დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპარში

გააზიარე:

 

გიოცნებიათ ოდესმე ზღაპარში მოხვედრაზე? იქ, სადაც ცა ხელის გაწვდენაზეა, გარშემო კი ვეება მთები და შუა საუკუნეების კოშკები აღმართულა? გინდათ, გასინჯოთ ნამდვილი სვანური კუბდარი და ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე დააჭაშნიკოთ ცეცხლოვანი  რახი? თუ ასეა, დროა, ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგეთ – წინ ხანგრძლივი, მაგრამ დაუვიწყარი მოგზაურობა გელით.

 

სვანეთის დასალაშქრავად დაგჭირდებათ სპორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი, კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, მშრალი საკვები და კონსერვები და, რაც მთავარია, თბილი ტანსაცმელი – ღამის სუსხი აქ ზაფხულშიც კი ძვალსა და რბილში ატანს.

თუ ყველაფერი მოიმარაგეთ, გზას გავუდგეთ. თავდაპირველად ზუგდიდში უნდა ჩავიდეთ, იქიდან კი მესტიისკენ გავწიოთ. წინ გრძელი გზა გვიდევს, ასე რომ, დრო საკმაოდ გვაქვს, რათა ცოტა მეტი შევიტყოთ სვანეთის შესახებ.

 

ისტორია და ტრადიციები

სვანეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთიანი მხარეა, ისტორიულ-ეთნიკური ნაკრძალი, სადაც ხელუხლებლად არის შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობა. თუმცა აქაურობას მხოლოდ კოშკები როდი სძენს ზღაპრულ ელფერს – ხელუხლებელ ბუნებას, გარეშეთათვის – უჩვეულო, ადგილობრივთათვის კი ძვალსა და რბილში გამჯდარ ტრადიციებს, სვანების გასაოცარ ვაჟკაცობასა და სტუმართმოყვარეობას  ვერასოდეს დაივიწყებთ.

სვანეთი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს მოიცავს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

3-5 ათასი მეტრი სიმაღლის მთებით შემოსაზღვრული ეს მხარე კავკასიის ყველაზე მაღალ დასახლებულ რეგიონად მიიჩნევა. კავკასიონის ათი უმაღლესი მწვერვალი სწორედ სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ) და აილამა (4 525 მ).

ძველად სვანეთი კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო, მოგვიანებით – ეგრისის სამეფოსი, XI-XV საუკუნეებში კი ერთიანი საქართველოს საერისთავოს წარმოადგენდა. როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთს ორ ნაწილად – ზემო და ქვემო სვანეთად – ყოფენ. მათ შორის ბუნებრივი მიჯნაა – სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი ენგურის ხეობის სათავიდან იწყება და სამეგრელოს საზღვრამდე მიდის, ხოლო ქვემო სვანეთი ცხენისწყლის ხეობის სათავიდან მურის ხიდამდე (ცაგერის სიახლოვეს) არსებულ ტერიტორიას მოიცავს.

სვანეთში ადათ-წესებიც ისეთივე მკაცრია, როგორიც ბუნება და ცხოვრების წესი. ეს ის მხარეა, სადაც ქრისტიანობას ყველაზე მეტი დაბრკოლება შეხვდა. მიუხედავად მართლმადიდებლური ეკლესიების სიმრავლისა, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს სვანეთში დღესაც მკვიდრად უდგას ფეხი. იმართება რიტუალები საქონლისა და ადამიანების მფარველი, ნაყოფიერების მიმნიჭებელი ღვთაებების, სულების თაყვანსაცემად. მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა ტექსტები სვანების შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მომპოვებლებზე, მესაქონლეებსა და მიწათმოქმედებზე მოგვითხრობს, ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ უძველეს ლეგენდებსა და მითებს. თუმცა თექის ქუდს, რომელიც სვანური ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია, ტრადიციისამებრ, გრეხილი ძაფის ჯვარი ამშვენებს.

 

ოქროს საწმისის სამშობლო

ამბობენ, რომ არგონავტების მითი სწორედ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში ზოგჯერ თვითნაბადი ლითონის დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ.

ოქროს ცხვრის ტყავის დახმარებით მოიპოვებდნენ: ფიცარზე გაჭიმულს მდინარეში აფენდნენ და ისე ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო, რამდენიმე ხნის შემდეგ ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ, გამშრალს კი დაფერთხავდნენ და ოქროს ნამცეცებს გადმოყრიდნენ.

ოქროს მოპოვების ამ წესისა და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობის შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაეგონათ, სვანეთი კი იმ დროს, როცა არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ მითი იქმნებოდა, კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ეს გახლდათ ერთადერთი კუთხე, საიდანაც კოლხეთის სამეფოს ოქრო მიეწოდებოდა.

სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესი. უხუცესთა ნაამბობში, თქმულებებსა და ლეგენდებში ხშირად არის ნახსენები ოქროსრქიანი ხარირემი და ოქროსთმიანი ღვთაება დალი.

 

მესტია – სვანეთის გული

 

აი, ზუგდიდსაც მივადექით. აქედან იწყება სვანეთისკენ მიმავალი სახიფათო, მაგრამ ულამაზესი გზა. მესტიამდე ტრანსპორტით უნდა ავიდეთ, თუმცა შეგვიძლია, გზადაგზა შევისვენოთ და სვანეთის ულამაზესი ბუნებით დავტკბეთ. პირველი ასეთი გაჩერება ენგურის წყალსაცავია. სწორედ აქ გელით პირველი დიდი აღფრთოვანება. გადასახედიდან ისეთი ხედი იშლება, თვალს ვერ მოსწყვეტ, თუმცა წინ კიდევ უფრო მშვენიერი ადგილები გველის, ასე რომ, გზა განვაგრძოთ.

სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ მესტიას მივადგებით, პირქუშს და საოცრად კოლორიტულს. მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე მდებარეობს.

აუცილებლად უნდა ნახოთ სეტის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ახლანდელი ეკლესია XVIII საუკუნეშია აგებული, თუმცა აქ მანამდეც ყოფილა სალოცავი, რომლისგანაც, სამწუხაროდ, არაფერი შემორჩენილა.

სწორედ ძველ ეკლესიაში ინახებოდა სვანების ერთ-ერთი უდიდესი რელიკვია – ზოომორფული დროშა ლემი, სვანეთის ძლიერებისა და მთლიანობის სიმბოლო. სეტის ყველაზე დიდი დღესასწაული იყო ლემის ზეიმი, რომელიც ივნისში იმართებოდა და სამ დღეს გრძელდებოდა.

წმინდა გიორგის ძველი ეკლესია თავისი დროისთვის სვანეთის ყველაზე მაღალი სალოცავი ყოფილა. გადმოცემით, მისი მეორე სართული ნივთების საცავს ეკავა, სადაც არავის უშვებდნენ. ძველი ორსართულიანი ეკლესიის ადგილას ამჟამად ახალი, ერთსართულიანი დგას. აქ XII-XIII საუკუნეების ხატები და ჯვრებია დაცული.

გირჩევთ, მოინახულოთ ფუსდის (წმინდა სამების) ეკლესიაც, რომელიც მთის ფერდობზე დგას და სადაც XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

შემდეგი გაჩერება ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ერთნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. მის პირველ სართულზე, რომელიც XII საუკუნით თარიღდება, მაცხოვრის ეკლესიაა, XIII საუკუნეში დაშენებული მეორე სართული კი ფერიცვალების ეკლესიას უკავია. ორივე სართული XII-XIII სსაუკუნეებშია მოხატული.

ბევრს დაკარგავთ, თუ ერთხელ მაინც არ შეივლით მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც სვანეთის საგანძურის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი. მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. აქ ნახავთ საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილ ხელნაწერებს, ჭედურ და ფერწერულ ჯვარ-ხატებს, ანტიკური ხანის ოქროს მონეტებს, ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული კულტურის ნიმუშებს. აქვე გამოფენილია XIX საუკუნის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ნამუშევრებიც, რომლებიც სელას შვილთაშვილმა საჩუქრად გადასცა მუზეუმს. თუმცა მუზეუმის მთავარი სიმდიდრე ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავებია, რომლებსაც უნიკალური ჭედურობით შესრულებული ყდები ამშვენებს.

 

ჰაწვალი და ორთავა უშბა

 

მუზეუმის შემდეგ ჰაწვალის მონახულების ჯერი დგება. ჰაწვალზე ასვლა საბაგირო გზითაც შეიძლება, მაგრამ შეგიძლიათ, ფეხითაც დალაშქროთ. დაიღლებით, მაგრამ არ ინანებთ, რადგან აქედან უშბას ულამაზესი ხედი იშლება.

ხანმოკლე შესვენების შემდეგ შეგვიძლია ჩანჩქერ შდუგვრასკენ ავიღოთ გეზი. მართალია, რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგვიწევს, მაგრამ გზადაგზა ისეთი ლამაზი ხედები შეგხვდებათ, დაღლილობას ვერც კი იგრძნობთ. თან მჟავე წყლებსაც დააგემოვნებთ. თავად ჩანჩქერი ულამაზესია, აი, ისეთი, მისი დანახვისას აღტაცება ძვალსა და რბილში რომ დაგივლის.

აქედან სულ ახლოა ლატალის წმინდა გიორგის სალოცავი, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ზემო სვანეთის საოცარი ხედები.

 

სვანური სიყვარული

უშგულის მონახულების დროც დადგა, თუმცა მოდი, გზად სოფელ იფართან, სიყვარულის კოშკთან, შევჩერდეთ.

