დედობრივი ალღო
გააზიარე:
დედობრივ ინსტინქტს ხშირად წარმოაჩენენ როგორც ზებუნებრივ, თითქმის ჯადოსნურ კავშირს, რომელიც პირველივე წამებიდან ჩნდება დედასა და ახალშობილს შორის, თუმცა არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამ კავშირს კულტურიდან აღმოცენებულად მიიჩნევენ. "დედამ იცის" – ამ სიტყვების მიღმა ჩნდება კითხვა: მართლა იცის თუ დროთა განმავლობაში სწავლობს? პასუხის გასაცემად უნდა ჩავხედოთ ნეირომეცნიერებას, ჰორმონულ სისტემას, ევოლუციასა და ფსიქოლოგიას.
აღმოჩნდა, რომ ორსულობა ცვლის ქალის ტვინის სტრუქტურას. ცვლის იმგვარად, რომ დედა უფრო მკვეთრად შეიგრძნობდეს ახალშობილის საჭიროებებს და უფრო სწრაფად რეაგირებდეს მათზე.
როგორ იცვლება ტვინი ორსულობისას
2016 წელს Nature Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობა ამცირებს რუხი ნივთიერების ოდენობას ტვინის იმ უბნებში, რომლებიც სოციალურ აღქმასა და ემპათიას განაგებს. ეს ცვლილებები ტვინს “აწესრიგებს” – არღვევს ნაკლებად საჭირო კავშირებს და ტოვებს მხოლოდ იმას, რაც ბავშვის საჭიროებების სწრაფად აღქმაში გვეხმარება.
ამიტომ არის, რომ ბევრი ორსული და ახალბედა დედა თავისთვისვე მოულოდნელად ამჩნევს ბავშვის გამომეტყველების ცვლილებას, უცნაურ მოძრაობას, მანამდე გრძნობს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, სანამ აშკარა სიმპტომები იჩენდეს თავს.
ჰორმონების ამოფრქვევა და მათი გავლენა ინტუიციაზე
ორსულობისას ოქსიტოცინის დონე მკვეთრად იმატებს. ოქსიტოცინს სიყვარულის ჰორმონს უწოდებენ, რადგან აძლიერებს სიახლოვისა და მზრუნველობის აღქმას, ამძაფრებს სმენით, შეხებითა და სურნელით განცდილ შეგრძნებებს. სწორედ ეს ეხმარება დედებს, შვილთან კავშირი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში დაამყარონ.
სტრესის ჰორმონ კორტიზოლსაც აქვს თავისი ფუნქცია – ის ამძაფრებს აღქმას და აძლიერებს მკვეთრად რეაგირების უნარს, ამიტომ მისი ზომიერი მომატება საშუალებას გვაძლევს, ბავშვის ქცევაში მომხდარი უმცირესი ცვლილებებიც კი შევამჩნიოთ.
2010 წელს ჩატარებული კვლევის დროს (Kim et al., Behavioral Neuroscience) მეცმიერებმა MRI სკანირების გზით აჩვენეს, რომ დედის ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც ემპათიასა და მოტივაციასთან არიან დაკავშირებული (ამიგდალა, ორბიტოფრონტალური ქერქი), საკუთარი ახალშობილის ტირილზე უფრო ძლიერი რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხმაზე.
ევოლუციური მექანიზმი: გადარჩენის ინსტინქტი
დედობრივი ქცევა ევოლუციურად ჩამოყალიბდა როგორც გადარჩენის მექანიზმი, რადგან სიცოცხლის პირველ წლებში დედის გარეშე პატარა უბრალოდ ვერ გადარჩება.
ეს მექანიზმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცხოველების უდიდეს ნაწილთანაც კი ვხვდებით ანალოგიურ ქცევას, მაშინ როდესაც მათთვის ეს არავის უსწავლებია. რა არის ეს, თუ არა დედობრივი ინსტინქტი? ეს ინსტინქტი როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებშიც გენეტიკურად არის კოდირებული.
2003 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში (Numan & Insel, Nature) მეცნიერებმა ორსული ცხოველის ტვინში დაბლოკეს ოქსიტოცინის აღმქმელი რეცეპტორები. შედეგად დედამ არ მიიღო ახალშობილი და აღარ ზრუნავდა მასზე, მიუხედავად იმისა, რომ ის გვერდით ჰყავდა და ტიროდა. როცა ჰორმონზე რეაგირების მექანიზმი აღადგინეს, ცხოველსაც მყისიერად დაუბრუნდა დედობრივი ინსტინქტი.
ეს ნიშნავს, რომ დედობრივი ინსტინქტი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილება ან ნება – ეს არის ბიოქიმიური სისტემის ნაწილი, რომელიც არაცნობიერ დონეზე მოქმედებს.
მზადყოფნის სურვილი
ბევრ ქალს მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე უჩნდება ძლიერი მოთხოვნილება, ყველაფერი მოაწესრიგოს, მოაწყოს ბავშვის ოთახი, ჩაალაგოს ყველა საჭირო ნივთი, რაც სამშობიაროში დასჭირდება.
ეს ინსტინქტური ქცევაა, რომელიც ცხოველებთანაც შეინიშნება – დედა ცდილობს, შვილი დაბადებისთანავე უსაფრთხო და ახალშობილის საჭიროებებს მისადაგებულ გარემოში ჰყავდეს.
ემოციური სიფრთხილე
ხდება ხოლმე, რომ დედებს ზოგი ადამიანის მიმართ უნდობლობა უჩნდებათ. არ სურთ, ეს ადამიანები მათი შვილის გვერდით იყვნენ, არ მოსწონთ მათი აურა.
თუ ოდესმე მსგავსი შეგრძნება დაგეუფლებათ, არ უგულებელყოთ, ტაქტიანად მოახერხეთ, რომ თავადაც მოერიდოთ და ბავშვიც მოარიდოთ იმ ადამიანს, რომელიც ემოციურ დისკომფორტს გიქმნით.
როგორ გავაძლიეროთ დედობრივი ალღო
დედის ინტუიცია ბუნებრივად იღვიძებს, მაგრამ მასზე ფოკუსირება და მისი განვითარება გააზრებულადაც შესაძლებელია.
* მოუსმინეთ თქვენს არაცნობიერს. ყოველდღე რამდენიმე წუთით დაჯექით სიჩუმეში, კონცენტრირდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: "როგორ ვგრძნობ თავს? რას მეუბნება ჩემი არაცნობიერი? რატომ ავღელდი ამ ადამიანის ჩემს შვილთან კონტაქტის დროს? იქნებ რამე ჟესტი გამომეპარა? რატომ ვარ ასე აფორიაქებული, რეალურად ხომ არაფერი ხდება?"
* აწარმოეთ შეგრძნებების დღიური, რომელშიც ჩაინიშნავთ თქვენს ყველა უცნაურ და თითქოსდა უსაფუძვლო შეგრძნებას. თუ ასეთმა შეგრძნებებმა ისევ იჩინა თავი, დაუბრუნდით ამ ჩანაწერებს და შესაძლოა, საინტერესო კავშირებიც იპოვოთ.
* გაფილტრეთ ინფორმაცია. ინტერნეტში უამრავი რჩევაა, მაგრამ ზოგჯერ მათი სიმრავლე თქვენს შინაგან ხმას ფარავს. თუ გრძნობთ, რომ რაიმე ინფორმაცია ან რჩევა შორსაა თქვენი ბუნებისგან, ჰკითხეთ თქვენს თავს: "შეგვეფერება ეს რჩევა მე და ჩემს შვილს?" – და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
ლიკა ქათამაძე











