კანის პრობლემები
გააზიარე:
როდესაც გარეთ თბილა და მზის სხივები თავგამოდებით გვამცნობენ, რომ მალე პაპანაქება ზაფხული დადგება, ისღა დაგვრჩენია, თბილ სამოსში გახვეულ სხეულს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. ზაფხულს სიშიშვლე მართლაც უხდება. როდის, თუ არა წელიწადის ყველაზე ცხელ დროს, მოვიწონებთ თავს მოხდენილი სხეულითა და ხავერდივით კანით?!
სამწუხაროდ, ხშირად კანი უცნაური გამონაყარით იფარება, რომლისგან გათავისუფლება არცთუ ისე ადვილია. თანაც ამ უსიამოვნებას იმდენი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომ პრობლემის ჭეშმარიტ სათავეს მხოლოდ სპეციალისტი თუ მიაგნებს.
მაინც რა აწუხებს კანს? როგორ მოვიქცეთ, რომ ზაფხულს კრიალა კანით შევხვდეთ? რა პრინციპით მკურნალობენ კანის დაავადებებს? ამ და სხვა კითხვებზე “ავერსის” კლინიკის დერმატოლოგი რუსუდან კახიძე გვიპასუხებს.
• უმთავრესად რა ასაკში იჩენს თავს კანის პრობლემები?
– კანის პრობლემებმა, ჩვილი ასაკიდან მოყოლებული, ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. ჩვილ ბავშვებს ხშირად აწუხებთ ატოპიური ანუ ალერგიული დერმატიტი, რომელსაც მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – გარემო, რომელშიც ბავშვს უხდება არსებობა და, რაღა თქმა უნდა, საკვები.
მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების ასაკში, უკვე აკნე ხდება აქტუალური. ნუ იფიქრებთ, რომ აკნე მარტივი პრობლემაა. მას იმდენად მრავალგვარი გამოვლინება აქვს, რომ მხოლოდ სპეციალისტი თუ შეარჩევს მისი მკურნალობის მართებულ ტაქტიკას. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, აკნეს მოსარჩენად კოსმეტოლოგიური პროცედურებიც საკმარისი იქნება თუ ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობა დასჭირდება.
მოწიფულ ასაკში ხშირია კანის ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ნეიროდერმიტი და ფსორიაზი, ასევე – ინფექციური დაავადებები, მათ შორის – მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი სოკოვანი პათოლოგია.
• ქალბატონო რუსიკო, გვიამბეთ კანის იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც სეზონურად იჩენს თავს.
– გაზაფხულზე უმთავრესად კანის ალერგიული დაავადებები მწვავდება. საზოგადოდ, კანის ქრონიკულ დაავადებათა უმრავლესობა ალერგიული
ხასიათისაა. არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლის ნიშნებსაც ულტრაიისფერი გამოსხივება ამწვავებს ან, პირიქით, აქრობს. ასეთია, მაგალითად, ფსორიაზი.
• რა არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება?
– ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც, მიმდინარეობისა და მკურნალობის სირთულის გათვალისწინებით, მსოფლიო პრობლემად მიიჩნევა. თვითნებურად ფსორიაზის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. თქვენ წარმოიდგინ
ეთ, შესაძლოა მისი ერთადერთი გამოვლინება ფრჩხილების დაზიანება იყოს. უპირატესად კი მას კანზე სპეციფიკური გამონაყარი ახასიათებს.
უსიამოვნო შესახედავია ფსორიაზის გენერალიზებული ფორმა, როდესაც გამონაყარი მთელ სხეულზეა მოდებული, ამიტომ ადეკვატურ და დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ინიშნება მედიკამენტური მკურნალობის კურსი, ასევე აუცილებელია კანზე მკვებავი და დამატენიანებელი კრემებისა და ლოსიონების წასმა.
როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს ფსორიაზის ისეთი ფორმაც, როდესაც გამონაყარი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით უკუვითარდება.
• თუმცაღა ცნობილია, რომ, საზოგადოდ, ულტრაიისფერი გამოსხივება კანისთვის საზიანოა...
– სამწუხაროდ, მართლაც ასეა. მზის სხივებს, მით უმეტეს, ზედმეტ გარუჯვას, კანისთვის სარგებლობა სულაც არ მოაქვს. ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება, გარდა იმისა, რომ კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს, შესაძლოა, მძიმე დაავადების, მაგალითად, კანის კიბოს მაპროვოცირებელ მიზეზადაც კი იქცეს.
თუ ადამიანს კანზე ვირუსული პაპილომა, ლაქები, ჭორფლი, კერატომები (გარქოვანებული უბნები) ან ვიტილიგო აქვს, მზის სხივებს უნდა ერიდოს, ხოლო თუ მზეზე ყოფნა მაინც მოუხდა, აუცილებლად წაისვას სპეციალური დამცავი საშუალება.
აქვე უთუოდ უნდა აღვნიშნო ერთი რამ: რატომღაც ჰგონიათ, რომ გარუჯვა აკნეს აქრობს. სინამდვილეში გამონაყარი არ იკურნება, მხოლოდ ინიღბება, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ მწვავდება.
• ნეიროდერმიტი ახსენეთ. რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას?
– ნეიროდერმიტის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა მრავლად არის ფაქტორი, – როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ხასიათისა,) რომელიც ხელს უწყობს მის გამოვლენას. მათ შორის – ნერვული სტრესი, ზოგიერთი საკვები, ავიტამინოზი.
• გარდა სოკოვანისა, კანის რომელი ინფექციური დაავადებებია გავრცელებული და როგორ მკურნალობენ მათ?
– ხშირად გვხვდება კანის ისეთი ინფექციური პათოლოგიები, როგორიც არის მეჭეჭები, პაპილომები, ჰერპესული დაავადება, კონტაგიოზური მოლუსკი. ყველა ამ დაავადებას ვირუსი იწვევს.
რაც შეეხება მათ მკურნალობას, არსებობს ძალზე ეფექტური პრეპარატები, რომლებიც რემისიას ანუ გამონაყარის გარეშე მიმდინარე პერიოდს ახანგრძლივებს, მაგრამ ორგანიზმიდან ვირუსის გამოდევნას, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.
პაპილომებისა და მეჭეჭების მოცილება ელექტრო, მედიკამენტური ან კრიოდესტრუქციით შეიძლება, მაგრამ პროცესი რომ არ გამეორდეს, პარალელურად აუცილებელია იმუნიტეტის მოძლიერებაც.
• კანის კიდევ რომელი დაავადებები უკავშირდება ჭარბ ინსოლაციას?
– ჩვენში ძალზე აქტუალურია ვარდისფერი ფერიმჭამელა – როზაცეა. ის, წესისამებრ, კლიმაქსურ ასაკში ჩნდება. გამათბობლის ახლოს ჯდომის, მზეზე სიარულის შედეგად სახეზე (ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე) კანი ძლიერ წითლდება, რასაც მოგვიანებით წამოხურება ერთვის. ასეთი ცვლილებები შესაძლოა ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღებამაც გამოიწვიოს.
თუ პრობლემას უყურადღებოდ დავტოვებთ, კანზე ტელეანგიექტაზიები გაჩნდება – გამოიკვეთება წვრილი სისხლძარღვები. ეს თავდაპირველად გარდამავალია, ქრება, მერე და მერე კი მყარ ხასიათს იღებს. უყურადღებობის შემთხვევაში პრობლემა შესაძლოა უფრო მეტად გამწვავდეს და, მაგალითად, აკნე-როზაცეაც დაერთოს.
• უწყობს თუ არა ხელს კანის კიბოს განვითარებას ჭარბი ინსოლაცია? შესაძლებელია თუ არა, მისი გავლენით კეთილთვისებიანი სიმსივნე ავთვისებიანად გადაგვარდეს?
– ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება უდავოდ ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. საზოგადოდ, სიმსივნური წარმონაქმნი მრავალნაირია, მათი ჰისტოლოგიური შენებაც სხვადასხვაგვარია. ტრანსფორმაციას ყველა არ განიცდის, თუმცა მათი გაღიზიანება, მექანიკური ზემოქმედებით (მაგალითად, ტანსაცმლით) იქნება ეს თუ სხვაგვარად, სასურველი ნამდვილად არ არის. თუ ასეთი წარმონაქმნი სხეულის სარისკო უბანზეა ანუ მუდმივად განიცდის მექანიკურ ზემოქმედებას, სპეციალისტს უნდა აჩვენოთ – ის გადაწყვეტს, ღირს თუ არა მისი დატოვება.
• ბევრი კანის პრობლემებთან გამკლავებას ექიმის დაუხმარებლად ცდილობს. რას გვეტყოდით ამაზე?
– კანის ნებისმიერი პრობლემის თვითნებური მკურნალობა საშიშია. პაპილომებისა და მეჭეჭების მოსაცილებლად ხშირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე ყიდულობენ სამკურნალო საშუალებებს – სოლკოდერმს, ქარჩაულის ხსნარს – და საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებენ. თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის გამოყენების წესი, შესაძლოა კანი ისე დაიზიანოს, რომ ღრმულები და ნაწიბურებიც კი გაუჩნდეს.
ისეც ხდება, რომ ადამიანს მუნი აქვს, მას კი ეს ალერგიული გამონაყარი ჰგონია და სტეროიდულ მალამოს ისვამს. ეს საშუალება კანს ამშვიდებს, აცხრობს ქავილს, მაგრამ მუნის ტკიპას ვერაფერს აკლებს, პროცესი უფრო მტად ღრმავდება და კანი ზიანდება. ხშირად პირიქითაც ხდება: ალერგიულ გამონაყარზე მუნის საწინააღმდეგო წამალს ისვამენ...
• დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გირჩიოთ: როგორც კი კანზე საეჭვო ცვლილებას შეამჩნევთ, მიმართეთ სპეციალისტს, არამც და არამც არ დაიწყოთ თვითნებური მკურნალობა.
კანის დაავადებების თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის სწორად შერჩეული ფეხსაცმელი. ზოგიერთი ტიპის ფეხსაცმელი ხელს უწყობს სოკოვანი დაავადების განვითარებას. კერძოდ, მოზარდებს ძალიან უყვართ კედები და ბოტასები, ასეთი ფეხსაცმელები კი არ სუნთქავს, მათში ფეხი იხუთება. როდესაც ფეხი დიდხანს არის სველი, თითებს შორის კანზე ნაპრალები ჩნდება, რაც სოკოვანი დაავადებისა და მეორეული ინფექციის შეჭრის ალბათობას ზრდის.
კანის დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებაც. არცთუ იშვიათად გამონაყარს იწვევს ცხარე, მეტისმეტად ცხიმიანი, მჟავე საკვები, ალკოჰოლი, კვერცხი, თაფლი, ასევე – ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სუნელები, ნიგოზი. თუ ასეთმა საკვებმა უშუალოდ კანისმიერი ალერგია არ გამოიწვია, შესაძლოა ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი ან სხვა შინაგანი ორგანო გააღიზიანოს, რაც საბოლოოდ კანისმხრივ გამოვლინებას მაინც გამოიწვევს.
მალე ზაფხული მოვა და შეუძლებელია, გარუჯვის თემას გვერდი ავუაროთ. გირჩევთ, მოერიდოთ ჭარბ ინსოლაციას, საჭიროების შემთხვევაში წაისვათ მზისგან დამცავი საშუალებები, ხოლო სანამ გარუჯვას შეუდგებოდეთ, თუ მიდრეკილება გაქვთ კანის რომელიმე დაავადებისადმი, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
--------------------------------
ნეტავ რატომ მაყრის?..
არცთუ სანუგეშო ციფრებით დავიწყებთ: 12-დან 24 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის 85% გამოყრილი დაიარება, ხოლო 17 წლამდე თითქმის ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია კანზე პაწაწინა თავშავა სიურპრიზი.
ამგვარად მორთულ-მოკაზმული კანი ასაკთან ერთად ყოველთვის არ ბარდება წარსულს – ბევრი ლამის მთელი სიცოცხლე სახედამშვენებული (გულმკერდდამშვენებული, ზურგდამშვენებული...) დადის.
მუწუკი თუ ფერიმჭამელა?
წინათ საქართველოში სახეზე თავხედურად წამოსკუპებულ წარმონაქმნებს ხან ფერიმჭამელებს ეძახდნენ და ხან მუწუკებს. ამჟამად სამედიცინო ლექსიკონი იმდენად გამარტივდა, რომ ორივეს ერთი და იმავე სახელით – აკნეთი იხსენიებენ.
სიტყვა “აკნე” (acne) გულისხმობს როგორც თავად დაავადებას, ისე მის ცალკეულ ელემენტს – ფერიმჭამელას, მუწუკს, პაპულას, პუსტულას...
ფერიმჭამელები ასე ჩნდება: კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამას ერთვის თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ჭარბი პროდუქტი ფოლიკულში გროვდება და ეს უკანასკნელი იბერება.
თუ ფოლიკულში ბაქტერიები ჩასახლდნენ, ანთებითი პროცესი გარდაუვალია. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება მუწუკი – ანთებადი ფერიმჭამელა.
შესაძლოა, ცხიმით გაჯერებული თმის ფოლიკულის ანთება ბაქტერიების მონაწილეობის გარეშეც დაიწყოს. შესაძლოა, აკნეს გარშემო კანი შეწითლდეს, ელემენტები გაერთიანდეს, დაჩირქდეს… სწორედ ასე წარმოიქმნება აკნეს აგრესიული ვარიანტები:
. პაპულა – ანთებადი, შეწითლებული, მაგარი, მუწუკისმაგვარი წარმონაქმნი, თუმცა ძალიან პატარა;
. პუსტულა – ჩირქით ამოვსებულ თავს გარს შეწითლებული კანი არტყია;
. ნოდულა – უფრო დიდი ზომის, კანში ღრმად ჩამჯდარი, ძლიერ მტკივანი მუწუკი, რომელმაც შესაძლოა ნაწიბურიც კი დატოვოს;
. კისტა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თანაც არამხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით.
ხშირად ნოდულები და კისტები ერთად მოეფინება ხოლმე კანს და თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, მეტად უსიამოვნო ნაკვალევს ტოვებს.
აკნე ყველაზე ხშირად სახეზე ჩნდება, თუმცა შესაძლოა კისერს, გულმკერდს, ზურგს, მხრებს, თავის თმიან ნაწილსა და კიდურებსაც მოედოს.
რაღა მე?!. რაღა მე?!.
მართლაც, ფერიმჭამელებით და, მით უმეტეს, მათი აგრესიული ნაირსახეობებით (მუწუკებს, პაპულებს და სხვებს ვგულისხმობთ) კანი ყველას როდი ეკაზმება. უცნობია, ზოგს რატომ ემტერება აკნე, ზოგს კი ინდობს, თუმცა დერმატოლოგებმა დანამდვილებით იციან, რომ პრობლემის თავიდათავი ჰორმონული დისბალანსია.
ანდროგენების – მამაკაცური ჰორმონების – დონე პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში იმატებს. ანდროგენები გოგონებსაც აქვთ, შესაბამისად, ჰორმონთა დისბალანსი მათ ორგანიზმშიც იჩენს თავს. მოიმატებს თუ არა ანდროგენის დონე, ცხიმის ჯირკვლები საჭიროზე მეტ სეკრეტს (ანუ ცხიმს) გამოიმუშავებენ, რომელსაც სიჭარბის გამო ფოლიკულის ვიწრო არხიდან გამოსვლა უჭირს და სადაც ჩნდება, იქვე გროვდება.
ანდროგენების დონის თამაში ასევე შეიმჩნევა კონტრაცეპტივების მიღების დაწყებისას და შეწყვეტისას.
არცთუ იშვიათად აკნე ორსულობის დროსაც წამოყოფს ხოლმე თავს. დამნაშავე ამ შემთხვევაშიც ჰორმონების რია-რიაა.
დაბოლოს, თუ ადამიანი ანდროგენის შემცველ მედიკამენტს იღებს, არ არის გამორიცხული, კანზე გამოაყაროს.
ექიმები ვარაუდობენ, რომ აკნეს ფესვები გენებშია საძიებელი. თურმე იმ მოზარდთა მშობლებს, რომლებსაც სახე ფერიმჭამელებითა და მუწუკებით აქვთ დაფარული, გარდატეხის ასაკში ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ.
აკნეს განვითარებას ხელს უწყობს:
. ჰორმონული დისბალანსი, რომელიც მენსტრუაციამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იჩენს თავს (ანუ გამონაყარი შესაძლოა წმს-ს – წინარემენსტრუაციული სინდრომის – ერთ-ერთი გამოვლინება იყოს);
. ჭარბი ცხიმიანობა, გამოწვეული სპეციფიკური კოსმეტიკის (ძლიერი დამატენიანებლების, მკვებავების) გამოყენებით;
. ჭარბი ცხიმიანობა, გამოწვეული ჩახუთულ გარემოში (გავარვარებულ სამზარეულოში) დიდხანს ყოფნით;
. კანის მექანიკური გაღიზიანება სამოსით (მაგალითად, მჭიდრო საყელოთი) ან პირსახოცით (დაბანის შემდეგ უხეშად გამშრალებისას);
. დაბინძურებული გარემო და მაღალი ტენიანობა (ეს უკანასკნელი ცხიმისა და ოფლის გამოყოფას აძლიერებს);
. და, რაღა თქმა უნდა, ყველა პრობლემის თავიდათავი – სტრესი, თუმცა ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ სტრესი ფერიმჭამელების წარმოქმნას კი არა, არამედ მათ გამწვავებას და მუწუკებად ტრანსფორმირებას უწყობს ხელს.
ამბობენ...
. აკნე დაუბანლობისგან ჩნდებაო. სახის ყოველდღიური გასუფთავება აუცილებელია, მაგრამ, როგორც გაირკვა, გამონაყარი დამტვერილ და გაცხიმიანებულ კანზე მეტად მეტისმეტად მოვლილს უჩნდება. თურმე ძლიერი ხეხვა კანის ზედა ფენას ისე აზიანებს, რომ აკნეც იოლად მრავლდება და სხვა ტიპის გამონაყარიც. გირჩევთ, სახის კანი დღეში ორჯერ რბილი საპნითა და თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანოთ და პირსახოცით შეიშროთ (და არამც და არამც არ გაიხეხოთ!).
. შოკოლადი და ცხიმიანი საკვები ფერიმჭამელებს აჩენსო. მეცნიერთა დასკვნით, საკვები გამონაყარს არ აჩენს, მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ შემწვარი კარტოფილით, ნიგვზიანი ბადრიჯნით ან ყავით ყელის ჩაკოკლოზინების შემდეგ გამოგაყარათ, მაინც არიდეთ თავი ამ ტიპის საკვებს.
. გარუჯვა გამონაყარს არჩენსო. სინამდვილეში კი ნარუჯი აკნეს მხოლოდ და მხოლოდ ნიღბავს. მზეზე დიდხანს ნებივრობა კანს არათუ არ უხდება, არამედ ვნებს კიდეც – ნაადრევად აბერებს და შესაძლოა, კიბოც კი გააჩინოს.
. თუ ფერიმჭამელებს გამოიდენთ, გამონაყარი უფრო სწრაფად გაქრებაო. ასე მცირე ხნით თუ გათავისუფლდებით თეთრთავა მონსტრებისგან. თანაც შიგთავსის გამოდენისას კანში ინფექციას შეიტანთ, რაც უვნებელი აკნეს დამუწუკებას (ანუ დაჩირქებას) გამოიწვევს. ამის შედეგად შესაძლოა კანზე ძნელად მოსარჩენი ან სულაც მოურჩენელი ნაწიბური დარჩეს.
. თუ კოსმეტიკას იყენებ, აკნეს ვერ მოირჩენო. თუ სახეზე იმ კოსმეტიკურ საშუალებას ისვამთ, რომელსაც აწერია noncomedogenic (არაკომედოგენური) ან nonacnegenic (ალბათ მიხვდით, რასაც გულისხმობს ეს წარწერა), საშიში არაფერია. პირიქით, ასეთი კოსმეტიკა აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ როგორც სამკურნალო, ისე დეკორატიული კოსმეტიკის დიდი ნაწილი ბენზოის ზეჟანგსა და სალიცილის მჟავას შეიცავს, რომლებიც ასევე ფერიმჭამელებისა და მუწუკების საწინააღმდეგო ეფექტს ავლენს. თუკი აკნეს მძიმე ვარიანტით იტანჯებით, კოსმეტიკური საშუალების შერჩევაში კოსმეტოლოგი დაიხმარეთ.
მოარჯულეთ კანი
კანი მაქსიმალურად რომ დავიცვათ ფერიმჭამელებისგან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში – დამუწუკებისგან, საკმარისია მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაგეფარათ, ასე მოიქეცით:
. სახე დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, დაიბანეთ. გარდა ამისა, აუცილებელია სახის ჩამობანა ვარჯიშის და, საზოგადოდ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც.
. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად სპეციალური დასაბანი ქაფი ან გელი გამოიყენეთ. მათ ჭურჭელზე ამოიკითხავთ წარწერას: cleanser ან cleansing, ან სულაც გამართული ქართულით იქნება მითითებული, რომ ზემოაღნიშნული საშუალება იდეალურია ცხიმიანი ან პრობლემური, ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
ქაფი (ან გელი) ნაზად წაისვით სველ სახეზე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ფაქიზად შეიმშრალეთ.
დაბანიდან კრემისა თუ სხვა კოსმეტიკური საშუალების წასმამდე, სულ მცირე, 10-15 წუთი უნდა გავიდეს, რადგან კანს გასაშრობად დრო სჭირდება.
. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ კანზე გაყრიათ და თმაც ცხიმიანი გაქვთ, გირჩევთ, თავი ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით ხშირ-ხშირად დაიბანოთ, ხოლო თმა შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატაროთ.
. გახსოვდეთ: თუ კანი ძლიერ ცხიმიანია, ფორების შემავიწროებელი საშუალების წასმა რეკომენდებული არ არის. ჭარბი ცხიმისგან გათავისუფლების შემდეგაც კი ასეთი საშუალება მხოლოდ ფორებგაფართოებულ უბნებზე უნდა წაისვათ და არა მთელ სახეზე.
. მამაკაცებს, რომლებსაც აკნე აწუხებთ, ვურჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება წვერის პარსვისას გამოიჩინონ. მათ თავად უნდა გაარკვიონ, რომელი ტიპის სამართებელია უფრო მეტად მისაღები მათი კანისთვის – ელექტრონული თუ მექანიკური. საპარსი საშუალება რაც შეიძლება ბასრი უნდა იყოს, ხოლო წვერი – საგულდაგულოდ დარბილებული. ამისთვის საპარსი ქაფის წასმამდე სპეციალური დამარბილებელი საშუალების გამოყენებას გირჩევთ.
ვემშვიდობებით გამონაყარს
მსუბუქი აკნეს სამკურნალოდ უმეტესად ადგილობრივი საშუალებებიც საკმარისია. მათ შემადგენლობაში შედის:
. ბენზოის ზეჟანგი – ეს ნივთიერება ანადგურებს ბაქტერიებს, აშრობს ჭარბ ცხიმს, მონაწილეობს ფოლიკულში გაჭედილი მკვდარი უჯრედების მოცილებაში.
. სალიცილის მჟავა – ხელს უშლის ფოლიკულის მკვდარი უჯრედებით ამოვსებას, წმენდს ფორებს.
თითქმის ასეთივე მოქმედება აქვთ გოგირდსა და რეზორცინოლსაც.
არ არის გამორიცხული, ექიმმა ლაზერული თერაპია ან კოსმეტიკური პროცედურები დაგინიშნოთ, მათ შორის:
. ქიმიური პილინგი, რომელიც უმთავრესად გლიკოლისა და სალიცილის მჟავათი ტარდება. ის მოგაცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს, ამოგისუფთავებთ ფორებს, გააქრობს ფერიმჭამელებს და ხელს შეუწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას. ამგვარი მოქმედების მქონე ნივთიერებებს ხშირად აკნეს საწინააღმდეგო კრემის წასმამდე იყენებენ, რათა მის უკეთ შეწოვას შეუწყონ ხელი.
. მიკროდერმაბრაზია სპეციალური აპარატით ტარდება და კანის ზედაპირული შრის აქერცვლას გულისხმობს. ამ დროს კანი (თავისთავად ცხადია, ფორებიც) ღრმად იწმინდება. მიკროდერმაბრაზიას, ისევე როგორც ქიმიურ პილინგს, ხშირად აკნეს საწინააღმდეგო კრემების ეფექტიანობის გასაზრდელადაც იყენებენ.
ზოგჯერ კანიდან ბაქტერიების გასაძევებლად საჭირო ხდება ადგილობრივი თუ ზოგადი ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ გახსოვდეთ: ორსულებისა და მეძუძურებისთვის აკნეს საწინააღმდეგო ყველა პრეპარატის მიღება არ შეიძლება. იკრძალება, მაგალითად, ჰორმონები, რომლებიც ანდროგენების მოქმედებას თრგუნავს (ფლუტამიდი, სპირონოლაქტონი), იზოტრეტინონი, რომელიც ნაყოფის განვითარების მანკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასე რომ, ორსულობისა და ძუძუს წოვების პერიოდში აკნეს მკურნალობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თერაპიის მართებული შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
-----------------------------------
რატომ გამომაყარა?
კანი გამიღიზიანდა, გამომაყარა, მექავება... ნეტავი სარეცხის ფხვნილის ბრალია თუ იმ მცენარეებისა, გუშინ რომ დავკრიფე? იქნებ არც ერთისა და არც მეორისა?..
დიახ, ალერგიული ხასიათის გამონაყარი მართლაც არ არის იშვიათი. მოზრდილებში ასე უმეტესად ეგზემა ვლინდება, ბავშვებში კი ატოპიური დერმატიტი.
ეგზემის უშუალო მიზეზის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ დერმატოლოგს (ალერგოლოგსაც!) ზუსტად შეუძლია გვითხრას, რა ამწვავებს მას ანუ რა იწვევს გამონაყარს. ეს ფაქტორებია:
. შალისა და ხელოვნური ქსოვილის სამოსი;
. საპონი, სარეცხი საშუალებები;
. სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
. მტვერი და ქვიშა;
. სიგარეტის კვამლი;
. კვერცხი, არაქისი, რძე, თევზი, სოია, ხორბალი;
. მტვრის ტკიპა, ხავსის სოკო, მცენარის მტვერი, კატისა და ძაღლის ქერტლი;
. სტრესი;
. კანის ბაქტერიული ინფექცია;
. მშრალი კლიმატი;
. კანის არასრულყოფილი დატენიანება;
. ხანგრძლივი, მეტისმეტად ცხელი აბაზანა ან შხაპი.
ეგზემის დასამარცხებლად ექიმი უთუოდ გირჩევთ:
. ადგილობრივ საშუალებებს (კრემებს, მალამოებს), რომლებიც აცხრობენ შეშუპებას და ქავილს;
. კორტიკოსტეროიდებს ანუ ჰორმონულ პრეპარატებს;
. ანტიბიოტიკებს კანის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ;
. ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, რომლებიც უშუალოდ ალერგიულ რეაქციას აქრობს;
. იმუნიტეტის დამთრგუნველ წამლებს;
. ფოტოთერაპიას (სინათლით მკურნალობას).
ალერგიული დერმატიტის თავიდან ასაცილებლად კი ასე მოიქეცით:
. არ მოაკლოთ კანს ტენი. უხვად წაისვით დამატენიანებელი საშუალებები, განსაკუთრებით – აბაზანისა და შხაპის შემდეგ.
. მაქსიმალურად არიდეთ თავი იმ ფაქტორებს, რომლებზეც გაყრით: სარეცხ საშუალებებს, კოსმეტიკას, ალკოჰოლის შემცველ სითხეებს, ცხოველის ბეწვს.
. ხელებს წამდაუწუმ ნუ დაიბანთ – შესაძლოა, კანი მეტისმეტად გამოგიშრეთ.
. ერიდეთ კონტრასტულ გარემოს: ჯერ ცხელს, შემდეგ მეტისმეტ გრილს და პირიქით.
. ეცადეთ, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი ატაროთ.
. ტანსაცმელი საგულდაგულოდ გაავლეთ, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე გააცალოთ.
. აუცილებლად გარეცხეთ ახალნაყიდი სამოსი.
------------------------
ამაზე უარესი რა უნდა იყოს!
ფსორიაზი კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა. ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად მაინც ახალგაზრდობისას იჩენს თავს და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობას აზრი არ აქვს. განკურნებას, სამწუხაროდ, ვერ შეგპირდებით, მაგრამხანგრძლივი რემისია ანუ ის, რომ დაავადებულს კანი სუფთა, გამონაყარისგან თავისუფალი ჰქონდეს, სავსებით რეალურია. მკურნალობის მიზანი სწორედ ეს არის და უმეტესად აღწევს კიდეც.
რა დავაშავე?!
ფსორიაზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც მის განვითარებას უწყობს ხელს. ესენია:
. “ფსორიაზული” გენეტიკა. თუ რომელიმე მშობელს ეს დაავადება ჰქონდა, დიდია ალბათობა, შვილსაც გამოაჩნდეს (დამტკიცებულია, რომ ფსორიაზის შემთხვევათა მესამედი მემკვიდრეობითი ბუნებისაა);
. სტრესი;
. ნებისმიერი ქრონიკული ჩირქოვანი პროცესი, თუნდაც კარიესი, ქრონიკული ტონზილიტი, ქოლეცისტიტი;
. ვირუსული და ბაქტერიული (უმეტესად სტრეპტოკოკული) ინფექციები.
რა დამემართება?
ფსორიაზის დროს კანზე ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო ბრტყელი კვანძები – პაპულები, რომლებიც მოთეთრო-მოვერცხლისფერო ქერცლით არის დაფარული. ფსორიაზული პაპულები სხვადასხვა ზომისაა – ქინძის მარცვლისოდენადან ხელისგულისოდენამდე. თუ კვანძები გაიზარდა, შესაძლოა, შეერთდეს კიდეც. ამ მდგომარეობას დიფუზური ფსორიაზი ეწოდება.
გამონაყარი სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა უმეტესად კიდურების გამშლელი ზედაპირები, იდაყვები და მუხლები ზიანდება.
ფსორიაზული გამონაყარი, წესისამებრ, სიმეტრიულია. ტანსა და კიდურებთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს თავის თმიანი ნაწილიც და ფსორიაზის სებორეული ფორმა განვითარდეს.
ასიდან 25-40 შემთხვევაში ზიანდება ფრჩხილები. ჯერ წერტილოვანი ნაჭდევები უჩნდება, შემდეგ სქელდება, უსწორმასწორო ხდება, ფერს კარგავს და ბრჭყალის ფორმას იღებს.
არცთუ იშვიათად (შემთხვევათა 40%-ზე მეტი), სახსრებიც ზიანდება და ართრიტი ვითარდება.
ფსორიაზით დაავადებულს ზოგჯერ სუსტი, ზოგჯერ კი ძლიერი, შემაწუხებელი ქავილი აწუხებს.
სხვადასხვაგვარი ფსორიაზი
ფსორიაზის მიმდინარეობა მეტად მრავალფეროვანია. ზოგჯერ იმდენად მსუბუქია, რომ ადამიანი ვერც კი ამჩნევს, ზოგჯერ მცირედ არის გამოხატული – გამონაყარი მხოლოდ მუხლებსა და იდაყვებზე ჩნდება, იშვიათად მწვავდება, კანი წლობით სუფთა და კრიალაა, – ზოგჯერ კი იმდენად რთული, რომ მთელი სხეული ფსორიაზული ელემენტებით იფარება. ასე ვითარდება ფსორიაზული ერითროდერმია. ამ დროს კანი მუქი წითელი, ცხელი და მშრალია, მოთეთრო ან მოყვითალო ფირფიტისებრი ქერცლით არის დაფარული, ადამიანს ამცივნებს, გრძნობს კანის მოჭიმვას, სიმშრალესა და ტკივილს, ერღვევა ძილი, მადა, შესაძლოა, სიცხემაც აუწიოს. ასეთ ცვლილებებს იწვევს არასწორი მკურნალობა, ფსიქოემოციური ტრავმა.
საზოგადოდ, დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობასა და იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობა, როგორც უკვე გითხარით, მწვავე პროცესის ჩაქრობას და რემისიის მიღწევას გულისხმობს. ზოგჯერ ნათელი პერიოდი 4-5, იშვიათად 10 წელიც კი გრძელდება. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის სირთულეზე და, საზოგადოდ, ორგანიზმის თავისებურებებზე.
***
გაითვალისწინეთ: არსებობს ფსორიაზის ფორმები, რომლებიც სეზონურად მწვავდება. “აფეთქება” უმეტესად ზამთრობით ხდება. ფსორიაზს ულტრაიისფერი სხივებიც უხდება, ისე რომ, გამორიცხული არ არის, ექიმმა გარუჯვა გირჩიოთ.
-----------------------------
სიურპრიზები დედიკოსთვის
ახალბედა დედას სანერვიულოს რა გამოულევს. ეს არც არის გასაკვირი: ამქვეყნად ახალმობრძანებულის ყველა ორგანოსა და სისტემას ხომ უცხოგარემოსთან შეგუება უხდება. ბუნებრივია, ყველაზე მძიმე დღე ყველაზე ვრცელ და გარესამყაროსთან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში მყოფ ორგანოს – კანს ადგას, ამიტომაც ათასგვარი ცვლილება თუ გამონაყარი იშვიათობა როდია და ისედაც დაფეთებულ მშობლებს უფრო მეტად აბნევს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს, როდის შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და როდის არის საჭირო დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა?
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” პედიატრი მირანდა ხიდეშელი:
– გამონაყარი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლის გამოც მშობლებს შვილი ექიმთან მიჰყავთ. ყველაზე მგრძნობიარე, რა თქმა უნდა, ახალშობილისა და ჩვილის კანია, ამიტომაც გამონაყარს ამ ასაკში ძალიან ხშირად ვხვდებით. იმ ცვლილებათა უმრავლესობა, რომლებსაც პატარას კანი პირველი კვირების განმავლობაში განიცდის, დროებითია და ხშირად ჩარევა არც კი სჭირდება, თუმცა შესაძლოა შევხვდეთ ინფექციური ბუნების ან მძიმე სისტემური პათოლოგიებით გამოწვეულ დაზიანებასაც. ამ შემთხვევაში მკურნალობის დაწყება დაუყოვნებლივ არის საჭირო.
– თუ შეუძლია დედას, თავად გაარჩიოს, როდის არის გამონაყარი უვნებელი და როდის – საგანგაშო?
– ზოგჯერ, მაგალითად, საფენისმიერი დერმატიტის ან ნაოფლის შემთხვევაში, ეს საკმაოდ ადვილია, ზოგჯერ კი თითქმის შეუძლებელი. სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება ერთნაირი გამონაყარი გამოიწვიოს, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, რასაკვირველია, სხვადასხვა უნდა იყოს, ამიტომაც თუ დედამ მიზეზი არასწორად ივარაუდა (რაც სავსებით დასაშვებია), “მკურნალობამ” შესაძლოა პრობლემა უფრო მეტად დაამძიმოს ან, პირიქით, ახალი გააჩინოს. ასე რომ, ყველას ვურჩევდი, ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცედურების ფარგლებს სცილდება, ყოველგვარი მედიკამენტი, თუნდაც მალამო (მით უმეტეს, ჰორმონის შემცველი), ბავშვს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მისცეს. პედიატრთან დაკავშირებაა ყველაზე მართებული გადაწყვეტილება საეჭვო შემთხვევაშიც. პანიკა საიმედო დამხმარე არასოდეს არის. სამაგიეროდ, თუ ზუსტად დაიმახსოვრებთ და აღუწერთ ექიმს ყველა თანმხლებ გარემოებასა და სიმპტომს, ზუსტი დიაგნოზის დასმას საგრძნობლად გაუადვილებთ.
– შედარებით უვნებელ გამონაყარს რომ ჩავუღრმავდეთ, ყველაზე ადრე რომელი მათგანი შეიძლება შეგვხვდეს?
– ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ერითემა, რომელიც, მიუხედავად შემაშფოთებელი სახელწოდებისა, სრულიად უვნებელია. 2-3 დღის ახალშობილს სხეულის სხვადასხვა უბანზე წითელი ფერის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი უჩნდება. გამონაყარის ცენტრში შეიძლება ბუშტუკი – ვეზიკულა დავაფიქსიროთ. მიუხედავად გამონაყარისა, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა – ის ჩვეულებრივ ჭამს, სძინავს, ტირის, აქვს ნორმალური ტემპერატურა. ექიმები ამ მოვლენას პარაფიზიოლოგიურ მდგომარეობებს ვაკუთვნებთ, რითაც ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ახალ გარემოსთან შესაგუებელი ერთგვარი დროებითი რეაქციაა და არა პათოლოგია. ტოქსიკურ ერითემას მკურნალობა არ სჭირდება, დედამ ჩვეულებრივ, თუმცა უფრო გულდასმით და ზედმიწევნით, უნდა გააგრძელოს ჰიგიენური პროცედურების შესრულება და 1-2 დღეში კანი ნორმალურ შეფერილობას და სახეს თავისით დაიბრუნებს.
– ახალშობილთა მშობლებს ხშირად ფერისმჭამელების მსგავსი გამონაყარიც გვიხეთქავს გულს…
– ეს ახალშობილთა მილიაა (ახალშობილთა აკნე) – სახის კანზე წვრილი თეთრი მრგვალი წერტილოვანი წარმონაქმნები. ჩვეულებრივ, ისიც სიცოცხლის მე-4-5 დღეს ჩნდება და 3 თვისთვის თავისთავად გაივლის. მილიას პლაცენტიდან გადასული დედის ანდროგენული (მამაკაცური) ჰორმონების ზემოქმედებით ცხიმოვანი ჯირკვლების სადინართა დროებითი დაცობა იწვევს. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ყველაზე მავნებელი “მკურნალობაა”: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, წერტილების ხელით ამოგდებას ვეცადოთ, სხვადასხვა საცხით სადინარები უფრო მეტად დავახშოთ ან ანტისეპტიკური საშუალებებით კანი უფრო მეტად გავაღიზიანოთ. მილია არ უკავშირდება კვებას და არ არის ალერგიის გამოვლინება, ასე რომ, არც მეძუძური დედისთვის რაციონის დამატებით შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს.
– თუ ვხვდებით ალერგიულ გამონაყარს ამ ასაკში და რას ურჩევდით მშობლებს ასეთ დროს?
– რა თქმა უნდა, ვხვდებით და არცთუ იშვიათად. მსგავსი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ საკვებმა, მედიკამენტმა, კოსმეტიკურმა საშუალებამ, ქსოვილებმა, სარეცხმა საშუალებებმა, საფენებმა... წესისამებრ, ეს წვრილი წითელი წერტილოვანი გამონაყარია, რომელიც ოდნავ სცილდება კანის ზედაპირს, არ შეიცავს შიგთავსს და სხეულის სხვადასხვა უბანზე ჩნდება. მთავარი ამ დროს მიზეზის დადგენა და გამომწვევის შეძლებისდაგვარად მოცილებაა. შესაძლოა, ექიმმა ანტიჰისტამინური პრეპარატიც გირჩიოთ. თანმხლები ქავილის შემთხვევაში კი შეიძლება ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალების, მაგალითად, ალერგოსანის გამოყენება.
– ყველა დედა პამპერსების გამომგონებელს დღედაღამ ლოცავს, თუმცა ამ უკანასკნელმა საფენისმიერი დერმატიტიც გაგვაცნო…
– ამას მხოლოდ პამპერსებს ვერ დავაბრალებთ – დაოდვილობას ნაჭრის საფენები გაცილებით ხშირად იწვევს. ასეა თუ ისე, ჩვილებში დერმატიტის ეს სახეობა მართლაც ხშირია. საჯდომსა და შორისის არეში კანი შეწითლებულია, მის ფონზე კი მუქი წითელი კვანძოვანი გამონაყარი შეიმჩნევა. ზოგჯერ სიწითლეზე ზედაპირული წყლულები (ეროზიები) ჩნდება, შორსწასულ შემთხვევებში კი ეს უბნები ერთიანდება და დაზიანების მოზრდილი უბანი ყალიბდება. ასეთი გარემო კი იდეალურია როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის გასავრცელებლად, ამიტომ არც მათი თანდართვაა გამორიცხული. გარდა სველ და დასვრილ საფენში დიდხანს დატოვებისა, მიზეზი შეიძლება იყოს დედის ან ჩვილის მენიუში მომხდარი ცვლილება, რომელიმე მედიკამენტი, რომელიც შარდსა და განავალს მჟავატუტოვან რეაქციას უცვლის და ჩვილის კანისადმი უფრო ალერგიულს ხდის, საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური კომპონენტები, მჭიდროდ შეკრული საფენი ან სხვა ტანსაცმელი.
საფენისმიერი დერმატიტი თავიდან რომ აიცილოთ:
. ხშირად უვალეთ ბავშვს საფენი.
. ჩაბანეთ ყოველი დეფეკაციის შემდეგ. კანი, განსაკუთრებით – ნაოჭების არეში, საგულდაგულოდ გაუწმინდეთ, ოღონდ ძალიან ფაქიზად, ყოველგვარი ხახუნის გარეშე – ნაჭერი ან პირსახოცი კანზე უბრალოდ დააფინეთ, რომ სისველე შეიშროს.
. თუ ჩაბანა ვერ მოახერხეთ, გამოიყენეთ სველი ჰიგიენური ხელსახოცი, რომელიც არც ალკოჰოლს შეიცავს და არც სურნელოვან დანამატებს.
. ამის შემდეგ კი კანი საფენქვეშა არეების დამცავი სპეციალური საშუალებით დაამუშავეთ.
. საფენის გაკეთებამდე თბილ ოთახში რამდენიმე წუთით შიშველი დატოვეთ, რომ ტაკუცებმა ჰაერის აბაზანა მიიღოს.
დაზიანებულ კანს კარგად აშუშებს თუთიის ოქსიდისა და ბენზალკონის შემცველი მალამოები, ინფექციის შემთხვევაში კი ექიმი ანტიფუნგინურ ან ბაქტერიციდულ მალამოს დაგინიშნავთ.
– წინ ზაფხული გველის, ასე რომ, ჩვილებს კიდევ ერთი პრობლემა – ნაოფლიც შეაწუხებთ...
– როგორც სახელწოდებაც მიგვითითებს, მისი მიზეზი ოფლიანობაა. უმთავრესად სხეულის ტანსაცმლით დაფარული ადგილები ზიანდება. კანზე ჩნდება წვრილი, მოწითალო ლაქები. ეს პატარას ზოგად მდგომარეობას არ არღვევს, მაგრამ თუ დროულად არ მოვუარეთ, უვნებელი წერტილები შესაძლოა დაინფიცირდეს და პრობლემად იქცეს. მკურნალობაც და პროფილაქტიკაც ჰიგიენის დაცვას, წყლისა და ჰაერის აბაზანებს და პატარას ადეკვატურად, ამინდის შესაფერისად ჩაცმას გულისხმობს.
-------------------
ლამის ტყავიდან ამოვვარდე...
კანის ქავილი აუტანელია. გარდა იმისა, რომ პირდაპირ ნერვული სისტემის კარს უკაკუნებს, კანსაც აზიანებს – მოქავებული, დაკაწრული კანი არც თუ მთლად სასიამოვნო სანახავია.
ამ არაესთეტიკურ დისკომფორტს, რომელსაც მედიცინაში პრურიტოს უწოდებენ, უთვალავი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი და, ამასთანავე, ყველაზე უვნებელი კანის სიმშრალე ანუ ქსეროზია. გამოშრობას იწვევს მშრალი, დაბალტენიანი გარემო, კონდიციონერის, გამათბობლების ხანგრძლივი გამოყენება, ხშირი ბანა.
სხვა, უფრო საყურადღებო მიზეზებიდან აღსანიშნავია:
. კანის დაავადებები: ფსორიაზი, ანთება (დერმატიტი), მუნი, პედიკულოზი (ტილები), ჭინჭრის ციება, დერმატოგრაფიზმი (მეტისმეტად მგრძნობიარე კანი, რომელიც შეხებისა და, მით უმეტეს, მოქავების ადგილას იბურცება და წითლდება), ჩუტყვავილა. თითქმის ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ქავილს თან ახლავს გამონაყარი და შეწითლება.
. სხვა დაავადებები: ღვიძლის პათოლოგიები, ცელიაკია (ხორბლის ცილის აუტანლობა), თირკმლის უკმარისობა, რკინადეფიციტური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, ლიმფომა). ასეთ შემთხვევებში ადამიანს მთელი სხეული ექავება ხოლმე.
. კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები. აგრესიული ფაქტორების (ქიმიური ნივთიერებების, სარეცხი ფხვნილების, კოსმეტიკის) ზემოქმედებით მგრძნობიარე კანი იოლად ღიზიანდება. ანალოგიური რეაქცია საკვებმაც შეიძლება გამოიწვიოს.
. წამლები: ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკული საშუალებები...
. ორსულობა. მრავალი ქალი ფეხმძიმობის დროს კანის ქავილს უჩივის, განსაკუთრებით – მუცლის, ბარძაყების, მკერდისა და ზედა კიდურების არეში.
თუ ქავილი შემაწუხებელია და თავისთავად არ გაიარა, ექიმს მიმართეთ, მანამდე კი გირჩევთ:
. აქავებულ ადგილას კორტიკოსტეროიდის შემცველი კრემი წაისვით. შვებას ანტიჰისტამინური საშუალების მიღებაც მოგგვრით.
. ეცადეთ, კანი არ მოიქავოთ. ფრჩხილებით კანის გაღიზიანებას სჯობია ამ ადგილას ცივი საფენი ან ყინულის ბურთულა დაიდოთ.
. მიიღეთ გრილი აბაზანა. წყალში წინასწარ ჩაყარეთ საჭმელი სოდა ან ჩაასხით კანის დამაამებელი სპეციალური სითხე (ის, როგორც წესი, შვრიის ექსტრაქტზეა დამზადებული).
. ატარეთ ბამბის ტანსაცმელი.
. ტანი რბილი საპნით დაინაბეთ, რომელიც არც სურნელოვან ნივთიერებებს და არც საღებავებს არ შეიცავს, დაბანის შემდეგ კი უთუოდ დაიტენიანეთ.