ლამაზი თუ საშიში?
გააზიარე:
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ხალი რომ არ ჰქონდეს, მაგრამ ზოგს თუ თითო-ოროლას ძლივს უპოვით მთელ სხეულზე, ზოგს იმდენი აქვს, ვერც კი დაუთვლით. ხშირად ქალები თავს იწონებენ რომელიმე ხალით ან, პირიქით, არასასურველ ადგილზე ამოსულს იშორებენ. საზოგადოდ, თუ კოსმეტიკურ პრობლემას არ ქმნიან, ხალებს ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მათზე დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგეპაროთ მათი მელანომად – კანის პიგმენტურ ავთვისებიან სიმსივნედ – გადაგვარება.
გვესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიათა განყოფილების ონკოქირურგი გია ლეჟავა
- – რა არის ხალი?
– ხალი პიგმენტური ნევუსია, ანუ თანდაყოლილი ლაქა. ის პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და კანის განვითარების ანომალიად მიიჩნევა. მისი მიკროსკოპული შენება და გარეგნული სახე საკმაოდ მრავალფეროვანია. ნევუსი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ მოყავისფრო-მოშავო ოვალური ან მომრგვალო ფორმის ლაქას. მისი ზედაპირი უმეტესად გლუვია, ხშირად მეჩხერადაა დაფარული თმის ღერებით. თუ ზოგიერთი ხალი თითქმის შეუმჩნეველია, ზოგის ზომა 1.5-2 სანტიმეტრს და მეტსაც კი აღწევს.
- – რა საფრთხეს ქმნის ხალები?
– პიგმენტური ნევუსი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, მაგრამ მას შეუძლია, იცვალოს სახე, გახდეს აგრესიული და მელანომად გარდაიქმნას. ასიდან 75 შემთხვევაში მელანომა არა ნორმალურ კანზე, არამედ სწორედ თანდაყოლილი ან შეძენილი ნევუსის ფონზე აღმოცენდება.
- – რა იწვევს ნევუსის მელანომად გადაგვარებას?
– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც დიდ როლს ასრულებს მელანომის აღმოცენებაში. მაგალითად, მზის რადიაცია, კერძოდ, ულტრაიისფერი სხივები, კანის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. მელანომის განვითარებაში მზის რადიაციის დიდ როლს მოწმობს ის ფაქტიც, რომ დახურულ შენობაში მყოფ ადამიანებზე ხშირად დაავადება ემართებათ ღია ცის ქვეშ მომუშავე პირებს. ავსტრალიას, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მზიანი დღეა, მელანომით ავადობის მხრივ პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ის კი არა, ზოგიერთი ქვეყნის ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონში მელანომის სიხშირე ხუთჯერ მაღალია, ვიდრე იმავე ქვეყნის სხვა რეგიონებში.
- – საშიშია თუ არა ამ კუთხით ნევუსის ტრავმა?
– რა თქმა უნდა, ტრავმის როლი პიგმენტური ნევუსის გაავთვისებიანებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. თანაც პირველხარისხოვან როლს ასრულებს მექანიკური ტრავმა: ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი კანზე, იმ ადგილას, სადაც წამოწეულია პიგმენტური წარმონაქმნი, ამ უკანასკნელის გაკაწვრა, მოგლეჯა, სამართებლით დაზიანება და ა.შ., ამიტომ პიგმენტური ლაქა, რომელიც სხეულის ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ხშირად ხდება მისი ტრავმირება, უნდა მოვიცილოთ, ხოლო თუ შემთხვევით დავიზიანეთ, სათანადო მკურნალობისთვის მივმართოთ ექიმ ონკოლოგს – დაუყოვნებლივ, ვიდრე ხალი მალიგნიზებას, გაავთვისებიანებას მოასწრებს.
ხდება ხოლმე, რომ ნევუსს სამართებელით ჭრიან ან ძაფით კვანძავენ იმ მიზნით, რომ ის თავისით მოძვრეს. ასეთი რამ დაუშვებელია!
გარდა გარეგანი ფაქტორებისა (მაიონიზებელი გამოსხივება, დამწვრობა, მოყინვა, კანის ქრონიკული გაღიზიანება), მნიშვნელობა აქვს ეთნიკური ხასიათის გენეტიკურ ფაქტორებსაც. მაგალითად, ქერებსა და ჟღალთმიანებში მელანომა უფრო ხშირია. ასევე საუბრობენ მელანომის ენდოკრინულ დამოკიდებულებაზე (რადგან ბავშვებში ის ძალზე იშვიათია) და მის განვითარებაში ვიტამინების (განსაკუთრებით – C ვიტამინის) დეფიციტის როლზე.
მელანომის რისკფაქტორებია: II ჯგუფის სისხლი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის მოხმარება, შეძენილი ნევუსი, მოსაზღვრე ნევუსი, გენეტიკური განწყობა, მზის რადიაცია, მექანიკური ტრავმა.
- – როდის ავტეხოთ განგაში?
– ჩვენი საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გირჩევთ, სასწრაფოდ მიმართოთ ონკოლოგს, თუ შეამჩნიეთ, რომ ნევუსი გააქტიურდა – ამ შემთხვევაში ძალიან დიდია ნევუსის გაავთვისებიანების ალბათობა. ამ ნიშნებს, ე.წ. ობლიგატურ ფაქტორებს, მიეკუთვნება:
1. ნევუსის სწრაფი ზრდა, იმ ფონზე, როდესაც ის წლების განმავლობაში არ იცვლებოდა ან იცვლებოდა სხეულის ზრდის პროპორციულად;
2. მისი გამკვრივება;
3. ნევუსის პიგმენტაციის შეცვლა – თავდაპირველი ფერი მუქდება ან ნევუსის ერთ-ერთი უბანი უფერულდება;
4. ქავილისა და დაჭიმულობის შეგრძნება ნევუსის არეში;
5. მასზე წანაზარდებისა და ნახეთქების გაჩენა;
6. სისხლდენა;
7. თმის გაცვენა ნევუსის ზედაპირიდან.
- – რა მეთოდებით იკვლევს ექიმი ნევუსს?
– გარდა ვიზუალური მეთოდისა, რომელიც სათანადო გამოცდილების პირობებში ხშირად ძალიან ეფექტურია, ვიყენებთ დერმატოსკოპს, ანუ ვათვალიერებთ ნევუსს, თუმცა ესეც ვიზუალურ შეფასებაზეა დაფუძნებული და ბოლომდე მაინც არ არის სარწმუნო. ჩვენთან ყველაზე გავრცელებული მეთოდია ციტოლოგიური კვლევა – წარმონაქმნიდან ანაფხეკის აღება და მისი გამოკვლევა. მაგრამ ვინაიდან ის ხალის ტრავმირებას იწვევს, ანაფხეკის აღებიდან 24 საათის განმავლობაში აუცილებელია ხალის სრული მოშორება, ამიტომ, თუ პაციენტი მეორე დღისთვის ოპერაციაზე დათანხმდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვატარებთ ციტოლოგიას, თუ არა და ტრავმის მიყენება არ ღირს.
უცხოეთში სხვანაირი მიდგომაა: საეჭვო ხალს ჯერ მოკვეთენ და შემდეგ ატარებენ მის ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. თუ დადგინდა მელანომა ან კანის სხვა სიმსივნე, ოპერაციის მასშტაბს, მის ფარგლებს ზრდიან, აფასებენ, რა საზღვრებშია ამოკვეთილი წარმონაქმნი, თავისუფალია თუ არა კიდეები და სხვა. ჩვენთან ჯერჯერობით კვლავ ციტოლოგიას ვეყრდნობით.
- – ხშირად კოსმეტიკურ პრობლემას ქმნის ნევუსის ზედაპირზე არსებული თმა. როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, შეიძლება თუ არა მისი მოგლეჯა?
– რა თქმა უნდა, არა. ნევუსის ზედმეტი ტრავმირება, ასევე სისხლდენა, რაც შეიძლება თმის მოგლეჯამ გამოიწვიოს, არ არის მიზანშეწონილი. ამას თმის მოჭრა სჯობია. თუ ადამიანს ხალზე არსებული თმის მოშორება სურს და ამისთვის კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს მიმართა, ის ჯერ ხალის მოსაშორებლად გზავნის და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ თმის ბოლქვი მაინც დარჩა, აკეთებს ეპილაციას.
- – რა მეთოდები არსებობს პიგმენტური წარმონაქმნის მოსაცილებლად და რის მიხედვით ირჩევა ცალკეულ შემთხვევაში რომელიმე მათგანი?
– პიგმენტური წარმონაქმნი შეიძლება მოშორდეს მოწვითაც (ელექტროკოაგულაცია) და ამოკვეთითაც (ქირურგიული გზით). ბოლო ხანს ლაზერული ქირურგიაც შემოვიდა. ეს უკანასკნელი ნაკლებტრავმულია, მაგრამ ძალიან ღრმა შრეებში ვერ ჩადის, ხოლო თუ ხალი ღრმაა, პიგმენტი ხალის მოშორების შემდეგაც რჩება, რის გამოც შესაძლოა რეციდივი განვითარდეს, ხოლო ხელახლა განვითარებული ნევუსი უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი. საზოგადოდ, ნევუსის მოცილებას მაშინ აქვს აზრი, თუ პიგმენტი მთლიანად მოშორდება, ამიტომ მეთოდის შერჩევა ძირითადად პიგმენტური წარმონაქმნის ფართობზეა დამოკიდებული.
თუ ხალის პიგმენტი მეტისმეტად ღრმადაა ჩასული, ქირურგიულ ოპერაციას ვატარებთ და რადიკალურად ვკვეთთ მას საღი ქსოვილების ფარგლებში. ზოგჯერ იყენებენ ე.წ. ქარჩაულის სითხესაც, მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება, თუ ნევუსზე ნანახი იქნა პროლიფერაცია, ატიპური უჯრედები. ქარჩაულის სითხე ქიმიური პრეპარატია და ქიმიურ დამწვრობას იწვევს. ვინაიდან სითხის დაწვეთებით მკურნალობა და, შესაბამისად, ტრავმირებაც გაჭიანურებული პროცესია, შეხორცება უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ელექტროკოაგულაციისას. ეს უკნასკნელი უფრო სწრაფია და ამიტომ ნაკლებად ტრავმული, თუმცა დამწვრობას ისიც იწვევს. არსებობს ახალი მეთოდი – რადიოტალღური მკურნალობა, რაც ჩვენთან ჯერ არ დაგვინერგავს.
- – რა გართულება მოჰყვება ხალის მოცილებას და რა რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი ოპერაციის შემდგომ პერიოდში?
– ყველაზე ნაკლებტრავმული ლაზერული მეთოდია, თუმცა უკვე აღვნიშნეთ, რომ მას ყოველთვის ვერ გამოვიყენებთ. ელექტროკოაგულაციის მეთოდით ხალის მოცილების შემდეგ დაახლოებით II ხარისხის დამწვრობა ვითარდება, რასაც 2-3-კვირიანი მკურნალობა სჭირდება. იშვიათად რჩება უხეში ნაწიბურები. სამაგიეროდ, დაზიანებული ფართობი ნაკლებია, ვიდრე ქირურგიულ მეთოდის გამოყენებისას.
საზოგადოდ, ოპერაციის (ქირურგიულის, მოწვისა თუ ლაზერის) შემდეგ პაციენტი უნდა მოერიდოს მზის სხივებს, რადიაციას, არ გაირუჯოს, რადგან ახალი ნაწიბური ნაზია და შესაძლოა, ეგრეთ წოდებული კელოიდი ჩამოყალიბდეს. უნდა მოერიდოს ასევე დასაბანი ღრუბელის ხმარებას, გახეხვას, ზედმეტად მოქავებას. ხოლო თუ ნაჭრილობევი ეწვის, ექავება ან სხვაგვარ დისკომფორტს უქმნის, უნდა იხმაროს შესაბამისი მალამო ან მიიღოს ანტიჰისტამინური პრეპარატი, ვიდრე ჭრილობა ბოლომდე არ მოშუშდება.