წარმატებისა და შემოქმედების ადგილი
გააზიარე:
არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი საქართველო” შეზღუდული ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათი უფლებების დაცვაზე ზრუნავს. დღის ცენტრი 2004 წელს ამოქმედდა. თავდაპირველად ბავშვთა ის კონტინგენტი შეირჩა, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირდა. შეძლეს და ზოგი მათგანი ბაღში გაუშვეს, ზოგი – სკოლაში. ახლაც ჰყავთ ბავშვები, რომლებიც სკოლის პარალელურად აქაც დადიან. ცენტრის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების მაქსიმალურ დამოუკიდებლობასა და სოციალიზაციას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვას, საზოგადოების სრულფასოვან წევრობას და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ის დასახულ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს, ხოლო აქაური მეთოდები ნებისმიერ მშობელს გამოადგება შვილის სწორი და მრავალფეროვანი განვითარებისთვის.
გამოცდილებას გვიზიარებს დღის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი:
– ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბაღსა თუ სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან ერთმანეთისგან ისინი ბევრ რამეს სწავლობენ, მაგრამ უნარშეზღუდულ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ სპეციალური აქტივობები, რომლებიც მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება. თუ არ ჩავთვლით თავად დაავადებას, რომელიც მათ უნარშეზღუდულობას იწვევს, ამ ბავშვების შესაძლებლობები მხოლოდ ახლის ათვისებისთვის საჭირო დროის ოდენობით განსხვავდება. ისინი დასახულ მიზანს მაინც აღწევენ, უბრალოდ, ზოგს ამისთვის ერთი დღე სჭირდება, ზოგს – მეტი.
თამაში საკუთარ თავთან
ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტური საშუალება თამაშია. ეს ეხება არა მხოლოდ უნარშეზღუდულ, არაამედ ნებისმიერ ბავშვს. თითქოს ბუნებრივია, რომ ბავშვი უნდა თამაშობდეს. მაგრამ დღეს ის იმდენად დატვირთულია, რომ ამისთვის ან მეტად მცირე დრო რჩება, ან ერთფეროვანი თამაშებითაა (კომპიუტერთან, ტელეფონზე) დაკავებული, რომლებიც მას ძალიან ითრევს.
თამაში მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის (განსაკუთრებით – ფიზიკური განვითარებისთვის). არ არის მართებული მიდგომა “თამაშს მერეც მოასწრებს”. ხშირად თანამედროვე ბავშვი საკუთარ თავთან მხოლოდ ძილის დროს თუ განმარტოვდება, დანარჩენ დროს დაკავებულია. არადა საკუთარ თავთან თამაში ავითარებს ფანტაზიას და იმ უნარებს, რომელთა განვითარებისთვის შემდეგში ბევრი ვარჯიში და სპეციალისტებთან სიარულია საჭირო, თამაში დადებითად მოქმედებს ყურადღების დეფიციტზეც.
როდესაც ბავშვი მარტო თამაშობს, მშობელმა უნდა აცადოს თამაშის დამთავრება ან მიეხმაროს მის დაგეგმვაში. აქ უკვე შეგვიძლია, სხვა სარგებლობა მივიღოთ – თუ აქტივობას ისე დავგეგმავთ, რომ ის ძალიან ჰგავდეს თამაშს, ათვისების უნარი გაიზრდება.
ყოველივე ამის გამო ვცდილობთ, ბავშვის განვითარების სფეროში ჩვენი აქტივობები თამაშის პრინციპზე იყოს აგებული. ხანდახან ის, რასაც უფროსები თამაშს ვეძახით, მათთვის შემეცნებითი გაკვეთილია. ეს რომ ბავშვისთვის მართლაც თამაში იყოს, რამდენიმე პირობაა საჭირო: უნდა აინტერესებდეს, აქტიურად მონაწილეობდეს მასში და ჰქონდეს შესაძლებლობა, თამაშის დროს ემოციები გამოხატოს.
დააკვირდით გარედან
ვფიქრობთ, ჩვენი საიდუმლო სწორედ ის არის, რომ თამაშსა და სწავლას შორის ბალანსის დაცვას ვცდილობთ. ჩვენი გაკვეთილები ერთსაათიანია. აქედან 45 წუთი ან მეტი დაგეგმილი აქტივობაა, რომლის დროსაც ბავშვები დავალებულ თემაზე მუშაობენ, ხოლო დარჩენილ 10-15 წუთს თავისუფალ აქტივობას ვუთმობთ. ბავშვები იღებენ, რაზეც ხელი მიუწვდებათ და რაც სურთ, იმას აკეთებენ. ამ ეტაპზე მასწავლებელი მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, თანაც აკვირდება ბავშვს, უფროსების გარეშე როგორ ერთობა. იმავეს ვურჩევდით მშობლებსაც – მეტი დრო დაუთმონ ზედამხედველობას, როდესაც ბავშვები თამაშობენ. ამით ბევრს შეიტყობენ ბავშვის ინტერესთა სფეროს, მისი შესაძლებლობების შესახებ. რაც მეტი იცი ამის თაობაზე, მით უფრო კარგად დაგეგმავ ბავშვის მომავალს, რაც, დამეთანხმებით, ყველა მშობლის მიზანია.
მრავალფეროვანი სამყაროსთვის
ცხოვრების სხვადსხვა ეტაპზე ბავშვებისთვის სამყაროს წესები იცვლება, განსაკუთრებით – ბაღის პერიოდში. მანამდე სახლში ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა და როდესაც რამის მიღება სურდა, იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბაღში ბევრი მისნაირია, ამიტომ იქ ბავშვი განსაკუთრებულად სწავლობს სოციალურ ქსელს და ეს 3-4 წლის ასაკში ხდება.
ჩვენთან შეიძლება 9-10 წლის ან ამაზე უფროსი ბავშვიც მოიყვანონ, რომელიც ბაღში ან სკოლაში არ არის ნამყოფი. თუ აქტიურია, ხშირად ეზოშიც ვერ ჩაჰყავთ – სახლში ბებიას ჰყავს ჩაბარებული და ეშინია, რომ გაექცევა სადმე... გამოდის, რომ ის, რაც ჩვენთვის ყოველდღიური და ბუნებრივია, ჩვენი შვილებითვის შესაძლოა უცნაური სამყარო იყოს.
ხშირად ერთი შეხედვით უბრალო რამ, რასაც არც კი ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – გუბეში ხტუნაობა, ბალახზე სირბილი. არის მეტად საყურადღებო არეები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ გამოგვრჩეს. მაგალითად, წვიმის დროს ბავშვებისა და მშობლბის 80% გარეთ არ გადის. ჩვენ უნდა შევეცადოთ, გავამრავალფეროვნოთ ბავშვის გარემო. ხომ არ ხდება ისე, რომ დღეების უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს? უფროსები რუტინასა და ერთფეროვნებაში ვცხოვრობთ, რომელსაც ვეჩვევით, მაგრამ ბავშვს, კარგად რომ განვითარდეს, ახლის ძიების საშუალება უნდა მივცეთ. უნდა გავიხსენოთ, ბავშვობაში რამდენი რამ გვინდოდა (თუნდაც იგივე წვიმაში გასვლა და ხტუნვა)... გავიხსენოთ, სხვაგანაც რამდენ ისეთ რამეს ვუკრძალავთ, რაც მართლა აინტერესებს ბავშვს. ის მუდამ კვლევა-ძიებაშია, ხოლო ჩვენმა შეზღუდვებმა, ოჯახის ყოველდღიურმა რუტინამ, შეიძლება შეზღუდოს მისი განვითარება. ამაზე დაფიქრება დაგვეხმარება, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ბავშვის სამყარო.
ექსპერიმენტული გამოცდილება
“დღის ცენტრში” ბევრი ასეთი რამ აღმოვაჩინეთ – გვყავდა ბავშვები, რომლებიც გაოცდნენ ბალახის დანახვაზე და დიდხანს აკვრიდებოდნენ მას, რადგან არასდროს ენახათ. როდესაც რამდენიმე ბავშვს ხრეშზე სირბილი შევთავაზე, გიჟებივით დარბოდნენ, მათთვის ეს უცხო და ახალი შეგრძნება იყო, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.
ასეთ აქტივობებს სპეციფიკური მომზადება არ სჭირდება, მშობელმა ცოტა მეტის უფლება უნდა მისცეს ბავშვს. რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოებაც უნდა გაითვალისწინოს (მაიცდამაინც ძლიერ ქარში არ გაუშვან გარეთ, არ გააციონ და სხვა), მაგრამ ზოგიერთ სფეროში ექსპერიმენტული გამოცდილება აუცილებელია, ჩვენ კი ხშირად მხოლოდ სიტყვიერი ინსტურუქციებით (“არ მიხვიდე, დასველდები”, “არ გადახტე, გეტკინება”) ვიფარგლებით. თუ ბავშვს გამოცდილების დაგროვების საშუალება არ მივეცით, ან სულ კონკრეტული რამის ინტერსი ექნება, ან შეწყვეტს განვითარებას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია მისი გამოცდილება და გარემო, მით უფრო მზად იქნება ბავშვი ახლის ასათვისებლად და უკეთესად შეიმუშავებს სირთულეებისგან თავის დაღწევის სტრატეგიას. ასეთი გამოცდილება კი სკოლამ შესაძლოა ვერ მისცეს.
