ნანა ბუთხუზი: “ყოველთვის, როცა სცენაზე ვდგავარ, სიყვარულზე გესაუბრებით”
გააზიარე:
ჩვენი პროფესიის მთავარი ხიბლი ჯანსაღ საკვებზე – სულიერ საზრდოზე ზრუნვააო, ამბობს მსახიობი ნანა ბუთხუზი, რადგან:
– ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა, გონებრივი და სულიერი მდგომარეობაა, სულიერი საზრდო კი – ჯანსაღი კვების მთავარი ელემენტი და თუ ჩვენს თეატრში ადამიანები ამ საზრდოს პოულობენ, ესე იგი ჩვენი მისია შესრულებულია.
გასული სეზონი ნანასთვის გამორჩეულად წარმატებული გახლდათ – ირანის თეატრალურ ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მიიღო. თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი ამ ფესტივალზე წარდგა დავით დოიაშვილის სპექტაკლით “ფსკერზე”, რომელიც რეჟისორმა მაქსიმ გორკის პიესის მიხედვით დადგა.
ვისურვებდი, მომავალი სეზონი ჩვენი თეატრისთვის კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით ყოფილიყოს სავსეო, გვითხრა მსახიობმა.
ნანა წარმატებულ კარიერასა და მსახიობის პროფესიის უდიდეს შარმზე, სურვილებსა და იმედებზე, ბედის სიურპრიზებსა და თავის მთავარ სათქმელზე გვესაუბრა.
პროფესია
– ყოველთვის ვიცოდი, რომელ სფეროს ავირჩევდი, რადგან გარს სულ ხელოვანი ხალხი მეხვია. მამა ბალეტის მოცეკვავე იყო, როგორც ამბობენ, საკმაოდ წარმატებულიც. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ცეკვისთვის თავი დაენებებინა და მხატვარი გამხდარიყო. ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერია, ასე რომ, აქაც დატოვა თავისი კვალი. დედას მუსიკალური განათლება აქვს, თუმცა კარიერას ოჯახი ამჯობინა და თავი ჩვენ მოგვიძღვნა. მრავალმხრივ განათლებული ადამიანია, ჩემი ბურჯი. ბებიამ კონსერვატორია დაამთავრა და უნდოდა, მეც ამ გზას გავყოლოდი. ფორტეპიანოზეც მატარებდნენ, მაგრამ მეცადინეობა მეზარებოდა, რუტინად მეჩვენებოდა. მუსიკიდან გამომიყვანეს და საბალეტო სკოლაში შემიყვანეს. აქ უკვე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ცეკვით ვერ ვკმაყოფილდებოდი... მოკლედ, ცეკვა მინდოდა – ვცეკვავდი, ხატვა მინდოდა – ვხატავდი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – საკუთარი მომავალი მხოლოდ ხელოვნებაში წარმომედგინა. საბალეტო სკოლაში ერთ-ერთი საგანი, მსახიობის ოსტატობა, გამორჩეულად მომწონდა. პედაგოგმა სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მირჩია და გადაწყვეტილებაც მაშინ მივიღე.
ბავშვებს არასოდეს დააძალოთ ის, რაც არ სურთ. პროფესიის არჩევისას ჩემს შვილებსაც სრული თავისუფლება ექნებათ.
– ოჯახზე გვესაუბრეთ.
– უკვე თექვსმეტი წლის ოჯახი გვაქვს. ამაყი და ბედნიერი ვარ ჩვენი შექმნილით. მე და ჩემი მეუღლე, დავითი, ვმუშაობთ. მირიანი და დემეტრე ჯერ მოსწავლეები არიან. ოთხი წლის თეოლინე ყველაფრის გვირგვინია (მისი სახელი ბერძნულად “ღვთის ფიქრს” ნიშნავს). შვილების გაზრდაში დედა მეხმარება. მეტსაც გავაჩენდი, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ხელს არ გვიწყობს, ეს ნაბიჯი თამამად გადავდგათ.
მთავარი სათქმელი
– სიყვარული ცხოვრების არსია. ყოველთვის, როცა სცენაზე ვდგავარ, სწორედ სიყვარულის, სიკეთის, სათნოების შესახებ გესაუბრებით. რა თქმა უნდა, სცენიდან მზა რეცეპტებს არ გავცემთ – ყველა თავად ირჩევს სავალ გზას. მთავარია, ამ გზაზე ღმერთი არ დავკარგოთ, რადგან ღმერთია სიყვარული.
მაცხოვარმა ურთულესი გზა განვლო და ერთხელაც არ გაბოროტებულა, ჩვენ კი მცირედი ტკივილი და წარუმატებლობაც გვაბოროტებს, სასოწარკვეთილებაში გვაგდებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანი ხატია უფლისა და საკუთარი თავისაც ვირწმუნოთ. გვქონდეს ჯანსაღი აზრები, პოზიტიური ენერგეტიკა, ბედნიერების შინაგანი შეგრძნება... შესაძლოა, არ გვილხინდეს, მაგრამ ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ – რა თქმა უნდა, ჯანსაღი და არა უტოპიური. ერთმანეთს სითბო და სიხარული გავუზიაროთ. მე ყველა სპექტაკლით ამის გაკეთებას ვცდილობ. როცა უარყოფით პერსონაჟს განვასახიერებ, მაშინაც კი ვცდილობ დავანახო მაყურებელს, რამხელა ტრაგედიაა უსიყვარულოდ ცხოვრება. კარგსა და ცუდს შორის არჩევანს კი მაყურებელი თავად გააკეთებს.
ვისურვებდი
– ახალგაზრდებში დიდი პოტენციალია, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. ფული რომ მქონდეს, ახალი თაობის განათლებისთვის არაფერს დავიშურებდი, მოვძებნიდი საუკეთესოებს და მათ განვითარებაზე ვიზრუნებდი. ეს იქნებოდა ყველაზე რაციონალური ქველმოქმედება, რადგან მხოლოდ გონიერმა, მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება მოუტანონ ქვეყანას პროგრესი.
სანამ ქვეყანა ეკონომიკურად არ მომაგრდება, ვერც ღარიბებს დავეხმარებით – სოციალურად დაუცველ ფენას რამდენიც არ უნდა მისცე, საკმარისი არ იქნება.
მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ყველას შეეძლება, თავად გამოიმუშაოს ოჯახის სარჩენი ფული, შვილის კარგი განათლებისთვის, გადასახადებისა და სრულფასოვანი კვებისთვის საჭირო სახსარი საკუთარი შრომითა და გარჯით იშოვოს.
მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, სულითა და გულით აკეთოს თავისი საქმე და მისი გონება გამუდმებით არ იყოს დაკავებული იმაზე ფიქრით, რა აჭამოს ხვალ ბავშვს, როგორ გადაიხადოს ვალი...
მთელი მსოფლიო კრედიტებით ცხოვრობს, მაგრამ ისე იხდიან პროცენტებს და ისე ფარავენ საბანკო ვალდებულებას, რომ ეს მძიმე ტვირთად არ აწვებათ, ჩვენს ქვეყანაში კი კრედიტების უმეტესობა ფატალურად სრულდება. კარგი იქნებოდა, საბანკო სისტემა უფრო რაციონალური ყოფილიყო და, შესაბამისად, უფრო მყარი ეკონომიკური მდგომარეობა გვქონოდა.
ჩვენს ქვეყანას დიდი კულტურული პოტენციალი აქვს. ყოველი მეორე შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული იბადება. ნებისმიერი დარგი: ქორეოგრაფია, მუსიკა, მხატვრობა, კონოინდუსტრია, –ნიჭიერი ადამიანებითაა სავსე. მათ პერსპექტივაზეც უნდა ვიზრუნოთ. სანამ ქვეყანაში მშიერ-მწყურვალი მსახიობია ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მხატვარი, ის ვერც უცხოელებისთვის იქნება მიმზიდველი და საინტერესო.
უნდა ვიზრუნოთ ძეგლებზეც, დანგრევის პირას მისულ ტაძრებზე, გაფერმკრთალებულ ფრესკებზე, რადგან ეს ჩვენი ისტორიული მეხსიერების საფუძველია. მოვუაროთ ისე, როგორც თუნდაც გერმანელები უვლიან კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ერს დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რომ დანგრეული ბერლინი აღადგინა. აღმშენებლობაში ყოველმა მოქალაქემ შეიტანა თავისი წვლილი. ასეა, სანამ ოფლს არ დაღვრი შენს მიწაზე, სანამ სულსა და გულს არ ჩადებ, ვერც გაუფრთხილდები. როცა ჩვენთვის ძვირფასი გახდება ჩვენი მიწა-წყლის თითოეული გოჯი, სხვა ერებიც დაინახავენ მის ფასს.
– რა პერსპექტივა აქვს ხელოვანს ჩვენს ქვეყანაში?
– ისევ და ისევ ფინანსურ პრობლემებთან მივდივართ. არტისტისთვის რთულია ოჯახის რჩენა, ამიტომ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსახიობობაზე ოცნებობენ, უფრო შემოსავლიან პროფესიებს ირჩევენ.
მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ადამიანს ექნება ფუფუნება აკეთოს ის, რაც უყვარს და არა ის, რაც თავის გადასარჩენადაა აუცილებელი. ჩვენ გარშემო უამრავი ბედნიერი და მოღიმარი სახე გაჩნდება, აღარც საზოგადოება იქნება ასეთი აგრესიული და დაუნდობელი.
მაქვს პროფესია, რომლის წყალობითაც შემიძლია, ამ პრობლემებზე ხმამაღლა ვილაპარაკო. ეს ჩემთვის თერაპიაა. ვთავისუფლდები მწუხარებისგან, სევდისგან, ტკივილისგან, ყოფითი წვრილმანებისგან – სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების ჯანსაღი წესი. სიამოვნებით ვიმუშავებდი კინოშიც. მქონდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო სერიალში “ხელოვნური სუნთქვა”. მომღერალი არ ვარ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული სურვილია, ამ ამპლუაშიც წარვუდგე მაყურებელს. თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სიყვარულია ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა, მთავარი სათქმელი, რადგან სიყვარული ღმერთია და ღმერთი ჩვენშია.
თამარ ციბალაშვილი