მდინარის პირას, დიდ ქვაზე აგებული ეული კოშკი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის ნაწილია. თავად ისტორია კი ასეთი გახლავთ: მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლი. მამა რუდუნებით ზრდიდა ულამაზეს ქალიშვილს. ერთ დღესასწაულზე მირანგულას უნახავს და შეჰყვარებია სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული ბეშქენი, რომელსაც ცოლი უკვე ჰყავდა. ქალიშვილი მამას განდობია და ისიც უთქვამს, ან ბეშქენის ცოლი გავხდები, ან არავისიო. მამას მისი გონს მოყვანა უცდია, მაგრამ ქალიშვილი სიყვარულით ისე ყოფილა შეპყრობილი, არაფრის გაგონება არ მოუნდომებია. მამას გადაუწყვეტია, დაესაჯა მისი გონების ამრევი და ბეშქენის მოსაკლავად წასულა. მინდორში დაჩოქილს, თავდახრილს დასდგომია თავზე. ზურგიდან ხანჯლის დაცემა რა ვაჟკაცის საკადრისია, წამოდექი, შემებრძოლეო, შეუძახია მისთვის, ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე, მეც ის მჭირს, რაც შენს ქალიშვილს, მიყვარს მირანგულა და მასზე მეტად ვიტანჯებიო.

აკრძალული სიყვარულისგან განადგურებული კაცის ნახვის შემდეგ მირანგულას მამას განზრახვაზე ხელი აუღია, ბეშქენი კი ისეთ მთაზე წასულა სანადიროდ, რომელიც მასავით უებრო მონადირისთვისაც კი საშიში იყო, ყინულზე ფეხი დასცურებია, ხრამში გადაჩეხილა და მომკვდარა.

ამ ამბით თავზარდაცემულ ბეშქენის ცოლს თავი მოუკლავს, მირანგულას კი მამისთვის კოშკის აგება უთხოვია, მთელი სიცოცხლე იქ გაუტარებია და მარტოობაში დაულევია სული.

აი, უშგულსაც მივადექით. ის შხარის მწვერვალის ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან მდებარეობს, ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზე, და ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა. ისტორიულად უშგული უბატონო თემი იყო. გადმოცემით, უშგულელებს მათზე გაბატონების მსურველი შვიდი თავადი მოუკლავთ. უკანასკნელი, ფუთა დადეშქელიანი, ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესიაში მთელმა სოფელმა ერთად გამოასალმა სიცოცხლეს.

მთელ საქართველოში ვერ იპოვით იმდენ კოშკს, რამდენსაც უშგულში. ეს კოშკები IX-XI საუკუნეებით თარიღდება. აქვე ნახავთ ციხე-სახლს – საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელ ტიპს. თუმცა უშგულის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ღვთისმშობლის სახელობის IX-X საუკუნეების ეკლესიაა, რომელიც უშგულის თემის ყველაზე მაღალი სოფლის, ჟიბიანის ჩრდილოეთით, ბორცვზე დგას. ეკლესია კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვარია ამოჭრილი.

ეკლესია მოხატულია. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმინდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია, რადგან ღვთისმშობელს ხელი მწუხარების ნიშნად ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ, წმინდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებებია, რომლებიც XII საუკუნით თარიღდება.

ეკლესია უკანასკნელად XIII საუკუნეში მოუხატავთ. აქვე ნახავთ წარწერებსაც, რომლებიც მლოცველებს ამოუკაწრავთ. წარწერები შესრულებულია ასომთავრული, ნუსხური, გარდამავალი მხედრული და მხედრული დამწერლობით და ისტორიული მნიშვნელობისაა.

 

ქორულდის ტბები

შესაძლოა იფიქროთ, უშგულის შემდეგ რაღამ უნდა გაგვაკვირვოსო, მაგრამ სვანეთი კიდევ არაერთხელ მოახერხებს თქვენს გაოცებას. ერთ-ერთი საოცრება ზღვის დრონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ქორულდის ტებებია. იქამდე ასვლა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი. წყალი ცივია, ამიტომ ტბაში ბანაობას არ გირჩევთ. ჯობს, საოცარი სილამაზის პანორამული ხედებით დატკბეთ. აქედან ხელისგულივით ჩანს ზემო სვანეთის სოფლები და ენგურის ხეობა, ასევე – კავკასიონის მყინვარები, შხარა, თეთნულდი, უშბა, ლაილა...

 

აი, ჩვენი მოგზაურობაც დასრულდა. მართალია, სახლამდე საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გამოსავლელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შთაბეჭდილებებით ისე ხართ სავსე, ფიქრში გართული, ვერც კი გაიგებთ, როგორ მოიტოვებთ უკან სვანეთს – ამ საოცარ ზღაპარს.

ნინო ბაზერაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: