შიგთავსი გარეთ გამოვიდეს, მეორე ბოლოზე კი კლიპსს უჭერენ, რომ დარჩენილმა ან ახლად წარმოქმნილმა შიგთავსმა საშვილოსნოს ღრუში არ იდინოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჩარევა მილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რჩება მასში სითხის ხელახლა დაგროვების რისკი.
ამრიგად, ჰიდროსალპინქსის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღეს ჰისტეროსკოპიული სალპინგექტომიაა მიჩნეული.
რას ველოდოთ ოპერაციის შემდეგ?
თუ მილი ღია წესით ამოიკვეთა, პაციენტს 2-3 დღე მოუწევს კლინიკაში გაჩერება, ცხოვრების ჩვეულ რიტმს კი 4-6 კვირაში დაუბრუნდება. ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემთხვევაში პაციენტი მალე ეწერება შინ და რამდენიმე დღეში უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
მილის გამავლობის აღდგენა
ფალოპის მილზე ოპერაცია ტარდება არა მხოლოდ სითხის დაგროვების დროს, არამედ მაშინაც, როცა პაციენტი უნაყოფობის გამო მიმართავს ექიმს და დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია მილის გაუმტარობას დაადასტურებს. გამავლობის აღდგენა ხშირად შესაძლებელია.
როგორია შედეგი?
შედეგი ჩარევის მასშტაბსა და ოპერაციის შემდეგ დარჩენილი მილის ზომაზეა დამოკიდებული. როცა შეხორცების გამო მილის დიდი ნაწილის ამოკვეთა ხდება საჭირო, მომავალში დაორსულების ალბათობა მცირდება. როცა ბლოკი მილის დასაწყისში, საშვილოსნოს ახლოს მდებარეობს, წარმატების შანსი დიდია. ასეთი ბლოკი უფრო ფუნქციურია, ვიდრე სტრუქტურული. ხშირად მას ლორწოს საცობი იწვევს და არა შეხორცებითი პროცესი. ასეთი ბლოკისგან მილის გათავისუფლების შემდეგ ქალების 60% ორსულდება. როცა პრობლემა ფალოპის მილის ბოლოშია, წარმატების შანსი უფრო ნაკლებია – ამ შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ ორსულდება 100-დან 20-30 ქალი.
ზოგიერთი პაციენტი ქირურგიული სტერილიზაციის – ე.წ. მილების გადაკვანძვის – შემდეგ ქირურგს მიმართავს მილების მთლიანობის აღსადგენად. ამ ოპერაციის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სტერილიზაციის ტიპზე, მილის ლიგირების მეთოდზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია აგრეთვე ქალის ასაკი, შეხორცებებისა თუ მცირე მენჯის ღრუს დაავადებების არსებობა-არარსებობა.
ფალოპის მილის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად ერთდროულად რამდენიმე ტიპის ჩარევაა საჭირო. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ყველა შესაძლო ვარიანტის შესახებ.
წარმატებული ოპერაციის შედეგის დასადასტურებლად ჰისტეროსალპინგოგრაფიის ჩატარება ოპერაციიდან 3-6 თვის შემდეგ შეიძლება.
თუ ქირურგიული ჩარევიდან 12-18 თვეში ქალი არ დაორსულდა, მილების გამავლობა კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს ან ინ ვიტრო განაყოფიერება დაიგეგმოს.
თამარ არქანია