მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია
გააზიარე:
მაინც რატომ გვცემს ასეთ თავზარს პრეისტორიული ფეხსახსრიანის სეხნია დაავადება? არც გადამდებია, ახლობლებს საფრთხე რომ შევუქმნათ და, სხვათა შორის, სნეულებათა შორის ყველაზე პირსისხლიან მკვლელსაც ვერ დავარქმევთ. თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს გაცილებით მეტი ადამიანი ეწირება. მისი უძლეველობა და დაუმარცხებლობაც მხოლოდ და მხოლოდ ყავლგასული მითია. მთავარია, სიფხიზლე არ მოვადუნოთ და მხეცი დროულად გამოვათრიოთ ბუნაგიდან. ამიტომ ჩათვალეთ, რომ სათაურში დასმული კითხვის ადრესატი თითოეული თქვენგანია, კითხვის ნიშნის დამახასიათებელი ფორმა კი საჭმლის მომნელებელი სისტემის არიერგარდისკენ მიგვითითებს, რომლის ბნელ კუნჭულებში შესაძლოა საბედისწერო სენი იყოს მიმალული. მხედველობაში გვაქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო, დაახლოებით 150 სმ-იანი მონაკვეთი, რომელსაც მთლიანობაში მსხვილი ნაწლავი ჰქვია, უფრო დაწვრილებით კი ასწვრივ, განივ, დასწვრივ და სიგმოიდურ კოლინჯებად და სწორ ნაწლავად ყოფენ. ნებისმიერ მათგანში მიმალულ სიმსივნეს ექიმები კოლორექტულ (კოლინჯისა და სწორი ნაწლავის) კიბოს უწოდებენ. ასეთ სიმსივნეებს ავთვისებიანთა რეიტინგში მესამე ადგილი უჭირავს ფილტვისა და ძუძუს კიბოს შემდეგ. ასეთია როგორც მთლიანად მსოფლიოს, ისე ჩვენი, ქართული სტატისტიკაც. ყოველწლიურად ხუთასამდე ჩვენს თანამემამულეს უსვამენ ამ დიაგნოზს, ოღონდ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მათ 70-80%-ს – უკვე შორს წასულ და ძნელად სამკურნალო სტადიებში.საქმე ის არის, რომ დასავლეთში მეტს ზრუნავენ და ფიქრობენ კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაზე. აშშ-ში, მაგალითად, ძალიან წუხან, რომ პროფილაქტიკურ გამოკვლევას მოსახლეობის მხოლოდ 60% იტარებს და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ხმა დანარჩენებსაც მიაწვდინონ. ევროპაში 2009 წლის მარტი კოლორექტული კიბოს ცნობადობის ამაღლების თვედ გამოცხადდა.
ძალიან სასიხარულოა, რომ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრისა და ფარმაცევტული კომპანია “ჰოფმან-ლა-როშის” საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით კოლორექტული კიბოს საწინაღმდეგო კამპანია ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს – თითოეული მიწვდენილი ხმისა და დროულად დასმული დიაგნოზის უკან ხომ გადარჩენილი სიცოცხლე დგას, ამისთვის კი ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.
შიშსაწინაღმდეგო ცოდნა
კიბოს უჯრედები ჩვენს ორგანიზმში იმაზე ხშირად წარმოიქმნება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ნებისმიერ წუთს თუ წამს რამდენიმე ათეული უჯრედი უხვევს განვითარების ტრადიციული გზიდან. თანაც, ნორმალური და მორჩილი უჯრედებისგან განსხვავებით, სიმსივნური უჯრედები თითქმის უკვდავები არიან, უსასრულოდ მრავლდებიან და უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის შემოერთებას ლამობენ, ხოლო შორეულ მხარეებში დესანტს გზავნიან. საბედნიეროდ, აქამდე საქმე იშვიათად მიდის – იმუნური სისტემის ჯარისკაცები მოღალატეებს მანამდე ანადგურებენ, ვიდრე ისინი საცეცების გამოჩენას მოასწრებდნენ, მაგრამ ხანდახან ბრძოლას მოღალატეებიც იგებენ და მათი გროვა – სიმსივნე ჩნდება. თუ გადაგვარებულმა უჯრედებმა ცოტაოდენი სინდისი შეინარჩუნეს და წესიერების ფარგლებს არ გასცდნენ, თავისთვის იზრდებიან, ირგვლივ მდებარე ქსოვილებს არაფერს ერჩიან და იშვიათი გამონაკლისის გარდა არც სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. ასეთ სიმსივნეს კეთილთვისებიანს უწოდებენ. რა თქმა უნდა, იცით, რომ არსებობენ ბოროტი, უფრო ზუსტად, ავთვისებიანი სიმსივნეებიც. ეს ვაჟბატონები არც საზღვრებს დაგიდევენ და არც წესებს, ჯერ ახლომახლო ლიმფურ კვანძებს დაიპყრობენ, შემდეგ კი სისხლს მიჰყვებიან და პირველადი კერისგან მოშორებით ამოყოფენ ხოლმე თავს. ზოგჯერ კეთილთვისებიანი სიმსივნის (ვთქვათ, მსხვილი ნაწლავის პოლიპის) მშვიდობიანი უჯრედებიც “ავდებიან”, თუმცა ამისთვის დროა საჭირო. კიბოსწინარე პოლიპის კიბოდ გადაგვარებას საშუალოდ 6-7 წელი სჭირდება. ბუნებრივია, თუ ამ დროს ქირურგის სკალპელმა მიუსწრო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი კიბოსგან მის განვითარებამდე განიკურნა.
აღმოჩენის დროს ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ძუძუს კიბო თუ მანამდე დაადგინეს, ვიდრე გაავებული უჯრედები გადაგვარების კერას გასცდებოდნენ, ალბათობა იმისა, რომ სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში ეს დაავადება ამ ადამიანს არ შეიწირავს, 98%-ია, ხოლო მაშინ, როცა კიბო მთელ ორგანიზმს არის მოდებული – თითქმის 50-ჯერ ნაკლები, სულ 1.6%. ეს პროპორცია მცირედი ვარიაციებით ყოველგვარი ლოკალიზაციის კიბოსთვის ანალოგიურია.
გათვალე რისკი
მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე დიდი ხანია დავდგით ფეხი და ახლა მარსისკენ მივიწევთ, კითხვა, რა იწვევს კიბოს, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება, თუმცა მეცნიერულად არის შესწავლილი ფაქტორები, რომლებიც სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს: რისკის ფაქტორი საფრთხეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის. რამდენიმე რისკფაქტორის არსებობის დროსაც კი არ არის აუცილებელი, ადამიანს კიბო დაემართოს. ამავე დროს, დაავადება ზოგჯერ მათ გარეშეც ჩნდება... ყოველივე ამასთან ერთად, რისკფაქტორი არც ბედისწერაა და არც გარდაუვალი აუცილებლობა. ზოგ შემთხვევაში მათი მოქმედების თავიდან აცილება შეგვიძლია, ზოგ შემთხვევაში კი უბრალოდ უფრო მეტი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ.
კოლორექტული კიბოს რისკფაქტორებად ითვლება:
- ასაკი. დაავადების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. დიაგნოსტირებულთა 87% 50 წელს არის გადაცილებული.
- მსხვილი ნაწლავის პოლიპები ანუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნები კოლინჯის ან სწორი ნაწლავის ლორწოვანზე. როგორც უკვე გითხარით, ზოგიერთი მათგანი კიბოსწინარე მდგომარეობად ითვლება. რაც უფრო დიდია პოლიპი, მით უფრო მეტია მისი მალიგნიზაციის (გაავთვისებიანების) საფრთხე. 2 სმ-ზე მეტი ზომის პოლიპების 40% ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის.
- კიბოს არსებობა სისხლით ნათესავებს შორის. მემკვიდრეობის მნიშვნელობას ვერც ამ საკითხში ავუვლით გვერდს...
- მემკვიდრეობითი დაავადებები. არსებობს გენეტიკური პათოლოგიები, როცა გენებში არსებული ცვლილებების გამო დაავადებულებს მსხვილ ნაწლავში სიმსივნის გაჩენის მიდრეკილება აქვთ. ამ ცვლილების დადგენა სპეციალური გენეტიკური გამოკვლევით შეიძლება.
- გადატანილი კიბო. სამწუხაროდ, კიბო იმუნიტეტით არ გვასაჩუქრებს, რეციდივის (კვლავ გაჩენის) ალბათობა განკურნების შემდეგაც ძალიან დიდია. საკვერცხის, საშვილოსნოს ან ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის გადატანაც კოლორექტული კიბოს განვითარების რისკფაქტორად ითვლება.
- ანთებითი დაავადებები. მსხვილი ნაწლავების წლობით მიმდინარე ანთება, ვთქვათ, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების დროს, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობას ზრდის.
- კვება. რაციონის გავლენა კიბოს განვითარებაზე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ცხიმიანი, უპირატესად ცხოველური საკვები დაავადების აღმოცენებას ხელს უწყობს, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა და მცენარეული ბოჭკო კი, პირიქით, ამცირებს საფრთხეს.
- თამბაქო. უამრავ დაავადებასთან ერთად, რომელთა თამბაქოსთან კავშირი უკვე დამტკიცებულია, შესაძლოა, მწეველები კოლორექტული კიბოს განვითარების რისკჯგუფშიც შედიოდნენ.
ამოიცანი
სამწუხაროდ, კოლორექტული კიბო ადრეულ სტადიაზე მკვეთრი სიმპტომებით ვერ დაიკვეხნის. არა, თავს ასე თუ ისე ამჟღავნებს, მაგრამ მისი ნიშნები ექიმთან მისვლას იშვიათად გვაიძულებს. რუსეთში ჩატარებული ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევის მონაცემებით, სიმპტომების გაჩენიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ექიმს დაავადებულთა მხოლოდ 40% აკითხავს, ყოველი ხუთი დაავადებულიდან ერთს კი ერთი წლის შემდეგაც არ მოსდის აზრად სპეციალისტთან მისვლა. სკრინინგის არარსებობასთან ერთად ეს ზემოთ მოყვანილი სავალალო სტატისტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
კიბოს ნიშნებია:
- დიარეა (ფაღარათი) ან შეკრულობა;
- შეგრძნება, თითქოს დეფეკაციის შემდეგ ნაწლავები ბოლომდე არ იცლება;
- განავალში სისხლის არსებობა;
- ჩვეულებრივზე წვრილი (ლენტისებური) განავალი;
- ტენეზმები (ცრუ ჭინთვები);
- აირების დაგროვება, მუცლის სისავსის ან შებერილობის შეგრძნება;
- წონის უმიზეზო კლება;
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
- გულისრევა ან ღებინება.
თავადაც მიხვდებით, რომ ვერც ერთ ამ სიმპტომთაგანს კიბოსთვის დამახასიათებელს ვერ დავარქმევთ. მრავალი საკმაოდ უვნებელი დაავადება, ვთქვათ, ბუასილი ან ანთება, შესაძლოა ასეთივე უსიამოვნებების მიზეზად იქცეს. და მაინც, ჯობს, ასობით, ათასობით ადამიანი ზედმეტად მივიდეს ექიმთან, ვიდრე კიბოს ერთი შემთხვევა გამოგვეპაროს.
დაადგინე
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მედიცინას საკმაოდ ფართო არსენალი აქვს. მთავარია, დროულად მოვხვდეთ თეთრხალათიანთა ყურადღების ცენტრში. მეტსაც გეტყვით: ის ფაქტი, რომ დღეს არაფერი გაწუხებთ, სიმშვიდის საფუძველი არ არის. მხოლოდ და
მხოლოდ განსაზღვრული ასაკის მიღწევაც კი საკმარისია, რომ ამა თუ იმ დაავადებაზე დავიწყოთ ფიქრი... სწორედ ამისთვის არის მოგონილი სკრინინგი. ეს ტერმინი შედარებით მარტივი ტესტით მრავალი ადამიანის გამოკვლევას გულისხმობს, რათა დავადებულები რაც შეიძლება ადრე აღმოაჩინონ. კოლორექტული კიბოსთვის სკრინინგის დაწყება 50 წლიდან არის რეკომენდებული, რისკფაქტორების არსებობისას კი უფრო ადრეც.
ვინაიდან კიბო ხშირად სისხლდენას (თუმცა კი ზოგჯერ თვალით უხილავს) იწვევს, სკრინინგის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი ფარულ სისხლდენაზე განავლის ტესტია. ხილული ან უხილავი სისხლდენისას, ზოგჯერ კი მათ გარეშეც, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსხვილი ნაწლავის შიგნიდან დათვალიერებას – კოლონოსკოპიას. ეს სიმსივნის დადგენასთან ერთად მისი უჯრედების მიკროსკოპში დასათვალიერებლად აღების საშუალებასაც იძლევა და პოლიპების ოპერაციის გარეშე მოცილებისასაც. NBC-ს ჟურნალისტმა რამდენიმე წლის წინ კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა) ჩაიტარა, ჩანაწერი კი ტელევიზიით გადაიცა, რათა რიგით ამერიკელებს პროცედურისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მეტი გაეგოთ და შიში დაეძლიათ. მთელი ამ კამპანიის შედეგად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ გამოკვლევის მოცულობა 20%-ით გაიზარდა. “ჰკითხე ექიმს და ჩაიტარე კოლონოსკოპია” – ასეთი გახლდათ აშშ-ში კიბოს საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი.
განვითარებულ ქვეყნებში მსგავს გამოკვლევებს ან სახელმწიფო აფინანსებს, ან სადაზღვევო პროგრამა. საქართველოში კოლორექტული კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა არ მოქმედებს (თუ ხსენებული კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ პილოტურ პროექტს არ ჩავთვლით). იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია შეიცვლება, მანამდე კი სხვა გზა არ არის, საკუთარ თავზე თვითონ უნდა ვიზრუნოთ. ძნელია, დღეს, როცა ბევრს პურის ფულიც კი საფიქრალი აქვს, პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე ვესაუბროთ, მაგრამ გვერწმუნეთ, ფინანსური თვალსაზრისითაც კი თადარიგის დაჭერა გაცილებით იაფია. დაავადების დროულად აღმოჩენა დიდი ტკივილისთვის თავის არიდებასაც ნიშნავს და ძვირად ღირებული, თუმცა ფაქტობრივად უშედეგო მკურნალობის ხარჯების დაზოგვასაც. ასე რომ, თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა.