მოხდენილი სხეული
გააზიარე:
ყველაფერი სილამაზისთვის
სულ ცოტა ხნის წინ იდეალურ პროპორციებად 60:90:60 იყო მიჩნეული. ამჟამად ინდივიდუალური ხიბლი უფრო მეტად მოსწონთ. ხანდახან მგონია, რომ სადაც არის, ყველაზე მეტად რენესანსის ეპოქის ჩაფუნთულებული ქალები დაფასდებიან... ვიდრე ასე მომხდარა, ანტიცელულიტური კრემების ბიზნესი ჩავარდნილა და ფიტნეს-ცენტრები დახურულა, მოდაში ისევ დახვეწილი ფორმები, თხელი კიდურები და მეტ-ნაკლებად დეფიციტური წონა ბატონობს.
ეკო-კილოგრამები
“თუკი ყველანი დავიკლებთ წონას, ამით საკუთარ ჯანმრთელობას ვარგებთ, თანაც მეტად ორიგინალური მეთოდით – ზედმეტი კილოგრამების კარგვას გლობალური დათბობის, ანუ ისევ და ისევ ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორის შეჩერება შეუძლია!” – განაცხადა ამერიკის ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა. ეს მოსაზრება გაზეთ “HealthDay News”-ში დააფიქსირეს და მეტად ორიგინალურად დაასათაურეს: ”დაიკელით წონა და არგეთ გარემოს”. მათი მოსაზრებით, ჭარბწონიანი ადამიანები უფრო ხშირად გადაადგილდებიან ავტომობილებით და, შესაბამისად, წვის მავნე პროდუქტების წარმოქმნას უფრო მეტად უწყობენ ხელს, ხოლო ავტომობილს მსუქნების გადასაყვანად მეტი ძალისხმევა და, შესაბამისად, მეტი საწვავი სჭირდება, რაც ისევ და ისევ სათბური აირების მოჭარბებას იწვევს. მავნე გაზები ატმოსფეროში გროვდება და გარს ეკვრის დედამიწას, რაც სათბურის ეფექტს, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას იწვევს. კლიმატის ცვლილება კი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე: ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ინფექციური პათოლოგიების და სხვათა რიცხვს.
თუ ამერიკელი მკვლევარების მოსაზრებას გავიზიარებთ, თამამად შეგვიძლია, ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენს გვერდით მცხოვრებ ან მომუშავე ფუნთუშა არსებებს დავაბრალოთ.
2007 წელს ყველაზე სექსუალურ ამერიკელ ქალად მიჩნეულმა ჯესიკა ალბამ “კოსმოპოლიტენის” ბრიტანულ გამოცემას ინტერვიუს დროს გაანდო: “ფეხმძიმობის დროს 12 კილოგრამი მოვიმატე. ასეთი დათრგუნულად და არასექსუალურად თავი არასდროს მიგრძნია. არადა, დამეთანხმებით, მუდმივად ფორმაში ყოფნა ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია”. მშობიარობის შემდეგ ჯესიკამ კატასტროფულად სწრაფად დაიკლო: “ავიკრძალე ხილის ნატურალური წვენები და ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებსაც ჩემი პაწია მუცლიდან მთხოვდა ხოლმე და მეც უზომო რაოდენობით ვეწაფებოდი”. როგორც ჩანს, ჯესიკამ არ იცოდა, რომ 12 კილოგრამის გამო ნერვიულობა არ ღირდა, მაგრამ ვარსკვლავურ ახირებებს ჩვეულებრივი მოკვდავნი რას გავუგებთ?
დიეტა კვლავ მოდაშია
დიეტის გარეშე წონა ვის დაუკლია? ალბათ გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ დაბალანსებული მენიუ სხეულის სასურველი ფორმების მისაღებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ჰო, მართლა, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ დიეტა შიმშილს სულაც არ ნიშნავს _ ის სიტყვასიტყვით “ჯანსაღ კვებად” ითარგმნება.
ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები კი ასეთია:
• ნუ გამოტოვებთ საუზმეს, რათა ნაშუადღევს მგელივით მოშიებულმა ორმაგი ულუფა არ გადასანსლოთ. გარდა ამისა, საუზმის წყალობით დილიდანვე ენერგიით დაიმუხტებით და როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი გარჯა გაგიადვილდებათ.
• დღის განმავლობაში ფერადი ბოსტნეულის მიქსი მიირთვით. ისინი სხვადასხვა დასახელების ვიტამინს შეიცავენ. საუკეთესოა მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, სალათის ფურცელი...). წითლებსა და ნარინჯისფერებს შორის ლიდერობენ სტაფილო, წითელი წიწაკა და პომიდორი.
• ხილის წვენს ხილი ამჯობინეთ. წვენში ფაქტობრივად არ არის ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯრედისი, თანაც უფრო კალორიულია.
• აირჩიეთ “ჯანმრთელი” ცხიმი. ასეთი კი უმთავრესად მცენარეულია. მიირთვით ზეითუნის ზეთი, არაქისის კარაქი, ცხიმიანი თევზი.
• უპირატესობა დაღერღილი ხორბლის პურს მიანიჭეთ. მარგებელია შვრიის ბურბუშელაც.
• სწორად შეარჩიეთ ტკბილეული. ერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც იოლად ასათვისებელი შაქრებით არის გაჯერებული (კანფეტები, ტკბილი გაზიანი სასმელები...).
• დღეში სამჯერ მაინც ჭამეთ. თუკი სადილზე უარს იტყვით, შესაძლოა, საღამოს სულმა წაგძლიოთ და მეტისმეტად გამოძღეთ.
• ხშირად ჩაიკოკლოზინეთ ყელი დაბალცხიმიანი, ნაკლებად ტკბილი სასუსნავით. საუკეთესო ვარიანტია ჩირი.
ასე რომ, თუ წონის დაკლების ჟინი შეგიპყრობთ, საკვებზე უარს ნურასოდეს იტყვით. თუ მაინცდამაინც შიმშილი გინდათ, საამისო მიზეზსაც იოლად იპოვით – დაუდეთ თქვენს გასტრონომიულ თავგანწირვას რაიმე პოლიტიკური სარჩული. რა იცით, ეგებ მიზანსაც მიაღწიოთ...
დღესასწაულებზე შეძენილი ზედმეტი კილოგრამები აღარავის უკვირს, ნორმადაც კი ითვლება. აი, მათი სწრაფად მოცილების მეთოდებს შორის კი მრავალ უცნაურობას გადააწყდებით. მაგალითად, გვინეტ პელტროუ ახალი წლისა და საშობაო მოლხენის მერე შვიდი დღე თხევადი საკვებითა და სასუსნავით ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ვარსკვლავურ მენიუშია: ოთახის ტემპერატურის (!) ლიმონიანი წყალი, ქოქოსის რძე და პერიოდულად _ კენკრა და ნუში. გვინეტი გვირჩევს: ყოველთვის მომხიბლავად რომ გამოვიყურებოდეთ, წლის განმავლობაში ორგანიზმის გაწმენდა და მარხვის დაცვა აუცილებელიაო.
მივდივართ ზღვაზე და... ვწვავთ კალორიებს
ფიზიკური აქტიურობა ჭარბი წონის პირველი მტერი რომ არის, ბავშვმაც კი იცის. ჰოდა, გათანგვისა და სიამოვნების საუკეთესო დრო დადგა: თითქმის ყველას ზღვისკენ გვიჭირავს თვალი.
ცურვა სპორტის ყველაზე დემოკრატიული სახეობააა. სიამოვნება-სიამოვნებაში წონასაც იკლებ. გაითვალისწინეთ, რომ აუზში ცურვის დროს უფრო მეტ კალორიას წვავთ. თუ ზღვის ტალღებში ნებივრობა გირჩევნიათ, გირჩევთ, სწრაფად მოუსვათ ხელები, თანაც ცურვას დღეში არანაკლებ 40 წუთი დაუთმოთ. დაიხსომეთ: წონის კლებას ნახევარსაათიანი ცურვის შემდეგ დაიწყებთ.
ფეხის კუნთების გასავარჯიშებლად და მოშვებული კანის დასაჭიმავად საუკეთესო საშუალება წყლის ველოსიპედია. ცხიმი ყველაზე უკეთ მაშინ იწვის, როდესაც საკუთარი გულისცემის რიტმში წუთში 135-150 მოძრაობას ვასრულებთ, თანაც, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში.
დაივინგი თამამად შეიძლება ჩაითვალოს სპორტის ექსტრემალურ სახეობად. თუ ადრენალინის ჭარბი შემოტევისგან თავბრუ არ დაგეხვევათ, წყალში ჩაყვინთვას გირჩევთ – ამ დროს ბევრი ენერგია იხარჯება და, შესაბამისად, ცხიმიც გვარიანად იწვება.
დაივინგისგან განსხვავებით, აკვააერობიკა ყოველგვარ ექსტრიმს მოკლებული სიამოვნებაა, თანაც ძალიან “ჭკვიანური”: ცხიმს იქ წვავს, სადაც ის განსაკუთრებით ჭარბად არის თავმოყრილი, ხოლო კუნთოვან მასას აგროვებს სწორედ იქ, სადაც საჭიროა. ამგვარი ეფექტის მისაღწევად და თვეში 5-6 კილოგრამის დასაკლებად აკვააერობიკას კვირაში 5-ჯერ 40 წუთი დაუთმეთ.
წონის სწრაფი დაკლება, მკაცრი დიეტის დაცვა ყველასთვის როდი შეიძლება. შიმშილისგან თავის შეკავებას გირჩევთ, თუ გაწუხებთ:
• თირკმლის დაავადებები. ამ შემთხვევაში კატეგორიულად გეკრძალებათ ცილოვანი დიეტა. თუ თირკმლის დაწევა გაქვთ, შესაძლოა, ექიმმა წონის მომატებაც კი გირჩიოთ.
• გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება. დიეტის დროს შესაძლოა წლების წინ ჩამცხრალმა პროცესმაც კი წამოყოს თავი. შიმშილი არც პანკრეატიტს უხდება.
• ან ოდესმე გაწუხებდათ ეგზემა და ატოპიური (ალერგიული) დერმატიტი. კანის პათოლოგია თავს კვლავ შეგახსენებთ ცილოვანი დიეტის დაცვის შემდეგ.
• გრიპი და გაციება, რომლის დროსაც იმუნიტეტი მეტისმეტად დაქვეითებულია. დიეტაც ხომ ერთგვარი სტრესია, რომელიც იმუნიტეტსაც აყენებს დარტყმას. ჰოდა, ორმაგი შეტევა ჩვენი ორგანიზმის დამცავ ძალებზე – ეს უკვე მეტისმეტია!
მარტივი არითმეტიკა
XXI საუკუნეში შევეგუეთ იმ აზრს, რომ შესაძლოა, მეტისმეტად გრძელი კიდურები, უზომოდ თხელი ტუჩები და ზომაზე გრძელი ცხვირიც კი მომხიბლავად გამოიყურებოდეს, მაგრამ წონასთან დაკავშირებით საუკუნიდან საუკუნემდე აზრი არ შეცვლილა: ნორმალური წონის შენარჩუნება, გარდა იმისა, რომ ხიბლს მატებს ადამიანს, ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია.
“ჯანმრთელი წონის” განსაზღვრისთვის არაერთი ფორმულა შეიქმნა. ყველაზე მოდური გახლავთ სხეულის მასის ინდექსი – Body Mass Index (BMI). გამოსათვლელად არც ისე რთულია: სხეულის წონა, აღებული კილოგრამებში, იყოფა სიმაღლის სანტიმეტრებზე, რომელიც კვადრატშია აყვანილი. რაც შეეხება ნორმას, მისი მაჩვენებლის განსაზღვრა ცოტათი რთულია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რიცხვია მიღებული. უმეტესად ნორმის მაჩვენებლად 24,9-ს შეხვდებით.
კიდევ ერთ მეტ-ნაკლებად პოპულარულ მეთოდზე მოგახსენებთ, რომელსაც ბარბარა ედელშტეინი გვთავაზობს: თავდაპირველად ვიღებთ წონას, რომელიც ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პირობებში გვექნებოდა: 45 კგ+1 კგ 150 სმ-ს გადაცილებულ ყოველ ზედმეტ სანტიმეტრზე +0,5 კგ 25 წელს გადაცდენილ ყოველ წელიწადზე, ოღონდ არა უმეტეს 7 კგ-ისა. თუმცა ეს ყველაფერი როდია: ამას ემატება კიდევ 4,5-დან 7 კგ-მდე, თუ თქვენი წონა 90-ს აჭარბებს – კიდევ 4-7 კგ, ხოლო თუ 100 კგ-საც გადააბიჯეთ, კიდევ რამდენიმე კგ-ს მიმატება მოგიწევთ.
მოდი, ყოველივე ეს ერთ მაგალითზე განვიხილოთ. 50 წლის და 158 სმ-ის სიმაღლის ქალბატონისთვის, რომელიც 90 კგ-ს იწონის, ფორმულა ასეთი იქნება: 45კგ +1კგX(158 სმ-150 სმ)+7კგ+7კგ+7კგ=74კგ. შედეგად მივიღეთ ნორმალური წონა ზემოხსენებული ქალისთვის, რომელსაც, როგორც ჩანს, ჭარბი წონა აწუხებს.
გაფცქვენი ფორთოხალი
ცელულიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ თუ მასთან ხელჩართულ ბრძოლაში არ ხარ ჩაბმული, ვერაფერიშვილი ქალი ბრძანდები. სინამდვილეში ეს მეტისმეტად ქალური პრობლემა დროს სულაც არ მოუტანია. თუ კარგად გავიხსენებთ, რენესანსის ეპოქის ტილოებზეც მშვენივრად ჩანს უსწორმასწორო ბორცვაკებით დაფარული შიშველი და ნახევრადშიშველი სხეულები. აი, ფორთოხლის კანად წოდებულ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდები კი ნამდვილად ჩვენი ეპოქის მონაპოვარია. მისი ჩამოყალიბების მიზეზებიც სულ ახლახან აღმოაჩინეს.
როგორ ჩნდება ბორცვაკი
მათთვის, ვისაც მედიცინასთან არავითარი კავშირი არ აქვს, განვმარტავთ, რომ ყველა ტერმინი, რომელიც -იტ-ზე მთავრდება, ანთებითი ხასიათის პათოლოგიაზე მიუთითებს. შეიძლება ითქვას, რომ ცელულიტი ამ შემთხვევაში გამონაკლისია, რადგან მის ჩამოყალიბებაში კანის ანთებას არავითარი წვლილი არ მიუძღვის.
საზოგადოდ, ცელულიტი კანქვეშა შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილის დეფექტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებს უჩნდებათ. ყველაზე ხშირად ცელულიტი თეძოებს, დუნდულებს, მუცელს, მხრის შიგნითა ზედაპირებს, წელის მიდამოს მოედება ხოლმე.
აი, რა ხდება ცელულიტის დროს: კანი ეშვება, ცხიმი უადგილო ადგილას გროვდება, გაფაშრებულ შემაერთებელ ქსოვილში სისხლი და ლიმფა გუბდება.... ყოველივე ეს კი კანს ფორთოხლის ქერქის მაგვარ შესახედაობას აძლევს, თუმცა ყოველთვის არა. პირველ სტადიაზე ბორცვაკების შემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია, აღმოჩენა კი სავსებით შესაძლებელი: თითებს შორის მოიქციეთ ბარძაყის კანი და მოუჭირეთ. ფორთოხლის კანივით უსწორმასწორო ზედაპირს იოლად შეამჩნევთ. ეს ცელულიტის საწყისი სტადიაა. დროთა განმავლობაში ესთეტიკური დეფექტი იოლი შესამჩნევი ხდება – ეს უკვე მეოთხე სტადია გახლავთ.
მიზეზ-მიზეზ
ნუ იფიქრებთ, რომ თუ ქალი ბრძანდებით, ერთ მშვენიერ დღეს თქვენი კანი უსახური ბორცვაკებით უთუოდ დაიფარება. ასე არ არის. იმ ფაქტორების თავიდან აცილება, რომლებიც ცელულიტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, სავსებით შესაძლებელია.
“ფორთოხლის კანს” ყველაზე ხშირად აჩენს:
• ჰორმონული ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, საკვერცხეების ფუნქციის მოშლა, რაც სისხლში ქალური ჰორმონების – ესტროგენების დონის მატებას იწვევს. ჰორმონების როლზე მიგვანიშნებს ის ფაქტიც, რომ ცელულიტი უმეტესად ორსულობის, კლიმაქსის, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების არასწორი მიღების (სახეობის, დოზირების, ხანგრძლივობის არასწორად შერჩევის) დროს იჩენს თავს. ასევე შესაძლოა, დამნაშავე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ან სხვა ენდოკრინული პათოლოგია იყოს.
• ჭარბი წონა. უცნაურია, მაგრამ ხშირად სიმსუქნე და ცელულიტი ერთმანეთში ერევათ. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა რამაა. მართალია, ცელულიტი უმეტესად ჭარბწონიან ქალბატონებს უჩნდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ არც ტანწერწეტები არიან მისგან დაზღვეულნი.
• მემკვიდრეობითი მიდრეკილება. მოშვებული კანი, მეტისმეტად ფაშარი კანქვეშა ქსოვილები… როგორც ჩანს, გენები ჩვენს სილამაზეზე ამგვარადაც აგებენ პასუხს.
ნურც სხვა ფაქტორებს დაივიწყებთ: კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა, ქრონიკული დაღლილობა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ხშირი სტრესი, მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმელი...
ვანადგურებთ ბორცვაკებს
პირველი, რაც ანტიცელულიტური თერაპიის დაწყებისას უნდა გახსოვდეთ, ის არის, რომ “ფორთოხლის კანისგან” გათავისუფლება დიდ დროსა და სხვადასხვა მეთოდის კომპლექსურ გამოყენებას მოითხოვს. პირველ რიგში მოიწესრიგეთ ჰორმონული ფონი, გადადით ჯანსაღ საკვებზე და დაიწყეთ ვარჯიში.
სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიული პროცედურები (მასაჟი, არომათერაპია, ულტრაბგერითი ზემოქმედება, ფონოფორეზი), აუმჯობესებს ჰემოდინამიკას, ლიმფის დრენაჟს, კანის ტურგორს, ამაგრებს სისხლძარღვთა კედელს, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში წყლის ოდენობის შემცირებას.
თუ კანი მეტად უსახურად გამოიყენება, სპეციალისტი მარტივ, ეფექტურ, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულ მეთოდს – ლიპოსაქციას შემოგთავაზებთ. ამჟამად ეს ოპერაცია ულტრაბგერის საშუალებით ტარდება, საკმაოდ ეფექტური და, რაც მთავარია, სრულიად ატრავმულია (არ ტოვებს ნაწიბურს).
ტკბილ-მლაშე მეთოდი
ცელულიტის საწინააღმდეგო კრემებისა და გელების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. ნებისმიერ მაღაზიასა თუ აფთიაქში ანტიცელულიტური მოქმედების ათეულობით საშუალებას გადააწყდებით. ზოგი მეტად ეფექტურია, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად სასურველ შედეგს ის საშუალებები გვაძლევს, რომლებიც შეიცავს A ვიტამინს, კოფეინს, ფერმენტებს, ცხენისწაბლას, გინკგოს ექსტრაქტს, წყალმცენარეებს.
ანტიცელულიტური კრემის წასმა უმჯობესია სპეციალური მასაჟორით, ღრუბლით ან ჯაგრისით. თუ ამგვარი არაფერი გაქვთ, ხელისგულის ძლიერი ზეწოლით უნდა დაკმაყოფილდეთ.
დაიმახსოვრეთ: მაღალხარისხიანი ანტიცეცულიტური კრემის გამოყენებისა და მასაჟის სწორად ჩატარებისას ეფექტი 2-3 კვირაში ხდება აშკარა.
კანის ბორცვაკების მოსაცილებლად შინაური საშუალებებიც გამოგადგებათ.
თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ, მისი საშუალებით ცელულიტს შეუტიოთ.
ვიქცევით ასე: ვისვამთ თაფლის თხელ ფენას ბორცვაკებით “დამშვენებულ” კანზე და ხელის ნელი, თუმცა ძლიერი მოძრაობით ვიზელთ კანში. ამ დროს შესაძლოა ტკივილი იგრძნოთ, რადგან ხელისგულზე მიკრული წებოვანი მასის დამორჩილება ძნელია, მაგრამ, მიუხედავად დისკომფორტისა, მასაჟი 5-10 წუთს მაინც უნდა განაგრძოთ.
თაფლის ნარჩენი თბილი წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ.
იდეალური ეფექტისთვის თაფლის მასაჟის კეთებას კვირაში 3-ჯერ გირჩევთ.
არანაკლებ ეფექტურია ზღვის მარილი. როგორც კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, საუკეთესო ყოფილა მკვდარი ზღვის მარილი, რომელშიც უხვადაა იოდი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, თანაც მისი გამოყენება ხანგრძლივადაც შეიძლება – კანს არ აშრობს.
ვიქცევით ასე: აბაზანას თბილი (დაახლოებით 37-გრადუსიანი) წყლით ვავსებთ, ვუშვებთ მასში ცხელ წყალში წინასწარ გახსნილ 500 გ ზღვის მარილს, ვწვებით და 10-15 წუთს ვნებივრობთ. შემდეგ ვიღებთ თბილ შხაპს, ვიცვამთ თბილ ხალათს და ასე დავყოფთ მცირე ხანს.
იდეალური ეფექტის მისაღწევად ზღვის მარილის აბაზანა კვირაში ორჯერ მიიღეთ.
ცელუ-მენიუ
რაკი ცელულიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევას მიიჩნევენ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მასთან საბრძოლველად კვების მოწესრიგება გვჭირდება.
პირველი რჩევა, გაგიკვირდებათ და, უცნაურად ჟღერს: თავი დაანებეთ მკაცრ დიეტებს. თურმე წონის სწრაფი და მკვეთრი კლების დროს კანი სტრუქტურას იცვლის – კარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს. მაინცდამაინც არც განტვირთვის დღეები უხდება.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ:
. კალორიების დღიური ნორმა მათ დანახარჯს არ უნდა აჭარბებდეს. უფრო მარტივად კი ნაკლები ჭამეთ და მეტი იმოძრავეთ.
. ერიდეთ ცხოველური ცხიმს, შემწვარს, შაშხს. უპირატესობა მოხარშულ, ორთქლზე მომზადებულ კერძებს მიანიჭეთ.
. ნუ დალევთ მეტისმეტად ბევრ შავ ჩაისა და ყავას. მათ ნაცვლად მწვანე ჩაი მიირთვით. თუ ფინჯანი ყავის გარეშე გაძლება გიჭირთ, ეცადეთ, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ხარისხისა შეარჩიოთ და მაქსიმალურად ერიდეთ ხსნადს.
. ზოგიერთი ექიმი კანის სტრუქტურის შელახვას ალკოჰოლსაც აბრალებს.
. შეზღუდეთ მარილის გამოყენება. მთლად უმარილო დიეტაზე ნუ გადახვალთ, მაგრამ მეტისმეტად მლაშეზე უარის თქმა ურიგო არ იქნება.
. ტკბილეული და ცომეული მოკრძალებულად მიირთვით. თუ ტკბილის გარეშე ვერ ძლებთ, ეგებ შოკოლადის ნატეხი გეცადათ.
. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული.
ფაქტობრივად, ახალი არაფერი გვითქვამს. ჯანსაღი კვების ანაბანა კვლავ და კვლავ უცვლელი რჩება.
მხსნელი სურნელი
არომატული ზეთის აპლიკაცია და არომა-აბაზანა ბორცვაკებიან კანს ნამდვილად რგებს.
აპლიკაციისთვის ერთ ჩაის კოვზ ნუშის ზეთს (მის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვიპაროსის ან ლავანდის ზეთიც) დაამატეთ 10 წვეთი გრეიპფრუტის, 8 წვეთი ნემსიწვერას, 10 წვეთი ბერგამოტის, 5 წვეთი ჯავზისა და 3 წვეთი დარიჩინის ესენცია. არომატული ნარევი წაისვით ცელულიტმოდებულ ადგილას და ენერგიულად შეიზილეთ კანში. სასურველი ეფექტისთვის პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ.
არომატული აბაზანის მისაღებად კი ასე ვიქცევით: აბაზანას სანახევროდ ვავსებთ თბილი წყლით, ვასხამთ შიგ წინასწარ მომზადებულ ნარევს – ერთ ჭიქა რძეს, რამდენიმე წვეთ ციტრუსის (ფორთოხლის, ლიმონის ან გრეიპფრუტის) ზეთს და ვყრით მწიკვ ზღვის მარილს. ვნებივრობთ არომატულ აბაზანაში 15-20 წუთს და ამ ხნის განმავლობაში კანის ბორცვაკებიან უბნებს ვიზელთ.
გირჩევთ, არომატული აბაზანა კვირაში ერთხელ მაინც მიიღოთ.
უფრო აქტიურად
ცელულიტის გაჩენაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ჰიპოდინამიას მიიჩნევენ, ასე რომ, მეტი ფიზიკური აქტიურობა ფორთოხლის კანისგან თავის დასაცავი ხერხების ნუსხაში შედის. კანისთვის საუკეთესოა ცურვა, თხილამურებით სრიალი, ჩოგბურთი, სპეციალური ვარჯიშები ტრენაჟორებზე.
თუკი ცელულიტთან ბრძოლა შინიდან გაუსვლელად გირჩევნიათ, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მოიძებნება. ამისთვის სახტუნაოს ან ჰულაჰუპის შეძენა დაგჭირდებათ.
თავდაპირველად სახტუნაოზე 15 წუთი იხტუნავეთ. ძნელია? მაინც ნუ დაიზარებთ და სვენებ-სვენებით ამოწურეთ თქვენი 15-წუთიანი ლიმიტი. თუ ცელულიტთან ერთად ზედმეტ წონასაც უცხადებთ ბრძოლას, მოგიწევთ, ხტუნაობის ხანგრძლივობა თანდათანობით 45 წუთამდე გაზარდოთ. როდესაც 45-წუთიან რეკორდს დაამყარებთ, თავს უფლება მიეცით, ნელ-ნელა კვლავ 15-წუთიან სეანსებზე ჩამოხვიდეთ. ჰულაჰუპის რგოლის ბზრიალი კი 15 წუთზე მეტხანს არ შეიძლება, განსაკუთრებით – საღამოობით. ვარჯიშის შედეგად მენჯისა და მუცლის ღრუში სისხლის მოდენა ძლიერდება, რაც ღამით არასასურველია.
შეკეთებას ექვემდებარება
რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაირკვა: ამერიკელ მამრთა 70% წინააღმდეგია, მათმა საყვარელმა გოგონამ გარეგნობა პლასტიკური ქირურგის დახმარებით შეიცვალოს.
როგორ ფიქრობთ, იზიარებენ თუ არა ქართველი მამაკაცები ამერიკელთა აზრს? ვფიქრობ, სავსებით. მიუხედავად ამისა, ესთეტიკური მედიცინის ნებისმიერ ცენტრში ნებისმიერ დროს გარეგნობის შეცვლისა და გაახალგაზრდავების მსურველ ათეულობით ქალს გადაეყრებით.
იცოდით, რომ პლასტიკურმა ქირურგიამ მხოლოდ XIX საუკუნეში მიიღო კანონიერი სახე? პირველი ოპერაცია, რომელიც მეცნიერულად დასაბუთებულიმეთოდიკით შესრულდა, რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია) გახლდათ. პლასტიკურმა ქირურგებმა მალევე დაიწყეს ნარკოზის გამოყენება, რამაც მათი საქმიანობა უფრო პოპულარული გახადა.
ყველაზე კორექტულები
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, იმ ოპერაციებს შორის, რომლებიც სხეულის საკორექციოდ კეთდება, ყველაზე გავრცელებული ლიპოსაქციაა. მეორე ადგილს ცხვირისა და მკერდის ოპერაციები იყოფენ, ხოლო მესამეზეა ქირურგიული ჩარევები, რომლებიც სახის გასაახალგაზრდავებლად ტარდება, მაგალითად, კანის დაჭიმვა.
მოდი, მივყვეთ რეიტინგს.
• ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. აღნიშნული ოპერაცია სხეულის იმ უბნებზე კეთდება, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე…
არსებობს ლიპოსაქციის სამი ძირითადი მეთოდი: ტრადიციული, ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი. განსხვავება უფრო ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილი ფიჭას ჰგავს. ტრადიციული ლიპოსაქციის დროს ქირურგი “ფიჭას” მთლიანად იღებს. ამ შემთხვევაში კანს საყრდენი ეცლება, რასაც მისი ჩავარდა მოჰყვება.
ულტრაბგერითი მეთოდის შემთხვევაში შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც ფიჭას ჩამოჰგავს, ხელუხლებელი რჩება, ხოლო მისი შიგთავსი, ცხიმი, იდევნება.
კიდევ უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ოპერაციას, რომელშიც ულტრაბგერასთან ერთად ლაზერიც არის ჩართული, რიგი აშკარა უპირატესობა აქვს: მინიმალური ტრავმულობა და დისკომფორტი, სისხლძარღვების, ლიმფური სადინარებისა და ნერვული დაბოლოებების დაზოგვა, სხეულის ნებისმიერი უბნიდან ჭარბი ცხიმის მოცილების შესაძლებლობა, რაც მთავარია, იდეალური შედეგი და ძალზე ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი.
ულტრაბგერითი ლიპოსაქცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ნაოპერაციევი ადამიანი კლინიკას სულ რაღაც 2-3 საათის შემდეგ ტოვებს და, პრაქტიკულად, მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. მართალია, პერიოდულად პროცედურებზე სიარული და რამდენიმე (დაახლოებით 2-4) კვირის განმავლობაში ელასტიკური თეთრეულის (ბანდაჟის) ტარება უხდება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბანდაჟი მეტად კომფორტულია, ხოლო პროცედურები – მეტად ხანმოკლე, დაახლოებით თხუთმეტწუთიანი.
• თანამედროვე ქალების კიდევ ერთი ნუგეში მამოპლასტიკა ანუ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გახლავთ. არსებობს მამოპლასტიკის სამი ძირითადი ნაირსახეობა: მკერდის გაზრდა, დაპატარავება და რეკონსტრუქცია. ამ უკანასკნელს მაშინ მიმართავენ, როდესაც ქალს სარძევე ჯირკვალი მოკვეთილი აქვს და “ახალი” მკერდი სჭირდება.
მკერდის გასადიდებლად ყველაზე უსაფრთხო და შედეგიანი მეთოდი სილიკონის იმპლანტის გამოყენებაა. სილიკონის ჟელეს გამოყენება, ისევე როგორცსაკუთარი ცხიმისა, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. ამ დროს სიმეტრიის დაცვა შეუძლებელია, დროთა განმავლობაში ცხიმოვანი ქსოვილი გაიწოვება, მის ნაცვლად კი ფიბროზული წარმოიქმნება, რომლის სიმსივნური ქსოვილისგან გარჩევაც მამოგრაფიული კვლევით წარმოუდგენელია. დიდია ასეთი ოპერაციის შემდეგ სარძევე ჯირკვალში კისტოზური ჩანართების წარმოქმნის ალბათობაც. ასე რომ, ცხიმგადანერგილი ადამიანი სულ შიშში უნდა იყოს და გამუდმებით აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა.
ამ მეთოდის ყველაზე დიდი და, რაც მთავარია, შესამჩნევი ნაკლი ის გახლავთ, რომ ფორმა, რომელიც ოპერაციის შედეგად იქნა მიღწეული, რამდენიმე თვეში იკარგება.
• ცხვირის “შეკეთება” ანუ რინოპლასტიკა საქართველოში უდავოდ პოპულარულია, თუმცა ამჟამად ცხვირპაჭუობა არცთუ ისე მომხიბლავ პერსპექტივად ითვლება. აპრეხილი ცხვირი მოდური უფრო ადრე, წოპეს ეპოქაში იყო. იმხანად პლასტიკა დახურული მეთოდით, ბრმად კეთდებოდა (ექიმი ვერ ხედავდა ქსოვილებს, რომელთა კორექციასაც ახდენდა). ახლა ღია მეთოდს ენიჭება უპირატესობა: სულ პაწაწინა განაკვეთია საჭირო, რომ ცხვირის ზედა ქსოვილები მაღლა აიწიოს და ქირურგმა კარგად დაინახოს, რა არის მოსაჭრელი და არა – არა. მეთოდი, ფაქტობრივად, უსისხლოა. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტამპონის ამოღებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან დაზღვეულნი ვართ. ოპერაცია უმტკივნეულოა. შესაძლოა, პაციენტს თავის ტკივილის გამო ერთი აბი გამაყუჩებელი დასჭირდეს, ესაა და ეს.
• სახის კანის დაჭიმვა ასაკის მოტყუების საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. მეთოდი კი ბევრზე ბევრია: დერმაბრაზია (шлифовка), ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების ოპერაცია), მეზოთერაპია, ბოტოქსის ინექციები... სახისთვის ახალგაზრდული იერის დასაბრუნებლად ოქროც კი არ დაენანათ და ექიმებმა სახის კანის დაჭიმვის ფრიად ძვირად ღირებული მეთოდი – ოქროს ძაფებით კანის დაჭიმვა – შეიმუშავეს.
რა სახის დიაგნოზს აღარ წააწყდება დღეს კაცი! დისმორფომანია – ასე ეწოდება პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც პლასტიკური ოპერაციების კეთების დაუძლეველი სურვილით ვლინდება. ამ სენით ქალები პირველი წარმატებული პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ავადდებიან – უჩნდებათ პათოლოგიური მოთხოვნილება, კიდევ და კიდევ აღმოჩნდნენ სკალპელის ქვეშ. ალბათ ხვდებით, რომ ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არა პლასტიკურ ქირურგთან, არამედ ფსიქოლოგთან ვიზიტია.
წარმატებული ცხვირები
თუ ვარსკვლავი ხარ და გსურს იკაშკაშო, რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდე: უნდა იყო ნიჭიერი, გამორჩეული და... ერთი-ორი პლასტიკური ოპერაცია მაინც უნდა გქონდეს აქტივში. სასურველია, წარმატებული.
აი, ვინ გარისკა და გაუმართლა:
მერლინ მონრო. პაჭუა ცხვირის გარეშე ასე ვნებიანად როდი შეასრულებდა “Happy Birthday, Mr.
President!”-ს. ის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავთაგანია, რომელმაც საკუთარი სილამაზე ქირურგს ანდო.
მართალია, სკარლეტ იოჰანსონი ლამის ხატზე იფიცება, პლასტიკური ქირურგისთვის არასოდეს მიმიმართავსო, მაგრამ ფიცი გვწამს, ბოლო (ცხვირი!) გვაკვირვებს – სურათებზე სხვაობა ნათლად ჩანს.
ჯენიფერ ანისტონის მამა ბერძენი ყოფილა. სწორედ მან უანდერძა ქალიშვილს ეთნიკური ცხვირი. პლასტიკურმა ოპერაციამ კი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოასწორა. დღეს ჯენიფერი ირწმუნება, ოპერაციის გაკეთება სამედიცინო ჩვენების გამო მომიხდაო.
ბრიტნი სპირსის განიერ ცხვირს ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლები რამდენიმე ეტაპად შეეჭიდნენ. შედეგი – მშვენიერი ცხვირი, რომელიც თავდაპირველი ვარიანტისგან თითქოს მხოლოდ ზომით განსხვავდება.
პატრიცია კასმა რინოპლასტიკა რამდენიმე წლის წინ გაიკეთა. მართალია, პირვანდელი ცხვირითაც არ ჰკლებია პოპულარობა, მაგრამ, როგორც თავად აღნიშავს, სრულყოფილი თავდაჯერება მხოლოდ ახალმა შესძინა.
აფროამერიკელი ჰოლი ბერის ტიპური განიერი ცხვირი ყველამ კარგა ხნის წინ დაივიწყა. როგორც ჩანს, მისი ახალი, გაცილებით დახვეწილი ნაკვთები წაადგა მსახიობს: ის ბონდის ერთადერთი გოგონაა, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული.
იფიქრებდით ოდესმე, რომ ვაინონა რაიდერს ცხვირის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული? თურმე, ქირურგი თავის შეკავებას ურჩევდა – არაფერში გჭირდებაო, მაგრამ ვაინონამ დაიჟინა და შედეგმაც გაამართლა – მშვენიერი ცხვირი კიდევ უფრო მშვენიერი გახდა.
ანჯელინა ჯოლიმ მოდას ნაბიჯი აუწყო და მხატვრული ფილმის “ჰაკერების” გადაღებების დასრულებისთანავე რინოპლასტიკას მიმართა. “შესაკეთებელი ბევრი არაფერი იყო” – აღნიშნავს ვარსკვლავი.
“თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო” და ძმის მსგავსად ჯენეტ ჯექსონმაც ძმის მსგავსად აფრიკული ნაკვთების დახვეწა წამოიწყო. ვერაფერს ვიტყვით, მაიკლისგან განსხვავებით, ჯენეტის ცხვირი საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება.