მურმან ფონია – პაციენტების მეგობარი და იმედი

გააზიარე:

 

საქართველოში მუდამ პატივისცემით ეპყრობოდნენ პრაქტიკოს ექიმებს, მეტადრე – რეგიონებში, სადაც დედაქალაქთან შედარებით ყოველთვის შეინიშნებოდა სპეციალისტების ნაკლებობა და ვიწრო პროფილის ექიმსაც კი ხშირად გაცილებით ფართო საქმიანობა უწევდა. ეს უნივერსალური მკურნალები ხალხის დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ.

პატივისცემა და სიყვარული არც მურმან ფონიას დაჰკლებია. ზუგდიდელი ნევროპათოლოგის შესახებ თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია მოგვიყვა:

 

– მინდა, თავდაპირველად რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ ექიმებზე, რომლებმაც ხალხის დიდი სიყვარული და სახალხო მკურნალის სახელი დაიმსახურეს. ერთი მათგანი გახლდათ სამსონ თოფურია. მან გერმანიასა და შვეიცარიაში აიმაღლა კვალიფიკაცია და 1890 წელს ქუთაისში დააარსა პირველი უფასო სამედიცინო დაწესებულება, სადაც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელიც მკურნალობდა. აკაკი თავადი კი იყო, მაგრამ ხელმოკლედ ცხოვრობდა. როდესაც სამსონმა უთხრა, გულის გაგანიერება გაქვსო, მგოსანმა თავისებურად, კვიმატად უპასუხა: “ჩემო სამსონ, მერჩივნა, ჯიბის გაგანიერება მქონოდაო”.

სამსონ თოფურია ორმოცდაათი წლისა გარდაიცვალა და აკაკიმ მისი ხსოვნა ლექსით უკვდავყო.

იყვნენ გიორგი ტარსაიძე, ნიკო ჯანდიერი, ალექსანდრე (საშა) კანდელაკი, ივანე გომართელი, პროკოფი ჩხიკვიშვილი, თენგიზ ბარამიძე, გენო გეგეშიძე, მამია ჩხაიძე, გიორგი ზუბადალაშვილი...

დღეს, როდესაც აკადემიური მედიცინა ესოდენ მაღალ დონეზეა, პრაქტიკოსი ექიმები თითქოს ნაკლებად უნდა იქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ხალხი პერიფერიებში მომუშავე კლინიცისტებს უფრო აფასებს, ვიდრე დედაქალაქში მომუშავეებს. შესაძლოა იმიტომ, რომ დიდ კლინიკებში პაციენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ნაწილდება, პერიფერიებში კი ექიმებს მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უწევთ. ავადმყოფის მომავალი, სიცოცხლის ხარისხი, ხშირად – ყოფნა-არყოფნაც კი, სწორედ მათ ცოდნაზე, გამჭრიახობაზე, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. თუ ექიმი ძალიან კარგი არ არის, რეგიონში ადვილად დაკარგავს ხალხის ნდობას.

ასეთი ექიმების ნაკლებობით არც ზუგდიდი დაუჩაგრავს ბედს. ლეგენდებად იქცა გიორგი ჭედიას, შოთა კვირკველიას, პეტრე უბერის, გურამ კვარაცხელიას, ნიკოლოზ (კოლია) ცერცვაძის, კოსტა ნაროუშვილის, ვანო მესხის, აკაკი კაკულიას, დავით ლაზარიას, კუკური შაფათავას სახელები. გამორჩეულთაგანი გახლდათ ნევროპათოლოგი ვალერიან მეუნარგიაც. სწორედ მისი მოწაფე იყო მურმან ფონია.

 

ბიოგრაფიული ცნობები

– მურმან ფონია 1938 წელს დაიბადა ცნობილი პედაგოგის დავით ფონიას ოჯახში. დაამთავრა ზუგდიდის მეოთხე რუსული საშუალო სკოლა (თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ამას ხელი არ შეუშლია, წინაპრებივით ჰყვარებოდა მშობლიური ენა და ლიტერატურა) და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. თავდაპირველად სოფლის ექიმად მიავლინეს, მერე კი რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა ვალერიან მეუნარგიასთან და მისი ხელმძღვანელობით ბევრი რამ ისწავლა. “[მეუნარგია] არამარტო ჩინებული მკურნალი და ორგანიზატორი იყო – იგი ადამიანური, მოქალაქეობრივი თვისებებითაც გამოირჩეოდა. მისი მამაშვილური მზრუნველობა, სასარგებლო რჩევა-დარიგებანი დიდად დამეხმარა პრაქტიკოს ექიმად ჩამოყალიბებაში”, – იხსენებდა მოგვიანებით მურმანი.

1971 წელს მურმან ფონიამ რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ძალიან საინტერესო თემაზე: “აბდომინალური ვაგოტომიის გავლენა კუჭზე, საყლაპავზე, ფილტვებსა და სხვა ორგანოებზე”. მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი ბიძინა ხუბუტია, რომელმაც ნიჭიერ ახალგაზრდას ყოველმხრივ შეუწყო ხელი.

მურმან ფონიას ნაშრომებმა, კონფერენციებსა და კონგრესებზე მისმა გამოსვლებმა ყურადღება მოსკოვშიც მიიპყრო. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილ პერსპექტიულ ნევროპათოლოგს ბურდენკოს ინსტიტუტში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია და მოღვაწეობა ზუგდიდში გააგრძელა.

1977 წელს მურმანი ქალაქის ახალგახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ დაინიშნა და აქვე დარჩა 2003 წლის ბოლომდე, ვიდრე უკურნებელმა სნეულებამ არ დარია ხელი.

 

საყვარელი ექიმი

– მურმან ფონიას სახელი გასცდა ზუგდიდს. მასთან მკურნალობდნენ პაციენტები მთელი სამეგრელოდან. მესტიიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ერთნაირად უყვარდათ პაციენტებს, მათ ჭირისუფლებს და მთელ ხალხს. უსიტყვოდ ენდობოდნენ, მასთან მკურნალობა საამაყოდ მიიჩნეოდა. მისი დარიგებებით, მისი გამოწერილი რეცეპტებით ათეულობით წელი სარგებლობდნენ.

ბრგე, მხარბეჭიანი, მეტყველი იერსახით, თვალში საცემად კეთილგანწყობილი, პაციენტებს დანახვისთანავე აღუძრავდა ნდობას. თავადაც საოცარი თანაგრძნობის უნარი ჰქონდა. ავადმყოფს თვალის დახამხამებაში გაუგებდა, უცებ დაამყარებდა მასთან კონტაქტს, საფუძვლიანად გამოჰკითხავდა – იცოდა, რა როგორ ეკითხა და როგორ გაემხნევებინა. უმძიმესი პაციენტებისთვისაც კი ახერხებდა იმედის შთაბერვას. საოცარი ძალა ჰქონდა მის სიტყვებს. მისი სახელიც კი იმედით ავსებდა ავადმყოფს, შიშსა და სასოწარკვეთას უკან ახევინებდა.

მურმან ფონიას მიაჩნდა, რომ ადამიანი ფასობდა არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ სულიერებით, შინაგანი კულტურით, ზნეობით, უბრალოებით და სამართლიანობით. თავადაც ცდილობდა, ასე ეცხოვრა. შვილებსაც ასევე ზრდიდა. იყო თვითკრიტიკული და საოცრად თავდაჭერილი, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევებისა, როცა პირისპირ შეეჯახებოდა ზღვარს გადასულ უსამართლობას, ადამიანის ღირსების უტიფარ ხელყოფას. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდიოდა.

ძალზე ნაკითხი გახლდათ. განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველა. მშობლიური ქალაქის ახალგახსნილ უნივერსიტეტში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-შემოქმედებით შეხვედრებში, დიდად გულშემატკივრობდა ეროვნული მნიშვნელობის ყველა საქმეს.

 

მძიმე წლები

– მურმან ფონიამ განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა 1990-იანი წლები. ქვეყანა აირია, ყაჩაღობა, განუკითხაობა დაიწყო. იმ წლებში ზუგდიდმა ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. დიდი ავტორიტეტის წყალობით მურმანი რეპრესიებს გადაურჩა, მაგრამ ძალადობას არ ეპუებოდა, საწყალი ხალხის დასაცავად ხმალამოღებული იბრძოდა. საყოველთაო დაძაბულობის გამო ავადმყოფობაც გახშირდა, რასაც ღვაწლმოსილი ექიმი ძალიან განიცდიდა. თავდაუზოგავად ეხმარებოდა ყველას, თანაუგრძნობდა სასოწარკვეთილებამდე მისულ ადამიანებს. ზუგდიდელებს თავიანთ ქომაგად მიაჩნდათ. როცა ქვეყანა, ასე თუ ისე, დაწყნარდა, არც კი ჰკითხეს, საკრებულოს წევრად ისე აირჩიეს. მერე კი თავმჯდომარის თანამდებობაზეც წამოაყენეს მისი კანდიდატურა, თუმცა სხვა კანდიდატმა ერთი ხმით აჯობა.

პოლიტიკურ სარბიელზე გასვლა სასიკვდილოდ განწირულმა პენსიონერებმა, ახალგაზრდა უმუშევრებმა, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილმა ავადმყოფებმა გადააწყვეტინეს. “სახელის მოსახვეჭად არასოდეს არაფერი გამიკეთებია, – ვკითხულობთ მის ერთ ინტერვიუში, – სიყალბეს ვერაფრით შენიღბავ, საზოგადოებას ვერ მოატყუებ, მეგობრებს ვერც ძალით, ვერც ანგარებით ვერ შეიძენ”. ურთიერთობის მართლაც საოცარი ნიჭი ჰქონდა. სწამდა, რომ ხალხი კარგად არჩევდა ავსა და კარგს. იყო გულწრფელი და ამას ხედავდნენ, უფასებდნენ.

ზუგდიდელებისთვის მურმან ფონია ექიმზე მეტი იყო – მათი იმედი, მათი ჭირისუფალი, მათი მეგობარი. მშობლიურ ქალაქში მასავით პოპულარული არავინ ყოფილა. ნებისმიერი ზუგდიდელი უდიდეს მოქალაქედ სწორედ მურმან ფონიას დაასახელებდა.

 

გამოთხოვება

– როდესაც შეიტყვეს, რომ მათი საყვარელი ექიმი თოდუას კლინიკაში იკეთებდა ოპერაციას, უამრავი ზუგდიდელი ჩამოვიდა თბილისში და რამდენიმე დღე საავადმყოფოს არ შორდებოდა. მურმანის გარდაცვალების ამბავი რომ გავრცელდა, იმ ღამით თურმე მთელ ზუგდიდში კივილი ატყდა. ზღვა ხალხი დაიძრა მისი ნეშტის შესაგებებლად. ნაწილი რიკოთის გადასასვლელთან დახვდა, ნაწილი – ზუგდიდის გადასასვლელთან. ზუგდიდელებმა მეფური პატივით დაკრძალეს მურმან ფონია, სიყვარულით გამოეთხოვნენ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე დიდი სახელი მოიხვეჭა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ლეგენდად იქცა.

 

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: