რას გვიამბობს სისხლი

გააზიარე:

რა ვიცით სისხლზე? – ვიცით, რომ თითის გაჭრისას იღვრება, ვიცით, რომ დროდადრო მის ანალიზს აკეთებენ და, რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთ-ერთი კომპონენტია შურისძიებისა, რომელსაც “სისხლის აღებას” უწოდებენ.
სისხლის აღების დეტალებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ, სამაგიეროდ სისხლის შემადგენლობაზე მოგიყვებით.

წარმატებული მიქსი
სისხლი სხვადასხვა კომპონენტის ნარევია. მის “მოსამზადებლად” დაგჭირდებათ: 

. წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები;
. თეთრი უჯრედები ანუ ლეიკოციტები;
. თრომბოციტები;
. პლაზმა.
ეს ის “ინგრედიენტებია”, რომლებიც უნივერსალურ პროდუქტს – სისხლს ქმნიან. სამზარეულო კი, სადაც სისხლი იწარმოება, ძვლის ტვინია. სწორედ აქ წარმოიქმნება სისხლის ფორმიანი ნაწილაკები. პლაზმა კი სხვა არაფერია, თუ არა ნაწლავებიდან შეწოვილი სითხე, რომელიც სისხლძარღვებში ხვდება.
ეს ყველაზე წარმატებული ბუნებრივი მიქსი სისხლძარღვებში მიედინება (ამას გული აიძულებს, რომელიც ტუმბოს პრინციპით მუშაობს) და უჯრედებს ჟანგბადითა და სხვადასხვა ნივთიერებით ამდიდრებს. მარტივად რომ ვთქვათ, კვებავს.

ინგრედიენტების ამბავი
ერითროციტები ჩაფუშულ, ცალ მხარეს ჩაჭყლეტილ ბურთებს მოგვაგონებენ. წითელ შეფერილობას კი ჰემოგლობინს (ცილოვან ნივთიერებას) უნდა უმადლოდნენ. სხვათა შორის, ჟანგბადს აქეთ-იქით სწორედ ჰემოგლობინი დაატარებს. არ გეგონოთ, ქაოსურად – არა, სავსებით მოწესრიგებულად: ფილტვებში ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ორგანიზმის ყველა კუთხე-კუნჭულამდე მიდის, უკანა გზაზე კი სისხლის წითელი უჯრედები ნახშირორჟანგით დამძიმებულები მიიწევენ ფილტვებისკენ...
ლეიკოციტები უმთავრესად ინფექციებთან ბრძოლაში არიან გაწაფულები. ამიტომაც არის, რომ ინფექციური პროცესის დროს ერთბაშად გამრავლდებიან ხოლმე და გასაქანს არ აძლევენ ბაქტერიებსა და ვირუსებს. ერითროციტებისგან განსხვავებით, ლეიკოციტები სხვადასხვანაირნი არიან: გრანულოციტები, ლიმფოციტები, მონოციტები. თითოეულ მათგანს აგრესიულ ინფექციებთან ბრძოლის ინდივიდუალური ტაქტიკა აქვს. მაგალითად, გრანულოციტები პირდაპირ ეკვეთებიან მტერს. წარმოიდგინეთ ჭრილობა, რომელიც შეწითლებული და შესივებულია. ეს სწორედ გრანულოციტების ბრალია, რომლებიც დაზიანების კერაში შეიჭრნენ და ინფექციას შეუტიეს. ჭრილობა ამ დროს ფაქტობრივად ბრძოლის ველია.
ლიმფოციტებს შედარებით დახვეწილი საბრძოლო ტაქტიკა აქვთ. ისინი ორი ტიპისანი არიან: B უჯრედები და T
 უჯრედები. საკმარისია, ორგანიზმში უცხო სხეული (ბაქტერია, ვირუსი) მოხვდეს, რომ B უჯრედები სპეციალური ცილოვანი ნივთიერებების – ანტისხეულების გამომუშავებას იწყებენ. სწორედ ისინი ამოიცნობენ კონკრეტულ მტერს და ანადგურებენ მათ. B ლიმფოციტებს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვთ: მტერს იმახსოვრებენ.  საკმარისია, ორგანიზმში ნაცნობი ინფექცია (ანუ ნაცნობი ანტიგენის მქონე მიკრობი) შეიჭრას, რომ უმალვე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდება (ანუ ინფექციასთან ბრძოლა პირველ ჯერზე სწრაფად დაიწყება).
თრომბოციტები, სისხლის ფირფიტები, სისხლის შედედებაში მონაწილეობენ. სწორედ მათი დამსახურებაა თრომბის წარმოქმნა. საკმარისია, ჭრილობა გაჩნდეს, რომ დაზიანებულ ქსოვილებთან ახლოს მყოფი თრომბოციტები ელვის სისწრაფით უხმობენ თანამოძმეებს ინციდენტის ადგილას. საქმეში შედედების ფაქტორებიც ჩაერთვებიან, თრომბოციტებს შორის ცილოვანი ძაფები გაიჭიმება და შედეგად ჩამოყალიბდება თრომბი – შესქელებული სისხლის გუნდა, რომელიც მოგვიანებით ხმება და ძვრება.
სისხლის უჯრედები მოყვითალო სითხეში – პლაზმაში დაცურავენ. პლაზმაში ვიპოვით აგრეთვე საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებს, ცილოვან სტრუქტურებს, ცვლის პროდუქტებს...


ერთი ჩხვლეტაც კმარა...
 ნეტავ რას ეუბნება ექიმს სისხლის ციცქნა წვეთი? როგორც ჩანს, ეს წითელი სითხე უდიდესი ინფორმაციის მატარებელია, სპეციალისტებს დიაგნოზის დასმაშიც ეხმარება და მკურნალობაშიც. მისი წყალობით ლაბორატორიის თანამშრომლებს ფრიად საინტერესო სამუშაო აქვთ – ჩაიხედონ ადამიანის ორგანიზმში, აღმოაჩინონ და გაშიფრონ ინფორმაცია...
სისხლის ანალიზის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი ექიმ-ლაბორანტი ნანა ძნელაძე.

. სისხლის ანალიზი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე განსაზღვრულ წარმოდგენას გვიქმნის. მაინც რა არის სისხლი, რა ფუნქციები აკისრია მას და რა მნიშვნელობა აქვს სისხლის გამოკვლევას დიაგნოსტიკისთვის?
– სისხლი ორგანიზმის თხიერი ქსოვილია, რომელიც პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისგან შედგება, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულირებს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს:
. სატრანსპორტოს – ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. მისი საშუალებით გადაადგილდებიან ჰორმონებიც, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესებს აკონტროლებენ;
. თერმორეგულაციურს – აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას;
. დამცველობითს – იცავს ორგანიზმს ინფექციური აგენტებისგან;
. ჰუმორულს – სასიგნალო ნივთიერებათა გადაცემით ერთმანეთთან აკავშირებს ორგანოებსა და სისტემებს; 
 . გამომყოფს – ქსოვილებიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.
აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის სხვადასხვა პარამეტრის დადგენა – უამისოდ დიაგნოზის დასმა პრაქტიკულად შეუძლებელია.
. უმთავრესად რა ტიპის გამოკვლევა ტარდება?
– უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სიხლის საერთო ანალიზი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ლაბორატორიული ტესტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური გამოკვლევები.
.  რას ვიკვლევთ სისხლის საერთო ანალიზით და რა  სახის ცვლილებები შეიძლება აღმოვაჩინოთ ამ გამოკვლევისას?
– სისხლის საერთო ანალიზი წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო ჰემატოლოგიურ, არამედ ორგანიზმის სხვა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზეც. მისი ჩატარება აუცილებელია არა მხოლოდ ამა თუ იმ დაავადების გამოსავლენად, არამედ მისი მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლადაც.
სისხლის საერთო ანალიზით განისაზღვრება სისხლის ფორმიანი ელემენტების – ერითროციტების, ლეიკოციტებისა და  თრომბოციტების რაოდენობა, ასევე  – ლეიკოციტების ფორმების, გრანულოციტებისა და აგრანულოციტების, აბსოლუტური და პროცენტული მაჩვენებლები. ამავე დროს სისხლის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვთვალოთ არაერთი სხვა პარამეტრი, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლის უჯრედული შემადგენლობა ნორმირებული და მუდმივია და ძირითადად პათოლოგიური პროცესების დროს იცვლება, თუ არ ჩავთლით ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მაგალითად, მაღალ მთაზე ასვლისას იცვლება ჰემოგლობინის დონე და ერითროციტების რაოდენობა. ცვლილებებს განიცდის სისხლი რენტგენოლოგიური და ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგაც.
. უმთავრესად რა სახის ცვლილებებს განიცდის სისხლის ფორმიანი ელემენტები და რატომ? 
– ერითროციტების რაოდენობის შემცურებას ანემია ეწოდება. მას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ მიზეზთა შესაბამისად გამოყოფენ ანემიის რამდენიმე ტიპს. ესენია: ერითროციტების წარმოქმნის დაქვეითებით გამოწვეული ანემიები, ჰემოლიზური ანუ ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემიები, პოსტჰემორაგიული ანუ სისხლის მწვავე ან ქრონიკული, ხანგრძლივი  დაკარგვით გამოწვეული ანემიები.
ერითროციტების რაოდენობის მომატებას კი ერითროციტოზი ჰქვია. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გულის მანკის, ფილტვის ამა თუ იმ დაავადების, სისხლმბადი სისტემის  პათოლოგიის, მაგალითად, ვაკეზის დაავადების დროს.
ერითროციტებმა, გარდა რაოდენობრივი ცვლილებებისა, შესაძლოა იცვალოს ზომა და ფორმაც, რასაც ასევე  დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს.
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითებას ლეიკოპენია ეწოდება, მომატებას – ლეიკოციტოზი. ორივე მოვლენა პათოლოგიურიც შეიძლება იყოს და ფიზიოლოგიურიც. პათოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება სხვადასხვა ტიპის მწვავე და ქრონიკული ლეიკოზების, ლეიკემოიდური რეაქციების (ეს არის დროებითი ცვლილებები პერიფერიულ სისხლში, რომლებიც ლეიკოზს წააგავს), ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებში, ასევე ორსულებში (II ტრიმესტრში).
პათოლოგიური ლეიკოპენია თან სდევს ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიურ და აპლაზიურ მდგომარეობას, ზოგიერთ ვირუსულ ინფექციას, აგრანულოციტოზს, ხოლო ფიზიოლოგიური – შიმშილს. ლეიკოციტების შემცირება შესაძლოა მემკვიდრეობითი ხასიათისაც იყოს.
თრომბოციტების რაოდენობის მომატებას თრომბოციტოზი ეწოდება, დაკლებას – თრომბოციტოპენია. თრომბოციტებს შესწევთ უნარი, მიეწებონ ერთმანეთს (აგრეგაცია) და უცხო ზედაპირს (ადჰეზია), გამოიმუშაონ შედედების თრომბოციტული ფაქტორები და გადაიტანონ პლაზმური ფაქტორები,  აღადგინონ დაზიანებული სისხლძარღვი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თრომბოციტების ნორმალური რაოდენობის ფონზე ვითარდება ჰიპოკოაგულაცია, რასაც თრომბოციტების ფუნქციური არასრულფასოვნება განაპირობებს.
. სისხლს საერთო ანალიზისთვის წინათ არათითიდან იღებდნენ, ბოლო ხანს კი ვენიდან, რატომ, ვენიდან აღებული სისხლის ანალიზი უფრო ზუსტია?
– მართალი ბრძანდებით, წინათ საერთო ანალიზს ძირითადად კაპილარულ სისხლზე ატარებდნენ, დღესდღეობით კი ეს გამოკვლევა თანამედროვე ჰემატოლოგიური ანალიზატორების მეშვეობით ტარდება, ამიტომ ვენური სისხლის გამოყენებაა მიზანშეწონილი. ანალიზატორზე შესრულებული კვლევა ზუსტი და ძალიან ინფორმაციულია. ობიექტური შეცდომები, რომლებიც მანუალური მეთოდით კვლევისას მოსდიოდათ, პრაქტიკულად გამორიცხულია, თანაც ვიღებთ მონაცემებს ისეთი პარამეტრების შესახებ, რომელთა გამოკვლევაც მანუალური მეთოდით შეუძლებელი გახლდათ. წინათ ის დამატებით მეთოდად ითვლებოდა ისეთი პარამეტრების განსაზღვრისთვის, როგორიც არის ჰემატოკრიტი, ერითროციტების საშუალო მოცულობა, ერითროციტების განაწილების ფართობი, თრომბოკრიტი, ამ მონაცემებს კი მართლაც დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს.
.  როდის არის საჭირო ძვლის ტვინის გამოკვლევა? რამდენად რთულია ეს პროცედურა?
   – სისხლწარმომქმნელი სისტემის სიმსივნური პროცესების ხასიათისა და ტიპის დასადგენად უმეტესად აუცილებელია ძვლის ტვინის პუნქტატის შესწავლა ან ტრეპანობიოფსია.
 ძვლის ტვინის აღება საკმაოდ ინვაზიური პროცესია. საკვლევ მასალას მეტწილად წინასწარი პრემედიკაციის ფონზე მკერდის ძვლიდან კასირსკის ნემსით იღებენ. ამ ნემსით ჩატარებული პროცედურა მოხერხებული და უსაფრთხოა. თუ პუნქციის შედეგად დიაგნოზის დაზუსტება ვერ მოხერხდა, მიმართავენ ტრეპანობიოფსიას და მასალის ჰისტოლოგიურ შესწავლას. ამ მეთოდით ძვლის ტვინის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ზოგიერთი ტიპის ლეიკოზი, ჰიპოპლაზიური და აპლაზიური პროცესები და სხვა.
. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ქოლესტეროლზე როგორც ათეროსკლეროზის გამომწვევ ძირითად ფაქტორზე, ხშირად ნიშნავენ კვლევას, რომელიც სისხლში ლიპიდების დონის შესწავლას ისახავს მიზნად. რას გვეტყოდით ამ ტიპის კვლევების შესახებ? რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი?
– ლიპიდები ორგანული ნაერთებია, რომლებიც ცილებსა და ნახშირწყლებთან ერთად უჯრედის მემბრანის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს.
ცხიმებს ანუ ლიპიდებს ორგანიზმი უმთავრესად საკვების საშუალებით იღებს, თუმცა ისინი ორგანიზმშიც გამომუშავდება. სისხლის მიერ ტრანსპორტირებული ლიპიდები ხვდებიან ქსოვილებსა და ორგანოებში, იქ გარდაიქმნებიან ნივთიერებებად, რომლებიც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება ან მარაგად ლაგდებიან.
სისხლში მიმოიქცევა ლიპიდების ყველა ფრაქცია, რომელსაც კი შეიცავს ადამიანის ქსოვილები. ესენია ტრიგლიცერიდები – სისხლის პლაზმის ძირითადი ლიპიდები, ქოლესტეროლი, ქოლესტეროლის და ფოსფოლპიდების ეთერები, ცხიმოვანი მჟავები. ლიპიდების დიდი ნაწილი წარმოადგენს ლიპოპროტეინებს, რომლებიც შრატის ალფა და  ბეტა გლობულინებთან არიან დაკავშირებულნი, ამიტომ მათ ალფა და  ბეტა ლიპოპროტეინებსაც უწოდებენ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენლობით, მოლეკულის ფორმითა და ზომით. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს “კარგ” ქოლესტეროლს უწოდებენ, დაბალი სიმკვრივისას კი “ცუდს”.
ლიპიდებს შორის ნორმალური თანაფარდობის დარღვევას დისლიპიდემია ეწოდება. ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მაღალი დონე ათეროსკლეროზის მაღალ რისკთან ასოცირდება.
ათეროსკლეროზი არტერიული სისტემის დაავადებაა, რომელსაც სისხლძარღვის კედელში ტიპური კერების – ათეროსკლეროზული ფოლაქების – გაჩენა ახასიათებს. დისლიპიდემიის მოწესრიგება ანელებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ზრდას და ხშირად მათ რეგრესიასაც კი იწვევს.
ლიპიდებს შორის ნორმალური თანაფარდობა ირღვევა ძლიერი გაცხიმოვნების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს.
საზოგადოდ, სისხლში ლიპიდების რაოდენობა მერყევია და საკვებში ცხიმის რაოდენობაზე, ანალიზის აღების დროსა და პირობებზეა დამოკიდებული, ამიტომ ლიპიდური სპექტრის შესასწავლად სისხლი უნდა ავიღოთ უზმოზე, საკვების ბოლო მიღებიდან 10-14 საათის შემდეგ.
. რა არის ჰორმონები და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი მათ გამოსაკვლევად სისხლის ასაღებად?
– ჰორმონები ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციის პროდუქტებია, რომლებიც სისხლში გამოიყოფა და მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობა ახასიათებს. ჰორმონები მოქმედებენ ე. წ. სამიზნე ორგანოზე და მათში მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევენ. ჰორმონების ჭარბი ან ნაკლული გამომუშავება შესაძლოა ამა თუ იმ დაავადების მიზეზად იქცეს. ვინაიდან ზოგიერთ ჰორმონს რამდენიმე სამიზნე ორგანო აქვს, ფიზიოლოგიური ცვლილებები ფუნქციათა მთელ წყებაზე აისახება ხოლმე.
ლაბორატორიულად შესაძლებელია სხვადასხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლისა თუ თავად მაკონტროლებელი ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული ჰორმონების გამოკვლევა: ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონებისა, სასქესო ჰორმონებისა, კუჭქვეშა ჯირკვლის თუ თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებისა... ზოგიერთი ჰორმონის გამოკვლევისას რეკომენდებულია განსაზღვრული წესების დაცვა, რომლებიც პაციენტს აუცილებლად უნდა გავაცნოთ. მაგალითად, სასქესო ჰორმონების გამოკვლევა რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის განსაზღვრულ პერიოდში, პროლაქტინისა – ციკლის I-II ფაზაში, უზმოზე, მხოლოდ დილით. უშუალოდ სისხლის აღების წინ ქალი 30 წუთი მოსვენებული უნდა იყოს, რადგან ფიზიოლოგიური და ემოციური დატვირთვა გამოკვლევის შედეგებზე ახდენს გავლენას. ასევე მნიშვნელოვანია დღე-ღამის რიტმისა და კვების რეჟიმის გათვალისწინება.
.  რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– არსებობს გამოკვლევები, რომლებსაც ადამიანი უნდა იტარებდეს არა მხოლოდ ჩივილების არსებობისას, არამედ  პროფილაქტიკის მიზნით, განსაზღვრული პერიოდულობით. ასეთია სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა. ასაკთან ერთად, ასევე რისკის ფაქტორების არსებობისას გამოკვლევათა ნუსხა უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც ადამიანმა სპეციალისტს უნდა მიმართოს.

შეაჩერე!
სხვადასხვა სახის ჭრილობიდან განსხვავებული რაოდენობის სისხლი იკარგება. კაპილარის დაზიანებისას სისხლი ძალიან ნელა ჟონავს, ამიტომ თუ შედედების სისტემა ნორმალურად მუშაობს, წარმოქმნილი თრომბი რამდენიმე წუთში გადაკეტავს სისხლძარღვის სანათურს და სისხლდენა წყდება. 
ძლიერი სისხლდენის დროს კი ასე დაეხმარეთ მეგობარს, მეზობელს, უბრალოდ, გამვლელს: 
- ჭრილობიდან მოაცილეთ ნებისმიერი ხილული ჭუჭყი და სხვა ნაწილაკები. ნუ ეცდებით, მოსინჯოთ ჭრილობის სიღრმე ან მისი გასუფთავება დაიწყოთ. 
- ძლიერად დააწექით ჭრილობას სტერილური ბინტით, სუფთა ნაჭრით. თუ შესაფერისი ვერაფერი იპოვეთ _ ხელით.
- ზეწოლა სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე უნდა გაგრძელდეს. როცა სისხლდენა შეწყდება, ჭრილობა სტერილური ბინტით (ან სუფთა ქსოვილით) მჭიდროდ გადაახვიეთ. 
- ნუ მოაცილებთ სისხლით დასველებულ დოლბანდს ან ბინტს. 
- დააწვინეთ დაშავებული. უმჯობესია, ისე მოათავსოთ, რომ თავი სხეულზე დაბლა ჰქონდეს, ან ფეხები აუწიოთ. 
- რაც არ უნდა რკინის გული გქონდეთ და ბავშვობიდან ქირურგობაზე ოცნებობდეთ, ნუ ეცდებით გადაადგილებული ორგანოების ჩასწორებას. 
- თუ უშუალო ზეწოლა სისხლდენას ვერ აჩერებს, დაზიანებულ არეში სისხლის შემომტან არტერიას დააჭირეთ ხელი. ამისთვის დააწექით წერტილებს, სადაც პულსი ისინჯება. აქ არტერია ძვალთან ახლოს გადის და მისი გადაკეტვა შედარებით ადვილია. თითები გამართული გქონდეთ, მეორე ხელით კი ჭრილობაზე ზეწოლა განაგრძეთ. 
-თუ სისხლდენა შეწყდა, მოახდინეთ სხეულის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაცია (მოძრაობის შეზღუდვა, მაგალითად, მიმაგრებით) და დაშავებული სასწრაფოდ წაიყვანეთ საავადმყოფოში.

ახალი სისხლი
ის ყველგან ამართლებს – პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც და, როგორც ამბობენ, ვამპირებსაც სწორედ ის მოსწონთ :) მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში თუ “ახალი სისხლი” მხოლოდ ხატოვანი გამოთქმაა (ვამპირების შესახებ ყურმოკრულ ინფორმაციას თუ არ ჩავთვლით), მედიცინაში ის პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და უდიდესი ფუნქციაც აკისრია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
სისხლის გადასხმას ანუ ჰემოტრანსფუზიას (მარტივად – ტრანსფუზიას) სისხლის დაკარგვის დროს მიმართავენ. ახალი სისხლის საჭიროება იმდენად დიდია, რომ სპეციალური ბანკებიც კი შეიქმნა, სადაც ესოდენ საჭირო თხევადი ქსოვილის მარაგი ინახება. თუ სტატისტიკის ლიდერებს – ამერიკელებს დავუჯერებთ, აშშ-ში ჰემოტრანსფუზია ყოველწლიურად 5 მილიონ ადამიანს უტარდება. ექიმები ყოველდღიურად სისხლის წითელი სხეულების 38 000 ერთეულს (1 ერთეული დაახლოებით ნახევარი ლიტრია) უსხამენ. კლინიკებს წელიწადში სულ 29 მილიონი ერთეული სისხლი ან მისი ცალკეული კომპონენტი სჭირდებათ.

ხელოვნური ანალოგი?!
ამთავითვე გაგიმხელთ, ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ექიმებს რამდენიმე ალტერნატივა მაინც აქვთ, ნაკლებად კრიტიკულ შემთხვევებში სისხლის გადასხმა თავიდან რომ აიცილონ ან გადაავადონ.
. მოცულობის შემავსებლები: ძლიერი სისხლდენის, დამწვრობის შემთხვევაში შოკს უპირველეს ყოვლისა მოცირკულირე სისხლის ოდენობის შემცირება იწვევს. გაუწყლოებით მიმდინარე დაავადებების დროს სისხლის ფორმიანი ელემენტების დანაკლისი საერთოდ არ შეიმჩნევა. ამ დროს ექიმები, ჩვეულებრივ, მარილიან ხსნარებს იყენებენ, მაგალითად, ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომელიც სუფრის მარილის წყალხსნარს წარმოადგენს ან რინგერ-ლაქტატს (მარილწყალს სხვა მინერალებიც აქვს დამატებული). მოცულობის შესავსებად ასევე იყენებენ ალბუმინს, რეოპოლიგლუკინს. ეს ხსნარები სწრაფად ავსებს სისხლძარღვებს, იშვიათად იწვევს გართულებებს, არც თავსებადობის გათვალისწინებაა საჭირო.
მაგრამ მარილიანი ხსნარი სისხლი რომ არ არის, თავადაც მიხვდებით. პირველი შოკიდან შესაძლოა გამოიყვანოს, მაგრამ, მაგალითად, სისხლდენისას ჟანგბადს ვერ გადაიტანს, შესაბამისად, უჯრედებს საჭირო ნივთიერებებსაც ვერ მიაწვდის.
. ზრდის ფაქტორები. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს ჰორმონისმაგვარ ნივთიერებებს – ე. წ. ჰემოპოეზურ (სისხლის წარმომქმნელ) ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ძვლის ტვინს აიძულებს, სისხლის მეტი უჯრედი წარმოქმნას. ასეთი ნივთიერებები უკვე ლაბორატორიაშიც გამოიყვანეს და მათი გამოყენება სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია, მაგრამ სავსებით გასაგები მიზეზით სიტუაციის გამოსასწორებლად ამ შემთხვევაში რამდენიმე დღეა საჭირო, რასაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ვერ დაელოდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ზოგიერთი დაავადების დროს ძვლის ტვინი ისეა გამოფიტული, ჰორმონებზე ვეღარც კი რეაგირებს, თანაც სიმსივნური პროცესების დროს ეს მედიკამენტი სიმსივნური უჯრედების ზრდასაც აჩქარებს.
. აუტოლოგიური (თქვენივე) სისხლი. ზოგჯერ დანაკარგის შესავსებად საკუთარი სისხლის გამოყენებაა შესაძლებელი. გეგმური ოპერაციების დროს სისხლს ზოგჯერ წინასწარ იღებენ, ზოგჯერ კი ოპერაციის დროს დაკარგულ სისხლს სპეციალური მოწყობილობა აგროვებს, ასუფთავებს და უკანვე გიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა სხვისი სისხლი აღარც დაგჭირდეთ.
როგორც ხედავთ, ალტერნატიული გზა ძალიან ცოტაა, ამიტომ დონორის სისხლი კვლავაც დანაკლისის აღსადგენ შეუცვლელ საშუალებად მიიჩნევა. ბევრი მას სიცოცხლესაც კი უმადლის.

ასეც ხდება
ზოგჯერ ტრანსფუზია სისხლის მთელი მასის გადასხმას არ გულისხმობს. შესაძლოა ადამიანს მხოლოდ ერითროციტების, თრომბოციტების ან პლაზმის დანაკლისის შევსება სჭირდებოდეს. მაგალითად, ჰემოფილიის დროს, როდესაც სისხლის შედედების პროცესია დარღვეული, პლაზმის გადასხმაც კმარა, რადგან შედედების ფაქტორები სწორედ მასშია თავმოყრილი.

თავსებად-შეგუებადი
ბრაზილიური და  მექსიკური სერიალებისთვის ალბათ ერთხელ მაინც შეგივლიათ თვალი. მეზობელი მაინც მოგიყვებოდათ... თუ არა და გეტყვით: თითქმის ყველა მათგანს მსგავსი შინაარსი აქვს – მთავარ გმირს ან ამნეზია ემართება, ან ავარიის მსხვერპლი ხდება, მძიმედ შავდება და სისხლის გადასხმა სჭირდება. სწორედ ამ დროს ირკვევა, რომ ნაშვილებია და მხოლოდ ბიოლოგიურ მშობელს შეუძლია მისთვის სისხლი გაიღოს...
ერთი სიტყვით, ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშეც აშკარაა, რომ ადამიანს ნებისმიერი სხვა ადამიანის სისხლს ვერ გადავუსხამთ. ტრანსფუზია მეტად საპასუხისმგებლო, მკაცრ კანონებს დაქვემდებარებული პროცესია.
ექიმი თავდაპირველად იმის გარკვევას ცდილობს, რომელი ჯგუფის და როგორი რეზუსის სისხლი აქვს პაციენტს.
ჯერ სისხლის ჯგუფებში გაგარკვევთ. იმას, რასაც საბჭოთა სამედიცინო სკოლა I, II, III და IV ჯგუფს უწოდებდა, ევროპასა და აშშ-ში 0, A, B და AB ჯგუფებად მოიხსენიებენ. ეს აღნიშვნა ანტისხეულების არსებობა-არარსებობაზე მოგვითითებს. 0 ჯგუფის სისხლში არც A ანტისხეულებია და არც B. დანარჩენების შემადგენლობას თავადაც ხვდებით…
სისხლი, რომელიც ანტისხეულებს სრულებით არ შეიცავს, ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლის პატრონს შეიძლება გადაესხას. ადამიანი, რომელსაც 0 ჯგუფის სისხლი აქვს, “უნივერსალური დონორის” საპატიო წოდებით სარგებლობს.
როგორც ჩანს, ბუნებამაც იზრუნა ადამიანებზე – სისხლი, რომელიც ყველასთვის თავსებადია, ყველაზე გავრცელებულიც არის.
A ჯგუფის სისხლის გადასხმა შესაძლებელია A, B და AB ჯგუფის სისხლის პატრონებისთვის, B ჯგუფი ეთავსება B-სა და AB-ს, ხოლო AB ვარგისი მხოლოდ და მხოლოდ ანალოგიური შემადგენლობის სისხლის პატრონს თუ გამოადგება. სამაგიეროდ, IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი ფლობს ტიტულს “უნივერსალური რეციპიენტი”. მას ნებისმიერი ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია რეზუს-ფაქტორის არსებობა-არარსებობის განსაზღვრაც. რეზუს-ფაქტორი განსაკუთრებული  ცილოვანი ნივთიერებაა, რომელსაც სისხლი შეიცავს. სახელწოდებას იგი მაკაკა რეზუსს უნდა უმადლოდეს, რომლის სისხლშიც ის პირველად აღმოაჩინეს.
ზემოხსენებული ცილოვანი ნივთიერება, რომელსაც D ანტიგენსაც უწოდებენ, ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) ზედაპირზეა მოთავსებული. ზოგ ადამიანს ეს ცილა აქვს, ზოგს კი არა. ის, ვისაც ბედმა გაუღიმა და ერითროციტებზე D ანტიგენი აღმოაჩნდა (ასეთია მთელი მოსახლეობის დაახლოებით 85%), რეზუსდადებითია, ხოლო დანარჩენი 15% – რეზუსუარყოფითი.

“სუფთა” დონორი
თავიდანვე გეტყვით, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო სისხლი არ არსებობს. სისხლის ბანკთა ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, შიდსის ვირუსით ინფიცირების შანსი ყოველ 500 000 გადასხმულ ერთეულზე ერთი გახლდათ, ტესტირების ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ კი 1,9 მლნ-ზე ერთი გახდა. ამრიგად, მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ციფრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი სახარბიელო სტატისტიკით ვერ დავიკვეხნით.
ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სისხლი ჩვენშიც გადის შემოწმებას. აუცილებელი გამოკვლევების ნუსხა მოიცავს სიფილისის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის დასადგენ ტესტებს. ძირითადი მეთოდი ჩვენშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ანტისხეულების აღმოჩენას ემყარება. ეს მეთოდი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ ვინაიდან ანტისხეულების დაგროვებას დრო სჭირდება, – ვთქვათ, აივ ინფექციის დროს ეს პერიოდი 20-დან 80 დღემდეც შეიძლება გაგრძელდეს, – მთელი ამ ხნის განმავლობაში აღებული სისხლი აივ-ნეგატიური იქნება, თუმცა ვირუსს უკვე შეიცავს და, შესაბამისად, დაავადების გამოწვევაც შეუძლია.
აშშ-ში შიდს-ისა და C ჰეპატიტის ვირუსების დასადგენად უზუსტესი მეთოდი დაინერგა. ის ანტისხეულებს კი არა, უშუალოდ ვირუსს (უფრო სწორად, მის გენეტიკურ მასალას) ეძებს. შედეგად 80-დღიანი პერიოდი ერთ კვირამდე მცირდება. რა თქმა უნდა, სისხლის ფასიც გაცილებით იმატებს…
თუ სისხლის ჩაბარება განიზრახეთ, გაითვალისწინეთ, რომ:
. თქვენი ასაკი უნდა აღემატებოდეს 17 წელს (აშშ-ში მშობლის ნებართვით 16 წლის მოზარდსაც შეუძლია სისხლის გაცემა), ხოლო წონა – 50 კგ-ს.
. არ უნდა გქონდეთ ანემია. ნებისმიერი სხვა დაავადების შემთხვევაშიც ექიმი აუცილებლად გააფრთხილეთ. 
თუ სავსებით ჯანმრთელი, თანაც შესაფერისი ასაკისა და წონის ბრძანდებით, ამერიკული სტანდარტით, შეგიძლიათ სისხლი 56 დღეში ერთხელ გასცეთ. ტრანსფუზიის შემდეგ კი უთუოდ დაისვენეთ და ჯეროვნად იკვებეთ.
ითვლება, რომ პლაზმის დანაკარგი ტრანსფუზიიდან 72 საათის განმავლობაში აღდგება, ხოლო ერითროციტების მოცულობა 4-8 კვირაში უბრუნდება ნორმას.

გააზიარე: