ყველაფერი ყურის ტკივილის შესახებ
გააზიარე:
ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია, ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებულია. მიზეზი ბევრია – როგორც უშუალოდ ყურისმიერი, ისე მეორეული, სხვა პრობლემით გამოწვეულიც.
ყურის პირველადი ტკივილის მიზეზებია შუა ყურის ანთება, გარეთა ყურის ანთება, ყურში უცხო სხეულის მოხვედრა და ბაროტრავმა. ბავშვებთან ყველაზე ხშირად შუა ყურის ანთება, მედიცინის ენაზე – შუა ოტიტი აღირიცხება.
მიზეზის კვალობაზე, განსხვავებულია ყურის ტკივილის თანმხლები სიმპტომებიც.
შუა ყურის ანთება
მწვავე შუა ოტიტი უმთავრესად 6-დან 18 თვემდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, ხშირია ზამთრობით და თან სდევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციას. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ დაუნის სინდრომის ან მგლის ხახის მქონე ბავშვებს. ამ დროს პატარა გაღიზიანებულია, ღამით წრიალებს, შფოთავს, არ ჭამს, რადგან წოვისა და ღეჭვის დროს ყურის ტკივილი უძლიერდება. სხვა ნიშნებიდან, შესაძლოა, გამოხატული იყოს მხოლოდ ისეთი არასპეციფიკური სიმპტომი, როგორიცაა ტემპერატურის ზომიერი მომატება. ზოგჯერ ყურში ანთებითი სითხე გროვდება. დიდი ოდენობით სითხის დაგროვებისას დაფის აპკი პერფორაციას განიცდის, უბრალო ენით რომ ვთქვათ, იხვრიტება. ამ დროს თავს იჩენს თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, ყურების შუილი.
გასინჯვისას შუა ყურის ანთებაზე მიუთითებს დაფის აპკის შეწითლება ან დანისლვა, შუა ყურში სითხის არსებობაზე – დაფის აპკის გამოდრეკა, მისი მოძრაობის შეზღუდვა, გამონადენი, სითხის ვიზუალიზაცია მის უკან.
გარეთა ყურის ანთება
გარეთა ოტიტი უმეტესად ზაფხულობით აღირიცხება და ხშირად ცურვის შემდეგ იჩენს თავს. მისი მიზეზი სასმენი არხის კანის დაზიანება და ინფიცირებაა. წამყვანი სიმპტომია სმენის დაქვეითება. მშობლებმა და მასწავლებლებმა შესაძლოა შეამჩნიონ, რომ ბავშვი ტელევიზორს მაღალ ხმაზე უსმენს, გაკვეთილებზე უყურადღებოდაა, აქვს ქცევისა და მეტყველების პრობლემები. ოტოსკოპია ავლენს დაფის აპკის დაბინდვას, გამოდრეკას, ფერის ცვლილებას (შესაძლოა, იყოს ყვითელი, ქარვისფერი, რუხი), მოძრაობის შეზღუდვას. შესაძლებელია ჰაერის ან სითხის ვიზუალიზაციაც.
უცხო სხეული ყურში
პატარა ონავრებისგან გასაკვირი არაფერია. მათ ყურებში ყველაზე ხშირად მწერი ან მცირე ზომის საგანი აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გარეთა სასმენ მილში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად ყურში ქაღალდს, პოპკორნის მარცვლებს და მწერებს პოულობენ.
ბაროტრავმა
ბაროტრავმის დროს ტკივილი თვითმფრინავის დაშვებისას ან ყვინთვისას იწყება. გასინჯვისას შეინიშნება დაფის აპკიდან სისხლდენა და სეროზული ან სისხლიანი გამონადენი შუა ყურიდან. მოზრდილთა 10%-სა და ბავშვთა 22%-ს ფრენის შემდეგ ბაროტრავმის ოტოსკოპიური ნიშნები უდასტურდება.
სხვა მიზეზები
თუ გასინჯვისას ყურის ტკივილის გამომწვევი რომელიმე თვალსაჩინო მიზეზი არ გამოვლინდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს პრობლემა, რომელმაც ყურის მეორეული ტკივილი გამოიწვია. ასეთ პრობლემათაგან აღსანიშნავია: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, დაავადებული კბილი, ფარინგიტი, ტონზილიტი, პაროტიტი. არსებობს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული ყურის ტკივილიც.
ყურის მეორეული ტკივილის მიზეზთა ვრცელი ჩამონათვალი ასეთია:
* მორეციდივე პაროტიტი, იგივე სანერწყვე ჯირკვლის ანთება მისთვის დამახასიათებელია ყურის ტკივილი და ყბაყურა ჯირკვლების შესივება. მისი დიაგნოზი იოლად ისმება გასინჯვით, ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევებით.
* პირ-ხახისა და ყელის პათოლოგია, მაგალითად, ფარინგიტი ან ტონზილიტი. გასინჯვისას ვლინდება ყელის ან ნუშურა ჯირკვლების სიწითლე, შეშუპება, გამონადენი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა. ყურის ტკივილი შესაძლოა მაშინაც კი იყოს ყელის ანთებითი ტკივილის პირველადი სიმპტომი, როცა ინფექცია ყურზე არ არის გადასული.
* სინუსიტი. ცხვირისმიერი მიზეზების დროს ყურის ტკივილთან ერთად სახის ტკივილიც აღინიშნება. მწვავე სინუსიტს თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი. შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ ან გაიჭედოს ცხვირი.
* საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი. მას ახასიათებს გადაცემითი ტკივილი, ყურის დაგუბების შეგრძნება და კრაჭუნი ყურში, ტკივილი პირის გაღებისას. გასინჯვისას ვლინდება სახსრის მტკივნეულობა, დაჭიმულობა, ქვედა ყბის ღრჭიალი და მისი მოძრაობის შეზღუდვა.
* კბილების დაავადებები – კარიესი, პერიოდონტალური აბსცესი და პულპიტი. ამ დროს ტკივილი ზოგჯერ ყურის მიდამოში გადაეცემა. აღნიშნულ მიზეზთა შორის კარიესი ყველაზე გავრცელებულია. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს დენტალურ პრობლემებს ან ჰქონდეს დენტალური დაავადების ისტორია. ტკივილი, წესისამებრ, დაზიანებულ მხარეს ლოკალიზდება. დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. პირის ღრუს დათვალიერებისას შესაძლოა გამოვლინდეს კარიესი, გინგივიტი, ლორწოვანის შეშუპება. კბილისა და ყელის მტკივნეულობა ხშირად კბილის ამოსვლასთანაა დაკავშირებული.
სწორი დიაგნოზის დროა
როგორც ხედავთ, ექიმი რთული ამოცანის წინაშე დგას: მან უამრავ შესაძლო მიზეზს შორის ნამდვილს უნდა მიაკვლიოს. დიაგნოსტიკა პაციენტის გასინჯვითა და ოტოსკოპიით იწყება. ყურადღება ექცევა ბავშვისა და მშობლის მონათხრობს, პაციენტის ასაკს, ტკივილის ლოკალიზაციას, მის გადაცემას, ინტენსივობას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტკივილის ინტენსივობა პროცესის სერიოზულობაზე არ მიანიშნებს. ექიმი იკითხავს, რა აძლიერებს ტკივილს (ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ღეჭვითი მოძრაობა), რა სიმპტომები ახლავს თან (მაგალითად, გამონადენი ყურიდან, ყურების შუილი, სმენის დაქვეითება, თავბრუხვევა, ყურის ირგვლივ კანის შეწითლება, შეშუპება, მგრძნობელობის მომატება, მტკივნეულობა ყურის ნიჟარის მოძრაობისას).
თუ უშუალოდ ყურის დაავადებასთან გვაქვს საქმე, მას ოტოსკოპა გამოავლენს. გამოცდილი ექიმის მიერ ჩატარებული ოტოსკოპია მაღალი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით ხასიათდება. ოტოსკოპიით შესაძლებელია დაფის აპკის დათვალიერება, გამონადენის ან უცხო სხეულის დანახვა.
როდესაც ტკივილის მიზეზი ყურისმიერი არ არის, დათვალიერებისას ყური ნორმალურად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ტკივილისა და ხმიანობის დასადგენად საჭიროა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის შემოწმება პირის გაღებისა და მოკუმვის დროს. გარდა ამისა, პედიატრმა უნდა დაათვალიეროს ცხვირის ღრუ, პირ-ხახა, შეამოწმოს კბილების, კისრისა და თავის მტკივნეულობა.
თუ საწყისი შეფასების შედეგად ყურის ტკივილის მიზეზის გამოვლენა ვერ მოხერხდა, მაგრამ პაციენტი აღწერს სიმპტომებსა და რისკფაქტორებს, რომლებიც ტკივილის საშიშ მიზეზს გვავარაუდებინებს, მიზანშეწონილია ოტოლარინგოლოგთან კონსულტაცია და მისი გადაწყვეტილებით მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება.
ტკივილის დასამარცხებლად
ძალიან შემაწუხებელი და ძლიერი ტკივილის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ გაუტკივარება აცეტამინოფენით ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატით. ეფექტურია სითბოს ადგილობრივი ზემოქმედება და ბენზოკაინის წვეთებიც. ანტიბიოტიკოთერაპია რეკომენდებულია მაშინ, როცა საეჭვოა ყურის, ყელისა და სინუსების ბაქტერიული გენეზის ინფექცია.
უნდა ვიცოდეთ, რომ მწვავე შუა ოტიტი თვითლიმიტირებადი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავად გაივლის 2-3 დღეში, ამიტომ, უსაფრთხო და ეფექტური ტკივილგამაყუჩებლის დაუყოვნებლივ მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ თუ დაფის აპკი დაზიანებულია ან ყურიდან გამონადენი შეინიშნება, წვეთების გამოყენება რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, ძლიერი თავბრუსხვევა და ღებინება გამოიწვიოს. თუ ანალგეზიური თერაპიის ფონზე მდგომარეობა 48-72 საათში არ გაუმჯობესდა, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა. ანტიბიოტიკებით მკურნალობა საჭიროა იმ პატარებთანაც, რომლებსაც ხშირად ემართებათ შუა ყურის ანთება. ლოდინის ტაქტიკა არ არის რეკომენდებული მგლის ხახის, დაუნის სინდრომის ან დაბალი იმუნური სტატუსის მქონე ბავშვებთან.
გარეთა ყურის ანთების მკურნალობაც ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთების გამოყენებას გულისხმობს, თუმცა დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდის დანიშვნა სასმენი არხის შეშუპების ჩასაცხრობად. თქვენი პატარა უკეთესობას 1-2 დღეში იგრძნობს, სრულ გამოჯანმრთელებას კი 7-10 დღე დასჭირდება.
მწვავე ოტიტის შემთხვევაში თუ ბავშვის მდგომარეობა ანტიბიოთიკოთერაპიის დაწყებიდან სამ დღეში არ გაუმჯობესდა, რეკომენდებულია ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომის დროს მიზანშეწონილია პაციენტის სტომატოლოგთან გაგზავნა. მედიკამენტებიდან მისაღებია ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და მიორელაქსანტები. გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით რეკომენდებულია მათი მიღება ძილის წინ.
უცხო სხეულით გამოწვეული ტკივილის კუპირება, ჩვეულებრივ, კიურეტით უცხო სხეულის მოცილებას ითვალისწინებს.
როგორ ავიცილოთ თავიდან
* დაიცავით პატარა ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისგან, გაუკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და არიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
* არ გაუწმინდოთ ყური წვრილი ბამბის ჩხირით ან ბასრი ნივთით.
* არიდეთ თამბაქოს კვამლს.
* ეცადეთ, ჩამოუყალიბოთ ხელების რეგულარულად ბანის ჩვევა.
* თუ ცურვაზე დაგყავთ, ექიმს დაეკითხეთ, ხომ არ ჯობია, პატარამ ყურის საცობები ან ყურის ალკოჰოლური წვეთები გამოიყენოს.
თამარ არქანია