ვინც არ ჭამს
ჩვენი ცენტრის ზოგიერთი ბავშვი არ იმახსოვრებდა ან არ იყენებდა განსაზღვრულ სიტყვას. როდესაც დავფიქრდით, ამის მიზეზი აღმოვაჩინეთ – ბავშვის რეალობაში ეს სიტყვა არ ჯდებოდა, ამიტომ ვერ ხედავდა მოტივაციას, ესწავლა, არ უღირდა ამაზე ენერგიის ხარჯვა. ამიტომ ასეთი სიტყვები მივაბით მათთვის აქტუალურ თემებს, მაგალითად, ვასწავლით საჭმლის მომზადებას. ეს ძალიან კარგია იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც ყველაფერს არ ჭამენ, არჩევითად იკვებებიან.
მართალია, მშობლებისთვის ძნელია ბავშვის სამზარეულოში შეშვება, თუნდაც დროის თვალსაზრისით (ამ ამბავს საკმაო დრო მიაქვს), მაგრამ შედეგი ღირს ამად. ჯერ ერთი, ეს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია, დამოუკიდებლობა კი თვითმომსახურებას და თვითმოვლას გულისხმობს. ბავშვს უნდა შეეძლოს კარაქიანი პურის ან მარტივი სალათების მომზადება. ამასთან, აღმოჩნდა, რომ თუ ბავშვები ჩაერთვებიან საჭმლის კეთების პროცესში, შანსი იმისა, რომ გემოც გაუსინჯონ და მერე უკვე შეჭამონ კიდეც, ძალიან დიდია. დავიწყეთ მარტივით – ხილის სალათით: ორ ბანანს და რამდენიმე ვაშლს ჭრიდნენ, აურევდნენ ერთმანეთში, ზედ სხვადასხვა რამეს მოასხამდნენ და გაალამაზებდნენ. მოქმედებები ძალიან მარტივია და ბავშვებსაც მოსწონთ.
არის ცნობილი კულინარი ჯემი ოლივიე, რომელმაც შეიმუშავა მიმართულება food revolution. ის გვასწავლის, როგორ ჩავრთოთ ბავშვები საჭმლის მომზადების პროცესში სწორად.
მარტივი კერძის მომზადების პროცესს მივაბით სასწავლო პროცესიც, მაგალითად, საკვების შემადგენელ კომპონენტებს, ასევე მენიუში შემავალ სიტყვებს ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობდნენ, ვიდრე სხვებს, რადგან ეს სჭირდებოდათ. ციფრებსაც ძალიან სწრაფად ითვისებდნენ – რეცეპტებში იყო მითითებული (მაგალითად, ორი კოვზი შაქარი და ა.შ.).
არ დააძალოთ
რაც მთავარია ბავშვი კეთების პროცესშია ჩართული, ან ხელით ეხება პროდუქტს, მის სუნს გრძნობს. კიდევ ერთი, თუ გვინდა, რომ ბავშვმა ჭამა დაიწყოს, ვამზადებთ, მაგრამ არ ვაძალებთ, რადგან ეს მისთვის თამაშის პროცესია. შეიძლება ამ დროს მან გაჭრილი ვაშლითაც წაითამაშოს, მაგრამ ეს არ უნდა ავუკრძალოთ. მისთვის ეს სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს, რომლის დროსაც ხელები დაესვრება, რეცეპტორები კი ახალ შეგრძნებებს გაეცნობიან. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ბავშვი იწყებს ასეთი საკვების დაგემოვნებას. თურმე გემოვნების რეცეპტორები დღის განმავლობაშიც კი იცვლება, ამიტომ ერთი კერძი დღის განსაზღვრულ მონაკვეთში შეიძლება მოგეწონოს, სხვა დროს კი – არა, მით უმეტეს, თუ ახალია, და თუ ახალგასინჯული საკვები ბავშვს არ მოეწონა, ცუდად ამახსოვრდება და შესაძლოა, მისი გასინჯვა აღარასოდეს მოინდომოს. რაც უფრო დავაძალებთ რაიმის ჭამას, მით უფრო უარყოფით ემოციას გამოიწვევს ეს კერძი და უფრო შეიზიზღებს მას ბავშვი, ჩვენ კი ამ სურათის ამოტრიალებას ვცდილობთ, რომ საკვების მიღება სასიამოვნო პროცესი გახდეს.
შედეგმა გაგვაოცა, განსაკუთრებით – ხილის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხილი და რა ძნელია მისი დაყოლიება ჭამაზე. ცალკე რომ დაუდო, ეგებ პირი არ დააკაროს, მაგრამ როგორც კი სახალისო სალათის ფორმას მივცემთ, მაშინვე ჭამას იწყებს.
კიდევ ერთი: უფროსებს ხშირად გვავიწყდება მაგალითის მიცემა. დაუდეთ ბავშვს ვაშლი ან სხვა ხილი იქ, სადაც დღის განმავლობაში თამაშობს, მაგრამ ნუ დააძალებთ და თქვენც რომ გაივლით და გამოივლით, ხელს გააყოლეთ. თუ გემრიელად ჭამა იცით, ეს კიდევ უფრო გადამდებია.
მთავარი ფორმულა
საკვების მომზადებისას შეიძლება ცხელ ქვაბთან არ მიუშვა ბავშვი, მაგრამ მწვანილი დააჭრევინოთ ან დააგლეჯინოთ (ასე უფრო სასარგებლოა, მეტ ვიტამინს ინარჩუნებს) და მზა კერძზე მოაყრევინოთ ცოცხლად.
მთავარი ფორმულა ასეთია:
თუ პროცესი მიახლოებული იქნება თამაშთან, ნაკლები იქნება ძალდატანება და ბავშვი საბოლოო შედეგსაც დაინახავს, იმის ალბათობა, რომ მრავალფეროვანი საკვების ჭამას დაიწყებს, ძალიან დიდია.
შეგვიძლია, სალათებში ფანტაზიას დიდი გასაქანი მივცეთ. ყველა წამყვანი ავტორი აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი უნარი პიროვნების წამყვანი უნარია, სკოლამ კი ის შესაძლოა არ მისცეს. ის არ ისწავლება, ბუნებრივად უნდა განვითარდეს ადამიანში. კულინარია კი სუფთა შემოქმედებაა და თუ ნებაზე მივუშვებთ ბავშვებს, უფრო უკეთ განვითარდებიან. ითამაშონ, იფიქრონ, განსაკუთებით – პატარებმა, ჩვენ გვგონია, რომ აფუჭებენ პროდუქტებს, როდესაც ხელში სრესენ, არადა ესეც შემეცნების ნაწილია, ამით ეცნობა ბავშვი ფაქტურას. თუ ასეთი მომენტები არ გამოგვრჩება, პირიქით, ბავშვს ძიებისა და სწავლებისთვის ხელშემწყობ გარემოს შევუქმნით, ამით დიდად დავეხმარებით, იყოს უფრო თამამი, არ შეუშინდეს დაბრკოლებებს და ფანტაზიაც განუვითარდეს.
ისწავლოს შეცდომებზე
წარმატებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ არასოდეს ჩერდებოდნენ და თავისას ყოველთვის აღწევდნენ, რადგან ჯიუტად სჯეროდათ საკუთარი თავის. ასეთი უნარები დაბადებიდან უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს და ჩვენ საამისოდ ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ.
ხანდახან მშობლები ცდილობენ, შვილს მოკლე გზა აჩვენონ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ბავშვს შესაძლოა მართლაც მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ სამაგიეროდ ამ პროცესში ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაც თავად მშობელმაც არე იცის. ეს მას მომავალში გამოსადეგ ცოდნას მისცემს.
სამზარეულო – შემოქმედების სამყარო
გვეკითხებიან ხოლმე, როგორ ვახერხებთ სასწავლო პორცესის წარმართვას ასეთ ბავშვებთან.
სწორედ ასე, ჩამოთვლილი ელემენტებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სწავლების სამყაროს გახსნა. მაგრამ ათი წელი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად. მართალია, ირლანდიელი პარტნიორები თავიდანვე მიგვითითებდნენ ამ გზებზე, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი იყო, სანამ საკუთარი გამოცდილებით არ მოვედით აქამდე. ჩვენ რთულად წარმოგვედგინა, ბავშვებმა კი სულ სხვაგვარად გააკეთეს და თავად გვიჩვენეს გზა. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ რუტინითაა გარემოცული ბავშვი; ვეჩხუბებით, დიდხანს არ უყუროს ტელევიზორს, არ იჯდეს კომპიუტერთან, მაგრამ სანაცვლოს ვერაფერს ვთავაზობთ. ჩართეთ ბავშვები სამზარეულო საქმიანობაში – ძალიან საინტერესო სფეროა. საშუალება მიეცით, აღმოჩენები გააკეთოს სხვაგან განა სად შეიძლება ასე შემოქმედებითი უნარის გაშლა?
სათამაშო ინდუსტრიის მესვეურები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ როდესაც ბავშვი თამაშში წარმატებას აღწევს, მეტი და მეტი თამაში უნდება. ამიტომაა გაჯეტების ბიზნესი წარმატებული, განათლების ინდუსტრიაში კი ჯერჯერობით ვერ მივმხვდარვართ, რომ რაც უფრო წარმატებულია ბავშვი, მით უფრო ნაყოფიერად სწავლობს. ამიტომ გადაბარგდნენ ბავშვები თამაშების სამყაროში. ასე რომ არ მოხდეს, სახლშიც უნდა ვიპოვოთ ადგილები, სადაც ჩვენც და ბავშვიც წარმატებულები ვიქნებით, ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი სამზარეულოა.