ფუნთუშების განსაცდელი

გააზიარე:

ეჭვი არ მეპარება, ყველა მშობელს შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა. ზოგჯერ მთელი სირთულე სწორედ იმის განსაზღვრაშია, რა არის ბავშვისთვის სასარგებლო და რა – მავნებელი, რამდენად სწორად ვზრდით მას, რამდენად სწორ ჩვევებს ვუყალიბებთ. იქნებ ზრდასრულ ასაკში აღმოცენებულ პრობლემებში ნებით თუ უნებლიეთ ჩვენც მიგვიძღვის ბრალი? მაგალითად, სიმსუქნე, რომელიც ბოლო ხანს ასე გავრცელდა ბავშვებში, ხშირად სწორედ ჩვენი შეცდომების შედეგია.

 

საშიში ტენდენცია

არაერთხელ გვითქვამს, რომ მთელ მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიაა. საშიში ტენდენცია მეტ-ნაკლებად შეინიშნება ყველა კონტინენტზე, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ყველა ასაკის, რასისა და ეროვნების, ორივე სქესის პირებს შორის. უკანასკნელი მონაცემებით, ევროპაში გარდაცვალების 9.2 მილიონი შემთხვევიდან 337 ათასის მიზეზი სიმსუქნე იყო, 676 ათასისა კი მოძრაობის დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მონაცემები შემაშფოთებელია, ყველაზე სავალალო კი ის გახლავთ, რომ სიმსუქნის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში წლიდან წალმდე კატასტროფულად იმატებს. კვლავ სტატისტიკა მოვიშველიოთ – თუ 1990 წელს ჭარბწონიანი იყო 5 წლამდე ასაკის 32 მილიონი ბავშვი, 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 42 მილიონი შეადგინა. მხოლოდ აფრიკის რეგიონში იმავე პერიოდში ბავშვთა სიმსუქნის გავრცელება 4 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა, აშშ-ში კი ჭარბი წონა ან სიმსუქნე სამიდან ერთ ბავშვსა და მოზარდს აღენიშნება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2025 წლისათვის ჭარბწონიანი ან მსუქანი ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი 70 მილიონს (!) მიაღწევს.

 

რა ხდება საქართველოში?

საერთო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. მეტიც – ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. 2009 წლის ნუტრიციოლოგიური კვლევის მონაცემებით, ჭარბი წონისა და სიმსუქნის გავრცელება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 19.9%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მსუქნები არიან, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამას ხელს არაერთი ფაქტორი უწყობს, მათ შორის – ჩვენში გავრცელებული მანკიერი წარმოდგენა, თითქოს ფერხორციანობა ჯანმრთელობის ნიშანი იყოს. სინამდვილეში სიმსუქნე არაერთი დაავადების საწინდარია. დაავადებებისა, რომლებსაც ხშირად შესაძლებლობათა შეზღუდვა მოჰყვება.

 

პატარა მსუქნების დიდი პრობლემები

მაინც რა საფრთხეს უქადის ბავშვებს ჭარბი წონა? დღეს აღარავინ დავობს იმის თაობაზე, რომ წონასთან ერთად იმატებს ქოლესტერინის დონე, გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, ასთმის, ოსტეოართრიტის, ღვიძლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, ღამის აპნოესა და ზოგიერთი სიმსივნის (ენდომეტრიუმის, ძუძუს, ნაწლავის კიბოს) განვითარების რისკი. სიმსუქნე გოგონების სქესობრივ მომწიფებას აჩქარებს, ხოლო ბიჭებისას ანელებს. გარდა ამისა, ზედმეტი კილოგრამები ბავშვებს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც უქმნის. ისინი თავს არასრულფასოვნებად, მარტოსულებად, საზოგადოებისგან იზოლირებულებად გრძნობენ. ეს მათ ხელს უშლის სწავლაში, მეგობრობაში, სოციუმში ინტეგრირებაში, საბოლოოდ კი შესაძლოა სერიოზული ქცევითი პრობლემების მიზეზადაც ექცეთ.

 

დედა ნახე, მამა ნახე...

გენეტიკა სიმსუქნის განვითარებაში უდავოდ დიდ როლს ასრულებს. თუ გენეტიკურ განწყობას ეკოლოგიურმა და ქცევითმა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, ჭარბი წონის განვითარება ფაქტობრივად გარდაუვალია. მაგრამ, გენეტიკისგან განსხვავებით, ქცევითი ფაქტორების შეცვლა შესაძლებელია. კაცმა რომ თქვას, არც გენეტიკაა ხელშეუხებელი – თუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით ოპტიმალურ წონაზე ადრიდანვე იზრუნებთ და თავად შეებრძოლებით ზედმეტ კილოგრამებს, საგრძნობლად შემცირდება ალბათობა, რომ “სიმსუქნის გენმა” თქვენს პატარაში “იყივლოს”.

შეიძლება თუ არა, ბავშვის სიმსუქნე ჰორმონულ დარღვევვებს დავაბრალოთ? რა თქმა უნდა. მაგრამ ჰორმონული დისბალანსი წონის მატებასთან ერთად სხვა სიმპტომებითაც გამოვლინდება, ამიტომ თუ სიმსუქნეს თან ახლავს მუდმივი დაღლილობა, კანის სიმშრალე, ყაბზობა, ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, გამონაყარი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წონის მატების მიზეზად შესაძლოა რომელიმე მედიკამენტიც იქცეს, მაგალითად, ვიტამინები ან მცენარეული საშუალებები. მიმართეთ ექიმს, თუ წონის მატება პატარამ მკურნალობის შედეგად დაიწყო.

 

გაიზრდება და გაუვლის?

ნაკლებმოსალოდნელია, მსუქანი ბავშვი წლების შემდეგ ნორმალურ წონას დაუბრუნდეს, თუ ამაში თქვენც არ დაეხმარებით. კვლევების თანახმად, ის, ვისაც ბავშვობაში ჭარბი წონა ჰქონდა, ზრდასრულ ასაკშიც უმეტესად იმავე სტატუსს ინარჩუნებს. წონის დაკლება არასდროს არის გვიანი, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით მეტ სარგებლობას მოუტანთ თქვენს თავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კვლევის შედეგებს გაგაცნობთ.

საქმე ის არის, რომ ბოლო დროს საავადმყოფოებში ინსულტის დიაგნოზით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება. შვედმა მეცნიერებმა ამის ახსნა სცადეს. მთავარი ეჭვმიტანილი, ცხადია, ჭარბი წონა იყო. მართლაც, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც 8 და 20 წლის ასაკში ჭარბ წონას უჩიოდნენ, ინსულტის განვითარების რისკი საგრძნობლად ჰქონდათ მომატებული.

მეცნიერები 38 წლამდე აკვირდებოდნენ 37 600 მამაკაცს, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც (სმი) 8 და 20 წლის ასაკში იქნა აღრიცხული. საკვლევ ჯგუფში ინსულტის სულ 918 შემთხვევა გამოვლინდა. რისკი 70%-ით მაღალი აღმოაჩნდათ მათ, ვისაც 8 წლიდან აწუხებდა ჭარბი წონა და სტატუსი 20 წლის ასაკშიც შეინარჩუნა.

კვლევას არ უჩვენებია, რომ ჭარბმა წონამ ინსულტი გამოიწვია – მან მხოლოდ კავშირი გამოავლინა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ინსულტის მომატებული რისკი არ დაუდასტურდათ მათ, ვისაც 8 წლის ასაკში ჭარბი წონა ჰქონდა, მაგრამ 20 წლისთვის ნორმას დაუბრუნდნენ. “ეს , რომ 8 წლის ასაკში ჭარბი წონა არ ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. რისკი იმატებს მაშინ, თუ ჭარბი წონა 20 წლის ასაკშიც შენარჩუნდა”, – აღნიშნავენ მკვლევრები.

მაშასადამე, სანამ თქვენი შვილი ჯერ კიდევ პატარაა, საკმარისი დრო გაქვთ, ის მომავალი პრობლემებისგან დაიცვათ.

 

პუტკუნა თუ მსუქანი?

ამრიგად, ჭარბი წონა საშიშია. მაგრამ როგორ გავიგოთ, არის თუ არა ბავშვი ჭარბწონიანი? ეს არც ისე მარტივი ყოფილა.

ბავშვები სხვადასხვა სიჩქარით იზრდებიან. სხეულში ცხიმოვანი ქსოვილის ოდენობა ასაკთან ერთად იცვლება და გოგონებსა და ბიჭებთან სხვადასხვაგვარია. ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში წონის განსაზღვრული ცვლილებები ნორმალურია. ამ ცვლილებათა ფონზე შესაძლოა გაგვიჭირდეს იმის დადგენა, მართლა ჭარბი წონა აქვს თუ არა მას.

დღესდღეობით წონის განმსაზღვრელ საყოველთაოდ აღიარებულ სიდიდედ სხეულის მასის ინდექსი (სმი) მიიჩნევა. ეს ინდექსი მარტივი ფორმულით გამოითვლება: წონა`სიმაღლე2. ბევრ ინტერნეტსაიტზე სმი-ს ონლაინ კალკულატორიცაა განთავსებული. მაგრამ გახსოვდეთ, ბავშვის წონის შესაფასებლად მისი გამოყენება არასწორი იქნება. პატარებისთვის არსებობს სპეციალური ასაკდამოკიდებული სმი (BMI-For-Age).

ბავშვების სმი პროცენტილებით იზომება. მიღებულ მაჩვენებლებს ადარებენ საკონტროლო ჯგუფს. ამ ჯგუფში ის ბავშვები შედიან, რომლებიც 1963-1965 და 1088-1994 წლებში აშშ-ში ნაციონალურ გამოკვლევებში მონაწილეობდნენ. თუ ზრდასრული ადამიანის სმი ასაკსა და სქესზე დამოკიდებული არ არის, ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში სმი სქესთან, ასაკსა და სიმაღლესთან მიმართებით უნდა განვიხილოთ, ამიტომ აუცილებელია მიღებული შედეგების შედარება საკონტროლო ჯგუფის იმავე სქესის, ასაკისა და სიმაღლის ბავშვების მონაცემებთან. შედეგები შემდეგნაირად ინტერპრეტირდება:

5% და ნაკლები – წონის დეფიციტი

5%-84% – ნორმული წონა

85%-95% – ჭარბი წონა

95% და მეტი – სიმსუქნე

მაგალითად, თუ ათი წლის საშუალო სიმაღლის (142 სმ) ბიჭი 46 კგ-ს იწონის, მისი სმი 22.9 კგ`მ2 იქნება. ეს დიაგრამაზე 95% პროცენტილის ფარგლებში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 10 წლის იმავე სიმაღლის ბიჭების 95%-ზე მეტი წონა აქვს.

თუმცა სმი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სიმსუქნის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტს არ წარმოადგენს. შესაძლოა, ბავშვს ასაკსა და სიმაღლესთან შესაბამისად მაღალი სმი ჰქონდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემას. მის დასადგენად ექიმმა დამატებითი კვლევები უნდა ჩაატაროს. მაგალითად, კანის სისქე განსაზღვროს. ეს სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხდება, რომელიც სხეულის განსაზღვრულ უბნებში ცხიმის სისქეს ადგენს. გარდა ამისა, საჭიროა დენსიტომეტრია, ბიოელექტრული იმპედანს, ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციმეტრია და სხვა. სმი ერთგვარი სკრინინგტესტია, რომელიც შემდგომი კვლვებისთვის რისკჯგუფებს ავლენს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ასაკდამოკიდებული სმი ორი წლიდან გამოიყენება.

 

მაშ, დავიწყოთ!

რატომ ვისაუბრეთ ამდენი სმი-ს შესახებ? იმიტომ, რომ გახსოვდეთ: ეს თემა ხელწამოსაკრავი არ არის. არ შეიძლება, პატარა დიეტაზე დავსვათ, სანამ სპეციალისტთან არ გავივლით კონსულტაციას. პატარებს ზრდისა და განვითარებისათვის კალორიებისა და საკვები ნივთიერებების განსაზღვრული რაოდენობა სჭირდებათ. ამასთან, დიეტის ფონზე შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი ვიტამინის, განსაკუთრებით – ცხიმში ხსნადის, და მიკროელემენტის დამატებითი მიღებაც, თქვენ მიერ შედგენილმა რაციონმა კი შესაძლოა ავნოს მის ჯანმრთელობას და ჭარბ წონას სხვა პრობლემებიც დაემატოს. ჭარბი წონაზე არანაკლებ საშიში მასთან არასწორი მეთოდებით ბრძოლაა. სამაგიეროდ, ყოველგვარი კონსულტაციისა და კვლევის გარეშე, თამამად შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ეს წესი ყველასთვის საერთოა და მისი დანერგვით თქვენს ახლობლებს მხოლოდ სიკეთეს მოუტანთ.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესები

 

თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიხედვით, ჯანსაღი კვება გულისხმობს:

* ხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურების, პარკოსნებისა და თხილის მოხმარების გაზრდას;

* მიღებული ცხიმების კალორაჟის შემცირებას, ნაჯერი ცხიმების (ცხოველური წარმოშობის ცხიმები, კარაქი, კრემი, შემწვარი და გამომცხვარი კერძები) შეცვლას უჯერი ცხიმებით (თევზი, მზესუმზირა, თხილი, კაკალი);

* შაქრისა და მარილის მოხმარების შეზღუდვას.

 

როგორ მივაღწიოთ ამას? თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს წონის მოწესრგებაში დაეხმაროთ. გახსოვდეთ, სწორედ ეს იქნება მისთვის საუკეთესო საჩუქარი და არა კანფეტები, ბურგერები თუ გაზიანი სასმელები.

ბავშვები გაცილებით ადვილად იკლებენ წონას, ვიდრე მოზრდილები. მთავარია, ფსიქოლოგიურად სწორად მივუდგეთ. არახალია, რომ ბავშვებს მიმბაძველობა სჩვევიათ, ამიტომ საუკეთესო იქნება, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს პირადი მაგალითით გაუწევთ პროპაგანდას. ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას არა მხოლოდ ჭარბწონიანმა პატარამ, არამედ მთელმა ოჯახმა უნდა მიჰყოს ხელი. ჯერ ერთი, ეს ყველასთვის სასარგებლოა (განურჩევლად იმისა, უჩივიან თუ არა ოჯახის სხვა წევრები ჭარბ წონას), მეორე – ბავშვს უფრო გაუადვილდება ახალ წესებთან შეგუება, თავს განსხვავებულად, დაჩაგრულად არ იგრძნობს და მეტი ხალისით შეუდგება ცხოვრების ჯანსაღ წესს.

 

* მიირთვით ჯანსაღი საუზმე – ბურღულეული, ხილი, რძის ნაწარმი;

* არ გამოტოვოთ საუზმე;

* ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, არ მიიტანოთ სახლში არაჯანსაღი პროდუქტები – თუ ისინი არ იქნება, პატარამ ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც ვერ მიირთმევს.

* ერიდეთ მარილს! საყოველთაო რეკომენდაცია თეთრი სიკვდილის ოდენობის შეზღუდვის შესახებ, ბუნებრივია, ბავშვებსაც ეხება. მეტიც – სწორედ ბავშვობიდან უნდა მიაჩვიოთ შვილი მცირე რაოდენობით მარილის მიღებას. ბუნებრივი კვებიდან შერეულზე გადასვლის პერიოდში არ დაამატოთ საკვებს მარილი – მას ისედაც სათანადო რაოდენობით შეიცავს მზა პროდუქტები, ასე რომ, დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, ახალი ჩვევის ჩამოყალიბებით კი ბავშვს არაერთი პრობლემისგან დაიცავთ.

* ხშირ-ხშირად შესთავაზეთ ახალი საკვები. ბავშვებს არ უყვართ ექსპერიმენტები და ახალ გემოებს უფრთხიან. შეუპოვარი მცდელობა ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს.

* არ მიაჩვიოთ ბავშვი ტელევიზორთან ჭამას.

* დღეში 1-2 საათაამდე შეუზღუდეთ ბავშვს ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მობილურ ტელეფონთან ყოფნის დრო. არ დაგავიწყდეთ – იგივე უნდა გააკეთოთ თქვენც.

* ბავშვი ყოველდღე ერთ საათს მაინც უნდა უთმობდეს აქტიურ თამაშს. ხელი შეუწყვეთ, ჩაერთოს ფიზიკური აქტივობის იმ სახეობაში, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.

* დაგეგმეთ და ერთად განახორციელეთ ფიზიკური აქტივობა – ჯანსაღი ცხოვრება ბავშვისთვის არა სასჯელად, არამედ ხალისისა და ბედნიერების წყაროდ იქცევა.

* ესაუბრეთ და აუხსენით, რა საჭიროა ჯანსაღი ცხოვრება, რა საფრთხეს უქადის ადამიანის ზედმეტი კილოგრამები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ოღონდ არც გადამეტება ვარგა. თქვენი სიტყვები პატარას დაკომპლექსების კიდევ ერთ მიზეზად კი არა, მოტივატორად უნდა ექცეს

* ერთად განიხილეთ, რომელი ვარჯიშები და პროდუქტები თუ სასმელები დაგეხმარებათ ორგანიზმის გაჯანსაღებაში.

* წაიყვანეთ ბავშვი მაღაზიაში და მიეცით საშუალება, თავად აარჩიოს საყვარელი ჯანსაღი პროდუქტი.

* დაიხმარეთ ჯანსაღი საკვების მომზადებასა და სუფრის გაწყობაში.

* დაისახეთ კონკრეტული მოკლევადიანი მიზანი. მერე კი სათანადოდ აღნიშნეთ მიზნის მიღწევა. შეაქეთ და დააჯილდოეთ ბავშვი მოთმინებისა და ნებისყოფისთვის – ეს მისთვის დამატებითი სტიმული იქნება.

* აწოვეთ პატარას ძუძუ – სიმსუქნის განვითარება ნაკლებადაა მოსალოდენლი მათთან, ვინც დაბადებიდან 6 თვე მხოლოდ ძუძუთი კვებაზე იყო.

* დარწმუნდით რომ ბავშვს საკმარისად სძინავს – მართალია, წონასა და ძილს შორის კავშირის დასადგენად კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ზოგიერთმა კვლევამ ეს კორელაცია უკვე გამოავლინა. ასეც რომ არ იყოს, ჯანსაღი ძილი ისევე აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც ჯანსაღი კვება.

* არ იფიქროთ, რომ “ცხოვრების ჯანსაღი წესი” მოკლევადიანი პროგრამაა – თქვენ ცხოვრების ახალ წესს ამკვიდრებთ, რომელიც ყოველდღიურობად უნდა იქცეს.

* დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, აგრძნობინოთ ბავშვს, რომ ის, თავისი წონის მიუხედავად, მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, საყვარელია. ბავშვების თვითშეფასება ხომ ხშირად იმაზეა დამოკიდებული, რას გრძნობენ ოჯახის წევრებისა თუ თანატოლების მხრიდან.

 გვანცა გოგოლაძე

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: